როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00
ვაჭარია
ვაჭარია ეთნონიმურ-ეპონიმური წარმოშობის ქართული გვარია. მისი ფუძე უკავშირდება სიტყვა „ვაჭარს“, რომელიც დაფიქსირებულია როგორც აფხაზურ (უაჭარ), ისე მეგრულ (ვაჭარი) ენობრივ სივრცეში (ხელნაწერთა ინსტიტუტი, საქმე #1934). ამდენად, გვარი წარმოშობილია შერქმეული სახელიდან, რომელიც სოციალურ-პროფესიულ ნიშანს ასახავდა და მოგვიანებით საგვარეულო სახელად დაკანონდა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ვაჭარია ჩაგოგე, ძმა – ხვატა, რომლებიც მოხსენიებულნი არიან როგორც „მდაბიონი კეთილშობილნი“, გაქრისტიანებულნი 1834 წლის ივნისში. ისინი ცხოვრობდნენ დღევანდელი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, რაც მიუთითებს გვარის აფხაზეთის ეთნო-კულტურულ სივრცეში არსებობასა და მეცხრამეტე საუკუნეში რელიგიურ-სოციალურ ტრანსფორმაციებზე. აღნიშნული ცნობები აჩვენებს, რომ ვაჭარიას გვარი ისტორიულად ეკუთვნოდა გლეხთა სოციალურ ფენას (გაზეთი „საქართველო“, სპეციალური გამოშვება, 1997 წელი, გვ. 7, 5).
საქართველოში ვაჭარიას გვარს ატარებს 44 ადამიანი.
ზუბიტაშვილი
ზუბიტაშვილი მეჩვიდმეტე საუკუნის წერილობით წყაროებში ფიქსირდება ზემო ქართლის სივრცეში. ზემო ქართლის საკომლოების ნუსხის მიხედვით, აბანოში ზუბიტაშვილები წარმოდგენილნი არიან ერთი კომლით (მეჩვიდმეტე საუკუნე;). 1698 წლის მიწის ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება ზუბიტაშვილი ბერი, რომელსაც ჰყავდა ძმა იოთამი. ორივე ფიგურირებს ზაალ რევაზიშვილის მიერ ტარიელ ქართერაძისათვის გაცემულ აქტში. იმავე წლით დათარიღებულ სხვა დოკუმენტში ზუბიტაშვილი ბერუკა, დირბელის მცხოვრები, მოწმედ ფიქსირდება იორდანე სონღულაშვილის მიერ იები ქორელისათვის გაცემულ ნასყიდობის წიგნში (1698 წელი). 1667 წლის 4 იანვრის დოკუმენტში მოხსენიებულია ზუბიტაშვილი ელიზბარი, რომელსაც ჰყავდა შვილი პატა; ამ აქტით იგი ზაალ ყორღანაშვილს მიჰყიდა ყმა სუთიკა ცოლ-შვილით. 1668 წლის ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნში ზუბიტაშვილი ნასყიდა დამწერად და მოწმედ არის მოხსენიებული ზაქარია და მარკო გარსევანიშვილებთან დაკავშირებულ საქმეში. წყაროებში, ასევე, იხსენიება ზუბიტაშვილი იოთამი (ბერის ძმა) და ზუბიტაშვილი პატა, რომლის მამად ფიქსირდება სვიად ელიზბარ ზუბიტაშვილი. სოციალური თვალსაზრისით, ზუბიტაშვილები მიეკუთვნებიან გლეხურ ფენას.
საქართველოში 193 ზუბიტაშვილი ცხოვრობს.
თვალთვაძე
თვალთვაძე დასავლეთ საქართველოს გვარია და ისტორიულად დაკავშირებულია წალენჯიხის რაიონთან. წერილობით და მემუარულ წყაროებში გვარი მეცხრამეტე საუკუნეში ფიქსირდება, როგორც სასულიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული საგვარეულო. ცნობილია თვალთვაძე სამსონი, წალენჯიხის მღვდელი, რომლის მოღვაწეობა იხსენიება დავით დადიანის დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. იაკობ მეუნარგიას ცნობით, სამსონი დაკავშირებულია წალენჯიხის ეკლესიის ძველი მხატვრობის დაცვის კონტექსტთან, როდესაც დავით დადიანმა ბერძენი კალატოზები გააძევა ეკლესიის ისტორიული ფრესკების დაზიანების გამო, რაც ადგილობრივი სამღვდელოების ჩართულობასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მცდელობას ასახავს. მეოცე საუკუნეში გვარის წარმომადგენელია თვალთვაძე ფეოდოსია, მასწავლებელი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება (1949 წელი), რაც გვარის საგანმანათლებლო ტრადიციაზე მიუთითებს.
საქართველოში 26 თვალთვაძე ცხოვრობს.
თაბორიძე
თაბორიძე მეჩვიდმეტე საუკუნის წყაროებში ფიქსირდება მიწათმფლობელურ კონტექსტში. ერთ-ერთ დოკუმენტში მოხსენიებულია თაბორიძისეული ბურნაყაული, რომლის თოთხმეტი დღის მიწა ბარამ ფარეშიშვილმა დათუნა ხიზანაშვილს მიჰყიდა; მიწის საზღვარი აღწერილია ბირაშვილის მიწამდე (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი;). აღნიშნული ცნობა მიუთითებს თაბორიძეთა გვარის ჩართულობაზე ქონებრივ-სამართლებრივ ურთიერთობებში და მათ ადგილობრივ მიწათმფლობელურ გარემოში არსებობაზე.
საქართველოში ცხოვრობს 319 თაბორიძე.
ყალიჩავა
გვარი ყალიჩავა წარმოადგენს ტიპურ დასავლურ-ქართულ, კერძოდ მეგრულ გვარსახელებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ერთეულს, რომელიც ისტორიულად სამეგრელოს რეგიონშია კონცენტრირებული. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გვხვდება ტოპონიმები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება გვარს: ყალიჩონა – სოფელ მოიდანახის უბანი ჩხოროწყუში, ასევე, ყალიჩავას გამოქვაბული, რაც გვარის უძველეს ფესვებზე მიუთითებს. თუმცა, არის სხვა ვერსიაც: ზოგი მკვლევრის (მათ შორის ა. ტუღუშის) მიხედვით, მეგრულ გვარსახელ „ყალიჩავაში“ ამოიცნობა თურქული წარმოშობის ტერმინი – „ყალიჩი“ / „ყალიშჩი“, რაც შესაძლოა, ნიშნავდეს ხელოსანს ან სპეციალიზებულ ოსტატს (ზოგ შემთხვევაში — საზღვაო ტერმინოლოგიაში „ყალიონის ოსტატს“). ეს მიუთითებს, რომ გვარის საფუძველი შესაძლოა, პროფესიული ყოფილიყო – კერძოდ ოსტატობასთან ან სამსახურებრივ სტატუსთან დაკავშირებული.
მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის ტერმინი უკვე დამკვიდრებული ჩანს. 1709 წლით დათარიღებულ ერთ ნასყიდობის წიგნში იხსენიება „ვილაც ყალიშჩი ანდრია“, რაც გვარის ადრეულ ფორმასა და პროფესიულ საფუძველზე მიუთითებს. ყალიჩავა კლასიკური სამეგრელოს ადგილობრივი (გლეხური ფესვების მქონე) გვარია, თუმცა ეკლესიურ წყაროებში გვხვდება მისი წარმომადგენლები როგორც მგალობლები, ასევე მღვდლები, რაც მიუთითებს საგვარეულოს კულტურულ-რელიგიურ აქტიურობაზე რეგიონში.
გვარი შედის საქართველოში ყველაზე გავრცელებული ათასი გვარის სიაში და რაოდენობის მიხედვით 123-ე ადგილზეა.
დემოგრაფიული მონაცემებით, გვარის წარმომადგენელთა რაოდენობა, დაახლოებით, 2 010 ადამიანს შეადგენს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




