როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 15:58 18.01
ბუავა
ბუავა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ სამეგრელოს, ძირძველი მეგრული გვარია. ისტორიულად გავრცელებულია ზუგდიდის, სენაკისა და წალენჯიხის მხარეებში და დოკუმენტურად დასტურდება, როგორც მრავალკომლიანი ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის წარმომადგენლები მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე აქტიურად მონაწილეობდნენ სოციალურ-სამართლებრივ პროცესებში.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში ბუავების წარმომადგენლები ეკუთვნოდნენ გლეხურ ფენას და იმყოფებოდნენ ფისკალურ-სამართლებრივ დამოკიდებულებაში სამეგრელოს სამთავრო საგვარეულოსთან – კერძოდ, მინგრელსკების სახლთან. ეს დამოკიდებულება გამოიხატებოდა მიწასთან, გადასახადებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, რაც ხშირად ხდებოდა დავის საგანი.
ბუავების გვარი მკაფიოდ ფიქსირდება რუსეთის იმპერიის უმაღლესი სასამართლო ორგანოს – სენატის მეორე (გლეხური) დეპარტამენტის საქმეებში.
ამჟამად საქართველოში სულ 208 ბუავა ცხოვრობს.
ელისბარაშვილი
ელისბარაშვილი (ელიზბარაშვილი) ქართული აზნაურული გვარია, რომელიც აქტიურად ფიქსირდება მეჩვიდმეტე საუკუნის ქართლის სამამულო, ნასყიდობისა და დავის საბუთებში. ელიზბარაშვილები ცხოვრობდნენ გორის, ანდრიას, დაღეთის, ხელთუბნისა და მიმდებარე სოფლებში და ფლობდნენ მიწა-წყალს, ვენახებსა და მამულებს. გვარის წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობდნენ: მამულების განაწილებაში და ნასყიდობის აქტებში (1611–1700), სამამულო დავებში, ყმა-მამულთა და მიწების ყიდვა-გაყიდვაში. როგორც მოწმეები ფიგურირებდნენ სამართლებრივ საბუთებში.
1622 წელს ელიზბარაშვილთა ნაოხარი მამული სამეფო წყალობით გაიცა, ხოლო მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში გვარი მჭიდროდ არის დაკავშირებული ციციშვილთა, თუმანიშვილთა, ბარათაშვილთა და სხვა აზნაურულ საგვარეულოებთან.
ელისბარაშვილები წარმოადგენენ ქართლის ადგილობრივ აზნაურულ ფენას, რომლის სოციალური და ეკონომიკური აქტიურობა ნათლად იკითხება მეჩვიდმეტე საუკუნის დოკუმენტურ მასალაში.
ამჟამად საქართველოში მხოლოდ 20 ელისბარაშვილია, ხოლო ელიზბარაშვილი – 2 072.
ეცადაშვილი
გვარი ეცადაშვილი ქართული წარმოშობის გვარია. გვარის ფუძეა „ეცადა“. ეს სახელი დაერქვა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ბეჯითობით ან რაიმე საქმის მცდელი იყო. გვარის წარმოშობის ადგილია შიდა ქართლი. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას.
ისტორიულ წყაროებში გვარი ეცადაშვილი იხსენიება 1646 წელს, ეცადაშვილი – შაუმაშვილს ჰქონდა მისი „მოსყიდულობის წიგნი“ და ყალანდარის მიერ მისთვის მიცემული სასისხლო სიგელი. 1658 წელს – ეცადაშვილი შიო – ჰყავს შვილები: ესტატე, მამისიმედი. იყიდა ხახიტა ჯოიშვილისაგან დუდეთში ორიდღის მიწა...
ამჟამად ეცადაშვილები ცხოვრობენ გორში, სათემოში, ფლავში, ფლავისმანში, ძველ ქანდაში, თბილისში.
საქართველოში ეცადაშვილების საერთო რაოდენობა შეადგენს 418 ადამიანს.
ვარსიმაშვილი
გვარი ვარსიმაშვილი ქართული წარმოშობის გვარია. გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი „ვარსიმა“. ეს სახელი, თავის მხრივ, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სირიულ-არამეულ სახელს „ბარსიმა“, რაც ნიშნავს „ძვირფასს“.
გვარის წარმოშობის ადგილია თიანეთი და დუშეთი. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში მოხდა ამ გვარის მიგრაცია ქართლსა და კახეთში. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას.
ისტორიულ წყაროებში ეს გვარი იხსენიება 1688 წელს: ვარსიმაშვილი – ყინწვისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს მისი სახლ-კარის ნახევარი კანდელაკიშვილის საზღვრამდე ედიშერსა და პაპუნას შუაზე უნდა გაეყოთ. 1892 წელს: ვარსიმაშვილი – მისი მიწა ესაზღვრებოდა მახარებელ სოსიაშვილის მიერ თინათინ მაღალაძისათვის დუბეში მიყიდულ მიწას. 1700 წელს: ვარსიმაშვილი – ფლავში მის მამულზე ესახლა ვეფხია წრიალაშვილი.
ამჟამად ვარსიმაშვილები ცხოვრობენ შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, თბილისში.
ამჟამად საქართველოში სულ 855 ვარსიმაშვილია.
ვარძელაშვილი
გვარი ვარძელაშვილი ქართული წარმოშობისაა. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი „ვარძელა“. ეს სახელი მოდის ზედსართავი სახელიდან „ვარძელი“, რაც ძველ ქართულში – გრძელს, მაღალს ნიშნავდა. სავარაუდოდ, გვარის ფუძემდებელი მაღალი აღნაგობის ადამიანი იყო. გვარის წარმოშობის ადგილია შიდა ქართლი. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას.
ისტორიულ წყაროებში გვარი ვარძელაშვილი იხსენიება 1688 წელს. ვარძელასშვილი ვარძელა – ხვედურეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს ის, მამულით, ერგო პაპუნას.
ამჟამად ვარძელაშვილები ცხოვრობენ გორში, მუხრანში, რუისში, ურბნისში, ქარელში, ქვენატკოცაში, ქვედა ხვედურეთში, თბილისში.
ვარძელაშვილების საერთო რაოდენობა შეადგენს 517 ადამიანს.
ზალიაშვილი
გვარი ზალიაშვილი ქართული წარმოშობისაა. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზალია, რომელიც შემოკლებითი ან კნინობითი ფორმაა სახელი ზალისა. გვარის წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ, კახეთი. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას.
ისტორიულ წყაროებში გვარი ზალიაშვილი იხსენიება 1683 წელს. ზალიაშვილი დავითი – დამწერი საამ ხოსიაშვილის მიერ თავისი განაყოფის, ქაიხოსროშვილ როსტომასათვის მიცემული პირობის წიგნისა. 1685 წელს: ზალიაშვილი – მათ და ბაიდურას ნაცვლად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ერგოთ ახალქალაქს მცხოვრები გიქუა პატაშვილი ქონებით.
ამჟამად ზალიაშვილები ცხოვრობენ თოხლიაურში, კაკაბეთში, მანავში, საგარეჯოში, თბილისში.
საქართველოში ამჟამად 115 ზალიაშვილია.
თავბერიძე
თავბერიძე – ქართული ისტორიული გვარია, რომელიც სოციალურ სტრუქტურაში გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. გვარი წერილობით წყაროებში ფიქსირდება მეთხუთმეტე საუკუნიდან.
1447-1448 წლებში თავბერიძეები იხსენიებიან მიწა-მამულისა და სამეურნეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საბუთებში, ხოლო მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში (მათ შორის 1559 და 1669 წლებში) მათი წარმომადგენლები მონაწილეობენ მიწის ნასყიდობებსა და საკუთრების გადაცემებში.
წყაროები აჩვენებს, რომ თავბერიძეები იყვნენ მიწათმოქმედი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა.
ამჟამად საქართველოში 1 084 თავბერიძე ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




