როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 12:57 04.10

აბაშიძე
ფეოდალური საგვარეულო ქართლში, კახეთსა და განსაკუთრებით იმერეთში. მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილნი, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში კი ერთ-ერთი უძლიერესი თავადური სახლი იყო. მათ ხელში მოექცა 70-ზე მეტი სოფელი, ციხესიმაგრეები და მონასტრები, ხშირად წყვეტდნენ იმერეთის ტახტის ბედს. გიორგი-მალაქია აბაშიძე 1701-1707 წლებში, ფაქტობრივად, მართავდა იმერეთს; მისი ძმა ლევანი და შთამომავლები კი მონაწილეობდნენ სამეფო დინასტიურ ბრძოლებში. აბაშიძეები მეთვრამეტე საუკუნიდან ქართლსა და კახეთშიც დამკვიდრდნენ, ნაწილი კი ბათუმის მხარეში გამაჰმადიანდა და ოსმალეთში სანჯაყბეგობაც მიიღეს. გვარის გამოჩენილ წარმომადგენლებს შორის იყვნენ ვახუშტი აბაშიძე (ვახტანგ მეექვსის მომხრე), იოვანე აბაშიძე (ერეკლე მეორის ქეშიკბაში) და სხვა. სულ საქართველოში 8 622 აბაშიძე ცხოვრობს.
აგიაშვილი
ფეოდალური სათავადო იმერეთში. მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ იმერეთის სამეფო კარზე. მეთვრამეტე საუკუნეში, სოლომონ მეორის დროს, იმერეთის სამეფოს სამხედრო ძალას სამი სარდალი ხელმძღვანელობდა — წერეთელი, წულუკიძე და აგიაშვილი.
თავადი აგიაშვილი ოკრიბის მხარის სარდალი და ციხისთავი იყო. ის რამდენიმე ციხესიმაგრეს მართავდა. საგვარეულოს სამხედრო დროშა თეთრი და ჩალისფერი ქსოვილისგან იყო შესრულებული, რომელზეც გამოსახული იყო ჯვარი, მზე და მთვარე. დროშა აბრეშუმის ზონარით იყო დამაგრებული ხის ტარზე. განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო ქაიხოსრო აგიაშვილი, რომელიც 1784 წელს ხელს აწერს პავლე პოტიომკინისადმი გაგზავნილ წერილს, სადაც თავადები ხსნიან დავით გიორგის ძის გამეფების მიზეზებს. აგიაშვილები მეფის სამსახურში ერთგულებითა და სიმტკიცით გამოირჩეოდნენ. სულ საქართველოში 121 აგიაშვილი ცხოვრობს.
ბალხამიშვილი
ბალხამიშვილთა გვარი მეთორმეტე საუკუნიდან მოიხსენიება. ფესვები უკავშირდება სახელგანთქმულ მებრძოლ ბალხამს და ქავთარაძეთა ოჯახს. უძველესი დროიდან სახლობდნენ ავჭალასა და ბალაანში, ფლობდნენ მიწებს, წისქვილს, სკოლაც კი ჰქონდათ გახსნილი საკუთარ სახლში. ტრადიციულად, გვარში მრავლად იყვნენ სასულიერო პირები და ოსტატები, ხოლო ახალ დროში – სამხედრო ავიაციის სამი თაობის წარმომადგენლები. განსაკუთრებით გამოირჩევა 2008 წლის ომის გმირი კაპიტანი ალბერტ ბალხამიშვილი.
სულ საქართველოში 626 ბალხამიშვილი ცხოვრობს.
ბრეგვაძე
ბრეგვაძეები ერთ-ერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი ქართული გვარია. გვარის ფუძე – „ბრეგვა“, ნიშნავს ძლიერ დარტყმას ან გასროლას. მეთექვსმეტე საუკუნიდან ისინი ცხოვრობენ ჭიათურასა და რაჭაში, მოგვიანებით კი ქართლსა და კახეთშიც დასახლდნენ. ისტორიულ საბუთებში მოხსენიებულია მღვდელი გიორგი ბრეგვაძე და სხვა ოჯახები. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ბრეგვაძეები სამეფო და საეკლესიო გლეხებად გვხვდებიან. ხრესილის ბრძოლაში (1757) ერთ-ერთი მათგანი გმირულად დაიღუპა და სოლომონ მეფემ საგვარეულოს აზნაურობა უბოძა. ბრეგვაძეთა ნაწილი არჩილ მეორესთან ერთად რუსეთში გადავიდა. ბრეგვაძეები მონაწილეობდნენ ყველა დიდ ომში, მათ შორის პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, სადაც ასობით მათგანი დაეცა.
დღეს საქართველოში 4 200-ზე მეტი ბრეგვაძე ცხოვრობს.
გარსევანიშვილი
ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ მეექვსის კულტურულ-მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ-მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები იყვნენ ვახტანგ მეექვსის შვილების – ვახუშტის, ბაქარისა და გიორგის აღმზრდელები. იესე იყო სამეფო კარისა და ოქონის კარის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი. 1724 წელს გარსევანიშვილები, ვახტანგ მეექვსესთან ერთად, რუსეთში გადასახლდნენ და იქ მათმა შთამომავლობამ მიიღო გარსევანოვების გვარი. განსაკუთრებული დამსახურებისათვის რუსეთის მთავრობამ მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში.
ამჟამად საქართველოში 505 გარსევანიშვილი ცხოვრობს, აქედან თბილისში – 272, გურჯაანში – 55, გარდაბანში – 35. არიან სხვაგანაც.
გოგსაძე–გოქსაძე
გოგსაძე–გოქსაძე ერთიანი გვარია, რომლის სახელის ფორმები („გოგსაძე“ და „გოქსაძე“) რუსული მმართველობის დროს ასოთა ცვლილებით ჩამოყალიბდა. ზოგი მკვლევარი გვარს ვახტანგ გორგასალს უკავშირებს, სხვები კი იმერეთის სოფელ გოგნს, სადაც მათი წინაპრები მსახურობდნენ. მეთვრამეტე საუკუნეში დაფუძნდა ორი შტო: იმერეთში (რცხილათი, ფუძემდებელი ზაუტა გოგსაძე) და რაჭაში (ხონჭიორი, ფუძემდებელი ბერი გოქსაძე). მეცხრამეტე საუკუნეში ისინი მჭიდროდ ინარჩუნებდნენ ნათესაურ კავშირებს. ცნობილია რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელი: სიმონ გოგსაძე (1850–1957), რომლის ბიოგრაფიაც გვარის ისტორიას ამდიდრებს და სეითი გოქსაძე, საქართველოს სამხედრო გზის მთავარი ინჟინერი. გოგსაძე-გოქსაძეები გავრცელდნენ რაჭაში, იმერეთში, კახეთსა და აფხაზეთში. სულ საქართველოში ცხოვრობს 2 027 გოგსაძე.
დადიშქელიანი
დადიშქელიანები სვანეთის ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულოა, რომელიც მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებიდან იხსენიება. მეთვრამეტე საუკუნეში მათ მეტოქე რიჩგვიანები დაამარცხეს და ზემო სვანეთის დასავლეთ მხარეში პატარა სამთავრო შექმნეს. სამთავროს ფაქტობრივ ფუძემდებლად მიიჩნევა ბაბა-ციოყი (1812). მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში შიდა დაპირისპირების გამო სამთავრო ორ ნაწილად გაიყო. 1833 წელს დადიშქელიანებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს, თუმცა დიდხანს ინარჩუნებდნენ ფაქტობრივ დამოუკიდებლობას. ცნობილი წარმომადგენელია ციოყი (მიხეილ), რომელიც 1841 წელს ჩრდილო კავკასიაში ბრძოლის დროს დაიღუპა. მოგვიანებით საგვარეულოს შიდა ბრძოლებმა სამეფო ხელისუფლების ჩარევა გამოიწვია. 1857 წელს რუსეთის მთავრობამ დადიშქელიანთა სამთავრო საბოლოოდ გააუქმა: ნაწილი გადასახლდა შორეულ გუბერნიებში, სხვები კი რიგით მემამულეებად გამოცხადდნენ. დღეს დადიშქელიანი სვანეთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ისტორიულ გვარად მიიჩნევა. სულ საქართველოში 88 დადეშქელიანი ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან