როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 15:00 24.12
ეკალაძე
გვარი ეკალაძე, როგორც უმეტესობა ქართული გვარებისა, წარმოიშვა გარკვეული გეოგრაფიული ადგილის, წინაპრის სახელის (შერქმეული) ან ოჯახური ტრადიციის საფუძველზე (ეკალას მკრეფავი). გვარის წარმოშობის ადგილია იმერეთიც და ქართლიც. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას. პირველად ისტორიულ წყაროებში იხსენიებიან მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში: „ეკალასძე – უცნობმა პირმა [ქვენიფნეველმა] იგი დაასახლა ბოლში და შესწირა ლარგვისის მონასტერს“. მეჩვიდმეტე საუკუნე – „ეკალაძე წაბლუანს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში“. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში – „ეკალაძე დათუნა – წაბლუანს მცხოვრები, საუფლისწულო ყმა მოყალნე, ერთი კომლი. იხსენიება ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“. ასევე, მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში „ეკალაძე მამუკა – მხურვალეთს მცხოვრები, საამილახვრო დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა მის კომლიდან ორ კაცს“.
საქართველოში ეკალაძეთა საერთო რაოდენობა შეადგენს 272 ადამიანს.
ეგუტია
ეგუტია, იგივე ეგუტი, დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით სამეგრელოს, ძველი სოფლის მოსახლეობის გვარია. მისი ისტორიული კვალი დადასტურებულია მეცხრამეტე საუკუნის ოფიციალურ აღწერებში, რომლებიც გვარს ზომიერად მრავალრიცხოვნად მოიხსენიებენ. ჰანსენის აღწერის მიხედვით (მეცხრამეტე საუკუნე), ამ გვარის 52 ადამიანი ცხოვრობდა. ეს მონაცემები გვიჩვენებს, რომ გვარის მთავარი კერა სამეგრელო, კერძოდ, ზუგდიდი იყო, ხოლო მისი ნაწილი ეკონომიკური მიგრაციის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოში – თელავში დამკვიდრდა. ამრიგად, ეგუტიას გვარი წარმოადგენდა სამეგრელოს ძველ, შრომით განაწილებულ და სტაბილურად ჩამოყალიბებულ მოსახლეობას, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნემდე მკაფიო სოციალური ფუნქცია და განსაზღვრული ადგილობრივი სტატუსი ჰქონდა.
ვეკუა
ვეკუა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მეგრული გვარია, რომელიც უკვე ადრეული ეთნოგრაფიული ტრადიციებიდან ჩანს. მეგრულ ყოფაში ის ეკუთვნოდა იმ გვარებს, რომლებიც სოფლის სამკითხველო და რიტუალურ ფუნქციებს ასრულებდნენ. 1857 წლის სამეგრელოს აღწერაში ვეკუები წარმოდგენილნი არიან როგორც მრავალრიცხოვანი ხელოსნური ფენა, ხოლო 1897 წლის საყოველთაო აღწერით, გვარი უკვე 2 332 სულს ითვლის. მეოცე საუკუნის მონაცემებით ვეკუები ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგრული გვარია – 1930-იან წლებში მათ რაოდენობას 3 158 სული შეადგენდა, მათ შორის თბილისში – 534. გვარის ისტორიას განსაკუთრებულად ამდიდრებს აკადემიკოს ილია ვეკუას მოღვაწეობა — მსოფლიოს მასშტაბის მეცნიერი, რომლის სახელსაც დღეს სოხუმის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტი ატარებს.
ვარდანაშვილი
ვარდანაშვილი – ძველი კახური გვარია, რომლის ფუძეა საკუთარი სახელი ვარდანა. პირველი დადასტურებული ჩანაწერი 1624 წელსაა გაკეთებული, როდესაც ზაქარია ჯავახიშვილმა ვარდანაშვილი მამულით გადასცა გიორგი სააკაძეს.
1655 წელს ტურია ვარდანაშვილი როსტომ მეფემ მამულით უწყალობა გივი გურამიშვილს. 1672 წელს მამუკა და სუხიტა ვარდანაშვილები მონაწილეობენ დათუნა სათეიშვილის „ვალის ხელწერილში“.
1689–1717 წლებში მერაბა ვარდანაშვილი ყიდულობს ტერტერაშვილის მამულის ნაწილს „35 მარჩილად“. 1694 წელს სოზია ვარდანაშვილი, ღუროს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა მამულით გადასცა გურამიშვილებს.
1700 წელს კვირიკა ვარდანაშვილს განუახლეს სადედოფლო წყალობა.
მეცხრამეტე საუკუნიდან გვარის პარალელური ფორმაა ვართანაშვილი.
დღეს საქართველოში ცხოვრობს 545 ვარდანაშვილი.
ზაქარაშვილი
ზაქარაშვილი ძველი ქართული გვარია, ფუძე — „ზაქარია“.
პირველი დადასტურებული ჩანაწერი მოდის 1484–1510 წლებზე, როდესაც ლეჟქერ ჩიკვილაძემ გლეხი ზაქარაშვილი გადასცა შალვა შერაზადიშვილს.
1631–1636 წლებში ზუბია ზაქარაშვილი ფიგურირებს როგორც მოწმე რამდენიმე ნასყიდობის წიგნში. ზაქარაშვილები ფიქსირდებიან მრავალ სამართლებრივ დოკუმენტში.
გვარის სასულიერო ტრადიცია გამოიკვეთა არქიმანდრიტ ათანასე ზაქარაშვილით (1869–1967).
საქართველოში დღეს 500-მდე ზაქარაშვილი ცხოვრობს.
ზაქარაია
ზაქარაია ძველი მეგრული გვარია, ფუძე – ბიბლიური სახელი „ზაქარია“, ხოლო ძირითადი ბუდეა – ნაზაქარეში, ობუჯი, სუქი (წალენჯიხა). 1908 წლის 7 ოქტომბრის ¹ 6898 განჩინება ეხებოდა ფარნაოზ ზაქარაიასა და სოფელ ნაძახაუს 30 ოჯახს, რომელთა თავადაზნაურობის სტატუსის ჩამორთმევა იგეგმებოდა. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ზაქარაიები მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე იყვნენ აზნაურები. აზნაური ბახვა და ნიკო ზაქარაიას ფოტოები ადასტურებს გვარის მაღალ სოციალურ სტატუსს.
გვარი მეოცე საუკუნეში გავრცელდა წალენჯიხა-სენაკი-ზუგდიდის ტერიტორიაზე და მოგვიანებით – თბილისში.
ამჟამად საქართველოში ზაქარაიების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 715 ადამიანს.
თაფლიაშვილი
1 654 წელს თაფლიაშვილები პირველად იხსენიებიან: მელქისედეკ ყანჩელის მიერ დემეტრე ძაბახიძისთვის გაცემულ წმიდა შიოს ვენახთან დაკავშირებით; ასევე ფიგურირებენ ნადირა და შიო თაფლიაშვილები.
1692 წელს თაფლიაშვილი მიკუტა ჩანს მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმედ. გვარი მეჩვიდმეტე საუკენეში ბუდეობით იყო ქინძმარაში, შემდგომ გავრცელდა საგარეჯოში, თელავ–მატანის ზონაში.
თაფლაძე
თაფლაძე ძველი იმერული გვარია, რომლის ისტორია მეთექვსმეტე საუკუნეში იწყება. 1558 წლის საფისკო წიგნებში თაფლაძეები ფერსათში, კორთხასა და როკითში სახლობენ და ქუთაისის საყდარს სხვადასხვა ბეგარას – ღვინოს, ღომს, პურს, სანთელს, საქონელსა და კვერცხს — აბარებენ. ეს ნუსხები გვაჩვენებს, რომ თაფლაძეთა საგვარეულო იყო იმერეთში მიწათმოქმედი და ეკლესიასთან მჭიდროდ დაკავშირებული საგვარეულო, რომელსაც ეკლესიურ-მეურნეობით სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. გვარი საუკუნეების შემდეგაც ინარჩუნებს იმერულ ფესვებს და ერთ-ერთ გამორჩეულ ძველ ქართულ ოჯახად განიხილება.
დღეს საქართველოში 195 თაფლაძე ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





