საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№51

ავტორი: „თბილისელები“ 14:53

გვარები
დაკოპირებულია

ევანეზაშვილი

ევანეზაშვილები ერთ-ერთი საინტერესო და ფესვგადმოსული ქართული გვარია, რომლის ისტორია მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული უწყვეტად იკვეთება ქართული საბუთების მატიანეში. გვარის წინაპრები ცხოვრობდნენ კარშაგარში, ვანში, მანგლისში, კახეთსა და ზემო ქართლში და თითქმის ყველა საუკუნეში მონაწილეობდნენ მიწების, სახლების, ვენახებისა და სამეურნეო ნასყიდობების საქმეში. დოკუმენტები გვიჩვენებს, რომ ევანეზაშვილები მხოლოდ უბრალო გლეხი ოჯახები არ ყოფილან, ისინი ხშირად გვხვდებიან „მოწმის“ სტატუსით, რაც იმდროინდელ საქართველოში საზოგადოებრივ ნდობას ნიშნავდა. მეჩვიდმეტე საუკუნეში გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჯანია ევანეზაშვილი, მამასახლისად არის მოხსენიებული – რაც პირდაპირ მიუთითებს გვარის გავლენასა და ავტორიტეტზე. ევანეზაშვილები ჩართული იყვნენ როგორც სამეურნეო საქმიანობაში (ვენახები, ღვინის საწურები, მიწათმოქმედება), ისე ეკლესიური და სამეფო საქმეების ადმინისტრირებაში. ამ გვარის სახელი გიორგი მეფის მიერ მანგლისის ეკლესიისთვის გადაცემულ წიგნშიც ჩანს დღეს ევანეზაშვილების გვარი მრავალ რეგიონშია გავრცელებული, თუმცა მისი ისტორიული ფესვები ერთიანი ქართული კულტურის ნაწილია – უკავშირდება სოფლის ეკონომიკას, სამეფო ადმინისტრაციას და იმ ადამიანებს, რომლებიც შუა საუკუნეებიდან იღვწოდნენ თავის სახლ-კარისა და ქვეყნისთვის.

ამჟამად საქართველოში ძალიან ცოტა ევანეზაშვილი ცხოვრობს, ამიტომ მათი რაოდენობის განსაზვრა შეუძლებელია.

ელიარაშვილი

ელიარაშვილები ძველი ქართული საგვარეულოა, რომლის კვალი მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებიდან მოყოლებული არაერთ ისტორიულ საბუთშია დაფიქსირებული. გვარის წინაპრები ცხოვრობდნენ ბოლნისში, ვანში, ბარბიჭნასა და მეზობელ სოფლებში და აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო ცხოვრებაში მიწების, ვენახებისა და სხვა სამეურნეო ნაკვეთების ნასყიდობასა და გაცვლაში. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ელიარაშვილები გვხვდებიან „მოწმის“ სტატუსით, რაც იმდროინდელ საქართველოში განსაკუთრებულ ნდობას ნიშნავდა. გვარის მნიშვნელოვანი შტო იყო დუშია ელიარაშვილის ოჯახი, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ფლობდა რამდენიმე დღის მიწას, ვენახებსა და კალოს ნაპირის ნაკვეთებს. მათი სახელები გვხვდება მრავალი ცნობილი საგვარეულოს დოკუმენტებში – ყორღანაშვილების, არღუთაშვილების, ორბელიშვილებისა და სხვა. ელიარაშვილები წარმოადგენდნენ იმ ოჯახებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყვნენ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის, სავაჭრო ურთიერთობებისა და სამართლებრივი კულტურის აქტიური მონაწილეები. მათმა სახელმა ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში დატოვა ღირსეული და სანდო საგვარეულო ხაზის კვალი.

დღეს საქართველოში სულ 380 ელიარაშვილი ცხოვრობს.

ვარდიშვილი

ვარდიშვილი (ვარდისშვილი) ერთ-ერთი ძველი ქართული გვარია, რომლის ისტორიული არსებობა უკვე მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს შესამჩნევად იკვეთება. გვარის პირველი დადასტურებული მოხსენიება 1492 წლით თარიღდება, როცა ვარდისშვილი მოწმედ ჩნდება შიომღვიმის მონასტრისთვის მიწის ნასყიდობის დამადასტურებელ დოკუმენტში. მეჩვიდმეტე საუკუნეში ვარდიშვილების გვარი უკვე მყარად არის დაფუძნებული კახეთსა და კისისხევში. 1653 და 1655 წლების სამეფო საბუთებიდან ჩანს, რომ დედოფალმა მარიამმა ავალა ავალიშვილს კისისხეში რამდენიმე მამული უბოძა, სადაც როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ვარდიშვილი ფიგურირებს. ეს მიუთითებს, რომ გვარი იმდროინდელ სამეფო ადმინისტრაციულ და მიწათმფლობელურ სისტემაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერდა. მნიშვნელოვანი ცნობებია მეჩვიდმეტე საუკუნის მიწათმფლობელობისა და ბაღების ნასყიდობის აქტებიდანაც: გიორგი ვარდისშვილი ადასტურებს თავისი პაპის, მიზოა იარაზიზაშვილის მიერ ბაღის მიყიდვის საბუთს (1677 წელი), რაც გვარის სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ აქტიურობას ასახავს. ვარდიშვილები იყვნენ სანდო მოწმეები, მიწის მესაკუთრეები და სამეფო დაწესებულებებთან დაკავშირებული პირები. მათი ისტორიული კვალი ნათლად ადასტურებს, რომ გვარი მტკიცე ფესვებს ავითარებდა კახეთისა და ბოლნელი-კისისხევის რეგიონში, ხოლო მათი წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში მონაწილეობდნენ ქვეყნის სამართლებრივ და სამეურნეო ცხოვრებაში.

ამჟამად საქართველოსი ცხოვრობს 318 ვარდიშვილი.

ზაზაშვილი

ზაზაშვილები – ძველი აზნაურული ქართული გვარია, რომლის ისტორიული ამბები მეჩვიდმეტე საუკუნიდან გვხდება. მათი წინაპრები სახლობდნენ აგარაში, კოხტაში და ბოლნისის მიმდებარე სოფლებში. ზაზაშვილები მონაწილეობდნენ მიწების ნასყიდობასა და საკომლო დავებში, რის გამოც ხშირად გვხვდებოდნენ სასამართლო წიგნებში როგორც სანდო მოწმეები და მამულების კანონიერი მფლობელები. გვარის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია გრიგოლი ზაზაშვილი, მეთვრამეტე საუკუნის ალავერდელი მიტროპოლიტი, მეფე გიორგი მეთორმეტის ძის, დავითის მრჩეველი – რაც გვარის მაღალ ეკლესიურ და საზოგადოებრივ სტატუსს ადასტურებს. დღესაც ზაზაშვილები ერთ-ერთ მნიშვნელოვნად ითვლებიან ძველ ქართულ გვარებს შორის, რომლებიც მტკიცე კვალს ტოვებენ ქვეყნის ეკლესიურ და სამოქალაქო ისტორიაში.

ამჟამად საქართველოში 648 ზაზაშვილი ცხოვრობს.

თანდილავა

თანდილავა ერთ-ერთი საინტერესო და იშვიათი ქართული გვარია, რომლის ფესვები დასავლეთ საქართველოს (ლაზეთი) არქაულ ტრადიციებშია. ფოლკლორში შემორჩენილი ფორმა „თანდილა“ გვარს განსაკუთრებულ იდენტობას ანიჭებს. თანდილავების სახელთან დაკავშირებული ტოპონიმები – თანდილავანთქარი, თანდილ ჩრდილო და ჯავის ძველი დასახლება – მიუთითებს, რომ გვარს ფართო გეოგრაფიული გავრცელება ჰქონდა.

დღეს თანდილავების რაოდენობა საქართველოში სულ 32 ადამიანია, რომელთაგან უმეტესობა ცხოვრობს ხელვაჩაურსა და ბათუმში, ხოლო ერთი ოჯახი — თბილისში. ეს გვარი იშვიათობასთან ერთად განსაკუთრებულ ისტორიულ ფენასაც ინახავს და საქართველოს ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი