როგორ სტკიოდა გოგი დოლიძეს საქართველო და ჰქონდა თუ არა მას ნაკლი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 21:00 05.02
1954 წლის 5 სექტემბერს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, გოგოლის ქუჩაზე, დაიბადა, დაიბადა ეს საწაული, სახელად – გოგი დოლიძე, რომლის ხმაც საქართველოსთვის დიდი ეროვნული საგანძური გახდა. ათი წლით უფროს დას, ლალის, ხშირად უწევდა ძმისთვის დედობრივი მზრუნველობის გაწევა. ბავშვებს შორის დიდი შუალედი ერთმა ფაქტორმა განაპირობა – მშობლებს სამი წლის ლალი რკინიგზის სადგურზე ხალხმრავლობაში დაუკარგავთ და ფეხმძიმე დედას შიშისგან მუცელი მოსწყვეტია. გოგის გაჩენა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. გოგის სულ პატარას დაუწყია სიმღერა, ისევე როგორც ბევრ ცნობილ მომღერალს, მუსიკოსს. ბაღის ასაკში სულ პირველად ტელევიზიით შეუსრულებია – „ნუ გაშინებს ჩიტუნა“. ოჯახისთვის მისი სიმღერა მოულოდნელი არ ყოფილა. მისი მშობლები აქვსენტი მეგრელიძის მიერ ჩამოყალიბებულ რადიოკომიტეტის ანსამბლში მღეროდნენ, ხალხური სიმღერის მოტრფიალენი იყვნენ. დამ, ლალიმ, კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება წარმატებით დაამთავრა და სამუსიკო სკოლაში პედაგოგად რამდენიმე წელი იმუშავა. გოგი კი შვიდი წლის ასაკში თავისი სურვილით შევიდა სამუსიკო სკოლაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტს მიაშურა და სიმღერა უკვე იქ გააგრძელა, ინსტიტუტთან არსებულ საესტრადო ანსამბლში. მამამისი, ლეონიდე დოლიძე, პროფესიით ეკონომისტი იყო. დედა, ქეთევანი, მოსწავლეებს ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა. ლალი დოლიძე გააცოცხლებს ძმის და მთელი მათი ოჯახის ისტორიას.
ბავშვობა
...დედას და მამას არაფრისთვის ეცალათ. ზაფხულობით გოგი მე მიმყავდა სოფელში. ძალიან მოძრავი, ცოცხალი ბავშვი იყო, ცელქი, მოსიყვარულე და სიკეთით სავსე. ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, გოგი სახლში შემოსულიყო და არ გადავეკოცნე და ასევე, სახლიდან გასვლისას. რომ ვეფერებოდი ზურგზე ხელს ვუსვამდი ხოლმე. მეტყოდა: მამა (ასე მიმართავდა გოგი ოჯახის წევრებს), შენ რომ ზურგზე ხელს მისვამ, ასე არავინ მეფერებაო... უკან სადევნელი ბიჭი არასდროს ყოფილა. მშობლებს არ ჰქონდათ ის განცდა, რომ შეიძლებოდა, გზას ასცდენოდა. მათგან აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა. მშობლები იმდენად გვენდობოდნენ, რომ როგორც გითხარით, გოგი სოფელში მე მიმყავდა, მარტოს. მერე – ზღვაზე, იქიდანაც უკან მარტო ვბრუნდებოდით. ვერ გეტყვით, ისინი ამას გაცნობიერებულად აკეთებდნენ თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ ეს ნდობის მომენტი იყო... დედაჩვენი მართლა საოცარი ქალი იყო. მასთან არაფერი გვქონდა დაფარული. გოგი რომ არ იყო, მისი მეგობრები მოდიოდნენ დედაჩემთან და უყვებოდნენ თავიანთ თავგადასავლებს, რჩევებს სთხოვდნენ. ჩვენ ძალიან დიდი სამეგობრო გვყავდა, უფრო მეტი – გოგის. მეგობრების სული და გული იყო. მან რომ იცხოვრა, ალბათ, ასეთი ცხოვრება არავის შეუძლია. ყველას ტკივილი ხომ მისი ტკივილი იყო, ყველას პრობლემა – მისი პრობლემა, მღეროდა იმას, რასაც ძლიერ განიცდიდა, საქართველო სტკიოდა. რომ მკითხოთ, რა იყო მისი ნაკლიო, გოგი იმდენად მიყვარდა, რომ ნამდვილად ვერ ვხედავდი მასში რამე უარყოფით თვისებას. უარყოფითად ის მიმაჩნდა, რასაც თვითონ დადებითად თვლიდა. არ იცოდა ადამიანების გარჩევა – ვინ იყო მისი მოყვარე, ვინ მტერი. ყველა ერთნაირად უყვარდა. არ იცოდა სიტუაციის საღად დანახვა, ყველაფერს და ყველას თავისი საზომით, გულით ზომავდა. აბსოლუტურად ყველასთან შეეძლო მეგობრობა.
პირადი ცხოვრება
...არასოდეს ცხვირი არ ჩამიყვია მის პირად ცხოვრებაში. საერთოდ, ვფიქრობ, ადამიანს რაღაც დრო სჭირდება იმისთვის, რათა კარგად გაიცნოს პიროვნება, მომავალი ცხოვრების თანამგზავრი. ყველა ოჯახში ხდება უსიამოვნება, მაგრამ ქალის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ქალს უფრო მეტი მოთმინება მართებს. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. სადაც დიდი სიყვარულია, იქ უარყოფითი მეორე პლანზე ინაცვლებს. მხოლოდ ცოლებზე არ მაქვს ლაპარაკი, მამაკაცებსაც ვგულიხმობ თავისთავად. ერთი მომენტი იყო, მხოლოდ ამას ვიტყვი, როცა ბავშვმა მითხრა, ლევანიკომ: მამიდა, იქნებ დედა და მამა შევარიგოთო. მაშინ ლევანი, ალბათ, რვა წლის იქნებოდა. არ მინდა, ამით ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ როცა დავსხედით და ამაზე სერიოზულად ვისაუბრეთ, გოგიმ არ მიიღო ჩემი ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვზე ჭკუას კარგავდა, გიჟდებოდა... შიგადაშიგ ფეთქებადიც იყო. როცა არასასიამოვნო ამბავს გაიგებდა, ვატყობდი, თანდათან როგორ წაუვიდოდა ფერი და დაიძაბებოდა. ყვირილი და წივილი ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა.
ჩემთვის გოგის გარდაცვალება იმდენად ტრაგიკული იყო, მეგონა, საერთოდ ქვეყანა დაინგრა, ირგვლივ აღარაფერი იყო, ვეღარაფერს ვხედავდი, მართლა თვალთ დამიბნელდა. ჩემთვის ძალიან დიდი იმედი იყო. გურულებს აქვთ ასეთი გამოთქმა: შემომძახებელი აღარ ჰყავსო. აი, ეს იმედი გამიქრა. ფიზიკურად ვარსებობ, თორემ სულიერად მაშინ წავედი, როცა გოგი გარდაიცვალა. მასთან ერთად წავედი იქ.
საკუთარი ხმა
ერთ-ერთ რეგიონში კონცერტი თითქმის ჩაიშალა – აპარატურის მიტანა და აწყობა დაგვიანდა. დარბაზში ხალხი იცდიდა და ნერვიულობდა. ორგანიზატორები კი სცენაზე ასვლას აჭიანურებდნენ. გოგი კულისებში იდგა და ხედავდა, რომ სიტუაცია კონტროლს კარგავდა. მოულოდნელად, ყოველგვარი გახმოვანების გარეშე მარტო გამოვიდა სცენაზე და დაიწყო სიმღერა. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე წუთში ხალხმა ტაშის დაკვრა დაიწყო და გოგის ასე აყვა ხმამაღლა სიმღერაში, აპარატურა მოგვიანებით კი აიწყო და დაიწყეს დაკვრა, მაგრამ კონცერტი უკვე დაწყებული იყო. ამ ამბავს ხშირად იხსენებდნენ, როგორც მაგალითს იმისა, რომ ის სცენაზე, ტექნიკაზე მეტად, საკუთარ ხმას ენდობოდა.
ჰიტი
იყო პერიოდი, როცა მას კომერციულად ძალიან მომგებიან სიმღერას სთავაზობდნენ, გაჰიტების გარანტიით. ტექტსიც და მუსიკაც პოპულარული გახდებოდა, მაგრამ თავად გოგიმ უარი თქვა. მიზეზი მარტივი იყო: „ეს, ჩემი სათქმელი არ არის“. ამბობენ, რომ იმავე სიმღერამ სხვა მომღერლის შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა, გოგის ამაზე არასოდეს უსაუბრია წყენით, პირიქით, მშვიდად ამბობდა, რომ სიმღერა შეიძლება, ჰიტი იყოს, მაგრამ მაინც არ იყოს შენიო.
სიმღერა საკუთარი თავისთვის
ერთი ოჯახის ლხინის სუფრაზე, ქორწილში, სადაც გოგი სტუმრად იყო მიწვეული, მისთვის არავის უთხოვია სიმღერა, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეგდოთ, ერიდებოდნენ თხოვნას, თუმცა, ყველა ელოდა მის სიმღერას, თან ყველამ კარგად იცოდა, რომ ასე არ იყო დაგეგმილი. გვიან ღამით, როცა უკვე სუფრა თითქმის დაიცალა ზედმეტი ხმაურისაგან, გოგი წამოდგა, მიკროფონისა და მინუს ფონოგრამის გარეშე დაიწყო ქართული ხალხური სიმღერა. ამბობენ, რომ იმ მომენტში ყველა ადგილზე გაშეშდა, არავინ აღარ ჭამდა, გაჩუმდნენ. ეს არ იყო კონცერტი. ეს იყო სიმღერა საკუთარი თავისთვის, რომელსაც სხვები შეესწრნენ. მეორე დღეს ყველა ლაპარაკობდა, რომ ეს იყო საღამოს ყველაზე ძლიერი ეპიზოდი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღის გეგმაში სიმღერა არ შედიოდა.
მძიმე ქართული სიმღერა
ერთხელ, გოგი ვიღაცის დაკრძალვაზე აღმოჩნდა. გარდაცვლილი ოჯახის წევრი მისი დიდი თაყვანისმცემელი იყო. ოჯახმა სთხოვა, ემღერა. თავიდან გოგიმ კატეგორიულად უარი თქვა, ეს არ არის სიმღერისთვის შესაფერისი ადგილიო. როცა კუბო ეზოდან გაჰქონდათ და ქალის ტირილი აჭარბებდა, მოულოდნელად გოგი ნელი ნაბიჯებით, თავჩაღუნული გამოეყო ხალხს, აღარც თხოვნა, არც მიკროფონი, უბრალოდ, დაიწყო ერთი ძველი, მძიმე ქართული სიმღერა, ისეთი, რომელსაც ბოლომდე ვერავინ უსმენს მშვიდად, დიდი ემოციების გარეშე. ამბობენ, რომ ტირილი მიჩუმდა, აღარ იყო აქეთ-იქეთ მითქმა-მოთქმა, მხოლოდ ჩუმი ხმით ტიროდნენ მის ნამღერზე. სიმღერის შემდეგ მალევე გაეცალა იქაურობას, არავის შეხედა, არავის მადლობა არ უთქვამს მისთვის, უბრალოდ, წავიდა. მერეც ამბობდნენ, რომ იმ დღეს გოგის ნამღერი ის სიმღერა, ერთადერთი რამ იყო, რაც ადამიანებს გააერთიანებდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





