როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 13:24
ებიტაშვილი-ეპიტაშვილი
გვარი ებიტაშვილი ეპონიმური გვარსახელია და გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი „ებიტა“. გვარის წარმოშობის ადგილია ხევი, სოფელი ცხავატი. იყვნენ სახელმწიფო, საეკლესიო და საბატონო გლეხები. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში მოხდა ებიტაშვილების მიგრაცია შიდა ქართლში, კახეთში. ისტორიულ წყაროებში პირველად ებიტაშვილები იხსენიება 1664 წელს. ებიტაშვილი გიორგი – მოწმე ნადირა გოგაცაძის მიერ პაპუა მაღალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა. 1688-1703 წლებში, ებიტაშვილი ზურაბ – დოეზში მცხოვრები, [ციციშვილების] გაყრისას იგი, თავისი ნასყიდი მამულით, ერგო პაპუნა ციციშვილს. ასევე 1688-1703 წლებში, ებიტაშვილი ფერეში მცხოვრები [ციციშვილების] გაყრის დროს მისი მამულით ერგო პაპუნა ციციშვილს. სოფელ მარტყოფში ებიტაშვილები იხსენიებიან 1801-1802 წლის კახეთის სოფლების აღწერაში. იყ-ვნენ სახაზინო გლეხები. ასევე იხსენიება, მღვდელი ებიტაშვილი ანტონი. ებიტაშვილების ერთი შტო იყვნენ სასულიერო პირები. მათ მღვდლიანთ ეძახდნენ. მეცხრამეტე საუკუნი 60-იან წლებში გვარმა ებიტაშვილმა მიიღი სახეცვლილება ეპიტაშვილად.
ამჟამად ებიტაშვილ-ეპიტაშვილები ცხოვრობენ: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და თბილისში. მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 945 ადამიანს.
ვახანია
ვახანია არცთუ მრავალრიცხოვანი მეგრული გვარია. გვარის წარმოშობის ადგილია სამეგრელო, სოფელ ბანძის თემში შემავალი სოფელი ლევახანი, რაც მეგრულად სავახანოს ნიშნავს. ლევახანე-სავახანო ეტიმოლოგიურად სავსებით გამჭირვალე ანთროპონობის შემცვლელი გვარსახელია. ვახანი-ვაჰანი ქართველურ ონომასტურში ძველთაგანვე დამკვიდრებული ირანული ანთროტოპონიმია და ნიშნავს კეთილს, კეთილის მოქმედს. ვახანიები იყვნენ სახაზინო, საეკლესიო და საბატონო გლეხები. პირველად ისტორიულ წყაროებში ეს გვარი მოხსენიებულია 1705 წელს. „კათოლიკოსმა გრიგოლ თქიფანიძემ 1705 წელს ბიჭვინთის ტაძარს შესწირა ჯიქთუბანს მცხოვრები ვაგენდია ვახანია და მისი შვილი ბაბულეი“. ვახანიები იმერეთშიც ცხოვრობდნენ. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში, 1839-1843 წელს აღსარების მთქმელთა სიებში ჩაწერილია საეკლესიო ყმა ვახანია.
ამჟამად ვახანიები ცხოვრობენ სამეგრელოში, იმერეთში და თბილისში. და მათი საერთო რაოდენობა 735 ადამიანს შეადგენს.
ვანიშვილი
გვარი ვანიშვილი ქართული წარმოშობისაა. ის ეპონიმური გვარსახელია, მომდინარეობს საკუთარი სახელიდან „ვანოდან“, მისი კნინობითი ფორმაა „ვანიკო“. გვარის წარმოშობის ადგილია შიდა ქართლი. იყვნენ სახელმწიფო და საბატონო გლეხები. პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია 1677 წელს შიდა ქართლში. ვანისშვილი სოფელ ხიდისთავში მცხოვრები, მოწმეა ბეროშვილის მიწის ნასყდობის წიგნისა. ასევე, 1810 წელს მოხსენიე- ბულია სოფელ მარტყოფში მცხოვრები სახაზინო გლეხი ვანიშვილი ივანე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლიდან ვანიშვილების ერთი ოჯახი გადადის საცხოვრებლად სოფელ მარტყოფში.
ამჟამად ვანიშვილები ცხოვრობენ, ძირითადად, ქართლში და მათი რაოდენომა შეადგენს 952 ადამიანს.
ზაალიშვილი
ფეოდალური საგვარეულო ქვემო ქართლში. ბარათაშვილების განშტოება და მათი შთამომავლები არიან. ამ გვარის მესვეური იყო ზურაბ ბარათაშვილის ძე ზაალი. ძირითადად, მეფის აზნაურები არიან. ზაალიშვილები მოიხსენებიან მეთვრამეტე საუკუნის შუახანებში ქაიხოსრო ზაალიშვილის მიერ პაპუნა წერეთლისადმი გაცემულ ყმის გირავნობის წიგნში. ამ საბუთიდან ირკვევა, რომ ზაალიშვილი ვალის გირაოდ აძლევს წერეთელს მზარეულიშვილ სეხსნიას, კაპანაძე კაციას, გოგიას ცოლ-შვილით, მამულითა და ალაგით ბეგარ-ყალანით. ზაალიშვილი არის, აგრეთვე, სოლოღაშვილთა შტოგვარიც. „1728 წ. გიორგობისთვის 9. ჰეჯუბაშვილი ხახუა ყიდულობს ტაბახმელას ზაალიშვილებისაგან მამულს.“ ზაალიშვილები მოდიან თავად სოლოღაშვილებისაგან და ნასყიდობის წიგნშიც ასე არიან შეტანილნი. ზაალიშვილები იყვნენ, როგორც აზნაურები, ისე ყმა გლეხებიც.
ამჟამად ზაალიშვილების რაოდენობა შეადგენს 1741 ადამიანს.
ზარდიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. სახასო აზნაურები. იყვნენ ქართლის სამეფო მოურავები, სამოურავო ჰქონდათ მაღრანდოვლეთში. 1769 წლის 3 ივნისს დათარიღებულ საბუთში ზარდიაშვილები დასახლებულები არიან დავითაშვილების აზნაურებად, რომლებიც ქსნის საერისთაოში ცხოვრობენ. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ამჟამად ზარდიაშვილების რაოდენობა შეადგენს-1 214 ადამიანს.
თამარაშვილი
გვარი თამარაშვილი ტრადიციული ქართული გვარების კატეგორიას მიეკუთვნება და წარმოშობით უკავშირდება ქალის სახელს – თამარს. ესე იგი, გვარი ეპონიმიური გვარსახელია. თამარაშვილის გვარის წარმოშობის ადგილია ზემო, შიდა, ქვემო ქართლი. იყვნენ სახაზინო, საეკლესიო და საბატონო გლეხები. ისტორიულ წყაროებში გვარი თამარაშვილი პირველად იხსენიება 1537 წელს. „თამარაშვილი – ბალახაურს მცხოვრები, მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს“. შემდგომში 1652 წელს: „თამარაშვილი გიორგი – მოწმე ბეჟიტა ბროლაძის მიერ რამაზ ზუმბულიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“. 1688 წელს: „თამარაშვილი თანდილა – წყნეთში მცხოვრები, ჰყავს განაყოფი შერმაზან. ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის შედეგად იგი თავისი განაყოფითა და მამულით ერგო პაპუნას“. 1689 წლს: „თამარაშვილი ბერი – მოწმე დათია ყუავიშვილის მიერ სახლთუხუცეს რევაზ [მაღალაძისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობი6ს წიგნისა“.
ამჟამად თამარაშილები ცხოვრობენ ქართლის სოფლებში და თბილისში. მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 579 ადამიანს.
თედიაშვილი
ბორჯომული წარმოშობის ძველი ქართული გვარია, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნიდან „თედიან-უბნის“ სახელით მოიხსენიება. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების პოლიტიკური გადახრების გამო დროებით შიდა ქართლში გადაასახლეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ ბორჯომში დაბრუნდნენ. დღეს თედიაშვილები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. გვარს ჰყავს არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო დონის მოჭიდავე ლევან თედიაშვილი.
ამჟამად საქართველოში 1 580 თედიაშვილი ცხოვრობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





