როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ასლამაზიშილი
ასლამაზიშვილი – ეპონიმური გვარსახელია. გვარის ფუძეა სახელი ასლამაზა. ასლამაზიშილები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობენ. მათ საერთო ძირი არა აქვთ. იყვნენ სახაზინო, საეკლესიო და საბატონო გლეხები, ხოლო ქვემო ქართლში იყვნენ ბარათაშვილების აზნაურები. პირველად გვარი ასლამაზიშვილი ისტორიულ წყაროებში გვხვდება 1615 წელს ქვემო ქართლში. 1633 წელს შიდა ქართლში, გორში, იყვნენ ამილახვრების გლეხები. ასევე, 1633 წელს კახეთში იყვნენ ვაჩნაძეების, რუსიშვილების, მაყაშვილების, აზნაურ ბახუტაშვილების და აზნაურ პეტრიაშვილების გლეხები. 1649-1651 წლებში ბოლნისში – გოსტაბაშვილების აზნაურები. 1629-1634 წლებში – სოფელ ერწოში. ასევე, 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში – ფალავანხოსრო ბარათაშვილის აზნაურები. ამჟამად ასლამაზიშვილები ცხოვრობენ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, დუშეთში, სტეფანწმინდაში და სხვაგან.
საქართველოში 429 ასლამაზიშვილი ცხოვრობს.
ახალკაციშვილი
ახალკაციშვილის გვარის ფუძეა, სახელი ახალკაცი. ესე იგი, იმ კონკრეტულ სოფელში, ქალაქსა თუ კუთხეში ახალმოსულია და დაფუძნებულია. ეს გვარი საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული. გადმოცემის მიხედვით, ყმა ბატონს გამოქცევია და სხვა სოფელში შეხიზნულა. იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა და ახალკაცს უწოდებდა თავს. სწორედ აქედან მოდის გვარი ახალკაციშვილი. ამგვარი ძირისაა გვარი – ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი. გვარი ახალკაციშვილი საზიაროა, ის ებრაულ გვარებშიც ფიქსირდება. ისტორიულ წყაროებში გვარი ახალკაციშვილი პირველად იხსენიება 1450 წელს ქვემო ქართლში სოფელ საბუზარში. იყვნენ ბარათაშვილების გლეხები. ასევე, 1696-1700 წლებში – საბატონო გლეხები და ასე შემდეგ. ამჟამად ახალკაციშვილების გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.
ამ გვარის ადამიანთა რაოდენობა შეადგენს 531 ადამიანს.
ბადრიაშვილი
გვარი ბადრიაშილი ეპონიმური გვარსახელია. გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი – ბადრი. სახელი ბადრი არაბულიდან მოდის და ნიშნავს „სავსეს“. ამ სახელიდან მოდის შემდეგი გვარები: ბადრიაშვილი, ბადრიშვილი, ბადრიძე და სხვა. გვარის წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ, კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი. შიდა ქართლში იყვნენ აზნაურები (სოფელი ავლევი), ხოლო სხვაგან – გლეხები. ამ გვარის შესახებ პირველი ისტორიული საბუთი 1477 წლით არის დათარიღებული. ამ დოკუმენტის მიხედვით, ნიკოლოზ პალატისშვილმა გოგიტა არდამერასშვილს მიჰყიდა ვენახი, რომლის ერთ-ერთი მოსაზღვრე გრიგოლა ბადრიასშვილი ყოფილა. თავად გრიგოლა ამავე ნასყიდობის მოწმე ყოფილა. მეორე საბუთი თარიღდება 1640 წლით: ბადრიაშვილი ქრისტოფორე - ქართლის კათოლიკოსმა დავით გედევანიშვილს უბოძა ძეგვს ქარციძის ოთხი კომლიდან ორი კომლი ბადრიაშვილი და ოქრუა მამულებით. ასევე, 1640 წელს ბადრიაშვილი სუხიტა, თავის სახლიკაცთან ერთად, ქრისტოფორე კათოლიკოსმა უბოძა თამაზ და დავით ქარციძეებს. 1663 წელს შედგენილი კიდევ ერთი საბუთის მიხედვით, რომ ბადრიაშვილისგან წისქვილთან ნაყიდი მიწა აზნაურმა გედევანიშვილმა მიჰყიდა სეხნია ჯანაშვილს. ამჟამად ბადრიაშვილები ცხოვრობენ კახეთსა და ქართლში.
ბადრიაშვილების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 ადამიანს.
ბარამიძე
ბარამიძეთა გვარი ისტორიულ წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნიდან ჩანს. 1558 წელს ქუთაისის საყდრის დავთარშია მოხსენიებული. მეჩვიდმეტე საუკუნეში კი ქართლშიც გვხვდება. გვარის ფუძეა პიროვნული სახელი ბარამი. გადმოცემით, ბარამი მესხეთიდან გურიაში დასახლდა, მისი ძმა ქავთარი კი იმერეთში – ქავთარაძეების ფუძემდებლად. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ბარამიძეები სამეფო და სამთავრო ლაშქრებში მსახურობდნენ. მეცხრამეტე საუკუნიდან გვარი ფართოდ გავრცელდა საქართველოში.
დღეს ბარამიძეთა რაოდენობა 5 ათასამდეა. ყველაზე მეტი მათგანი თბილისში ცხოვრობს (1 026 კაცი – 2011 წლის მონაცემით). გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ თითქმის ყველა რეგიონში.
გადაბაძე
გადაბაძე ქართული გვარია. მისი წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ძველი ქართული სახელის ან ტოპონიმისაგან. გვარის წარმოშობის ადგილია დასავლეთ საქართველო – გურია, იმერეთი და რაჭა. იყვნენ სახასო და საბატონო გლეხები. საისტორიო საბუთებში გვარი გადაბაძე პირველად მოხსენიებულია 1545 წელს. ბაგრატ მეფემ მანდიკორს მცხოვრები გადაბაძის შეწირულება განუახლა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას. შემდგომში, 1660 წელს, გადაბაძე მამუკა, ოკრიბას მცხოვრები, დედოფალმა ნესტან დარეჯანმა – ალექსანდრე მეფის სულის მოსახსენიებლად. ასევე, 1664 წელს, გადაბაძე მისი გაპარტახებული მამული ნოღას შეუწირავს გელათის ხახულის ღმრთისმშობლისთვის. ამჟამად გადაბაძეები ცხოვრობენ გურიაში, იმერეთში, რაჭაში და თბილისში.
ამჟამად გადაბაძეების საერთო რაოდენობა შეადგენს 894 ადამიანს.
გურეშიძე
გურეშიძეები წარმოშობით იმერული ძველი საგვარეულოა. გვარი მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ჩნდება წერილობით წყაროებში. ცნობებით (1760-იანი წლები), მათი წინაპრები სათავადო და საეკლესიო გლეხები იყვნენ. მეცხრამეტე საუკუნეში გურეშიძეთა ნაწილი აჭარაში დასახლდა. იმ დროისთვის ისინი, ძირითადად, გლეხები იყვნენ. იმერეთში გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა სტატუსით ფიქსირდებიან: საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო გლეხებად. იყვნენ ვაჭრებიც. მეოცე საუკუნის დასაწყისში გურეშიძეები ფართოდ გავრცელდნენ ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და თბილისში. მათი საქმიანობა მოიცავდა პედაგოგიკას, სამოქალაქო სამსახურსა და სოფლის მეურნეობას.
დღეს საქართველოში, დაახლოებით, 2 000-ზე მეტი გურეშიძე ცხოვრობს. ძირითადი არეალი კვლავ გურიაა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისშია გადასული.
დიდმანიძე
დიდმანიძეები ერთ-ერთი ძველი ქართული გვარია, რომლის ძირითადი წარმოშობა გურიასა და აჭარას უკავშირდება, შემდგომში გავრცელდნენ იმერეთსა და სამეგრელოშიც. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიებიან 1552 წელს. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში დიდმანიძეები სხვადასხვა სოციალურ ფენაში გვხვდებიან – საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო გლეხებად. ისინი დასაქმებულნი იყვნენ მიწათმოქმედებაში, ხელოსნობასა და ადგილობრივ თემურ საქმიანობაში.
დღეს საქართველოში, დაახლოებით, 524 დიდმანიძე ცხოვრობს. მათგან ყველაზე მეტი თბილისშია (190), ასევე ბათუმში (179), ოზურგეთსა (31) და ქობულეთში (17).
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან