საზოგადოება

როგორ წააგო აკაკი წერეთელმა ბანქოში მადათოვის კუნძული და როგორ დაუწერა მან იქვე უცებ ილია ჭავჭავაძის ატირებულ სატრფოს, ნატო გაბუნიას პიესა - „კინტო“

№5

ავტორი: ეკატერინე პატარაია 13:00 07.02

ივანე მაჩაბელი
დაკოპირებულია

„ქართული თეატრის ამბავი, ანუ…“ – ნიკოლოზ წულუკიძემ მესხიშვილის თეატრში ქუთაისელ მაყურებელთან ქართული თეატრის ისტორიის შესახებ ისაუბრა. პერფორმანსის სახით წარმოდგენილი იყო ქართული თეატრის აქამდე უცნობი ისტორიები, ის, რასაც ცენზურა მალავდა და დღეს ჩვენამდე მხოლოდ ვიწრო წრეებში შემონახული ამბებით მოვიდა. მოთხრობილი იყო იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც ქართული თეატრის აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ჩვენ ამ სასიამოვნო საღამოს ვიდეოს ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ დღეს.

ერეკლეს კარის თეატრი

სამშობლოში დაბრუნებულმა მეომრებმა მეფე ერეკლეს უთხრეს: იქ ერთი არაჩვეულებრივი დაწესებულებაა. საღამოობით ადამიანები მიდიან, ცეკვავენ, მღერიან და თუ კარგად მოიქცევი, ზოგიერთი ქალბატონი სახლშიც მოგყვებაო. მოდი, ასეთი დაწესებულება საქართველოშიც დავაარსოთო და ასე გადაწყდა შექმნილიყო ერეკლეს კარის თეატრი. მეფე ერეკლემ მოიხმო მაშინდელი სასულიერო სემინარიის რექტორი, გაიოზი და უთხრა: შეკრიბე დასი და სამეფო კარის თეატრი დავაარსოთო.

გაბრიელ მაიორი და ბრძოლის ველზე დაღუპული მაჩაბლის მთელი დასი

გაბრიელ მაიორი – (გვარი უცნობია) ქართველი დრამატურგი, მსახიობი, თეატრალური და სამხედრო მოღვაწე. ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც გამოჩნდებოდა თუ არა, მის ირგვლივ ხალხი შეიკრიბებოდა. ხშირად ძალიან ბევრ ტყუილს ჰყვებოდა, მაგრამ მისი მოსმენა ყველას ძალიან სიამოვნებდა. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ტფილისის მცხოვრებლებმა შეიარაღებული რაზმი შექმნეს, ბრძოლის წინა ხაზზე დააყენეს მაჩაბელას დასი გაბრიელ მაიორის ხელმძღვანელობით. დასს მისცეს მუსიკალური საკრავები და ასე, ცეკვითა და სიმღერით გაუძღვა ქართველთა ლაშქარს ეს დასი. ამ ბრძოლაში ყველა დაიღუპა. მსოფლიო თეატრის ისტორიაში ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მოღვაწე ყველა მსახიობი ერთ დღეს დაიღუპა.

არაჩვეულებრივი „გაყრა“

... გიორგი ერისთავი 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. გადასახლებიდან დაბრუნდა და რომ მიხვდა, ქართულ ენა სასწრაფოდ გადასარჩენი იყო, გადაწყვიტა, ვორონცოვისთვის დაემტკიცებინა თეატრის აღდგენის მნიშვნელობა. მან, დიმიტრი ყიფიანთან ერთად, ძალიან ბევრი იშრომა და 1850 წლის 14 იანვარს პირველი კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიხსნა თეატრი. წარმოადგინეს მისივე პიესა „გაყრა“. ერისთავმა თვითონვე ითამაშა სომეხი ვაჭრის – კარაპეტას როლი.

„ყოფნა, არ ყოფნა“...

ივანე მაჩაბელი - მას შეეძლო, 12 ენიდან ეთარგმნა ქართულად პიესები და მართლაც, გასაოცარი ხარისხის ლიტერატურული თუ დრამატული ტექსტები იქმნებოდა. მაგალითად, ჰამლეტის ცნობილი ეს მონოლოგი – „ყოფნა? არ ყოფნა? საკითხავი, აი, ეს არის“. მანამდე, ეს პიესა სხვა ავტორებსაც ჰქონდათ ნათარგმნი – ლავრენტი არდაზიანს, ანტონ ფურცელაძეს. ეს ცნობილი მონოლოგი ლავრენტი არდაზიანთან ასე ჟღერდა: „ვიყო თუ არ ვიყო აჰა, რას ვკითხავ, ორივე ერთი და იგივე ჯანდაბაოო. ანტონ ფურცელაძესთან კი, ასე ჟღერდა: სიცოცხლე თუ სიკვდილი, თუ არა და, თავშიაც ქვა გიხლიაო.

ლადო მესხიშვილი – ქალთა რისხვა

ქალთა რისხვა - ეს ლადო მესხიშვილი გახლდათ. ცხენით შევარდებოდა ხოლმე თეატრში, ავარდებოდა სცენაზე და ქალბატონებს მისი ყურებით ლამის სული სძვრებოდათ, პირდაპირი მნიშვნელობით. დარბაზის პირველი რიგის ბილეთი სამჯერ უფრო ძვირი იყო, რათა ახლოდან დაენახათ ლადო მესხიშვილი. ერთ-ერთ სპექტაკლში ასეთი მიზანსცენა იყო: თურმე, ჩამოვიდოდა პირველ რიგში, მივიდოდა რომელიმე ქალბატონთან და ეტყოდა: ხომ მეთანხმებით, ქალბატონო და, ის ქალბატონი კის რომ ეტყოდა, ამას რაღაცნაიარი კვნესა აღმოხდებოდა და აი, ამ კვნესაში ქალები სამმაგს იხდიდნენ.

მადათოვის კუნძული და მსახიობი ქალით გადარეული აკაკი წერეთელი

ეს არ იყო ერთადერთი ამბავი, რასაც ნატო გაბუნიაზე ჰყვებოდნენ. ამბობდნენ, რომ ნატო გაბუნია შალვა დადიანსაც უყვარდა, სუმბათაშვილ-იუჟინსაც, აკაკი წერეთელი აღფრთოვანებული იყოო... ერთხელაც, აკაკი წერეთელი ნატო გაბუნიას მადათოვის კუნძულზე შეხვედრია. ცნობისათვის, მადათოვის კუნძული გახლდათ იქ, სადაც ახლა დედა ენის ძეგლი დგას. ამ ადგილას ადრე ბუნებრივად წარმოქმნილი კუნძული იყო. მტკვარი ორ ნაწილად იყოფოდა და აი, იმ კუნძულზე ქალბატონები დღისით ფარდაგებს რეცხავდნენ, საღამოობით სპექტაკლებს გაითამაშებდნენ ხოლმე. აკაკი წერეთელი ბანქოს სათამაშოდ მისულა და ხედავს (სხვათა შორის, მერე ეს კუნძულიც ბანქოში წააგეს), რომ ნატო გაბუნია ტირის. ტირილის მიზეზად უთქვამს – საბენეფისოდ სპექტაკლი არ მაქვს, რომ ვითამაშოო... ერთ ღამეში დაუწერია აკაკი წერეთელს მისთვის პიესა „კინტო“. „კი ვიცი, ნატო გაბუნია აკრძალული ხილია, ეს ხილი ილია ჭავჭავაძეს უყვარს, მაგრამ პიესა მაინც უნდა დავწერო“, – უთქვამს მგოსანს. აი, ასე დაიწერა მისთვის ეს არაჩვეულებრივი პიესა. 1880 წლის 9 იანვარს ნატოს პირველი ბენეფისი გაიმართა, სადაც იგი ორ პიესაში თამაშობდა – „კინტო“ და „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. ბენეფისმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.

ბერიას პირადი მტერი – ახმეტელი

მანქანა გაჩერდა და ბერია გადმოვიდა. მსახიობებმა, მათ შორის ახმეტელმა, გადასძახეს ფანჯრიდან, – ლავრენტი, ამოდი, ნარდი ვითამაშოთო. წადი, თქვენიო, – უთხრა ბერიამ და გზა გააგრძელა. ახმეტელი კახელი იყო. წადი შენიო?.. და, დაუმთავრა. იმ ერთმა მზვერავმა, რატომ აგინებ ლავრენტი პავლოვიჩსო?.. ბერიამ გამოიხედა. მზერა გააჩერა. მერე გზა გააგრძელა. ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ მერე ყველა ის დანარჩენი 37-ში იმსხვერპლეს, მაგრამ ახმეტელი იყო ბერიას პირადი მტერი! დააპატიმრეს სანდრო ახმეტელი და ვინც გააცილა, მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ხალხის მტერს ხელი დაუქნია. დახვრიტეს დოდო აბაშიძის მამა, დახვრიტეს ხათუნა ჭიჭინაძე, 23 წლის გოგო, რომლის სურათსაც სესილია თაყაიშვილი მთელი ცხოვრება საგრიმიორო სარკის უკან მალავდა. გამოიღებდა სურათს, იტირებდა, აკოცებდა და ისევ შეინახავდა. ეშინოდა, ვინმეს ეს არ დაენახა. ახმეტელის დახვრეტიდან რამდენიმე დღეში დაიბარეს რუსთაველის თეატრის მუზეუმის თანამშრომელი ესტატე ბერიაშვილი და უთხრეს: ჩამოიტანე ყველა ფოტო, ყველა აფიშა, ყველა პროგრამა, ყველა ჩანაწერი, ყველაფერი ის, სადაც რაიმე არის ახმეტელის, წაუკიდე ცეცხლი და ეზოში ხალხის დასანახავად დაწვიო. ესტატე ბერიაშვილმა ჩაიტანა დასტა ქაღალდებისა და დიდი ცეცხლი დაანთო. არცერთი ფურცელი იმ ცეცხლში სანდრო ახმეტელისა არ იყო. ესტატე ბერიაშვილი ყოველდღე თითო-თითო ფურცელს იდებდა უბეში და სახლში მიჰქონდა... სხვათა შორის, კოტე მარჯანიშვილი 1933 წელს თავისი სიკვდილით რომ არ მომკვდარიყო, ბერიას ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, რომ 37-ში ისიც დახვრეტილიყო.

ლიზა ბებოს – ელისაბედ ჩერქეზიშვილის ბოჰემა

ელისაბედ ჩერქეზიშვილი იყო უკანასკნელი ქალი, რომელიც თბილისში ჩიხტიკოპით დადიოდა. ელისაბედ ჩერქეზიშვილი იყო ბოლო, რომელმაც ჩიხტიკოპი და ძველებური ქართული კაბა წაიღო ამ ქვეყნიდან. მისდამი დამოკიდებულების გამო გასაოცარი რამ მოხდა მის დაკრძალვაზე მარჯანიშვილის თეატრში. უკანასკნელ გზაზე მისი ცხედარი მარჯანიშვილის თეატრიდან ოთხმა ქალმა გამოიტანა – ვერიკო ანჯაფარიძემ, სესილია თაყაიშვილმა, ნატა ვაჩნაძემ და თამარ ჭავჭავაძემ. ეს იყო გამოთხოვება იმ ბოჰემასთან, რომელიც ლიზა ბებოსთან ერთად სულ იყო (ლიზა ბებო – ელისაბედ ჩერქეზიშვილი, „ქეთო და კოტეში“, ქეთოს ბებოს რომ თამაშობს, ის ქალბატონია, რომელმაც თან წაიღო იმ თაობის ყოფა და იმ თაობის ქართული თეატრი).

,,რას ვეძებდი და რა ვიპოვე”

ილია ჭავჭავაძემ სპეციალურად ისწავლა ინგლისური, რომ შექსპირის ,,მეფე ლირი” ეთარგმნა (ივანე მაჩაბელთან ერთად), თვითონვე იყო ლირის როლის პირველი შემსრულებელი საქართველოში. ამით, თეატრის პოპულარიზაციასთან ერთად, ქართული ენის გადარჩენას შეუწყო ხელი. თეატრის აღდგენის იდეით შეშინებულმა რუსმა ჩინოვნიკებმა გამოსცეს დადგენილება – ,,საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აიკრძალოს ქართულად ლაპარაკი!“ ამრიგად, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ქართულად ლაპარაკი აკრძალეს. ილიამ აქაც მოიფიქრა გამოსავალი, სპექტაკლი წარმოადგინეს ცოცხალი სურათების სახით (ანუ მუნჯურად), შეაკერინა დიდი ბიაზის ოთახი, დადგა სცენის კუთხეში და დასვა ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა იმ ტექსტს, რისი შესატყვისი მოქმედებაც ვითარდებოდა სცენაზე. დარბაზში შემოვარდა გაშმაგებული ჟანდარმერია, არტისტების დასაჭერად, რაზეც ილიამ მიუგო – დადგენილებაში წერია ორი ან მეტი ადამიანი, ბარბარე კი თავისთვის ზის ოთახში და ხმამაღლა კითხულობს ,,მეფე ლირსო”. სწორედ ილიას თაოსნობით აღდგა და გაიხსნა ქართული თეატრი 1879 წელს ბარბარე ჯორჯაძის პიესით – „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული