საზოგადოება

როგორ „წააგო“ ღამე კოლაუ ნადირაძემ იეთიმ გურჯთან ერთად

№20

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 24.05, 2021 წელი

კოლაუ ნადირაძე
დაკოპირებულია

„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი…

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!..“

ეს ფრაგმენტი კოლაუ ნადირაძის ლექსიდანაა, რომელიც დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ წიგნში შევიდა და რომლის დაბეჭდვასაც გადაჰყვნენ გამომცემლობის მთავარი რედაქტორი მამუკა წიკლაური, მოადგილე იზა ორჯონიკიძე, განყოფილების გამგე გრიგოლ ჯულუხიძე, რედაქტორი ლეილა ბეროშვილი, მხატვრული რედაქტორი სპარტაკ ცინცაძე, მხატვარი კარლო ფაჩულია და ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი გურამ ვანიძე.

ამდენად, მომინდა, ამჟამად ამ ადამიანის დღიურები გადაგიშალოთ, რათა ახალმა თაობამ მოკლედ მაინც იცოდეს, თუ როგორი სახელოვანი ადამიანების ცხოვრობდნენ საქართველოში, რა დატოვეს მათ ჩვენთვის, რისთვის იღვაწეს და იბრძოლეს ამდენი. აი, საიდან მოდის სიამაყის გრძნობა, როცა მათ ხელნაწერებს ეხები, კითხულობ და შემდეგ შენ წერ.

ესეც მისი ჩანაწერებია. მას, სწორედ, ამ საინტერესო ლექსის შექმნის ისტორიით დავიწყებ, რომელიც ფონდის – „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ – ხელმძღვანელმა ნინო ჩხიკვიშვილიმა გამოაქვეყნა.

„აქა ამბავი კოლაუ ნადირაძის ლექსისა 1921 წლის 25 თებერვალი: რაკი ორჯონიკიძე (კოლაუსთვის უხსენებელი) ვახსენე, აქვე უნდა გავიხსენო ლექსი „1921 წლის 25 თებერვალი“. ამ ლექსმა აზიდა ფარზე კოლაუ ნადირაძე სიცოცხლის მიმწუხრს კიდევ ერთხელ, როგორც მოქალაქე, როგორც პოეტი და მამულიშვილი... უსაზღვროდ იყო გახარებული, როცა ეს ლექსი გაიპარა „პოეტის ათას სტრიქონში“ – ხომ ჩავეცი კომუნისტებს ლახვარი ზურგშიო! – მითხრა და მომიყვა, როგორ დაიბარეს იქ, სადაც ჯერ არს და დაჰკითხეს ახალგაზრდა ჩეკისტებმა. მაინც რად დაწერე „შემოდიოდა სიკვდილი ცელითო“?! – რომ მკითხეს, მივუგე – ყოველთვის სიმართლეს ვწერდი და, აბა, რაღა ახლა უნდა დამეწერა სიცრუე-მეთქი?! ასაკმა გადამარჩინა, თორემ ნამდვილად დამიჭერდნენო!.. ისე, ძველი დრო რომ ყოფილიყო, მხცოვან ცისფერყანწელს აუცილებლად გარიცხავდნენ მწერალთა კავშირიდან, ახლა კი უთქვამთ, ამ სხდომას ნუ დაესწრებითო… და არც დასწრებია! როგორც კოლაუს ვაჟი, ნუგზარი, იგონებს, მწერალთა კავშირში ყოფილან, როცა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარეს, შოთა ნიშნიანიძეს უთქვამს კოლაუსთვის: ცოტა ხანში მწერალთა საგანგებო სხდომაა დანიშნული, სადაც თქვენი საქმე განიხილება და უნდა დაესწროთო. მერე შოთა ხოზე ადეიშვილთან მისულა, რაღაცა უთქვამს და ჩქარი ნაბიჯით წასულა… ის იყო შოთა თვალს მიეფარა,

ხოზე ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: სხვათა თანდასწრებით მოიქცა შოთა ასე, თორემ თქვენ, ბატონო კოლაუ, ნუ დაესწრებით ამ კრებასო. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის სხდომას, რომელიც 1985 წლის 3 სექტემბერს გაიმართა, შოთა ნიშნიანიძე თავმჯდომარეობდა. ესწრებოდნენ ჯანსუღ ჩარკვიანი და თამაზ ჭილაძე. მდივანი – რეზო კვერენჩხილაძე... („არტინფო“)

შოთა ნიშნიანიძე: გუშინ ჩემთან, როგორც მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან, მოვიდა პოეტი ნიკოლოზ ნადირაძე და, როგორც აღსარება, ისე გამანდო შემდეგი:

„ცუდად გახმაურდა ეს ჩემი ლექსი, რომელიც, მართალია, 1966 წელს დავწერე, მაგრამ, დამიჯერეთ, ამ ხნის კაცს, არც კი მახსოვდა. გამართლება არა აქვს ამ ფაქტს, მაგრამ მაინც აგიხსნით, რა ვითარებაში დაიწერა ეს ლექსი. იმ დღეს პაოლო იაშვილის თავის მოკვლის დღე იყო. რამდენიმე მწერალთან ერთად, შ. დემეტრაძეც იქ იყო. ქაშვეთში წავედით, გრიგოლ ორბელიანის საფლავი ვინახულეთ, მათი სულის მოსახსენიებელი დავლიეთ, კარგად შეზარხოშებულნი დავიშალენით. სახლში მიმყვა ეს განწყობილება, გამახსენდა ყრმობის დრო, პაოლოსთან ერთად გატარებული დღეები, ტირილი ამივარდა… ასეთ კრიზისულ წუთებში დავწერე ეს ლექსი, ლექსად კი არ ვთვლი სინამდვილეში. წუთიერი სულიერი კრიზისი გადმოვანთხიე ქაღალდზე და ვაჩუქე შ. დემეტრაძეს, მივიწყებული მქონდა.

ვინც ეს ლექსი გამომცემლობაში მიიტანა, ის კაცი არის ყველაზე ბოროტმოქმედი, ავისმზრახველი როგორც ჩემ მიმართ, ასევე სახელმწიფოს მიმართ. ბრალს ვდებ გამომცემლობას, მე რომ ცოცხალი ვარ, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ. ჩემი არქივი მე მაქვს, ვიღაც ავისგანმზრახველმა მიასწავლა მაგათ, რომ მუზეუმში ინახებოდა ეს ავტოგრაფი. თუ ფაქსიმილე სჭირდებოდათ, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ? მე რომ თავად ცუდი განზრახვა მქონოდა, შემეძლო, მოდისიდენტო ჭკუანაღრძობი ხალხისათვის გადამეცა ეს ლექსი ან ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში რაღაცას ჩავიდენდი საძრახისს…“ ნ. ნადირაძე თვითონ ძალიან წუხს, სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს ისეთი ფაქტია და ამას ვამბობ, როგორც მოქალაქე, თავმჯდომარე, თქვენი კოლეგა, ეს იმდენად ამაზრზენი ფაქტია, არავითარი

გამართლება არა აქვს. ის შეძრწუნება, ჭირის ოფლში გავლა, რაც დაკავშირებულია ამ ლექსის წაკითხვასთან, არასოდეს დაავიწყდება იმას, ვისაც ეს ფაქტი გაახსენდება. ჩვენ ნ. ნადირაძეს ვთხოვეთ, მოსულიყო სამდივნოზე, მაგრამ 93 წლის კაცი ფიზიკურად დაუძლურებულია და სკლეროზიც მოჭარბებული აქვს. ეტყობა, ამიტომ ვერ გამოცხადდა. ჩვენ, როგორც მის კოლეგებს, სრული მორალური უფლება გვაქვს, ასეთი დანაშაულის, შეცდომის გამო ნ. ნადირაძე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გავრიცხოთ მწერალთა კავშირიდან. მაგრამ შემოქმედებითი ინტელიგენციისადმი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სათუთი და გულისხმიერი დამოკიდებულებით უნდა აიხსნას ის, რომ ამ ზომას არ მივმართავთ. ვითვალისწინებთ რა ღრმა მოხუცის ზემოთ მოყვანილ აღსარების, მონანიების სიტყვებს, არ მივმართავთ ამ უკიდურეს ზომას.

ჯანსუღ ჩარკვიანი: მე აღვშფოთდი, როცა ეს ლექსი წავიკითხე. ისეთი იდეური პოეტისგან, რომელსაც აქვს ლექსები „ლენინი“, „მავზოლეუმი“ და სხვა. არ მოველოდი ამგვარ პუბლიკაციას. სკლეროზულ მოვლენებზე იყო ლაპარაკი. 77 წლის ასაკში, როცა ეს ლექსი დაიწერა, ცხადია, კარგად ვერ იქნებოდა ნ. ნადირაძე. ამასთან ერთად, ვფიქრობ, მთვრალ მდგომარეობაში ყოფნამ, სიყრმის მეგობარი პოეტის მწარე ბედის გახსენებით გამოწვეულმა აგზნებამ დააწერინა. იმასაც დავძენ: მუზეუმში უამრავი რამ ინახება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიცეს. ისიც უნდა ითქვას: თავად საშინლად განიცდის ამ მდგომარეობას და ჩვენც მეტი რაღა უნდა ვუყოთ საცოდავ მოხუცს…

თამაზ ჭილაძე: ჩემი აზრი ემთხვევა შოთასა და ჯანსუღის აზრს. ნ. ნადირაძე შემთხვევითი პიროვნება არაა. ისეთი იდეური ლექსების ავტორისაგან, როგორიცაა მისი „წითელი მოედანი“, „მავზოლეუმი“ და სხვა, მართლაც, საკვირველია ასეთი ლექსის დაწერა. ეს არაა შეგნებული ნაბიჯი, რადგან მთელ მის ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ვიზიარებ ჩემი მეგობრების პოზიციას.

დაადგინეს: მწერალთა კავშირის სამდივნო, გამოხატავს რა მთელი ქართული მწერლობის აზრს, უკიდურეს გულისწყრომას გამოთქვამს ზემოხსენებული ფაქტის მიმართ და სასტიკად კიცხავს ნ. ნადირაძეს ჩვენი ასეთი შერცხვენისთვის (უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ფონდიდან N8, ჩანაწერი N1, საქმე N3248, ფურცელი 30-33).

***

კოლაუ ნადირაძე: „1923 წელს ჩამოვედი თბილისში, ძლიერ მომინდა ჩემი მეგობრების ნახვა, რომელნიც ქუთაისიდან ჩვენს სატახტო ქალაქში გადასახლდნენ. მომენატრა თბილისი, რომელიც ორი წელიწადი არ მენახა. ჟურნალ „დროშის“ რედაქციისაკენ გავეშურე – ვიცოდი, რომ იქ ვნახავდი ჩემი მეგობრების უმეტესობას. რედაქციის შესასვლელთან გაუგებრობის შედეგად პატარა, მაგრამ მეტად არასასიამოვნო ინციდენტის შემდეგ გავიცანი პოეტი გიორგი ქუჩიშვილი, რომელიც წინათ არ მენახა. რედაქციიდან სასწრაფოდ გამოსული პაოლო იაშვილის, სანდრო

შანშიაშვილის, გოგლა ლეონიძის, ტიციან ტაბიძისა და ალი არსენიშვილის წყალობით, საქმე სწრაფად მოგვარდა. ორი კვირის განმავლობაში, რაც მე თბილისში დავრჩი, ახლოს გავიცანი და დავუახლოვდი გიორგი ქუჩიშვილს, ამ გულწრფელ, შესანიშნავ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძის უახლოეს მეგობარს. ეს გახლდათ პოეტი საოცრად კეთილი, შინაგანად სპეტაკი, შთაგონებული სამშობლოს სიყვარულით, მისი რეალური ცხოვრებით. ეხ, თბილისში ოდესღაც გატარებულო დღეებო და ღამეებო! ჩვენ ისევ ვიხსენებთ ახლო წარსულს, ისევ მეგობრული სიყვარულით და ახალგაზრდული დაუღლელობით ვკლავთ დროს. თბილისის ქუჩებში ხეტიალი არ გვეზარება. უკვე დაოჯახებული მეგობრების წრეში მახარებს ყოფნა.

„ცისფერი ყანწების“ მესამე ნომრის გამოცემის საკითხი არ მოგვარდა. ჟურნალის გამოცემა უკვე რთულ პრობლემად გადაიქცა, რომლის გადაჭრა ჩვენი ძალებით უკვე აღარ შეგვეძლო. ერთ დღეს ძლიერ მომინდა იეთიმ გურჯის ნახვა და მასთან პურის ჭამა. შევხვდი. მე გავანდე მათ ჩემი სურვილი, რასაც მათი მოწონების დასტური მოჰყვა. გადავწყვიტეთ წასვლა „დენიკინთან“. ეს სახელწოდება, კაცმა არ იცის თუ რატომ, რისთვის ან ვინ შეარქვა ახლანდელ კოლმეურნეობის მოედანზე იმ დროს არსებულ ღვინის სარდაფის პატრონს, რომელსაც გარეგნობით სრულებით არაფერი საერთო ჰქონდა გენერალ დენიკინთან. „დენიკინი“ საკმაოდ ტანადი და ჯანიერი კაცი გახლდათ, სტუმრების კარგი, თავაზიანი მიმღები, მეტად მოსაწონი კახური ღვინით მოვაჭრე. მისი სარდაფი იყო მეზობლად იმ სარდაფისა, რომელიც ვაჟას, ვალერიან გუნიას, ილია აგლაძის, პავლე საყვარელიძის, შიო მღვიმელის საყვარელ სარდაფად ითვლებოდა (ამ სახელგანთქმულ სარდაფს „ქოსების“ სარდაფი ეწოდებოდა). ჩვენ მიერ არჩეული სარდაფი მოცულობით დიდი, საკმაოდ ტევადი, მუხის ლამაზი კასრებით იყო მიმზიდველი. ჩვენ რომ მას ვესტუმრეთ, დაახლოებით დღის 4 საათი იქნებოდა.

– მობრძანდით, პოეტებო, თქვენი ჭირიმე, კარდენახის წარაფებიდან ახლახან მიღებულ დედის რძესავით ღვინოს შეგასმევთ, მობრძანდით!

– ჩვენ კიდევ, ხრამული, დოში და გუდის ყველი მოვიტანეთ, ძვირფასო „დენიკინ“, შოთის პური გვაკლია! – უპასუხა ტიციანმა.

– შოთის პურიო! ეგ ჩემზედ იყოს, ამაზე ნუ გაირჯებით!

– ეგ ყველაფერი ჩინებულია, – ეუბნება გიორგი ქუჩიშვილი, – მაგრამ მთავარი ის არის, რომ იეთიმის ნახვა მოგვინდა!

– იეთიმისა? ჩვენი ძმისა? ღმერთო ჩემო, განა აქ არ არის?! მობრძანდით!

სარდაფში მართლაც იეთიმ გურჯი დაგვხვდა. ტიციანი, გიორგი და არნო მიესალმნენ იეთიმ გურჯს, როგორც კარგ ნაცნობს და უამბეს ჩემ შესახებ. იეთიმმა ხელები სიხარულით გამომიწოდა.

– ლიხთიქითურ მხარიდან ჩამოსულ სტუმარს, პოეტს, ჩემი სალამი და ჩემი ალალი გული, – თქვა მან. ჩვენ გადავეხვიეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი.

– მომეცით, ამხანაგებო, უფლება ამ პატარა ჭიქით შევსვა პირველად სტუმრის გასაცნობი და თანაც ჩემი ლექსი შევკადრო!

გაუმარჯოს საქართველოს მთა-ველსა,

მშობელ ქვეყნის, ჩვენი დედის არესა,

ლიხთაქეთურ, ლიხთიქითურ მხარესა!

ჩემს წინ იდგა თავისი განუყრელი, გახუნებული ნაბდითა და ხელში ღვინით სავსე ქამრიანი ჭიქით, შესანიშნავი ქართველი აშუღი, შესანიშნავი პოეტი იეთიმ გურჯი, რომელიც ასე უყვარდა ქართველ ხალხს, მთელ თბილისს, ყველას, ვისაც ოდნავ ესმის და უყვარს პოეზია. მე კი თან დამდევდა მისი ლექსების სტრიქონები: „წყალში ვდგევარ – ცეცხლი მიკიდია“. „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი“. „რათ მინდოდა, მშრალ ქვიშაზე მებადურად რომ დავმდგარვარ“ (წყარო: „ბურუსი“). „ქვამარილით ბანს ვაშენებ, ჩემი სახლის დასახურად“, „ქრისტეს მცნებით რათ მოვსულვარ მახმადის კარს სამსახურად!“

– კარგი იქნებოდა, ჩვენს პურისჭამას ალექსიც დასწრებოდა! ერთი ფეხით გაგასწროთ.

– ვინ ალექსი? – ვეკითხებით.

– ვინ და ჩემი ძმაკაცი, ალექსი ბარნოვი, პატიოსანი ადამიანი, აი, ჩვენი დიდი მწერლის, ბატონ ვასილ ბარნოვის ახლო ნათესავი. უკვე ღამდება. ჩვენ დაშლას ვაპირებთ. ბევრი ძმური სადღეგრძელოა შესმული, მაგრამ ტიციანი, ჩვეულებრივი დაუცხრომლობით, წინადადებას იძლევა:

– ახლა დავემშვიდობოთ „დენიკინს“ და ავეტიკს მთელი შემადგენლობით ვეწვიოთ. იქ დავასრულოთ ეს დროსტარებაც!

ტიციანის წინადადებას ერთსულოვნად მხარს ვუჭერთ.

პუშკინის ქუჩით მივდივართ სარდაფისაკენ, რომელიც პუშკინის სახელობის სკვერის პირდაპირ იყო. იქ ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საერთოდ სახელგანთქმული ავეტიკა იმყოფება. იეთიმ გურჯი მხიარულია და ბედნიერი.

ავეტიკა დიდი პატივისცემით გვღებულობს ჩვენ და მხიარული ეგებება იეთიმს.

– იეთიმ, ძმაო, გავიგე, ავლაბრიდან აქეთ, ჩვენკენ გადმოგიტანია გუდა-ნაბადი! კარგი გიქნია, ჩემმა მზემ, თორემ უშენობა ძლიერ ემჩნეოდა აქაურობას.

– გადმოვბარგდი, ძვირფასო ავეტიკ, ჩემი ავლადიდებითა! შენც მომენატრე, განა გულმავიწყობა მჩვევია?! ეხლა „დენიკინიდან“ მოვაბიჯებთ…

– მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით, ჩემი ღვინოც გასიჯნეთ, იგემეთ! შენ კი, იეთიმ, ჩემი დიდი მადლობა ამ პატიოსანი ხალხის მოყვანისათვის. განა, ქართველი პოეტებისათვის ჯანის დახარჯვა დამზარდება?!

– ნურაფერს მოითხოვთ, ბატონებო, ავეტიკმა თავად იცის, რაც გეამებათ: იმას მოგართმევთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება!

– აბა, ავეტიკ, შენებურად! – ეუბნება იეთიმი, დამიმშვენე ეხლა ჩემი სიღარიბე, სიმდიდრეს ხომ დამშვენება აროდეს დასჭირვებია!

– ბატონებო, მობრძანდით, მოილხინეთ! იეთიმ კეთილო, სიღარიბე ჭირს წაუღია. ჩვენ გულით მდიდარი უნდა ვიყოთ და ვართ! რომელ დამშვენებაზე მეუბნები? განა შენ დამშვენება გაკლია, დამშვენებული არა ხარ? ჩემი თუ არა გჯერა, შენს მეგობრებს დაეკითხე – მათ უკეთ იციან! მართლაც, კარგი სუფრა გაიშალა. ჩვენი დროსტარება მედუდუკეთა სიმღერამ დააგვირგვინა, სიმღერებმა იეთიმ გურჯის ლექსებზე აჟღერებულმა. შეზარხოშებული და საკუთარი ლექსების მოსმენით გარინდული იეთიმ გურჯი სუფრის ბოლოში ზის დაიდაყვებულ ხელებზე თავდაყრდნობილი. ვემშვიდობებით ერთმანეთს: როგორღაც იეთიმი, ტიციანი და მე მარტონი ვრჩებით და გაყრას ვაგვიანებთ.

– ძვირფასო ნიკო, ძვირფასო ტიციან, – გვეუბნება იეთიმი, – ჩვენ ხომ სიყვარულსა და მეგობრობაში გავატარეთ დღე, მოდი, ახლა ეს ღამე წავაგოთ ერთად, აი, იმ პატარა ბაღში, ჩვენ გვერდით რომ არის, სადაც პუშკინის ძეგლია. ხედავთ, როგორი მაღალი ხეებია იქ! ხედავთ, რაც კი ახლომახლო ყვავ-ყორნებია, იქ, იმ ხეებზე აურზაურით ათევენ ღამეს. ჩვენც წამოვწვეთ იქ, იმ ხეების ახლოს, პუშკინის გვერდით. თბილი ღამეა, ტკბილად დაგვეძინება. გავაღებ ჩემს ნაბადს, მოვისვენებთ, დილით კი, ვიდრე მზე ამოვა, ისევ ამ ქუჩას გადავლახავთ, ისევ ავეტიკს ვეწვევით და ის თავისი სახელგანთქმული ხაშით გაგვიმასპინძლდება. ასეთ ხაშს ხომ თბილისში ვერავინ აკეთებს! მაშ ასე, წავაგოთ ღამე!

– ღამე წავაგოთ? – გაკვირვებული ვეკითხები იეთიმ გურჯს, ტიციანი იცინის.

– დიახ, პატივცემულო ნიკო, ასე ვუწოდებ ამგვარად გატარებულ ღამეს, წავაგოთ ღამე ისე, როგორც ბოლოს და ბოლოს, დასასრულს, ყველაფერს ვაგებთ ჩვენ ამ დუხჭირ ცხოვრების სავალალო ორომტრიალში… ღამე ხომ დაყუჩების, დადუმების, დაბოლოების მანიშნებელია!

იეთიმმა მიწაზე გაშალა თავისი ნაბადი. წამოვწექით, დავიძინეთ და გავათენეთ. ყვავ-ყორნების ჩხავილს არ შევუწუხებივართ…

ქუთაისში წასვლამდე, კიდევ ორჯერ მომიხდა იეთიმ გურჯთან ღამის წაგება – ერთხელ პაოლოსთან, მეორედ კი ტიციანთან და ეღიშე ჩარენცთან ერთად.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა