როგორ წარმართავს უხილავი ხელი გოჩა ჭაბუკაიძის ცხოვრებას და რა სასწაულები ხდება მის თავს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 08.11, 2023 წელი

მუსიკოსი გოჩა ჭაბუკაიძე ახლახან მორიგ ფილმში გადაიღეს, სადაც მან სასულიერო პირის როლი განასახიერა, რაც როგორც თავად გვიყვება, მისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
გოჩა ჭაბუკაიძე: მაკა ბერაია გახლავთ უაღრესად ნიჭიერი ქალბატონი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდი და მან თავისი სურვილი გამიზიარა, იმის შესახებ, რომ უნდოდა ფილმში ჩემთან ერთად მიეღო მონაწილეობა, რაზეც სიამოვნებით განვუცხადე თანხმობა. ცოტა ხნის წინ კი დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდოდა, სულიერი მოძღვრის როლი შემოეთავაზებინა ფილმ „წამალთან თამაშში“, რომლის რეჟისორი და სცენარისტი გახლავთ ლაშა სამხარაძე. რეჟისორისთვის ჩემი კანდიდატურა თავად შეუთავაზებია. ლაშას მანამდე ვყოლივარ ნანახი ფილმ „უსახლკაროში“ და ეს შეთავაზება თავადაც მოსწონებია. ქალბატონმა მაკამ ანაფორა ჩემთვის ერთ-ერთ მოძღვარს სთხოვა. ამ მოძღვარს უთქვამს, კარგად ვიცნობ მაგ პიროვნებას და დიდი პატივისცემით გადაეცით ჩემი ლოცვა-კურთხევაო.
ანაფორის ჩაცმისას საოცარი ღელვა ვიგრძენი. წარმოიდგინეთ, მისი ფილმისთვის მორგება რომ დამჭირდა, ასე დამემართა და ღმერთმა რომ ინებოს და მართლა ჩავიცვა ანაფორა, მერე რაღა იქნება?! ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი სულიერი მოძღვრის როლის გამო. როცა ასეთ როლს ასრულებ, ვფიქრობ, რომ შენი სიტყვა ძალიან დამაჯერებელი და მანუგეშებელი უნდა იყოს. ფილმი ოჯახურ ძალადობაზეა. იმაზე, თუ როგორ იცვლება თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მამაკაცის წამალდამოკიდებულების გამო. გადაღებები გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მიმდინარეობდა. სცენარი შემდეგნაირად ვითარდება – ჩემს პერსონაჟთან მოდის მისი სულიერი შვილი და მოჰყავს მეგობარი, რომელსაც ნუგეში სჭირდება. რა თქმა უნდა, სცენარი ნასწავლი მქონდა, მაგრამ ფინალური სიტყვის წარმოთქმის დროს, უცებ ჩემში რაღაც მოხდა. გონებაში მოვარდა აზრი, რაღაც სათქმელი და წინადადებებად დალაგდა. მთლიანად იმპროვიზაციას მივმართე და ის ვთქვი, რასაც ჩემი გონება მკარნახობდა. რეჟისორი ისეთი აღფრთოვანებული დარჩა, რომ მოვიდა და გადამეხვია. არ შევცვლი ამ კადრს, ყველაფერს ასე დავტოვებ, რადგან ძალიან ძლიერი სიტყვები წარმოთქვითო. ძალიან გამახარა მისმა შეფასებამ: მართლა ის მამა დავითი აჩვენეთ, როგორსაც ვფიქრობდი და როგორიც ამ ფილმისთვის გვჭირდებოდა, ნამდვილი მოძღვრის სახე დახატეთო. დანარჩენს მაყურებელი შეაფასებს. პარტნიორმაც მითხრა, ბოლოს მეგონა, მართლა ჩემს სულიერ მამას ვესაუბრებოდიო.
– რამდენადაც ვიცი, ეს გზა თქვენი ცხოვრებისგან ძალიან შორს არ არის და სამომავლოდ ფიქრობთ კიდეც ბედის ტაძართან დაკავშირებაზე.
– როგორც იცით, მე მუსიკოსი და მედავითნე ვარ. როგორც კი სარწმუნოებაში ფეხი შევდგი, ორი კვირის შემდეგ გამოვუტყდი მოძღვარს, რომ ერში დარჩენა უკვე მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ახალი სუნთქვა გამეხსნა. მან მითხრა: არა, შვილო, მე ვერ გაკურთხებ, მონასტერში ვერ წახვალ, რადგან შენი ოჯახი ეკონომიკურად შენზეა დამოკიდებული. იქ რომ წახვიდე, შენ მათზე ფიქრი და დარდი შეგაწუხებს. როდესაც შენი ოჯახი ფინანსურად შენზე აღარ იქნება დამოკიდებული, აი, მაშინ გაკურთხებ და შეძლებ მონასტერში წასვლასო. აღთქმას არ ვიძლევი, მაგრამ სურვილი და წინათგრძნობა მაქვს, რომ როცა უკვე დავრწმუნდები, რომ ოჯახს ჩემ გარეშეც შეუძლია, მატერიალურად თავი გაიტანოს, ანაფორას ჩავიცვამ და ტაძარში წავალ. ვნახოთ. დროთა განმავლობაში ვეცნობოდი სასულიერო ლიტერატურას, ბოლო დროს თარგმნაც დავიწყე, დაუჯდომელი საგალობლები მაქვს დაწერილი, გაუგონარი რაღაც მოხდა, ჩემს ცოდვილ გონებაში სახარება 16-მარცვლიან ლექსად ჩამოყალიბდა. როგორ? ეს მხოლოდ უფალმა იცის, მაგრამ ფაქტი სახეზეა, წიგნი გამოცემულია. სულიერებასთან დიდი კავშირი მაქვს და ალბათ, იმ როლის განხორციელებაშიც ეს დამეხმარა.
– რუსეთში ცხოვრებისას გასაოცარი ისტორიები გადაგხდენიათ თავს.
– ეს ის პერიოდია, როცა რუსეთში ქართველების დევნა დაიწყო და მეც დეპორტაცია მომცეს. სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე დამაპატიმრეს, როგორც ქართველი. საპატიმროში რომ მიმიყვანეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან – ფსალმუნები და სანთლები. გაოცებული მეკითხებოდნენ, ალბათ, ვინმეში შეეშალეთ, შენ აქ რა გინდაო?! სანთლები ავანთე და ზედამხედველი მოვიდა. უხეშად მომმართა, მაგის ადგილი აქ არ არის, ახლავე ჩააქრეო. ჩემ გვერდით მყოფმა ქართველმა უთხრა, შენ არც კი იცი, ეს როგორი პიროვნებაა, ასე როგორ ელაპარაკებიო. მე უსიტყვოდ დავემორჩილე და სანთელი ჩავაქრე. ეს ზედამხედველი ღამე მოვიდა ჩემს საკანთან და მითხრა, თუ გინდა, დაგიჩოქებ და ისე გთხოვ პატიებას. მე დამავალეს, რომ ასე მომემართა შენთვის, მაგრამ შენმა მორჩილებამ და სიმდაბლემ გამაოცაო. ზუსტად არ მახსოვს სანთლების რაოდენობა, მაგრამ როგორც კი ბოლო სანთელი ჩაიწვა, საკნის კარი გაიღო და იქიდან გამომიშვეს. თავისუფალი ვიყავი, მაგრამ დადეპორტებულს საქართველოში წამოსვლა არ გინდა? ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა. საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ვიზასაც გაუვიდა ვადა და არ განვაახლე. იქვე ხდებოდა ხოლმე გაგრძელება, „ლევად“, თუმცა, ამაზე უარი ვთქვი, რადგან საქართველოში ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ ამ დროს დამიჭირეს. ჩემთვის ყველაზე დიდი წმინდანი მამა გაბრიელია, მაგრამ არანაკლებ პატივს მივაგებ მოსკოველ უსინათლო წმინდანს დედა მატრონას. დახმარების სათხოვნელად მის საფლავზე გადავწყვიტე მისვლა. სასაფლაო ძალიან დიდ ტერიტორიაზე იყო გაშლილი. შიგნით რომ შევედი, არ მიკითხავს, სად იყო დასაფლავებული დედა მატრონა. ცოტა უცნაური კაცი ვარ, ჩემი გონება სულ რაღაცას ეძებს. ბევრი ვიარე, მაგრამ უშედეგოდ, ვერსად მივაგენი და უკან გამოვბრუნდი. კართან ერთი გაჭირვებული იჯდა და მითხრა, ხომ ვერაფრით დამეხმარებიო.
რაც შემეძლო მივეცი და წამოსასვლელად გამოვბრუნდი, როცა მისი ხმა გავიგე, რა ქენი, მიაგენი დედა მატრონას საფლავსო?! ეს გაჭირვებულის ბაგეებით წარმოთქმული უფლის სიტყვები იყო. ვერა-მეთქი, – მივუგე. მაშინ მე გასწავლი, როგორ უნდა მიხვიდე მასთანო და მართლაც მასწავლა. თურმე, ერთი სასწაული იქ მელოდა. მივედი და საფლავის სამთხვევად გამზადებული ადამიანების რიგს შევუერთდი. ამ დროს მოვიდა მღვდელი პარაკლისის გადასახდელად. როგორც კი მივედი და რიგში დავდექი, მღვდელმა ლოცვა დაიწყო. პარაკლისი დასრულდა, მივედი, ვემთხვიე დედა მატრონას საფლავს და მხოლოდ ეს ვუთხარი, შენ იცი, მე რაც მჭირდება-მეთქი. მას სიცოცხლეში აქვს ნათქვამი, თქვენ შეგიძლიათ, ჩემთან, როგორც ცოცხალ ადამიანთან, მოხვიდეთ და დახმარება მთხოვოთ, მე თქვენ გისმენთო.
ორი-სამი დღის შემდეგ მხვდება ერთი ქალბატონი და მეუბნება, შენ უნდა მიხვიდე ამა და ამ ადგილას და უთხრა, რომ საქართველოში დაბრუნება გინდა, დანარჩენი მათ იციანო. ასე აღმოვჩნდი მოსამართლესთან ერთი ერთზე. უვიზოდ გივლიათ ამ ქვეყანაში და რა არის ამის მიზეზიო, მკითხა მან. ტყუილის მოფიქრება არც მიცდია და პირდაპირ ვუთხარი, რომ ვიზა დამიმთავრდა და მის აღსადგენად საქართველოში ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ როგორც ჩანს, აქ ვეღარ ჩამოვალ-მეთქი. მოსამართლემ მკითხა, პატიოსანი კაცი ჩანხარ და საქართველოში დაბრუნება გინდაო? როგორ არ მინდა-მეთქი. მან გამიკეთა საბუთი, რომელიც საშუალებას მაძლევდა, ძალიან მცირე თანხად დავბრუნებულიყავი საქართველოში. ასე დამაჯილდოვა დედა მატრონამ.
ჩემს თავს ხშირად ხდება ასეთი მოვლენები. თითქოს უხილავი ხელი წარმართავს ჩემს ცხოვრებას. თქვენ წარმოიდგინეთ, მარცხიც კი დადებით შედეგებს მაძლევს ხოლმე და ვხვდები, რომ ასე იყო საჭირო. ცხოვრებაში ბევრჯერ დავცემულვარ, მაგრამ ღმერთს ისევ წამოვუყენებივარ. დიდმა ქარტეხილებმა და ქარბორბალებმა გადაიარეს ჩემს თავზე. იყო სარწმუნოების გადაცდენის საფრთხეც, მაგრამ უხილავმა ხელმა სასწაულად მიხსნა. ვაკვირდები და როცა სასიხარულო დღე მაქვს, ანუ, კარგ ამბავს ვიგებ ჩემზე, ოჯახის წევრზე ან მეგობარზე, ჩემდა გასაკვირად, ყოველთვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე არის ხოლმე. ეს არის ჩემთვის კიდევ ერთი აუხსნელი სასწაული და უფლის წყალობით, ასეთი ჩემს ცხოვრებაში არაერთია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან