საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 14:03

გვარები
დაკოპირებულია

აფრიამაშვილი

გვარი აფრიამაშვილი ეპონიმური გვარსახელია. გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი – აფრიამა. გვარი წარმოშობილია შიდა და ქვემო ქართლში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ისტორიულ წყაროებში გვარი აფრიამაშვილი პირველად იხსენიება: „1658 წელს სოფელ შულავერში მცხოვრებელნი, იყვნენ წოვანშაშვილის გლეხები. 1721 წელს ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში. 1775 წელს ქართლში იყვნენ ყაფლანიშვილის გლეხები. 1851 წელს – სოფელ მუხათში საბატონო გლეხები. სოფელ კუმისში მცხოვრები აფრიამაშვილები ჩამოსულები არიან ადიგენიდან მეცხრამეტე საუკუნეში. ამჟამად აფრიამაშვილები ცხოვრობენ ზემო, შიდა და ქვემო ქართლში.

საქართველოში 752 აფრიამაშვილი ცხოვრობს.

არებაშვილი

„ამათნი წინაპარნი ესახლნენ ვანის მხარეს, რომელნიცა იწოდებოდნენ აშაკურ არწუნელად. ხოლო შემდგომად თურქთაგან დაპყრობისა მოვიდნენ ამათნი გვარნი და დაეშვნენ სომხითსა შინა და მიღებულ იყვნენ აზნაურად მეფეთაგან, და უმეტეს ჰსწყალობდა მეფეი ვახტანგ არებას, არებაშვილს, რომელიც გარდმოჰყვა რუსეთსა შინაცა შთამომავლობანი მათნი მოსახლენი და მეფისა ირაკლისაგან მოხსენებულნი ტრაკტატსა შინა აზნაურად. ამათ გვართათვის ჰსწერენ სომეხთა მეისტორიენი, რომელ იყვნენ გვარით ორბელიანნი. ხოლო იწოდებიან აწ არებაშვილად სახელისა გამო“.

არებაშვილი ნალევი გვარია ამჟამად საქართველოში სულ შვიდი სული არებაშვილი ცხოვრობს.

ახვლედიანი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ლეჩხუმელი ახვლედიანები იყვნენ როგორც თავადები, ასევე, აზნაურები.

იმერელი ახვლედიანები (ვანის) იყვნენ ჩიჯავაძეების აზნაურები, მაგალითად, ჩიჯავაძეების სახლთუხუცესის სახელო 1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა.

სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთის მთავრობამ დაიწყო თავადაზნაურურლი გვარების აღწერა. 1868 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც შეადგინა თავად-აზნაურთა ნუსხა, რომელიც გამოქვეყნდა 1890 წელს. ამ სიაში ახვლედიანები მოხსენიებულნი არიან, როგორც სამეგრელოს თავადური გვარი.

საქართველოში 4 531 ახვლედიანი ცხოვრობს. აქედან თბილისში – 1 171, ქუთაისში – 1 026, ცაგერში – 670.

ბაზიერიშვილი

ქართლის აზნაურები. გვარი მომდინარეობს თანამდებობა-საქმიანობიდან. ბაზიერიშვილები იყვნენ ყაფლანიშვილების აზნაურები და მემამულეები. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ ქციაში, იფნობში. გუგუნა ბაზიერაშვილი მოხსენიებულია იმერეთის მეფის სოლომონ მეორის წყალობის წიგნში.

საქართველოში 108 ბაზიერიშვილი ცხოვრობს. აქედან თბილისში – 29, გურჯაანში – 5, თელავში – 74.

ბანცურიშვილი

აზნაურული გვარი კახეთში. ტახტის აზნაური. ანდუყაფარ ბანცურიშვილს გიორგი მეცამეტეს კარზე ეკავა ფარეშთუხუცესის სახელო და შილდის მოურაობა. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

საქართველოში 212 ბანცურიშვილი სახლობს.

გიუნაშვილი

გიუნაშვილი ეპონიმური გვარსახელია. გვარს ფუძედ უდევს გვარის დამწყები მამაკაცის საკუთარი სახელი – გიუნა. გვარის წარმოშობის ადგილია მესხეთ-ჯავახეთი. მეთხუთმეტე საუკუნეში, იქ მცხოვრებ სხვა გვარებთან ერთად, გადმოვიდნენ: ზემო, შიდა და ქვემო ქართლში. იყვნენ საბატონო და საეკლესიო გლეხები. პირველად ისტორიულ წყაროებში გიუნაშვილის გვარი მოხსენიებულია მეთხუთმეტე საუკუნეში – გიუნაშვილი შუშანა – ერთი კომლი, შეყვანილია ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხაში. გიუნაშვილი მცხეთას მცხოვრები, იგი წილად ერგო იესე ზუმბულიძეს – 1695-1697 წლები. გიუნაშვილი დათუნა – შანშე ერისთავის მკვიდრი ყმა. 1700 წელს შანშე ერისთავმა მას უბოძა წინწკალას ნაყიდი ბეითალამანი მამული. ასევე, მოხსენიებულია 1721 წლის ქვემო ქართლის აღწერაში. მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში გადავიდნენ სოფელ მარტყოფში. აქედან ერთი კომლი გადავიდა სოფელ პატარძეულში. ამჟამად გიუნაშვილები ცხოვრობენ, კახეთში – სოფელ პატარძეულში. ქართლში – გამარჯვებაში, გარიყულაში, გორში, დვანში, კარალეთში, მარტყოფში, მცხეთაში, ნორიოში, რუისში, სასირეთში, სვენეთში, ფლავში, ფლავისმანში, ქარელში, ქვეშში, ძველისჯვარში, ხიდისთავში.

ამ დროისათვის საქართველოში გიუნაშვილების გვარის 1 567 ადამიანი ცხოვრობს.

გამსახურდია

აზნაურული გვარი ოდიშში. სათავადო აზნაურები. ვახტანგ მეექვსის ამალაში, როდესაც ის რუსეთში წავიდა, იხსენიება აზნაური გამსახურდია. ნაპოლეონის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის მხარეზე მსახურობდა პოლკოვნიკი გამსახურდია.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ტფილისის მიტროპოლიტი იყო პავლე გამსახურდია.

გამსახურდიების გვარის უკვდავსაყოფად საკმარისი იქნებოდა გაგვეხსენებინა დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია და მისი ვაჟი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია.

ამჟამად საქართველოში 895 გამსახურდია ცხოვრობს.

დგებუაძე

ფეოდალური გვარი საქართველოში. მეგრელი თავადები, სათავადოს მფლობელები, სასახლე ჰქონდათ ოჩეში.

„დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმნაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროს თურქთაგან დაპყრობის მოვიდნენ ახალციხეს და მუნითგან ოდიშშს და მეფემან მიიღო თავადათ წელსა 785–სა“.

1798 წლის ცნობით „...სარდალ მოურავმა გელოვანმან ქაიხოსრომ და მეუღლემ ჩემმან დგებუაძის ასულმან როდამ აღვაშენეთ ეკლესია ესე და შევამკეთ ყოველთა სამღვდელოთა და წიგნითა დავახტვინდა კანკელი...“

დავით დადიანის დროს რუსული კანცელარიის მწერალი იყო ევგენი დგებუაძე, ხოლო გრიგოლ დგებუაძე იყო სასახლის კარისკაცთაგანი.

1848 წელს მარი ბროსეს სამეგრელოში მოგზაურობის დროს თან ახლდა თავადი სიკო დგებუაძე.

საქართველოში 2 079 დგებუაძე ცხოვრობს. აქედან თბილისში – 586, ზუგდიდში – 392, მარტვილში – 161. არიან სხვაგანაც.

დანიბეგაშვილი

რაფიელ დანიბეგაშვილმა 1795-1805 წლებში იმოგზაურა ინდოეთში, ტიბეტში, ჩინეთში და გადავიდა რუსეთში. აღწერა მისი მოგზაურობა „აზნაურ რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობა ინდოეთში“.

დანიბეგაშვილი ნალევი გვარია. ზუსტი მონაცემი ამ გვარის სიმრავლის შესახებ უცნობია.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა