საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 15:00 07.12

გვარები
დაკოპირებულია

ეგრისელაშვილი

ეგრისელაშვილები ძველი ქართლის აზნაურული გვარია, რომლის ფესვებიც უკავშირდება დასავლეთ საქართველოს ისტორიულ რეგიონს – ეგრისს (ლაზიკას). გვარის სახელწოდება შედგება ფუძისგან ეგრისელი (ეგრისიდან წარმოშობილი) და სუფიქსისგან – შვილი, რაც ნიშნავს „ეგრისელთა შთამომავალს“.

ისტორიულ წყაროებში გვარი პირველად ფიქსირდება 1721 წლის ქართლის აღწერაში, სადაც მოხსენიებულია:

„ქ. იარალიშვილის ხეობისა აზნაურიშვილი გიორგი ეგრისელაშვილი“ — რაც ადასტურებს, რომ ამ დროისთვის გვარის წარმომადგენლები აზნაურულ ფენას მიეკუთვნებოდნენ და ფლობდნენ მცირე მამულს.

საქართველოში ამ გვარის სულ 185 ადამიანია.

ებრალიძე

ებრალიძეები ძველი გურული აზნაურული გვარია.

მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ისინი შედიოდნენ მაჭუტაძეების აზნაურობაში, რაც ნიშნავს, რომ გურიის ამ თავადური სახლის მსახურნი და დამოკიდებულნი იყვნენ.

გვარი წარმოიშვა გურიის სამთავროს ტერიტორიაზე და მისი ძირითადი საყრდენი ყოფილა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მხარე.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ებრალიძეთა ზოგი შტო გურიიდან იმერეთსა და შიდა ქართლში გადავიდა, ხოლო ნაწილი დარჩა დასავლეთ საქართველოში.

ამჟამად საქართველოში 1 539 ებრალიძე ცხოვრობს.

ვაჭარაძე

ვაჭარაძეები ძველი ქართული გვარია, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, ძირითადად, იმერეთიდან და გურიიდან. გვარის ფუძეა სიტყვა „ვაჭარი“, რაც აღნიშნავს მეწარმეს ან მოვაჭრეს.

პირველი წერილობითი ცნობა გვარზე თარიღდება 1570 წლით გელათის მონასტრის წიგნში, სადაც მოხსენიებულია:

„ვაჭარაძე მიქელსა მისცემს ლიტრა ორიცა“ —

რაც გვიჩვენებს, რომ გვარის წარმომადგენლები უკვე მეთექვსმეტე საუკუნეში იყვნენ შეძლებული სოფლის მეურნეობით დაკავებული პირები. შემდგომ პერიოდში, 1782 წლის სოლომონ პირველის ხონის ტახტის საქმეში, მოხსენიებულია: „მოსეს ვაჭარაძის თათულის გოგო“,

რაც ადასტურებს გვარის არსებობას და აქტიურობას იმერეთის სამეფოში მეთვრამეტე საუკუნეშიც.

ამჟამად საქართველოში 938 ვაჭარაძე ცხოვრობს.

ვაშალომიძე

ვაშალომიძეები ძველი გურული აზნაურული გვარია, რომლებიც ნაკაშიძეების აზნაურებად მსახურობდნენ. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ისინი ცხოვრობდნენ გურიის სამთავროს ტერიტორიაზე და შედიოდნენ თავად ნაკაშიძეთა სამფლობელოებში, სადაც ასრულებდნენ საომარ და სამეურნეო სამსახურს.

დღეს საქართველოში სულ 786 ვაშალომიძე ცხოვრობს.

ზოდელავა

ზოდელავები ძველი ოდიშის აზნაურული გვარია, რომლებიც მსახურობდნენ ჯაიანების აზნაურებად. სოციალური სტატუსით იყვნენ საუფლისწულო აზნაურები, ანუ ფლობდნენ მიწას ბატონის წყალობით და ასრულებდნენ სამხედრო-სამსახურეობრივ ვალდებულებებს.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ზოდელავები ემორჩილებოდნენ გიორგი ბატონიშვილს, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მათი სახელები კვლავ ფიქსირდება სამართლებრივ დოკუმენტებში, სადაც მოხსენიებულია, როგორც მამულების მფლობელები.

1904 წლის აღწერით, ზოდელავები სახლობდნენ და ფლობდნენ მამულებს სავეკუოსა და ახუთის თემებში (სამეგრელო).

საქართველოში სულ 162 ზოდელავა ცხოვრობს.

ზარდალიშვილი

ზარდალიშვილები ძველი ქართლერული აზნაურული გვარია.

ისტორიულ წყაროებში გვარი პირველად ფიქსირდება 1782 წლის დოკუმენტში, სადაც მოხსენიებულია, რომ ზარდალიშვილი სხვა აზნაურებთან ერთად მონაწილეობდა თავდასხმაში ბეჟან ამილახვარზე. ტექსტში ნათქვამია: „ასე რომ, თქვენი სისხლი დაგვედო ორთავე ჩვენა და ფურცელაძესა და ჩერქეზიშვილსა, ზარდალიშვილისა და მახატელსა, ჩვენ, რომელიც ოთხასის თუმანიდან შემოგვხვდა ის გადავიხადეთ“.

ეს ჩანაწერი მოწმობს, რომ ზარდალიშვილები მეთვრამეტე საუკუნეში იყვნენ ქართლში გავლენიანი აზნაურული ოჯახი, ჩართული იმ დროის პოლიტიკური და ქონებრივი დაპირისპირებების პროცესებში.

გვარის ფუძე, სავარაუდოდ, პირად სახელზე ზარდალი ან ტოპონიმურ ფორმაზეა დამყარებული.

ამჟამად საქართველოში მხოლოდ 51 ზარდალიშვილი ცხოვრობს.

თექთურმანიძე

თექთურმანიძეები ქართლის აზნაურული გვარია. მათი სახელი მეთექვსმეტე საუკუნიდან გვხვდება, როგორც ხევის ერთ-ერთი გამგებელი საგვარეულო. ვახუშტის ცნობით, თექთურმანიძეები ვანათის ციხის დამცველ აზნაურებად მოიხსენიებიან, თუმცა მალევე სიდამონიძეებმა, ოსებისა და ქსნის ერისთავების დახმარებით, მათ ძალაუფლება წაართვეს და არაგვის ერისთავებად აღზევდნენ. თექთურმანიძეები შემდეგ ამილახვრების აზნაურებად გვხვდებიან. მიუხედავად ძალაუფლების დაკარგვისა, გვარი ქართლის ფეოდალურ ისტორიაში ერთ-ერთ ძველ და ღირსეულ აზნაურულ სახლად დარჩა.

ამჟამად თექთურმანიძეების რაოდენობა შეადგენს 22 ადამიანს.

თუმანიშვილი

თუმანიშვილების გვარი მეთხუთმეტე საუკუნიდან ჩანს ქართულ ისტორიულ საბუთებში. ისინი მეფის კარზე მდივნებადაც მსახურობდნენ და ოთხი საუკუნის განმავლობაში (მეთხუთმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები) ამ თანამდებობას ინარჩუნებდნენ. გვარის სახელის ფუძე პიროვნული სახელი „თუმანია“. არსებობს გადმოცემები მათი ორბელებისა თუ მამიკონიანთა შთამომავლობის შესახებ, თუმცა სარწმუნო წყაროებით დადასტურებული არაა. როგორც ჩანს, თუმანიშვილები საქართველოში კილიკიიდან დამკვიდრდნენ, თუმცა მეთხუთმეტე საუკუნიდან სრულად გაქართულდნენ და განათლებითა და სამეფო სამსახურში აქტიურობით ნამდვილი ქართული აზნაურობის წარმომადგენლებად ჩამოყალიბდნენ. ამჟამად თუმანიშვილების რაოდენობა შეადგენს 434 ადამიანს.

თოიძე

თოიძე ძველი გურული გვარია, რომლის პირველი წერილობითი ცნობა მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებს მიეკუთვნება.

ხელნაწერ წყაროებში გვარი მოხსენიებულია როგორც იმ დროის ერთ-ერთი ცნობილი ოჯახი გურიის სამთავროში.

1881 წლის საბუთით, თოიძეები აღიარებულნი იქნენ შთამომავლობით აზნაურებად და შეყვანილია ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წიგნის პირველ ნაწილში.

ამჟამად საქართველოში 1 055 თოიძე ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი