როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 16:48 05.01
ერემაშვილი
გვარი ერემაშვილი ქართული წარმოშობისაა. ერემაშვილი ეპონიმური გვარსახელია. გვარის ფუძე მოდის საკუთარი სახელიდან – „ერემა“. ეს სახელი ბიბლიური წარმოშობისაა „იერემია“, რაც ებრაულად ნიშნავს „ღვთის მიერ ამაღლებულს“. გვარის წარმოშობის ადგილებია, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას.
ისტორიულ წყაროებში გვარი ერემაშვილი იხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, ერემასშვილი ნურალა – ახალქალაქს მცხოვრები, ის მურადას ფარდად ერგო მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს]. ასევე, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, ერემაშვილი პაპა – ახალქალაქს მცხოვრები, წილად ხვდა მოურავს და ზურაბ [სააკაძეს] ანაზას ფარდად.
ამჟამად ერემაშვილები ცხოვრობენ: დედოფლისწყაროში, სიღნაღში, წნორში, ახალციხეში, თბილისში.
სულ საქართველოში მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 114 ადამიანს.
ვაჩნაძე
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭავანისა და ორთავე გავაზის მოურავები. პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისაში“ მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი. ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ძველად იყვნენ სომეხთავე მეფეთა დროსანი, არტავაზის შვილებად მოხსენიებულნი მამუკუნიანთა გვართა, რომელნიცა პირველ იყვნენ მოსრულნი კიტაიის მხრიდგან ვანსა შინა და სპასპეტნიცა სომეხთა მხედრობისა წელსა ქრისტეს აქეთ 286-სა, ხოლო შემდგომად ამისა გარდმოვიდა კახეთსა შინა ამა ვაჩას შთამამავალი ვარდან მამიკუნიანი და დაეშენა ხარანბუჯს შინა. ასლან ვაჩნაძე იყო 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ვაჩნაძეთა საგვარეულოს ინანიშვილთა შტოდან, კახთა მეფის მდივანი. ვაჩნაძეები იყვნენ კარდენახის მემამულეები. 1615 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო თამაზ ვაჩნაძე. დღეს საქართველოში 355 ვაჩნაძე ცხოვრობს
ველაშვილი
ველაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს ძველი სოფლისეული გვარია, რომელიც ისტორიულ დოკუმენტებში უკვე მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან ჩნდება. გვარის მთავარი კერა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისში იყო, სადაც ველაშვილები სოფლის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიდნენ. საბუთებში ვხვდებით გვარის წარმომადგენლებს – ბეჟუას, ყულიჯანას, ბერუას, ველიას, ზალიას, პაპიასა და პაპუნას, რომლებიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ხშირად იღებდნენ მონაწილეობას ნასყიდობის წიგნებში, მიწის საზღვრების დადასტურებასა და კომლურ–საჯარო საქმეებში. განსაკუთრებით გამოირჩევა შანაზარა ველაშვილი, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში ფიქსირდება, როგორც სანდო მოწმე და აქტიური მიწათმფლობელი. ველაშვილები იმდროინდელ სოფლის საზოგადოებაში ითვლებოდნენ ნდობით აღჭურვილ, ეკონომიკურად ძლიერ და სამოწმებო უფლებებით გამორჩეულ ოჯახად, ფლობდნენ ყაფიჩის – მოხელე მეკარის, თანამდებობას.
დღეს საქართველოში ამ გვარის 193 წარმომადგენელი ცხოვრობს.
ვაშაძე
ვაშაძე იმერეთის ძირძველი ქართული გვარია, რომლის ფესვები მჭიდროდ უკავშირდება ჭიათურის რაიონის სოფელ მღვიმევში მდებარე წმიდა ბარბარეს ეკლესიას. გვარის წარმომადგენლები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ცნობილნი იყვნენ საეკლესიო მსახურებითა და ადგილობრივი თემის სულიერი ხელმძღვანელობით. ისტორიულ წყაროებში იხსენიებიან: გიორგი დავითის ძე ვაშაძე – მღვიმევის წმიდა ბარბარეს ეკლესიის მოძღვარი მეთვრამეტე საუკუნეში, იოანე ვაშაძე – იმავე ეკლესიის მღვდელი 1840 წელს.
ვაშაძეები იმერეთში მიეკუთვნებოდნენ წერეთელთა აზნაურული ოჯახს. გვარისთვის დამახასიათებელია სარწმუნოებრივი ტრადიცია, განათლებაზე ზრუნვა და საზოგადოების მსახურება.
დღეს ვაშაძეები გავრცელებული არიან როგორც იმერეთში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში, ხოლო მღვიმევის ეკლესია კვლავ რჩება გვარის ისტორიის ცენტრალურ ბირთვად.
საქართველოში 476 ვაშაძე ცხოვრობს.
ზამთარაძე
ზამთარაძე ძველქართული საგვარეულოა, რომლის ფესვები მეთექვსმეტე საუკუნეში ჩანს. პირველი ცნობები გვარში 1527–1558 წლების დოკუმენტებშია, სადაც ზამთარასძეები მონაწილეობენ ჯავახიშვილებთან დაკავშირებულ მამულის გაყოფაში. მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს ზამთარაძე უკვე აზნაურებრივ სტატუსში ფიქსირდება: ნიტრიაში მცხოვრები ოჯახის ერთი კომლი დოროთეოს კათალიკოსმა იყიდა და ნიტრიის ეკლესიას შესწირა, რაც გვარის მნიშვნელოვან ეკლესიურ კავშირებს მოწმობს. გვარის საცხოვრებელი კერები იყო აბაშა, მარნის უბანი, გადიდი, ეწერი და ვანი, სადაც ზამთარაძეები გამოკვეთილი და ხანგრძლივი საგვარეულო ფესვებით სახლობდნენ.
დღეს ზამთარაძე ერთ-ერთ იმ ნიშანდობლივ გვარს წარმოადგენს, რომელიც დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეკლესიურ ცხოვრებაში შემორჩა.
ამჟამად საქართველოში 576 ზამთარაძე ცხოვრობს.
თანდილაშვილი
თანდილაშვილები ქართულ საბუთებში მეთექვსმეტე საუკუნიდან გვხვდებიან. მათი პირველი, დღემდე ცნობილი მოხსენიება 1537–1538 წლებით თარიღდება, როდესაც ქვაბევანში მცხოვრები თანდილაშვილის მამული წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს. მეჩვიდმეტე საუკუნისთვის გვარი უკვე მყარად იყო დაფუძნებული. ისინი ცხოვრობდნენ ღვერტეთში, ახალქალაქში, ბოლნისში და სხვა სოფლებში. იმდროინდელი ნასყიდობის წიგნები გვიჩვენებს, რომ თანდილაშვილებს დიდ ფართობზე გაფენილი მამულები ჰქონდათ: ვენახები, კორდები, საჩხერო ადგილები, სახლები და კომლები. განსაკუთრებით გამოირჩევა ნინია თანდილასშვილის შთამომავლობა – მისი შვილები (პაპუნა, როსტია, ესტატე, სეხნია, ზაზა, დათუნა) ხშირად ჩნდებიან მეჩვიდმეტე საუკუნის მიწათმფლობელურ აქტებში. გვარის წარმომადგენლები ხშირადაა მოხსენიებული, როგორც მოწმეები ქართლის უდიდეს საგვარეულოებთან დაკავშირებულ ნასყიდობებში, რაც მათ სანდო სტატუსზე მიუთითებს. დღესაც თანდილაშვილის გვარის შთამომავლობა სხვადასხვა რეგიონში გვხვდება, თუმცა მისი ისტორიული ბირთვი ქართლსა და სამცხეში იყო. სულ საქართველოში 850 თანდილაშვილი ცხოვრობს.
თათელაძე
გვარი თათელაძე ქართული წარმოშობის გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თათელა. ეს სახელი არის კნინობითი ფორმა ძველი სახელისა – თათა. ხშირად გამოიყენებოდა როგორც მოფერებითი სახელი. წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ, ქვემო ქართლი. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას.
ისტორიულ წყაროებში იხსენიება 1558 წელს. თათელაძე მამისთვალა – კორთხას მცხოვრები, მისეულ პარტახტ მამულზე მცხოვრებს ემართა საყდრის ბეგარა: თორმეტი თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ორი ნაოთხალი ქერი, ორი კვერცხი ამჟამად თათელაძეები ცხოვრობენ ბოლნისში, გომარეთში, დმანისში, თეთრწყაროში, კაზრეთში, ჩათახში, თბილისში.
ამჟამად საქართველოში თათელაძის გვარის 128 ადამიანი ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




