საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 18:18 25.08

გვარები
დაკოპირებულია

ართმელაძე

ფეოდალური საგვარეულო გურიაში. მეჩვიდმეტე საუკუნემდე ართმელაძეთა გვარი ძლიერ ფეოდალურ გვარად მიიჩნეოდა გურიაში. ართმელაძეთა დამცრობა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო – ამ დროს ჩამოართვეს მათ მეღვინეთუხუცესობა და თავად ნაკაშიძეებს გადასცეს. ართმელაძეების სამფლობელოს წარმოადგენდა სოფელი აკეთი მისი მიდამოებით, რომელიც მამია მეოთხე გურიელმა მამუკა ართმელაძეს ჩამოართვა და ბიჭვინთის ღვთისმშობელს შესწირა.

ჩვენთვის უცნობია, რითი დაიმსახურეს ართმელაძეებმა გურიელების რისხვა, მაგრამ ცნობილია ის, რომ მეთვრამეტე საუკუნიდან ართმელაძეები რიგით აზნაურებად ჩამოკნინდნენ.

ადიკაშვილი

საგვარეულო ქართლსა და კახეთში. გვარი ადიკაშვილი ეპონომოურ გვარად მიიჩნევა, რადგან „ადიკა“ ყოფილა წინაპარი, რომლისგანაც გვარი წარმოიშვა. ესე იგი, ამ გვარის წარმომადგენლები, მცხოვრები კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში სხვადასხვა წარმოშობის არიან. რაც შეეხება სოფელ მარტყოფში მცხოვრებ ადიკაშვილებს მათი წინა გვარია – ქამილიძე და იმერეთიდან მეჩვიდმეტე საუკუნის 30-იან წლებში გადმოსულან. ადიკაშვილები, ძირითადად, საეკლესიო გლეხები იყვნენ, ასევე, სახაზინო და საბატონო გლეხები. პირველი ცნობა ისტორიულ წყაროებში ადიკაშვილების გვარის შესახებ 1646 წელს შიდა ქართლში, სოფელ ხურვალეთში იხსენიება. იყვნენ მაჩაბლების გლეხები. მეორე საბუთში – 1721 წლის ქვემო ქართლის აღწერაში. იყვნენ ბარათაშვილების გლეხები. 1740 წლის კახეთის აღწერაში კი – საეკლესიო გლეხები. რაც შეეხება სოფელ მარტყოფში მცხოვრებ ადიკაშვილებს, ისინი მოხსენიებულნი არიან 1693 წელს და 1801-1802 წელს კახეთის სოფლების აღწერში. იქ იყვნენ სახაზინო, საეკლესიო და საბატონო გლეხები. ამჟამად ადიკაშვილები ცხოვრობენ თბილისში, გორში, ვაზიანში, კასპში, მარტყოფსა და ხურვალეთში. ამ დროისთის საქართველოში 370 ადიკაშვილი ცხოვრობს.

ბანეთიშვილი

ბანეთიშვილი ქართული წარმოშობის გვარია და ის, როგორც სხვა მრავალი ქართული გვარი, ხშირად უკავშირდება გეოგრაფიულ ადგილს ან წარმომავლობას. „ბანეთი“ უკავშირდება რაიმე ტოპონიმს, მაგალითად, სოფელს ან მხარეს საქართველოში. საქართველოში არის სოფელი ბანეთი, რომელიც მდებარეობს იმერეთში, კერძოდ, საჩხერის რაიონში. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსთვის იმერეთიდან ამ გვარის წინაპარი გადმოვიდა საცხოვრებლად გარე კახეთში, კერძოდ სოფელ მარტყოფში და როგორც ბანეთიდან მოსულს, გვარი ბანეთიშვილი გაუგვარდა, ესე იგი, ბანეთიდან მოსულის შვილი. ისტორიულ წყაროებში გვარი ბანეთიშვილი იხსენიება 1801-1802 წლის კახეთის სოფლების აღწერაში, სოფელ მარტყოფში. იყვნენ საეკლესიო გლეხები. ამ გვარის წარმომადგენლები ამჟამად ცხოვრობენ სოფელ მარტყოფში და თბილისში და შეადგენენ 43 ადამიანს.

ბაინდურაშვილი

ბაინდურაშვილი ქართული გვარია. ის ეპონიმური გვარსახელია, გვარს ფუძედ უდევს გვარში დამწყები მამაკაცის საკუთარი სახელი – ბაინდურა. ამ გვარის წარმომადგენლები, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. გვარის წარმოშობის ადგილებია: ფშავში სოფელი ჭითო, კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი. ამ გვარის წარმომადგენლების ნაწილი კახეთში და ქვემო ქართლში აზნაურები, სხვაგან, სახაზინო, საეკლესიო და საბატონო გლეხები ყოფილან. პირველად ისტორიულ წყაროებში ამ გვარის წარმომადგენლები 1632 წელს იხსენიებიან ქვემო ქართლში ბარათაშვილებისა აზნაურებად, ასევე, 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში – ბარათაშვილებისა და ყაფლანიშვილების გლეხებად. 1700 წელს ჩანან ფშავში. 1750-იან წლებში მოხდა მათი მიგრაცია ხევში და დუშეთში – ბაზალეთში. 1774 წელს არაგვის ხევის აღწერაში – არაგვის ერისთავისა და აზნაურ ფირცხელაურების გლეხებად. 1811 წელს ბაზალეთიდან მოხდა 2 ოჯახის გადასვლა საცხოვრებლად სოფელ მარტყოფში, იყვნენ საეკლესიო გლეხები. ამჟამად საქართველოში ბაინდურაშვილის გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, ხევში და ფშავში. ამ დროისთვის საქართველოში 1022 ბაინდურაშვილი ცხოვრობს.

გარდაფხაძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სვანეთის თავადები. ქვემო სვანეთში დიდი რაოდენობით ყმა–მამულს ფლობდნენ თავადი გარდაფხაძეები. გარდაფხაძეები (10 ოჯახი) ფლობდა 6 000 დესიატინ მიწას, გარდაფხაძეები და გელოვანები – დადიანის მთას 1000 დესეტინა ფართობით.

გოგიბედაშვილები

აზნაურული გვარი ქართლში. არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსახლების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და პაპას გამოსაღები, მე თქვენი მსახურება არას მეტყობა. თუ აზნაურიშვილი ვარ, რაში მეტყობა, ან მსახურობით რატომ არ მეპატია და ან აზნაურიშვილობით“.

დურგლიშვილი

გვარი დურგლიშვილი არის ხელობიდან გამოსული გვარი – სიტყვა დურგალიდან. ეს გვარი საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება. ისინი ურთიერთდამოუკიდებლად წარმოიშვა. ყველგან იყვნენ, სახაზინო, საეკლესიო და საბატონო გლეხები. პირველად ეს გვარი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს იმერეთში. ასევე, კახეთში – 1700 წელს, 1721 წლის – ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში და 1774 წლის – არაგვის ხეობის აღწერაში. ამჟამად ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, დუშეთში, იმერეთში. ამ დროისთვის საქართველოში ამ გვარის წარმომადგენელი 1 157 ადამიანი ცხოვრობს.

დათაშვილი

ეპონიმური გვარსახელი, რომელიც საკუთარი სახელიდან დათო ან დავითისგან არის ნაწარმოები. ესე იგი, დათაშვილი წარმოშობით ეპონომიური გვარია, რაც ნიშნავს, რომ ის ჩამოყალიბდა პიროვნების სახელის საფუძველზე – „დათა“ ან „დავითის“ შთამომავალზე დაყრდნობით. გვარის გავრცელების არეალი, ძირითადად, ქართლია. ისტორიულ წყაროებში გვარი დათაშვილი პირველად იხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს. „დათაშვილი – ქინძათს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა სიაში“. მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს: „დათაშვილი მის [მიწამდე] მიჰყიდა ასპან ამირეჯიბმა სეხნია გუგუნაშვილის ჭალას ხარში ლაბისეული ბაგა“. ასევე – 1721 წლის ქვემო ქართლის აღწერაში. დათაშვილები იყვნენ ბარათაშვილების გლეხები. 1781 წელს ნახსენებია სოფელ მეტეხში მცხოვრები საეკლესიო გლეხი დათაშვილი. ამჟამად დათაშვილები ცხოვრებენ ახალციხეში, გორში, კარალეთში, კასპში, მანგლისში, მეტეხში, ქარელში, ქვენატკოცაში და თბილისში. ამ დროისთვის საქართველოში 1 036 დათაშვილია.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა