როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 17:00 03.11
გოგილაშვილი
გვარი გოგილაშვილი ეპონიმიური გვარსახელია და გვარს ფუძედ უდევს გვარში დამწყები მამაკაცის საკუთარი სახელი „გოგილა“. გვარის წარმოშობის ადგილებია: კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი. ყველა ამ კუთხეში გვარი გოგილაშვილი წარმოიშვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. იყვნენ სახელმწიფო და საბატონო გლეხები. სოფელ მარტყოფში იყვნენ სახასო გლეხები, ასევე სამეფო და საეკლესიო აზნაურები. საქართველოს ისტორიულ წყაროებში იხსენიებიან 1619 წელს. გოგილაშვილი ზაალ – ხოდაშენში მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება სვეტიცხოვლის საკომლო ნუსხაში. 1663 წელს გოგილაშვილი მოწმე ნიკოლოზ სუნიძის მიერ მანუჩარ გაბიდაძისთვის მიცემული წყლისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა. ასევე, მოხსენიებულია 1692 წელსა და 1721 წელს. სოფელ მარტყოფში გვარი გოგილაშვილი ფიქსირდება 1575 წელს და 1801-1802 წლებში. 1830 წლის შემდეგ ამავე სოფელში ეს გვარი აღარ ფიქსირდება. ამჟამად საქართველოში გოგილაშვილები ცხოვრობენ, კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში.
საქართველოში გოგილაშვილების საერთო რაოდენობა დღეს 1 481 ადამიანს შეადგენს.
დეკანოიძე
დეკანოიძე ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან - დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური. გვარის წარმოშობის ადგილია დასავლეთ საქართველო – იმერეთი. იყვნენ სასულიერო პირები, საეკლესიო და საბატონო გლეხები. პირველი ცნობა ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში იხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში. დეკანოიძე გიორგი – გლეხი. [ჩხარის] ციხის მეციხოვნემ, ლომილაძემ მას წაართვა ძროხის ნახევარი, ნადირა ბლიაძემ – ცხრა ხარი, ძროხა და ჩხარის ციხეს წაასხა, აქედან ექვსი უკან დაუბრუნა. ისევ მეჩვიდმეტე საუკუნეში დეკანოიძე გოგოჩა – გლეხი, [ჩხარის] მეციხოვნეებმა მახატელამ და მარცვალაშვილმა მას წაართვეს ერთი თხა.
ამჟამად დეკანოიძეები ცხოვრობენ იმერეთში და თბილისში და მათი საერთო რაოდენობა 1 673 ადამიანს შეადგენს.
ელიაშვილები
ამ გვარის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ექვითმე ელიაშვილი – ეპისკოპოსი გორისა (1903–1905 წლები), ივანე ელიაშვილი – მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, სწავლობდა ოდესისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში, მეგობრობდა აკაკი წერეთელთან და ივანე მაჩაბელთან.
ამჟამად საქართველოში 1 261 ელიაშვილი ცხოვრობს.
ვაჩნაძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები. კუჭავანისა და ორთავე გავაზის მოურავები.
პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისაში“ მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. „ესენი ძველად იყვნენ სომეხთავე მეფეთა დროსანი, არტავაზის შვილებად მოხსენიებულნი მამიკუნიანთა გვართა, რომელნიცა პირველ იყვნენ მოსრულნი კიტაიის მხრიდგან ვანსა შინა და სპასპეტნიცა სომეხთა მხედრობისა წელსა ქრისტეს აქეთ 286-სა, ხოლო შემდგომად ამისა გარდმოვიდა კახეთსა შინა ამა ვაჩას შთამომავალი ვარდან მამიკუნიანი და დაეშენა ხარანბუჯს შინა“.
ასლან ვაჩნაძე იყო 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ვაჩნაძეთა საგვარეულოს ინანიშვილთა შტოდან, კახთა მეფის მდივანი.
ვაჩნაძეები იყვნენ კარდენახის მემამულეები.
1615 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო თამაზ ვაჩნაძე.
ამჟამად საქართველოში 355 ვაჩნაძე ცხოვრობს.
ველიაძე
ველიაძე – ძველი აჭარული გვარი.
სახელი მომდინარეობს სიტყვა „ველი“-დან („მინდორი“) და ნიშნავს „ველის შვილს“.
ველიაძეები მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებიდან სახლობდნენ შუახევში, ხულოსა და ქედაში. ოსმალობის პერიოდში ქართულ იდენტობას ინარჩუნებდნენ, შემდეგ კი, რუსეთის იმპერიის დროს მეტრიკებში გლეხებად იწერებიან.
საბჭოთა ხანაში იყვნენ მასწავლებლები, მუშაკები და სპეციალისტები. დღეს ველიაძეები ცხოვრობენ აჭარაში, საქართველოს სხვა კუთხეებსა და უცხოეთში.
ამჟამად საქართველოში 347 ველიაძე ცხოვრობს.
ზედგინიძე
ფესვებით მესხეთიდან მომდინარე ფეოდალური გვარია, რომელსაც მეთორმეტე საუკუნიდან იცნობენ. მათი სახელის ფუძე არის „ზედგინება“ – „დასტური, დამტკიცება“. მეთხუთმეტე საუკუნეში იოთამ ზედგინიძის გმირულმა თავგანწირვამ მეფე გიორგი მერვე გადაარჩინა, რის შედეგადაც მისი შთამომავლობა ამილახვრების სახელოვან საგვარეულოდ იქცა. საუკუნეების განმავლობაში ზედგენიძეები და ამილახვრები სამეფო კარზე მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდნენ. დღეს გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ასევე ემიგრაციაშიც.
ამჟამად საქართველოში 1 407 ზედგინიძე ცხოვრობს.
თამზარაშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. სოლომონ მეორემ ბეჟანიკა წულუკიძეს ჩამოართვა „ზემო მხარეშიდ ადგილ-მამული, სახლ-კარი, გლეხები“ და 1809 წელს თავის ერთგულ აზნაურ ქაქიჩ თამზარაშვილს უბოძა.
ამჟამად საქართველოში თამზარაშვილების რაოდენობა ძალზედ მცირეა.
თარხნიშვილები
სათავადო სახლი ქართლის სამეფოში. დამაარსებელია გიორგი სააკაძის შვილი იორამი, რომელსაც როსტომ მეფემ მეჩვიდმეტე საუკუნის 30-იან წლებში სააკაძეთა საგვარეულო სამფლობელო აღუდგინა. სხვა მამულებიც უბოძა და თარხნობა დაუმკვიდრა. ამის შემდეგ იორამის ჩამომავლებს თარხნიშვილები ეწოდათ. ისტორიულ საბუთებში ისინი ზოგჯერ მოურავიშვილებად და თარხან-მოურავებად იხსენიებიან. აზნაურ სააკაძეთა გვარის ამგვარი შეცვლა მათ გათავადებას ნიშნავს. თარხნიშვილების სათავადო მოიცავდა თეძმის ახალქალაქსა და დიმის მიდამოებს.
ამჟამად საქართველოში 553 თარხნიშვილი ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




