როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 15:04
ექიზაშვილები
ექიზაშვილი მესხური ფესვების მქონე ქართული გვარია. მისი საფუძველი სიტყვა „ექიზადან“ მომდინარეობს (თურქული გავლენის სივრცე, მნიშვნელობით — „ტყუპი“), რაც მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში მესხეთ-ჯავახეთზე არსებულ ოსმალურ ენობრივ ზეგავლენას უკავშირდება, თუმცა გვარი ეთნიკური თვალსაზრისით სრულად ქართულია. გვარი წერილობითად დასტურდება მეთექვსმეტე საუკუნიდან, ოსმალური საგადასახადო დავთრების მიხედვით, სოფელ ხიზაბავრში (სამცხე-ჯავახეთი), სადაც ექიზაშვილები უკვე ჩამოყალიბებულ ოჯახებად ჩანან. მეჩვიდმეტე საუკუნეში იწყება მათი მიგრაცია მესხეთიდან საქართველოს შიდა რეგიონებში. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ექიზაშვილები მყარად სახლდებიან ქვემო ქართლში (გომარეთი, ბოლნისი, დმანისი) და მოგვიანებით – შიდა ქართლიში (წილკანი, ერტისი). ისტორიული აღწერები ადასტურებს მათ სრულუფლებიან კომლებსა და სამხედრო ვალდებულებებს. მეცხრამეტე საუკუნეში რუსულ დოკუმენტებში გვარი ხშირად იწერება ფორმით „ეკიზაშვილი“, რაც მხოლოდ ადმინისტრაციული გადამწერლობით აიხსნება. დღეს ექიზაშვილები ცხოვრობენ ქვემო და შიდა ქართლში, ასევე თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში და წარმოადგენენ ისტორიულად უწყვეტ, მკვიდრ ქართულ საგვარეულოს. ექიზაშვილების საერთო რაოდენობა დღეს, დაახლოებით, 570 ადამიანია.
ეგაძე
ეგაძე ერთ-ერთი ძველი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად ფიქსირდება. გვარის წარმომადგენლები იხსენიებიან როგორც საკათოლიკოზო აზნაურები, დაკავშირებულნი სამეფო-საეკლესიო მიწათმფლობელობასთან და ადმინისტრაციულ სამსახურთან. მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში ეგაძეები გვხვდებიან ძევერის, ვარძიის, კოდმანის, მუხრანის, მცხეთისა და ბელტისციხის მიწებზე. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან ქავთარ, შიო, ზაზა და ლომინა ეგაძეები, რომლებიც მონაწილეობენ ყმა-მამულების წყალობის წიგნებში, ნასყიდობებში, გაცვლებში და მრავალ სამამულე დავაში როგორც მხარეები, მოწმეები და დამწერები. ეგაძე შიო XVII საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურაა — იგი მონაწილეობს კათალიკოსთა (ქრისტეფორე, ზაქარია, ევდემონი) მიერ გაცემულ მნიშვნელოვან იურიდიულ აქტებში, რაც გვარის სოციალურ წონას ადასტურებს. საერთო სურათი აჩვენებს, რომ ეგაძეები იყვნენ სტაბილური, მიწათმფლობელი აზნაურული საგვარეულო, ჩართული როგორც საერო, ისე საეკლესიო სამართლებრივ ურთიერთობებში. გადმოცემის მიხედვით, მათი წინაპრები იმერეთიდან მოსულნი იყვნენ, რაც გვარის ფორმირებასა და გავრცელებას დამატებით ისტორიულ ფონს აძლევს.
ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ეგაძის გვარს, დაახლოებით, 1 150-დან 1 250-მდე ადამიანი ატარებს.
ვართანაშვილი
ვართანაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან აქტიურად ფიქსირდება. გვარის წარმომადგენლები მონაწილეობენ მიწის, ვენახისა და სახლების ნასყიდობებში, საზღვრების დადგენასა და სამამულე დავების მოგვარებაში როგორც მხარეები და მოწმეები. წყაროებში იხსენიებიან ტერ-ვართანაშვილები (საეკლესიო პირები), აგრეთვე, სამოქალაქო სტატუსის მქონე წევრები, რაც გვარის სოციალურ მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მათი ქონებრივი აქტივობა ბოლნისისა და მის შემოგარენში საერთო სურათი აჩვენებს, რომ ვართანაშვილები იყვნენ მკვიდრი, მიწათმფლობელი საგვარეულო, ინტეგრირებული მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს სოციალურ-სამართლებრივ ცხოვრებაში.
უკანასკნელი მონაცემებით, ამ გვარის მქონე ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 40-მდეა.
ზურაბიშვილი
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ზურაბიშვილი/ზურაბისშვილი – „ესენი იყვნენ სომეხთ სამეფოდგან მოსრულნი ანის ადგილიდგან დროსა მეფისა ბაგრატისასა, წელსა ქრისტეს აქეთ 1064-სა და მერე იყვნენ ამათ გვართაგან ორნი ზურაბ და ნაზარ ზურაბის შვილნი“. ზურაბიშვილი თავადური გვარი ქართლში. საზურაბიშვილო ჩამოყალიბდა დმანისის ხეობაში მეჩვიდმეტე საუკუნეში. ამ სათავადოს ფუძემდებელია საბარათიანოს სარდალი ზურაბ ბარათაშვილი, რომელიც მოიხსენიება 1634-1637 წლებში, ბარათაშვილების ერთ–ერთი განშტოებაა. ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ამ გვარს დაახლოებით 1 500-დან 1 650-მდე ადამიანი ატარებს.
ზანდუკელაშვილი (ზანდუკლი)
ზანდუკელაშვილები (ჭანდუკლები) მეჩვიდმეტე საუკუნის ქართლის წყაროებში იხსენიებიან როგორც არანისში მცხოვრები აზნაურული საგვარეულო, რომელიც შედიოდა წილკნელის სამეურნეო და იურისდიქციულ სივრცეში. მათი აზნაურული სტატუსი იკვეთება როგორც დაკისრებული ვალდებულებების, ისე მამულზე დაფუძნებული უფლებების მიხედვით. 1669 წლის საბუთი აღწერს ზანდუკელაშვილთა აზნაურულ-საგვარეულო ვალდებულებას: სახლის უფროსის გარდაცვალების შემთხვევაში წილკნელისთვის უნდა გაეღოთ შეკაზმული ცხენი და სხვა წესით განსაზღვრული საგნები, რაც იმდროინდელ საქართველოში სწორედ აზნაურთა ფენისათვის დამახასიათებელი პრაქტიკა იყო. მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს წყაროებში ფიქსირდებიან გიორგი და ნიკოლოზ ზანდუკელაშვილები, ძმები, რომელთაც 1697 წელს ბაინდურ ერისთავმა განუახლა მკვიდრი მამულის წყალობა. ეს აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ აზნაურულ მდგომარეობას და მამულზე კანონიერ უფლებას. საერთო ჯამში, ზანდუკელაშვილები წარმოადგენენ ქართლის აზნაურულ საგვარეულოს, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში მყარად იყო ჩართული ქვეყნის სოციალურ, სამეურნეო და სამართლებრივ სტრუქტურაში. ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მათი რაოდენობა საქართველოში ასე ნაწილდება:
• ზანდუკელი: დაახლოებით 450–500 ადამიანი.
• ზანდუკელაშვილი: დაახლოებით 100–120 ადამიანი.
თვაური
თვაური – ძირძველი ქართული გვარია, რომლის ფესვები ადრეულ შუა საუკუნეებში იკვეთება. მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ერთ-ერთ უძველეს საეკლესიო კრებულში („მლვიმის კრებულის დაწერილი ზოსიმესადმი“, დაახლოებით, 1200 წელი) მოხსენიებულია ბასილ თავაური, რაც საფუძველს იძლევა ვარაუდისთვის, რომ ფორმები თვაური და თავაური ერთი და იმავე გვარის ისტორიულ ვარიანტებს წარმოად-გენს. აღნიშნულ ჰიპოთეზას იზიარებს ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი. 1505 წლის სამეფო სიგელში, გაცემულში მეფე ალექსანდრე პირველის მიერ, მოხსენიებულია ციცია ტაველური (თვაური), როგორც ეკლესიური და სამეფო საქმეების აქტიური მონაწილე. სიგელი ადასტურებს თვაურების მონაწილეობას საეკლესიო-სამეფო ურთიერთობებში და მათ საზოგადოებრივ სტატუსს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში თვაურები ფართოდ არიან წარმოდგენილნი შიდა ქართლში და მცხეთა-მთიანეთში, განსაკუთრებით გორის, კასპის, მცხეთისა და მიმდებარე სოფლებში.
დღეისათვის საქართველოში, თვაურის გვარის დაახლოებით, 550-მდე ადამიანია.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





