როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 18:15 14.10

არაგვის ერისთავი
არაგვის ერისთავთა პირველი ცნობა 1398 წლის მცხეთის გუჯარშია, სადაც მოწმედ იხსენიება „ერისთავი შაბურისძე მიქაი“. მეთხუთმეტე საუკუნის სიგელებით დადასტურებულია, რომ საერისთავოს სათავეში შაბურიძეები იდგნენ (1465, 1474). მეთექვსმეტე საუკუნიდან მათი ადგილი სიდამონიძეებმა დაიკავეს, რომლებმაც ქსნის ერისთავებთან ერთად, ერთიან საერისთავოდ აქციეს ქსნისა და არაგვის სამფლობელოები. მეჩვიდმეტე საუკუნეში არაგვის ერისთავები მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. რუსი ელჩები წერენ, რომ ერისთავი ნუგზარი კახეთის მეფის ყმად ითვლებოდა, მაგრამ დამოუკიდებლად მოქმედებდა და მეზობელ ჩერქეზებთან ომსაც აწარმოებდა. 1688 წელს არაგვის ერისთავი ერეკლე პირველის კარზე მსაჯულთუხუცესად ჩანს. მეფე ერეკლე მეორის დროს, მეთვრამეტე საუკუნის 60-იან წლებში, მათი ძალაუფლება შეწყდა: საერისთავო მეფის სახასო მამულად გამოცხადდა. არაგვის ერისთავებთან დაკავშირებული აზნაურები იყვნენ: კობიაშვილები, ჭილაშვილები, შაბურიშვილები, ტერიშვილები, ზანდუკელები, ჩქარეულები, ქუმსიაშვილები, ჩოფიკაშვილები, ნადირაძეები, ღუდუშაურები, ყარანგოზიშვილები, ჩრდილელები.
ძალიან ცოტანი არიან, ნალევი გვარია.
ასათიანი
აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073 და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.
ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავათ, კერძოდ, ისინი იყვნენ სამეფო მოურავები. ასათიანებს მამულები ჰქონდათ ლეჩხუმსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხეში. დავით დადიანის დროს ოქროპირ ასათიანი იყო უზენაესი სასამართლოს მდივანი.
1736 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნი მისცა ალექსანდრე მეფემ ხახუტა ასათიანს: „...ჩვენის გულისთვის ბევრი საქმე გემართათ, მერმე დაგვიაჯენით და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ პატრიქეთს... სასახლე თუ გლეხები მათის ცოლ-შვილით, სახლ-კარით, პურმარილით, ტყით, ველით, ვენახით, სასაფლაოს ეკლესიათა, საძებრითა და უძებრით, გვიბოძებია. გიბედნიეროს ღმერთმან, თუ თქვენ ჩვენი ერთგული იყო, ჩვენ ეს ჩვენი წყალობა არასოდეს არ მოგიშალოთ.“
1736–1737 წლებში ოტია დადიანმა ხახუტა ასათიანს უბოძა ყმა–მამული ცხუკუშვერში.
საქართველოში 3 716 ასათიანი ცხოვრობს.
ბედიანაშვილი
გვარი წარმოადგენს ეპონიმურ გვარსახელს, რომელსაც ფუძედ უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი „ბედიანა“. გვარის წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ საქართველო: კახეთი, ზემო, შიდა და ქვემო ქართლი. ეს გვარი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოიშვა. იყვნენ სახაზინო, საეკლესიო, საბატონო გლეხები, ასევე, აზნაურებიც. ქართულ საისტორიო საბუთებში ბედიანაშვილთა გვარი პირველად იხსენიება მეთექვსმეტე საუკუნეში 1523 წლის ბარათაშვილების გაყრის წიგნში. 1673-1679 წლებში თავადის დურმიშხან ფალავანხოსროს შვილის, ბარათაშვილის მიერ დაწერილ რამდენიმე საბუთში მოწმედ იხსენიება მისივე ყმა ადუა ბედიანაშვილი. 1690-1691 წლებში მეფე გიორგი მეთერთმეტემ თავის დას, თამარ ბატონიშვილს, გივი ამილახვრის მეუღლეს, უბოძა, სოფელ ფხვენისში მცხოვრები აზნაურები: იაღლუზაშვილი, ბედიანაშვილი და ცალქალამანიძე, თავიანთი ყმებითა და მამულით. 1882 წელს ქვემო ქართლის სოფლებში – კოდასა და ბორბალოში, იხსენიებიან გლეხი ბედიანაშვილები. ამჟამად საქართველოში ბედიანაშვილები ცხოვრობენ ქართლში, კახეთში და თბილისში.
ბედიანაშვილების საერთო რაოდენობა დღეს შეადგენს 500 ადამიანს.
გოცირიძე
გოცირიძეები ერთ-ერთი უძველესი რაჭული აზნაურული საგვარეულოა. გადმოცემით, მათი წინაპრები მეექვსე საუკუნეში ბერძნებიდან გადმოსულან საქართველოში და აქ აზნაურებად დამკვიდრებულან. გვარი როგორც ტახტის, ისე სათავადო აზნაურებში გვხვდებოდა და განსაკუთრებით წულუკიძეების კარზე ფლობდნენ საპატიო თანამდებობებს. მეთვრამეტე საუკუნეში ბეჟანიკა გოცირიძე იმერეთის მოურავი იყო. ცნობილია მათი მონაწილეობა ჩიხორის ბრძოლაში, აგრეთვე, რაჭის ერისთავისა და საწერეთლოს აზნაურობაში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ფილიპე გოცირიძე საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის კარზე მსახურობდა. ხალხში განსაკუთრებით განთქმული იყო დათუნა გოცირიძე, რომლის გმირული და დრამატული ისტორია ბიძაშვილ ივანე კვიტაშვილთან მეგობრობაზე და შემდეგ მტრობაზე ქართულ ლიტერატურაშიც აისახა. დღეს გოცირიძეების გვარი გავრცელებულია როგორც რაჭაში, ისე სხვა კუთხეებში და რჩება ერთ-ერთ ღირსეულ ქართულ საგვარეულოდ.
სულ საქართველოში 2 460 გოცირიძე ცხოვრობს.
დიასამიძე
ფეოდალური საგვარეულო სამცხე-საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოები ჰქონდათ ჩრდილო-აღმოსავლეთ სამცხეში. მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში, შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. მეთხუთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში, 1548 წელს, დიასამიძეებისა და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით, ლუარსაბ პირველმა დაიპყრო ჯავახეთი და მდინარე მტკვრის აღმოსავლეთი მხარე. საპასუხოდ ირანის შაჰმა თამაზ პირველმა 1553 წელს დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 1576-1578 წლებში დიასამიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1578 წელს, ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დიასამიძეების სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი. მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დიასამიძეების გვარიდან იყვნენ ქართლის კათოლიკოსები, მცხეთის ბოქაულთუხუცესები, ჯვრის მონასტრის წინამძღვრები და სხვა, კახეთში – ბოდბელები. მეჩვიდმეტე საუკუნის 30–იან წლებში დიასამიძეებმა მონაწილეობა მიიღეს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.
სულ საქართველოში ცხოვრობს 8 017 დიასამიძე.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან