საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 17:00 04.09

გვარები
დაკოპირებულია

აქიმაშვილი

გვარი აქიმაშვილი ქართულია და წარმოშობით, სავარაუდოდ, დაკავშირებულია პროფესიულ წარმომავლობასთან. მისი სტრუქტურა შემდეგნაირია: ქართულში „აქიმ“ ნიშნავს ექიმს, ხოლო „შვილი“ ტიპური ქართული გვარის სუფიქსია, რაც ნიშნავს „შვილს “, ან „ვინმეს შვილს“. შესაბამისად, გვარი „აქიმაშვილი“ ნიშნავს „ექიმის შვილს“ ან „ექიმის შთამომავალს“. ამგვარი გვარები, რომლებიც პროფესიის მიხედვითაა წარმოქნილი, ხშირია ქართულ სახელოვნებით ტრადიციაში, მაგალითად: მჭედლიშვილი, მენაბდიშვილი, დურგლიშვილი და სხვა. გვარი აქიმაშვილი კი ფშავური წარმოშობისაა, სოფელ ხოშარიდან. მათი წინა გვარი ბუჭყურაშვილი ყოფილა. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში მოხდა ამ გვარის მიგრაცია მთიანეთში, კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში. პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ ფიქსირდება 1693 წელს კახეთში; სოფელ ახმეტაში. ასევე, მოხსენიებულნი არიან 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში. შიდა ქართლში – 1822 წელს სოფელ ხაშურში, საბატონო გლეხებად. 1881 წელს ქვემო ქართლიდან ამ გვარის 2 წარმომადგენელი გადმოდის საცხოვრებლად სოფელ მარტყოფში. ამჟამად ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ ხაშურში და სოფელ მარტყოფში. ამ დროისთვის მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 47 ადამიანს.

ახალაშვილი

ახალაშვილი – ამ გვარის წარმომადგენლები არიან ქსნის ხეობის მოხევეები. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში მოხდა ახალაშვილების მიგრაცია კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში. ისტორიულ წყაროებში ახალაშვილები იხსენიებიან 1675 წელს ქვემო ქართლში, საგინაშვილების გლეხებად, ასევე, 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში, 1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერაში. 1733 და 1799 წელს – კახეთში. იყვნენ საეკლესიო და საბატონო გლეხები. ამჟამად ახალაშვილები ცხოვრობენ: აშში, დუშეთში, მცხეთაში, ტინისხიდში. კახეთში: დედოფლისწყაროში, ქედში, თბილისში.

ამ დროისთვის საქართველოში 130 ახალაშვილი ცხოვრობს.

ბებია

ბებია პირსახელის შემცვლელი მეგრული გვარსახელია. ანთროპონიმი „ბები“ გავრცელებული იყო ძველ სამეგრელოსა და მის მოსაზღვრე კუთხეებში. მაგალითად, მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეთა ძეგლში – „მატიანე სვანეთის კრებისა“ მოხსენიებულნი არიან, ივანე, მიქელა, რუსუდან და შალვა ბებიანები. იმერეთში მეჩვიდმეტე საუკუნეში დასტურდება გვარსახელი ბებიაშვილი. ბებიების ძირ-სამკვიდრებელი იყო ჩხოროწყუ. ამ გვარსახელთანაა დაკავშირებული რამდენიმე ტოპონიმი. ბებია ჰქვია უბანს გახარაში, ოჩამურის მარცხენა მხარეს. ლებებია დასახლებული უბანი იყო ფოცხოვში. მდინარე მეტერის მარჯვენა მხარეს. საბებიო უბნებს ჰქვია. პირველი საბუთი ბებიების შესახებ - 1621 წელს საეკლესიო ჩანაწერში აღნიშნულია, რომ საქულორიოს მცხოვრები ბებია ოფიშხუას ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა. იყვნენ საეკლესიო გლეხები. ამჟამად ცხოვრობენ, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ფოთში, თეკლათში, ახუთში, ნაფიჩხოვოში, ძველ ხიბულაში, ინგირში, საჯიჯაოში, ხობში, ხუნწში, თბილისში.

ამ დროისთვის საქართველოში 1 362 ბებია ცხოვრობს.

გულიაშვილი

გვარი გულიაშვილი ეპონიმური გვარსახელია და გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის სახელი – გულია. სახელი გულია, ძირითადად, ერქვათ ფშავში, ხევში, შიდა და ქვემო ქართლში და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოიშვა. ფშავში გულიაშვილის წინა გვარია ზურაბაული. მათი ძირი სოფელია მათურა. ისტორიულ წყაროებში გვარი გულიაშვილის პირველად იხსენიება 1606-1615 წლებში. სოფელ დიღომში მცხოვრებ გულიაშვილს და მის ორ განაყოფს ემართათ დიღმის წმიდა გიორგის ეკლესიის ბეგარა – ორი კოკა კულუხი. ასევე, 1651 წელს სოფელ წოდორეთში მცხოვრები გულიაშვილი იყო პაატა ჯავახიშვილის გლეხი, 1688-1703 წლებში წყნეთში მცხოვრები გულიაშვილი ბეროა – ედიშერ ციციშვილის გლეხი. 1696 წელს გულიაშვილი ბერუა ბოგველი ერგო ადამ მაღალაძის შვილებს, მათი სახლიკაცების ყმების ფარდად. სოფელ მარტყოფში 1840-იან წელს საეკლესიო გლეხებად მოიხსენიებიან. ამჟამად გულიაშვილების გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში და სამეგრელოში. ამ დროს საქართველოში 2 801 გულიაშვილი ცხოვრობს.

გურგენიძე

გურგენიძე ეპონიმური გვარსახელია. გურგენიძეთა გვარს წინაპრის – „გურგენი“ – საკუთარი სახელიდან მოდის გვარსახელის ფუძე. ეს გვარი საქართველოში გავრცელებილია კახეთში, იმერეთში, რაჭაში, შიდა და ქვემო ქართლში, გურიასა და აჭარაში, კახეთში – შილდაში, მარტყოფში, თავადები. იმერეთში – სხლითში, გოდოგანში იყვნენ აზნაურები. ხოლო კახეთში სხვა სოფლებში – გლეხები, ასევე, რაჭაში, შიდა და ქვემო ქართლში, გურიასა და აჭარაში – გლეხები, როლებსაც ერთმანეთთან არც სისხლით და გენეტიკურად არანაირი ნათესაური კავშირი არა აქვთ, გარდა კახეთისა – შილდა, მარტყოფის და იმერეთის – სხლითისა და გოდოგანის გურგენიძეებისა. კახეთის თავად და იმერელ აზნაურთა ძირძველი და სახელოვანი საგვარეულო ჯავახეთიდან იღებს სათავეს.ქართულ ისტორიულ წყაროებში კახეთის თავად და იმერეთის აზნაურ გურგენიძეთა გვარმოდენილობა მეთორმეტე საუკუნის დასაწყისიდან ჩანს ასპინძის რაიონის სოფელ წუნდიდან. კახეთის თავად და იმერეთის აზნაურ გურგენიძეთა წინაპარი ფეოდალი იჩქით გურგენიძე სოფელ წუნდიდან ჩანს. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსთვის იწყება მესხეთში მოსახლე გურგენიძეთა ფეოდალური სახლის დაშლა. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში მესხეთში მოსახლე გურგენიძეების შტოს ორი ძმა იმერეთსა და კახეთში გადასახლდა. კახეთში – ბეჟანი. შილდაში გურგენიძეები გახდნენ თავადები. ორი ძმა – გიორგი მორდიალი და ბარამი ნაზირი გადავიდნენ სოფელ მარტყოფში. ხოლო მეორე, გიორგი აზნაური – იმერეთში, სხლითში. რაჭველი, გურული, აჭარელი, შიდა და ქვემო ქართლელი და კახეთში სხვა ადგილას მცხოვრებნი გურგეიძეები იყვნენ საბატონო და საეკლესიო გლეხები. ამჟამად კახეთის თავადური შტო გაწვეტილია. უკანასკნელი თავადი გურგენიძე (სოფელი მარტყოფი) გარდაიცვალა 1910 წელს – ნინო კონსტანტინეს ასული გურგენიძე-ხიმშიაშვილი. ხოლო იმერელი აზნაური გურგენიძეები ამჟამად 50-ია და ცხოვრობენ იმერეთში, თბილისში, მოსკოვში. დანარჩენი გურგენიძეების რაოდენობა შეადგენს 5 110 ადამიანს.

დივანაშვილები

აზნაურული გვარი ქართლში. ტახტის აზნაურები. „დივანაშვილები არიან გვარით დვიანთის გვარისა თუმნის შვილებთაგანი. ილანიდან მოსულნი. ამათმა გვარმა პირველმა განითავსა თუმანიშვილობა და მეორემ – დივანაშვილობა“. 1690 წლის ნასყიდობის წიგნში მოხსენებულია გოლუა დივანაშვილი. 1721 წლის აღწერით მოხსენებული აზნაური ბეჟუა დივანაშვილი.

ამჟამად საქართველოში სულ 500 დივანიშვილი ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა