როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 29.10
გამრეკელ-თორელი
გამრეკელ-თორელები მესხეთის ძველი ფეოდალური საგვარეულოა, რომელსაც ვახუშტი „ძველთა მთავართა გვარს“ უწოდებს. მეთორმეტე საუკუნეში ფლობდნენ თმოგვის ციხეს. მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. თამარის მეფობისას გამრეკელ-თორელი ამირახორად დაინიშნა და შემდეგ ამირსპასალარიც გახდა, რაც საგვარეულოს გავლენის აღდგენად ითვლება. 1454 წელს მეფე გიორგიმ გორის მოურავობა გამრეკელ ჯავახიშვილს უბოძა. საგვარეულოდან წარმოშობილნი არიან ჯავახიშვილები და გამყრელიძეები. მოგვიანებით გამრეკელ-თორელები დაკნინდნენ და აზნაურებად იწოდებოდნენ.
ამჟამად საქართველოში 146 გამრეკელი ცხოვრობს
დავითაშვილები
დავითაშვილების აზნაურობას ამტკიცებს ერთ-ერთი წყალობის წიგნი, რომელიც არაგვის ერისთავმა მიართვა დავითაშვილებს „ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ ჩვენ, არაგვის ერისთავმან ბარძიმ თქვენ დავითაშვილს. ასე, რომ მიხვედით კარსა დარბაზისასა ჩვენისასა და თქვენი ბიძაშვილის ყმასა და მამულს გვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენის ბიძაშვილის, გოგიას მამული, ამ საქმით, როგორც ბატონის მამიჩემის დროში შენი მამული გქონია, იმ საქმით მოგეცეს და გიბედნიეროს ღმერთმან, ჩვენს ერთგულებასა და სამსახურსა შიგან“.
ამჟამად საქართველოში 3 590 დავითაშვილი ცხოვრობს
დედაბრიშვილი
გვარი დედაბრიშილი ქართული წარმოშობის გვარია, როგორც ქართული გვარების უმეტესობა, ის პიროვნების ან ოჯახის დედის ხაზზე არსებული წინაპრის სახელიდან ან მეტსახელიდან „დედაბერიდან“ არის წარმოშობილი. გვარის წარმოშობის ადგილია კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი. იყვნენ სახასო, საეკლესიო და საბატონო გლეხები. ასევე სასულიერო პირები. ეს გვარი ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება 1412 წელს. დედაბრიშვილი გიორგი – მოძღვარი, მღვიმის მონასტრის ყმა. ჰყავს შვილები, მღვდელი მახარებელი, ნაცვალა. ასევე 1412 წლის საბუთი: დედაბრიშვილი მარკოზი - იგი, შოთა ზევდგენიძემ გაათავისუფლა გადასახადებისაგან, დაუტოვა უდაბნოს სამსახური. დედაბრიშვილი გრიგოლ – 1509-1542 წლებში მღვდელი, მღვიმის კანდელაკი, ძმისწული მარკოზ დედაბრიშვილისა, იყიდა იოვანე ელიოზიშვილისგან მტკვრის პირას ნახევარი მიწა, მასვე ჰქონდა აღებული კანდელაკისეული მამული, რომელიც სხალტბასა და მღვიმეს მდებარეობდა, ასევე, 1578-1644-1688 წლებში კახეთსა და ქვემო ქართლში.
ამჟამად ისინი ცხოვრობენ კახეთში და თბილისში. მათი რაოდენობა 250 ადამიანს შეადგენს.
ეგნატაშვილი
აზნაურული გვარი ქართლში. მეთხუთმეტე საუკუნის დასასრულს, თემურ ლენგის შემოსევის დროს, ბაგრატ მეხუთის ამალში ირიცხებოდა აზნაური რუსი ეგნატაშვილი, რომელმაც მეფის დავალება შეასრულა და წერილი წაუღო ქუთაისში უფლისწულ გიორგის, რომელიც მომზადებული დახვდა მტერს და ქართველებმა შეძლეს მტრის მოგერიება.
საქართველოს ისტორიაში ცნობილია ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი.
ამჟამად საქართველოში 1 308 ეგნატაშვილი ცხოვრობს.
ელიოზიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ვახუშტი აღნიშნავს: „...ხოლო ზედგინიძე, სააკაძე, ელიოზიშვილი ამათგან გამთავრებულნი ესრეთ, რომელიმე ამაღლებულან და რომელნიმე დამდაბლებულან ჟამთა ცვლილებითა, ანუ გაყრითა ძმათა“.
ქვემო ქართლის მემამულეები. საკათალიკოსო აზნაურები და მოურავები. სვეტიცხოვლის მამულების მოურავები წეროვანსა და გოროვანში.
1700 წელს მოხსენიებულია ოქრუა გელიაშვილი – ელიოზიშვილების გლეხი მეტეხიდან.
1714 წლის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია ზაალ ელიოზიშვილი.
1797 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში მოხსენიებულია ელიოზიშვილი ნინია – აზნაური.
ნიკოლოზ ელიოზიშვილი, ნაზირი კათალიკოს ანტონ მეორისა, გარდაიცვალა 1857 წელს ღრმად მოხუცებული.
ამჟამად საქართველოში 144 ელიოზიშვილი ცხოვრობს.
ვახვახიშვილები
ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ძლიერი თავადური გვარი. კახეთში ფლობდნენ სხვადასხვა სახელოს. იყვნენ კალაურის მოურავები, კახეთის ბაზიერთუხუცესები.
„მამა გრიგოლი ვახვახიშვილი, ძე ბაზიერთ უხუცესისა და მონაზონი დოდარქელის მონასტრისა“. მეჩვიდმეტე საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე.
ამჟამად საქართველოში 69 ვახვახიშვილი ცხოვრობს.
ზალდასტანიშვილები
აზნაურული გვარი ქართლსა და კახეთში. ზალდასტანიშვილი პატარკაცი – ასისთავი ზაური. 1805 წელს მას დაბრალდა ალექსანდრე ბატონიშვილისგან სპარსეთიდან გამოგზავნილი წერილების მიღება. ამ წერილებით ალექსანდრე ბატონიშვილი ქართველ თავადაზნაურობას მოუწოდებდა აჯანყებისაკენ. ამ „დანაშაულისათვის“ ზალდასტანიშვილს, ციციანოვის წარდგინებით, ჩამოართვეს აზნაურის ღირსება და სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში.
ამჟამად საქართველოში 142 ზალდასტანიშვილი ცხოვრობს.
კაშია
სამეგრელოს რეგიონში გავრცელებულია მრავალი სახელწოდება, რომლებიც ფუძით ახლოსაა კაშიას გვართან: კოჩა, კოჩია, კოჩილე, კოჩილუა, კოჩიორე, კოჩილა, უჩაკოჩი და სხვა. მკვლევართა აზრით, სახელის ეტიმოლოგია შესაძლოა, უკავშირდებოდეს სიტყვა „კაჟს“ – სიმტკიცის, სიძლიერისა და ქვის სიმბოლოს.
შესაბამისად, როგორც კაჟია, ისე კაშია შეიძლება ნიშნავდეს „მტკიცე, შეუპოვარ ადამიანს“, რაც სრულ თანხვედრაშია ამ გვარის ისტორიულ და ზნეობრივ სახესთან – „სიძლიერე, რწმენა და ღირსება – კაშიების ფარი“.
ძველი წყაროების მიხედვით, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში (დაახლოებით, 1601–1627 წლებში.) იხსენიება „კაჟია/კაშია მესტიაში“, რაც მიუთითებს ამ გვართა უძველეს დასახლებაზე დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში.
გვარის წარმომადგენლები მოგვიანებით მკვიდრდებიან იმერეთის სოფლებში - ზედა და ქვედა ბაშში (სამტრედიის ოლქი), სადაც ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც სახელმწიფო და საბატონო გლეხები.
მეცხრამეტკე საუკუნიდან მოყოლებული კაშიების გვარი განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო წრეებში. მრავალი კაშია მსახურობდა სხვადასხვა ტაძარში მღვდლად, მედავითნედ და სამღვდელო მსახურად.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კაშიების გვარის რამდენიმე წარმომადგენელი იყო „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი.
მეოცე საუკუნის ბოლოსთვის საქართველოში კაშიების გვარის 876 ოჯახი იყო აღრიცხული.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




