როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 17:20
ერგემლიძე
ერგემლიძე ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად ფიქსირდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. წერილობით წყაროებში ის უკვე მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებიდან ჩანს და დაკავშირებულია როგორც საეკლესიო, ისე კულტურულ ცხოვრებასთან. საეკლესიო მსახურებიდან ცნობილია იოანე გაბრიელის ძე ერგემლიძე – მღვდელი, რომელიც 1830-1840-იან წლებში მსახურობდა დირბის (ქარელი) წმიდა თეოდორე ტირონის ეკლესიაში.
1804 წლით თარიღდება დოკუმენტი, შედგენილი ეფთვიმე გენათლის მიერ (გელათის საბუთები), სადაც ერგემლიძე ნიკოლოზი მოხსენიებულია მოწმედ, რაც გვარის სოციალურ სტატუსსა და სამართლებრივ აქტებში მონაწილეობაზე მიუთითებს. წყაროებში ერგემლიძეები მოხსენიებულნი არიან აზნაურულ ოჯახებად. ერთ-ერთ ნუსხაში ფიქსირდება როსტომ გაბრიელის ძე ერგემლიძე, თავისი ოჯახით. გვარი გავრცელებულია კახეთში (თელავი, წინანდალი, კისისხევი, შალაური, კურდღელაური), შიდა ქართლში (გორი, ზემო ხვითი), აგრეთვე, იმერეთში (თერჯოლა, რუფოთი, თაბაგრები). სტატისტიკური მონაცემებით, სულ საქართველოში 662 ერგემლიძეა.
ეზიაშვილი
ეზიაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში უკვე მეთექვსმეტე საუკუნეში ფიქსირდება. 1544 წლით დათარიღებულ საბუთში მოიხსენიება სარქისა ეზიაშვილი, სასხორელი და ტერტერა, მისი ძმები – ბახშა და მურადა, ხოლო შვილი – ოვადიღა. დოკუმენტი აღწერს ვენახებისა და ქვევრების ნასყიდობას, რაც ეზიაშვილების მიწათმფლობელობასა და ეკონომიკურ საქმიანობაზე მიუთითებს. გვარი ისტორიულად უკავშირდება ქორეთის სოფელს, საიდანაც მისი შტოები სხვადასხვა რეგიონში გავრცელდა. თანამედროვე მონაცემებით, ეზიაშვილები ძირითადად, გვხვდებიან საჩხერეში, ოზურგეთსა და თბილისში, ასევე, ბათუმში და სხვა ქალაქებში. ეზიაშვილების საგვარეულო ისტორია ასახავს შუა საუკუნეების საქართველოს სოციალურ და სამეურნეო ყოფას, სადაც გვარი წარმოდგენილია, როგორც მიწათმფლობელ და სამართლებრივ აქტებში მონაწილე ოჯახი.
სულ საქართველოში 144 ეზიაშვილია: საჩხერეში – 53, ოზურგეთში – 48, თბილისში – 34. არიან სხვაგანაც.
ვართაშაშვილი
ვართაშაშვილი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნეში ფიქსირდება. საბუთების მიხედვით, ისინი მონაწილეობენ სამამულე და ყმათა დავებში, დოლენჯიშვილებსა და იოთამიშვილებთან ერთად. დავა ბაბიაშვილებისა და ვართაშაშვილების ყმებს შორის უნდა გადაწყვეტილიყო დიცის წესით (მეჩვიდმეტე საუკუნის 70–80-იანი წლები). სხვა დოკუმენტებში ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც ყურში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ამილახვართა სამფლობელოში სამხედრო ვალდებულება – მშვილდით ლაშქრობა – ეკისრებოდა. ეტიმოლოგიურად გვარი მომდინარეობს პიროვნული სახელიდან ვართაშა, რომელიც აღმოსავლური (სპარსულ-სომხური) სახელდების სისტემასთან არის დაკავშირებული. სახელის ფუძე შედგება ელემენტებისგან: ვარდ („ვარდი“) და შაჰ („მეფე“), რის შედეგადაც „ვართაშა“ სიმბოლურად შეიძლება, განიმარტოს, როგორც „ვარდის მეფე“ ან „მშვენიერი მბრძანებელი“. მსგავსი სახელები შუა საუკუნეების საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. სულ საქართველოში 92 ვართაშაშვილი ცხოვრობს.
ვარსიასშვილი
ვარსიასშვილი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან ფიქსირდება და დაკავშირებულია სამართლებრივ-სამამულე ურთიერთობებთან. 1609 წლით დათარიღებულ საბუთში მოხსენიებულია აბრაჰამ ვარსიასშვილი, ხანდაკელი, როგორც მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი სააკაძისთვის გაცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა. 1690 წლის დოკუმენტში კი ფიქსირდება ბერიკა ვარსიასშვილი, მოწმე გიორგი საბარაშვილის მიერ ბერია ბერიძისათვის მიწის ნასყიდობის აქტისა. აღნიშნული ცნობები მიუთითებს ვარსიასშვილების მონაწილეობაზე მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს სამართლებრივ და სამამულე პრაქტიკაში, როგორც სანდო მოწმეებისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისა. ვარსიასშვილი ნალევი გვარია და ცოტანი არიან.
ზაქარაძე
ზაქარაძე ფართოდ გავრცელებული ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად მჭიდროდ უკავშირდება აჭარას და მის მრავალ თემსა და სოფელს (ბათუმი, ქედა, ქობულეთი, მაჭახლისპირი, მახინჯაური, გონიო, ჩაქვი, ციხისძირი, ხელვაჩაური და სხვა), ხოლო მოგვიანებით სხვა რეგიონებშიც არის დაფიქსირებული. წერილობით წყაროებში ზაქარაძეები უკვე მეთხუთმეტე საუკუნეში იხსენიებიან. ერთ-ერთ საბუთში აღნიშნულია, რომ კაციეთში მცხოვრებ ზაქარაძეებს მეფე ბაგრატმა განუახლა შეწირულება მთის მთავარმოწამის – წმიდა გიორგის სახელობის სალოცავისთვის (1463-1478 წლები), რაც გვარის ადრეულ სოციალურ და საეკლესიო ჩართულობაზე მიუთითებს. ზაქარაძეები წარმოადგენენ აჭარის ისტორიულად ძირძველ, მრავალრიცხოვან და მრავალთემიან გვარს, რომლის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში მონაწილეობდნენ რეგიონის საზოგადოებრივ, სამეურნეო და საეკლესიო ცხოვრებაში. ამჟამად საქართველოში 1 452 ზაქარაძე ცხოვრობს.
ზარანდია
ზარანდია დასავლეთ საქართველოს ძირძველი ქართული გვარია, რომელიც განსაკუთრებით დაკავშირებულია სამეგრელოს ტერიტორიასთან. გვარის სახელწოდება მრავალშრიან ეტიმოლოგიურ საფუძველს ავლენს. ერთ-ერთი განმარტებით, „ზარანდ“ სკვითური წარმოშობის სახელია და ნიშნავს „მოხუცს“; პარალელურად, ფიქსირდება სემიტური (ებრაული) მნიშვნელობაც – „უცხო“, „გარეშე“. ფოლკლორული გადმოცემის მიხედვით, ზარანდიები პირველად დასახლებულან დობერობის ადგილზე, სადაც ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი აშენებდნენ ჯარგვალებს – მრგვალი ხის ნაჭრებით ნაგებ პატარა სახლებს, წითელი მიწით შელესილს და გამოირჩეოდნენ მიწის დამუშავებითა და კერამიკული ჭურჭლის დამზადებით (სენაკის ტოპონიმიკა). ზარანდიები ისტორიულად ცხოვრობენ სენაკის, ხობისა და ზუგდიდის რაიონებში (ჭაქვინჯი, ზარათი რიონის ხეობაში), აგრეთვე, ცნობილია ტოპონიმი ზარანდიანთკარი გორის რაიონში. დღეს ზარანდია ერთ-ერთ რიცხობრივად გავრცელებულ ქართულ გვარს წარმოადგენს. საქართველოში დაახლოებით 2 700-მდე ადამიანით.
თაკვარელია
თაკვარელია ქართული გვარია, რომლის სტრუქტურაში სუფიქსი -ლ მიუთითებს სადაურობას, ანუ ტერიტორიულ წარმომავლობას. გვარის ფუძე უკავშირდება ისტორიულ რეგიონს თაკვარს/თაკვერს, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა. ფართო მნიშვნელობით ეს ტერიტორია მოიცავდა დღევანდელ რაჭა-ლეჩხუმს, ხოლო ვიწრო გაგებით – ცხენისწყლის შუა აუზსა და ლაჯანურის ხეობას შორის მოქცეულ არეალს. ისტორიულად, თაკვარელიები, ძირითადად, ლეჩხუმის სოფლებში არიან განსახლებული. ამასთან, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ გვარის ფესვები შესაძლოა სამეგრელოშიც იყოს საძიებელი. გამორიცხული არ არის სხვა ახსნაც – რომ „თაკვარელია“ თავდაპირველად პიროვნული სახელიდან იყოს წარმოშობილი.
დღეს თაკვარელიას გვარი რიცხობრივად მცირეა და საქართველოში, დაახლოებით, 126 ადამიანა.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





