როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 21:42 30.07

აბალაკი
ისტორიული საგვარეულო ქართლში. ძირითადად, გავრცელებულია გორის რაიონში. სულ საქართველოში ამ საგვარეულოს 290 წარმომადგენელი ცხოვრობს.
აბრაამ აბალაკი მოქმედ კათოლიკოსად ჩანს 1492, 1493 და 1497 წლებით დათარიღებულ საბუთებში.
1497 წლით დათარიღებული საბუთიდან ირკვევა, რომ აბრაამ აბალაკს განუახლებია მეტეხის ღვთისმშობლის მონასტრის თამარ მეფის დროინდელი წისქვილი და აუშენებია ორი ახალი წისქვილი. ამავე მონასტრისთვის საზეთედ შეუწირავს ორი წისქვილი და ვენახი.
აბდუშელიშვილები
საგვარეულო იმერეთში. იყვნენ წერეთლის აზაურები, მოგვიანებით – სამეფო აზნაურები.
საწერეთლოში ეკავათ საპატიო თანამდებობები. 1784–1793 წლებში ქაიხოსრო აბდუშელიშვილი იყო ციხის (მოდინახე) მოურავი.
სოლომონ პირველმა დავით წერეთლისა და ბეჟუკი ცქიტიშვილის სასისხლო საქმის გარჩევა დაავალა თავად ნიკოლოზ წერეთელსა და მოურავ გიორგი აბდუშელიშვილს.
აბდუშელიშვილები იყვნენ ყმამრავალი აზნაურები. აზნაურ ძმებს – ბეჟანასა და გოგია აბდუშელიშვილებს, 64 კომლი ყმა გლეხი ჰყავდათ (1800 წელი), ჰქონდათ სასახლე და ზვარი. დღეს საქართველოში აბდუშელიშვილები მხოლოდ 565 სულია.
ალექსი-მესხიშვილები
მესხიშვილები მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ქართული კულტურის მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და მხატვართა გვარია. გადმოვიდნენ მესხეთიდან და თბილისში მეჩვიდმეტე საუკუნეში დამკვიდრდნენ. დაკავშირებული იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ მხატვარი გრიგოლი და გრიგოლის ვაჟი, ალექსი, მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანის მოღვაწე, გამოჩენილი კალიგრაფი, ქართველ კალიგრაფთა სახელგანთქმული დინასტიის ფუძემდებელი (მესხიშვილების გვარი მის შემდეგ იხსენიება ალექსი-მესხიშვილად). ერეკლე მეორის დროს, როცა საქართველოს აღა-მაჰმად-ხანი შემოესია, ანჩისხატი ერთ-ერთმა მესხიშვილმა, ტაძრის არქიმანდრიტმა გადაარჩინა და ანანურში აიტანა, რის გამოც მესხიშვილებს აზნაურობა უბოძეს.
ბაზლიძეები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით, ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ბაზლიძენი, რომელნიმე განილტვნენ ქართლსა და რომელნიმე კახეთსა და შეიქმნენ დამდაბლებულნი“. ამ ისტორიული დრამის შემდეგ ბაზლიძეები ჩამოკნინდნენ აზნაურებად. იონა ბატონიშვილს კი თავის ნაშრომში, „თავად-აზნაურთა გვარების აღწერა“, განხილული აქვს ბაზლიძეების გვარი, როგორც ერთ-ერთი ძველი გვარი „ამათნი წინაპარნი ძველად მოსულან, დავით მეფის დროს, 1299 წელს. მოსახლე იყვნენ ვაკე ბაზალეთს, რომელისა გამოცა აქვნდათ გვარი ბაზლიძეობისა ადგილისა გამო და ოდეს ამათნი წინაპარნი ამოწყვიტეს ნუგზარ სიდამონისძემ არაგვის ერისთავმა 1569 წელს, ვითარცა ზემორე დავწერეთ არაგვის ერისთავთათვის, მაშინ განიბნივნენ ბაზლიძენი. რომელნიმე დაესახლნენ კახეთს, რომელნიმე ქართლსა და რომელნიმე ყიზლარსა შინა. ამათნი გვარნი მოხსენიებულნიც არიან ტრაქტატსა შინა მეფისა ირაკლისასა“.
ბაინდურაშვილები
საგვარეულო ქართლში. ბაინდურაშვილები შარმაზანა და იოსები მოხსენიებული არიან მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებში ბაინდურაშვილების მიერ შუშანა კაკიაშვილის სახელზე გაცემულ ცოლ-ქმრის გაყრის წიგნში. ბაინდურაშვილი მოხსენიებულია ერეკლე მეორის ოქმით, ყმის თაობაზე, ნინია ქარუმიძის არზაში.
ბაინდურაშვილი ბერო, აზნაური, 1721 წლის აღწერით, არის ზურაბ ზაალიშვილის მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა დმანისში.
ბლორძელები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტში, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ბრძანებით, ბარათას აზნაურიშვილს ბლორძელს მამუკასა და მათ ძმათა სასამართლოდ და გარის პარუნ სარქისაშვილების საქმეზედ დაუსხედით ღმერთის შიშს ქუეშე, სარჩელი და საჩივარი ორთავესი გავიგონეთ...“
გველესიანები
საგვარეულო საქართველოში. სვანური წარმომავლობის გვარი, რომელმაც მიგრაცია განიცადა მთელს საქართველოში, გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთში, კახეთში.
იმერელი გველესიანების ნაწილი გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ნაწილი სათავადო აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო აზნაურის ტიტულს.
1850 წელს მათი გვარი შეიტანეს რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“, საქართველოში ცხოვრობს 2 683 გველესიანი, მათგან თბილისში 834, ზესტაფონში – 401, ჭიათურაში – 294 და სხვა.
გოგუაძეები
გოგუაძეთა გვარი საქართველოს ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება 1675 წელს გურიაში, ოზურგეთში, ისინი იყვნენ გურიის ერისთავისა და თავადი თავდგირიძეების გლეხები. ასევე, იხსენიებიან 1787 წელს ქრისტეს საფლავის ყმების ნუსხაში. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გურიიდან მოხდა გოგუაძეების მცირე ნაწილის გადასვლა აჭარაში. ომის დროს ისინი გამოდიოდნენ გურიის მთავრის დროშის ქვეშ. ჰყავთ წარჩინებული სამხედრო პიროვნებები: ვლადიმერ საბას ძე გოგუაძე (1880-1954), ქართველი სამხედრო მოღვაწე. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში, 1918-1921 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური.
ამჟამად გოგუაძეების გვარის წარმომადგენლები, ძირითადად, გურიაში ცხოვრობენ, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველოში გოგუაძეების გვარის სულ 3 145 ადამიანი ცხოვრობს.
დვალები
ითვლება ერთ-ერთ უძველეს გვარად საქართველოში. 1038 წელს იხსენიებიან მღვდელი მიქელ დვალი და მისი ნათესავი იოვანე დვალი, ალავერდის სახარების დამწერი 1059 წელს.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
დოლიძეები
აზნაურული გვარი გურიაში. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში 1464 წლის 5 აპრილის თარიღით დაცულია კონსტანტინე მეფის მიერ დოლიძეთათვის მიცემული სახასო ზვრის წყალობის წიგნი.
გვერდი მოამზადა გვარების მკვლევარმა ლევან ბერაიამ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან