საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 21:07

გვარები
დაკოპირებულია

ელიოსიძე

ელიოსიძე ქართული პატრონიმიული გვარია, რომლის ფუძეა ბიბლიური პიროვნული სახელი ელიოზი („ღმერთი ჩემი უფალია“). ქართულ კულტურულ ტრადიციაში ეს სახელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან უკავშირდება ელიოზ მცხეთელს – პირს, რომელმაც გადმოცემით, იერუსალიმიდან მცხეთაში უფლის კვართი ჩამოაბრძანა. გვარი ელიოსიძე წერილობით წყაროებში ფიქსირდება მეჩვიდმეტე საუკუნიდან და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს საეკლესიო ცხოვრებას. ეს გვარი, ძირითადად, სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება — ახალციხის, ბორჯომის, მინაძის თემებში, აგრეთვე, კახეთში.

მეცხრამეტე საუკუნეში ელიოსიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ეკლესიის მსახურებაში: ცნობილია მედავითნეები გიორგი და იესე ელიოსიძეები (1830 წელი, ჯავის მხარე), გიორგი ელიოსიძე (1871 წელი, ენისელი, ყვარელი), ხოლო იროდიონ ელიოსიძე ზაქათალის მთავარხუცესის ხარისხით მოიხსენიება. გვარი ელიოსიძე წარმოაჩენს ქართულ სამღვდელო-სამწიგნობრო ტრადიციებზე დაფუძნებულ საგვარეულოს, რომლის იდენტობა სულიერ მსახურებასა და განათლებასთან არის დაკავშირებული. სულ საქართველოში ცხოვრობს - 85 სული.

ვარდიაშვილი

ვარდიაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისიდან ფიქსირდება. გვარის წარმომადგენლები განსაკუთრებით ხშირად იხსენიებიან აღაიანში მცხოვრებ მიწათმფლობელებად და ნასყიდობის, წყალობისა და სამამულე აქტების მოწმეებად. 1531 წლიდან მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლომდე ვარდიაშვილები მონაწილეობენ ვენახების, მიწებისა და ყმების ნასყიდობებში, მათი უფლებები კი არაერთხელაა კათალიკოსებისა და ბატონიშვილების მიერ დამტკიცებული. წყაროებში გვხვდებიან როგორც ადგილობრივი მამულების მფლობელები, ისე საეკლესიო და სამეფო საქმეებში ჩართული პირები (მოწმეები, მოხელეები). საერთო სურათი აჩვენებს, რომ ვარდიაშვილები იყვნენ სტაბილური, ადგილობრივი საგვარეულო, ინტეგრირებული მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების საქართველოს სოციალურ-სამართლებრივ სივრცეში. ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 2 650-დან 2 800-მდე ვარდიაშვილია.

ვაშაყაშვილი

ვაშაყაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებიდან ჩნდებიან სამეფო-სამამულე დოკუმენტებში. წყაროები მათ წარმოგვიდგენენ მაჩაბელთა მამულებთან დაკავშირებულ ქონებრივ პროცესებში ჩართულ საგვარეულოდ.

მამულების დაბრუნებასა და ხელახალ განაწილებაში მონაწილეობა აჩვენებს, რომ ვაშაყაშვილები მოქმედებდნენ სამეფო ადმინისტრაციულ სივრცეში და ფლობდნენ სამართლებრივად სრულფასოვან სტატუსს. XVII საუკუნის მიწურულამდე გვარი სტაბილურად ფიქსირდება ქართლის ქონებრივ ცხოვრებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ გვარის ადამიანთა რაოდენობა, დაახლოებით, 250-დან 350-მდეა.

ზარიძე

ზარიძე მეჩვიდმეტე საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოს წყაროებში კარგად დოკუმენტირებული გვარია, რომელიც ფიგურირებს როგორც მიწათმფლობელურ და სამამულე ურთიერთობებში აქტიურად ჩართული საგვარეულო. საბუთები გვარს სხვადასხვა დასახლებაში ასახელებს და გვიჩვენებს მის მრავალშრიან სოციალურ სურათს. მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ზარიძეები ჩანან, როგორც მკვიდრი მამულების მფლობელები. 1570 წლის საბუთში ზარიძე გუღბათას და მის შვილს, ოშას, უკავშირებს სამეფო წყალობას, რაც გვარის ადრეულ სოციალურ სიმყარეზე მიუთითებს. მეჩვიდმეტე საუკუნეში განსაკუთრებით აქტიურია ბერინა ზარიძე და მისი ოჯახი, ძმა ზაალი და შვილები ივანე და ბადრია, რომლებიც მონაწილეობენ მიწისა და მამულის ნასყიდობებში, მათ შორის გრძელასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. 1670-1680-იან წლებში ზარიძეები მრავალჯერ გვხვდებიან როგორც ნასყიდობის აქტების მხარეები და მოწმეები, რაც მათ სამართლებრივ სანდოობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ამავე დროს, წყაროები აჩვენებს გვარის შიგნით სოციალურ დიფერენციაციას: მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ზარიძე თამაზა და მაზუა იხსენიებიან როგორც ყიასაბეგის ყმები, რაც გვარის სხვადასხვა შტოს განსხვავებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. საეკლესიო სივრცეშიც ზარიძეები აქტიურად ჩანან – შიოშა ზარიძის მიერ სვეტიცხოვლისათვის შეწირული განაყოფი გვარის ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართულობას ადასტურებს. საერთო სურათით, ზარიძეები წარმოადგენენ მრავალშრიან საგვარეულოს, რომლის ერთ ნაწილს ჰქონდა მიწათმფლობელური და სამართლებრივი სიმყარე.

ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 4 200-მდე ზარიძეა.

ზედანია

ზედანია ქართული გვარია, რომლის ეტიმოლოგია უკავშირდება ძველ ქართულ სიტყვას „ზედა“ – „რაღაცასთან შედარებით მაღლა მყოფი“. გვარის სახელდებასთან დაკავშირებულია, აგრეთვე, ტერმინი „ზედაშე“, რაც საეკლესიო ტრადიციაში შესაწირავ ღვინოს აღნიშნავს. ონომასტიკური თვალსაზრისით, ზედანია, სავარაუდოდ, წარმოშობილია შერქმეული სახელისგან. ისტორიულად ცნობილია ტოპონიმი საზედანიო ქვემო ჩხოროწყუში, რაც გვარის ტერიტორიულ ფესვებზე მიუთითებს. მეჩვიდმეტე საუკუნის წყაროებში იხსენიება ისლამუ ზედანია, ობუჯს მცხოვრები, რომელიც 1642 წელს გიორგი ლიპარტიანის მიერ მთაწმინდას ხარების ღვთისმშობლისათვის შეწირულ აქტშია მოხსენიებული. დღეს ზედანიას გვარი რიცხობრივად მცირეა — საქართველოში დაახლოებით 90-მდე ზედანია ცხოვრობს, ძირითადად, ჩხოროწყუს რაიონში, აგრეთვე, თბილისსა და ბათუმში.

თოდუა

თოდუა ძირძველი მეგრული გვარია, ფართოდ გავრცელებული სამეგრელოში (ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ცაიში, მუხური და სხვა). გვარი ერთძირიანია და ისტორიულად მრავალშტოიან საგვარეულოდ ჩამოყალიბდა. ონომასტიკური თვალსაზრისით, გვარს საფუძვლად უდევს წინაპრის სახელი – ან ძველ სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებული თოდორუხუს შემოკლებული ფორმა (თოდო), ან ანთროპონიმ თორნიკეს მოფერებითი სახე (თოთო, თოდო). მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში წყაროებში ფიქსირდება ფორმა თოდოსძე, რაც სახელის სიძველეს ადასტურებს. ისტორიულ საბუთებში გვხვდება აგრეთვე, გვარი თოდოძე, რაც თოდუასთან საერთო წარმოშობის შესაძლებლობაზე მიუთითებს. მეცხრამეტე საუკუნეში თოდუათა გვარში მკვეთრად არის წარმოდგენილი სასულიერო შტო – მრავალი მღვდელი, დეკანოზი, დიაკონი და მედავითნე მსახურობდა სამეგრელოს ეკლესიებში. ამავე პერიოდში გვარის წარმომადგენლები ფიქსირდებიან გლეხურ, ადმინისტრაციულ და სასამართლო საქმეებში. თოდუები მონაწილეობდნენ 1857 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 8 000-მდე ამ გვარის წარმომადგენელია. თოდუა შედის საქართველოს 50 ყველაზე გავრცელებულ გვარს შორის.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი