საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№31

ავტორი: „თბილისელები“ 19:00 12.08

გვარები
დაკოპირებულია

ალიბეგაშვილი

„ამათნი წინაპარნი იყვნენ გვარითა აღალართაგანნი, ალაიარ ბეგად წოდებულნი. ძველადვე მოსახლენი ქართლს დროსავე თამარ მეფისასა და ამათმან გვარმან ნათელ იღეს და მოიქცენ მართლმადიდებლად და მისცავე მეფეთა გვარად ალაიაბეგის შვილობა და არიან მუნითგან ცნობილ აზნაურად და ტრაქტატსა შინაც მოხსენიებულ“ (საანდაზო ლექსები და აღწერა თავად აზნაურთა გვარებისა).

ალიბეგაშვილები ციციშვილების კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის სახელოს. შაჰნავაზ მეფემ ალიბეგაშვილები იმერეთში გადახვეწილ ციციშვილს მისცა აზნაურებად. საციციანოს ყმების ნუსხის მიხედვით, ალიბეგაშვილებს თელავში ჰყავდათ სამი კომლი ყმა.

ამაღლობელი

ამაღლობელი – ისტორიული გვარი საქართველოში. ყველაზე ძველი ისტორიული წყარო ამ გვარის შესახებ განეკუთვნება მეჩვიდმეტე საუკუნეს. კერძოდ სოფელ ჭვანს, სადაც მოღვაწეობდა ეკლესიის მოძღვარი ონოფრე ამაღლობელი, რომელიც იმერეთის სოფელ ამაღლებიდან იყო. მისი წინაპრების გვარი, სავარაუდოდ, ინასარიძე იყო. მას შემდეგ, რაც ისინი იმერეთისა და აჭარის სხვადასხვა სოფლებში გადასახლდნენ, ზოგმა გვარი შეიცვალა და ამაღლობელი დაირქვა. ისინი სამეფო, საეკლესიო და სათავადო აზნაურები იყვნენ.

ბახუტაშვილი

„ბახუტაშვილი 1666 წლის ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სახლთუხუცესად. ბახტინ ბახუტაშვილი იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც ცხოვრობდა ყარაბაღისა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ბახტინიშვილები ბახუტაშვილებად. ბახუტაშვილები 1619 წელს სიმონ მეფის სიგელში აზნაურებად მოიხსენიებიან. რომელთაც თუშეთში, ფშავში, ხევსურეთსა და ერწოში გლეხები ჰყავდათ. ბახუტაშვილი იყო თეიმურაზ პირველიის კარის დაცვის უფროსი“.

გიგიაშვილი

გიგიაშვილი – ეპონიმური გვარსახელია. გვარს ფუძედ უდევს გვარში დამწყები მამაკაცის სახელი – გიგია. გიგიაშვილის წინა გვარია – ბექაური. ბექაურები ხევსურები არიან, წარმოშობით – ისტორიულ სოფელ ფხოვიდან. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსთვის გუდამაყარში გადავიდნენ, უფრო გვიან კი – აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ბექაურის გვარიდან წარმოიშვა სხვა გვარები – დიდებაშილი, წიკლაური, გიგიაშვილი და სხვა. მეშვიდე საუკუნის ბოლოს, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებამდე მოხდა, ფშავ-ხევსურების, მთიულების, ერწოელების, ხადდოელებისა და სხვათა მიგრაცია ბარში. მეთვრამეტე საუკუნის 30-იან წლებში გიგიაშვილები ქართლში, ქსანზე, ქვემო ჭალაში გადავიდნენ. იყვნენ საბატონო გლეხები. მეთვრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლამდე გიგიაშვილები გადავიდნენ კახეთის სხვადასხვა კუთხეში – თელავში, ყვარელში, გრემში, გულგულაში, ენისელში. 1875 წელს ყვარელიდან გიგიაშვილის ერთი ოჯახი საცხოვრებლად სოფელ მარტყოფში გადავიდა. გიგიაშილები იყვნენ როგორც სახასო, ასევე საეკლესიო, საბატონო გლეხები. ამჟამად საქართველოში გიგიაშვილების გვარის 114 ადამიანი ცხოვრობს. თბილისში – 41, თელავში – 18, კასპში – 4 ადამიანი.

გიუტაშვილი

ყველაზე ძველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ განეკუთვნება მეჩვიდმეტე საუკუნეს, კერძოდ, 1613 წელს. გიუტაშვილის თავსდებობით პაპანა წივწივაშვილმა შერმაზან ზუმბულიძეს მიჰყიდა საწისქვილეს მეოთხედი. 1622 წლის საბუთით გიუტაშვილი დათუნა მოწმედ არის დასახელებული მიწის ნასყიდობის წიგნისა. 1689 წლის მამულის ნასყიდობის წიგნში გიუტაშვილი მახარა მოწმედ არის მოხსენიებული. 1742 წელს გიუტაშვილებს შემოაკვდათ ადამიანი და პირობა დადეს, რომ დაზარალებულის ოჯახს სისხლის საფასურს აუნაზღაურებდნენ. გიუტაშვილები, ძირითადად, ცხოვრობენ მცხეთაში და დიღომში. გიუტაშვილები ნალევი გვარია და სულ საქართველოში 100-მდე გიუტაშვილი ცხოვრობს.

დიდებაშვილი

დიდებაშვილის გვარი ხევსურული წარმოშობისაა. დიდებაშვილის გვარი ბექაურებიდან მოდის. მათი გვარი გუდამაყრის სოფელ კორტოხიდანაა. პირველი ისტორიული საბუთი ამ გვარის შესახებ 1662 წელს ფიქსირდება: „დიდებაშვილი თანდილა – მოწმე შერმაზან მკერვალის მიერ კოზმან წინამძღვრისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა“. ასევე, 1688, 1721 და 1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაში. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში გუდამაყრიდან ხდება მათი მიგრაცია თიანეთში, არაგვის ხეობაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში. მთიანეთში გადასვლის შემდეგ ამ გვარის წარმომადგენლები დაფუძდნენ სოფელ კევლიანში. მეცხრამეტე საუკუნის 60 წელს სოფელ კევლიანიდან ერთი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სოფელ მარტყოფში. შემდგომში მარტყოფიდან – სოფელ ნორიოში და სოფელ საცხენისში. დუშეთში – ბაზალეთში გადმოსვლის შემდეგ დასახლდნენ ადგილსა, რომელაც დაერქვა სოფელი დიდებაანთკარი. იყვნენ საბატონო და საეკლესიო გლეხები. ამჟამად დიდებაშვილები ცხოვრობენ: თბილისში, ახალგორში, ახალქალაქში, ბაზალეთში, დუშეთში, თამარისში, კასპში, ლამისყანაში, მისაქციელში, მლაშეში, მუხრანში, მცხეთაში, ნავაზში, ნორიოში, საცხენისში, წილკანში, წიწამურში, ჭოპორტში. საქართველოში ამ დროისთვის დიდებაშვილის გვარის 1 934 ადამიანი ცხოვრობს.

დავითაია

დავითაია ეპონომური გვარსახელია. გვარს ფუძედ უდევს გვარში დამწყები მამაკაცის სახელი დავითა. გვარის წარმოშობის ადგილია სადავითაო-ონტოფო – აბაშის რაიონი, დავითიანი – ზუგდიდის რაიონი, სადავითაო – ეკი, სენაკის რაიონი და აფხაზეთი – ოჩამჩირე, სოფელი ტამიში. ისტორიულ წყაროებში გვარი დავითაია მოხსენიებული არის მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში: დავითაია ივანე, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა. ასევე, დავითაია მესტუმრია, ნაჟანეულის მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში სოფელ ტამიშში მოსახლეობის აღწერაში მოხსენიებულია გვარი დავითაია. 1854 წელს ოჩამჩირის სოფელ ტამიშში მოხსენიებულია – დავითაია დამეშულია, მისი ცოლი – კოჭა და ასული – ძერა. ძირითადად იყვნენ საეკლესიო გლეხები. ამჟამად საქართველოში დავითაიები ცხოვრობენ: თბილისში, ზუგდიდში, სენაკში, ძველ სენაკში, ონტოფოში, ნოსირში, ეკში, ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში, დარჩელში, ჭითაწყაროში, უფაკარში, ეწერში. საქართველოში ამ დროისთვის დავითაიას გვარის 1 128 ადამიანი ცხოვრობს.

დაშნიანი

აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში, წულუკიძეების აზნაურები. მთავარანგელოზის ხატის წარწერაში წერია: „ლევან დადიანის კარის მღვდელი, აზნაური პავლე გიორგის ძე დაშნიანი“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა ამოიკითხა. გვარი დაშნიანი 1656 წლის ერთ–ერთ საბუთშიც გვხვდება. საქართველოში დაშნიანების გვარის სულ 340 ადამიანი ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა