როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 14:46 22.09

აფაქიძე
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში – „არფახან იყო თათრის ჩინგის ყეენის დროსა და ამან მიიღო სარწმუნოება ქრისტიანეთა და დაშთა აბხაზეთს და უწოდეს ძეთა მისთა აბაქიძეთ და მერე დაეშვნენ ოდიშში დროსა მეფისასა და მიღებულ იყვნენ თავადად და მუნიდგან იწოდებიან გვარნი მათნი აფაქიძეებად“.
აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან მეთოთხმეტე საუკუნიდან. ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ. დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.
დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით დადიანის პირადი ვექილი.
ვახუშტის „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ მოიხსენიება აფაქიძეთა გვარი, როგორც ოდიშის თავადნი.
საქართველოში 1 337 აფაქიძე ცხოვრობს. აქედან თბილისში – 300, ხელვაჩაურში – 249, ზუგდიდში – 148. არიან სხვაგანაც.
ახმეტელაშვილი
გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი (ახმეტელი) დაიბადა სოფელ ანაგში, თავდაპირველად განათლება სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. სამხედრო სამსახური დაიწყო 1887 წლის 17 დეკემბერს. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი, შემდეგ მსახურობდა თურქესტანის მეოთხე ბატალიონში. პოდპორუჩიკი (14.08.1895), პორუჩიკი (14.08.1899), შტაბს–კაპიტანი (14.08.1903). 1904–1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომის მონაწილე.
ამჟამად საქართველოში 77 ახმეტელაშვილი ცხოვრობს, აქედან თბილისში – 32, სიღნაღში – 17, ლაგოდეხში – 10. არიან სხვაგანაც.
ბერიძე
ფეოდალური საგვარეულო გურიაში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად. ბერიძეები იყვნენ აგრეთვე აზნაურები. ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია ბერიძეთა სახლის დამცრობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა მეჩვიდმეტე საუკუნიდან. 1664 წლამდე მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა ბერიძეების ხელში იყო, ხოლო შემდეგ ნაკაშიძეთა ხელში გადავიდა.
მეთვრამეტე საუკუნეში მამუკა ბერიძემ, უძეობის გამო, იშვილა ნაკაშიძე და დვაბზუს მიწა-წყალი და ყმა-მამული მას დაუმტკიცა. ბერიძეები იყუვნენ აგრეთვე, სათავადო აზნაურებიც.
ბერიძეები რიცხოვნობით საქართველოში პირველ ადგილზე არიან; მათი რაოდენობა 30 000 ადამიანს გასცდა.
ბოსტაშვილი
„აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავლის ნუხის ხანის, აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ვინაითგან ნაპირი ალაზნისა არს ფლატოიანი, ამად პაპამან მუნ ვერღარა აღიყვანა ცხენი მეფისა და ვიდრე მოატარებდა შორს, ვირი ქვევითსა, მეფესა შეამთხვია ბოსტაშვილი მაჩხაანელი და მართი ცხენი თვისი. და ესრეთ განერა მეფე, ხოლო მეფემან მიუბოძა სახლსა ამისსა აზნაურიშვილობა და უწოდა კვალადვე გუარისა თავისასა სახელი ბოსტაშვილობისავე სამსახურისა ამისთვისვე“.
საქართველოში 221 ბოსტაშვილი სახლობს. აქედან დედოფლისწყაროში – 96. თბილისში – 63, სიღნაღში– 20.
განძიელი
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. თავად ავალიშვილების აზნაურები.
1747 წლის 20 ივნისს ზაალ ავალიშვილმა, ქაიხოსრო ავალიშვილმა, ზაალ ავალიშვილების აზნაურებმა – ზურაბ ციმაკურიძემ, ესასტი განძიელმა, ოთარ განძიელმა... და სხვებმა პირობის წიგნი მისცეს ანტონ კათალიკოზს.
განძიელი ნალევი გვარია. საქართველოში სულ 34 განძიელი ცხოვრობს.
გაწერელია
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები. მთავარმა დავით დადიანმა 1850 წელს რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის სტუმრობასთან დაკავშირებით, რომელიც აპირებდა ქუთაისში ჩამოსვლას, მასთან შესახვედრად მიიწვია მხოლოდ ცხრა აზნაური ერთ–ერთი იყო ივა გაწერელია.
საქართველოში 409 გაწერელია ცხოვრობს. აქედან მარტვილში – 167, თბილისში – 111, ზუგდიდში – 39.
გარაყანიძე
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260-1267 წლების საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ-მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე გარაყანიძისაგან“, „...სოფელი ჯიქეფონი თორმეტი გლეხი, მისით მიწა-წყლით და მიმდგომი...“
საქართველოში 206 გარაყანიძე ცხოვრობს, აქედან თბილისში – 80, ოზურგეთში – 76, მცხეთაში – 12.
დარჩიბეგაშვილი
აზნაურული გვარი ქართლში. ალექსანდრე პირველის შვილი დიმიტრი, რომელიც თავის თავს მეფეს უწოდებდა, 1445 წლის 26 აგვისტოს ზაქარია დარჩიბეგიშვილს აძლევს სიგელს და ყმა-მამულს.
დარჩიბეგაშვილი ნალევი გვარია. ზუსტი მონაცემი ამ გვარის სიმრავლის შესახებ უცნობია.
დემურაძე-დემურაშვილები
დემურაძე ეპონიმური გვარსახელების ჯგუფს განეკუთვნება, ანუ საკუთარი სახელისგან ნაწარმოები გვარია და სავარაუდოდ, გვარის წინაპრის სახელი დემურა უნდა ვივარაუდოთ.
დემურაძე-დემურაშვილების გვარის წარმოშობის ადგილად ქვენიფნევი მიგვაჩნია, ვინაიდან სწორედ ქვენიფნევშია პირველად ნახსენები ეს გვარი, ანუ 1557 წლის სიგელში, „ქ.. ესე... სიგელი მოგახსენეთ (მცხეთას) ჩუენ ქვენიფნეველმან რატისშვილმან შიოშ, ძმამან ჩუენმან მანუჩარ... მას ჟამსა როდეს... ძმა შემოგუაკვდა... კათალიკოს დომენტის მოვახსენეთ... მცირე ესე შემოსაწირავი ტფილის ქალაქს ჩემი მკვიდრი ყმა დემურაშვილი დაგვიგულა... მისითა მამულითა, სახლკარითა ჭურ-მარნითა ქულბაქითა...“. ესე იგი, დემურაძე-დემურაშვილების ყველაზე ძველი დოკუმენტი მეთექვსმეტე საუკუნეს განეკუთვნება.
1679 წლის ერთ-ერთი საბუთით დემურაშვილების მიწა ესაზღვრებოდა თაყა ბარათაშვილის მიერ ჯანია ყარაშვილისათვის მიყიდულ სასახლეს.
1690-1692 წლების ერთ-ერთ სიგელში ვკითხულობთ, რომ მეფე გიორგი მეთერთმეტე აძლევს პირობას დემურაშვილ-დემურაძეებს ასლანას და მის ძმებს, რომ თუ ის თავის სამფლობელოში დაბრუნდა, მიუბოძებს მათ სადედოფლო თავდიდიანს ესე იგი, უბოძა სადედოფლო სოფელი თავდიდიანი, რომლებიც მანამდე აზნაურ თავდიდიშვილებს ეკუთვნოდათ.
საქართველოში 318 დემურაშვილი ცხოვრობს, დემურაძე – 194.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან