როგორ შეცვალა ლენონმა ლევან შენგელიას ცხოვრება და როგორ მიიღო ის ერთდროულად ცხრა უნივერსიტეტმა ამერიკაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.03, 2022 წელი
ლევან შენგელია ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსია, რომელმაც წარმატებისკენ სვლა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო და მიზნამდე მისაღწევად ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა.
ლევან შენგელია: დავიბადე და გავიზარდე სამტრედიაში. ექვსი წლიდან დავიწყე მუსიკის სწავლა. ძალიან ზარმაცი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ მუსიკოსი უნდა გამოვსულიყავი. ოჯახში მუსიკალური ნიჭი არავის ჰქონდა, მაგრამ მე შთაგონებული ვიყავი ამ პროფესიით. დაბა კულაშის მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი, როცა მუსიკალური კომისია ჩამოვიდა და მომისმინა. მათ გადაწყვიტეს, რომ სწავლა თბილისში, კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში უნდა გამეგრძელებინა და მეშვიდე კლასში სამტრედიიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.
– დედაქალაქში პატარას მარტო არ გაგიჭირდათ?
– 12 წლის ვიყავი, მაგრამ არ გამჭირვებია. მუსიკალური ათწლედის ინტერნატში ვცხოვრობდი. მუსიკოსი აღმზრდელები გვყავდა, ყველაფერი უფასოდ გვქონდა, სტიპენდიასაც გვაძლევდნენ. ეს იყო სკოლა, სადაც 24 საათი მუსიკით ვიყავით დაკავებული.
– ეს არ გეზარებოდათ?
– სულ მუსიკას ვუსმენდი, მაგრამ როიალთან დიდი ხანი მეცადინეობისთვის ნებისყოფა არ მყოფნიდა. მინდოდა, მუსიკოსი გამოვსულიყავი, მაგრამ მეცადინეობის პროცესი არ მიყვარდა. პირდაპირ შედეგზე ვოცნებობდი. მაგრამ, როცა თბილისში ჩამოვედი, მაშინ დავინახე ნამდვილი მუსიკა. საოცარი ადამიანების გვერდით მოვხვდი. დღეს ამ ადამიანებიდან ყველა ძალიან წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით. იქ უკვე სხვანაირად შევხედე ამ პასუხისმგებლობას. მუსიკალურის დირექტორი გენიალური გივი ხატიაშვილი იყო. მან და შურა თოდუამ მომისმინეს, რომელთანაც წლები ვცხოვრობდი, ის ჩემს დედობილად გადაიქცა. გივიმ კი რომ მომისმინა, თქვა, ეს ძალიან ნიჭიერი ჩანს ან თამაშობსო. ჩემი ჯგუფელები პირველი კლასიდან სწავლობდნენ იმ სკოლაში და მე იმ პირობით ჩამრიცხეს, რომ თანატოლებს მალე უნდა დავწეოდი. მაშინ გამიჩნდა ამბიცია და არანორმალურად დავიწყე მეცადინეობა. თუმცა, სხვა თუ რვა საათი მეცადინეობდა, მე ორი საათის შემდეგ გლახად ვხდებოდი, მაგრამ ჩემთვის ორი საათი საკმარისი იყო (იცინის). საოცარი პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ისეთი ტექნიკა განმივითარდა, ახლა ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, საკუთარ თითებს ვეღარ ვაკონტროლებ, ვმუნჯდები, საოცრება მემართება. შემიძლია, 24 საათი გაუჩერებლად ვუკრავდე, თუკი გონებრივად არ დავიღალე. მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ ფორტეპიანოში იმდენად კარგი ვიყავი, გაგრძელებას აღარ ვსაჭიროებდი და გადავწყვიტე, კომპოზიტორი გავმხდარიყავი, რაც თავიდანვე მინდოდა და კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ოთარ თაქთაქიშვილთან გამიშვეს, ექვსი თვე ვიყავი მასთან და სამწუხაროდ, ხელში ჩამაკვდა კაცი. ეს ძალიან მძიმე იყო, ჩემს გაკვეთილზე დაიღუპა. ამის შემდეგ ბიძინა კვერნაძესთან გადავედი. საოცარი სკოლა გავიარე. მე ამერიკის სკოლებსაც კარგად ვიცნობ, ასპირანტურა აქ დავამთავრე და მონაგონია ყველაფერი ქართულ სკოლასთან. გინდაც ჯულიარდი ავიღოთ, ქართულის მსგავსი არსად არსებობს.
– სტუდენტობისას გქონიათ მნიშვნელოვანი შეხვედრა, რამაც ამერიკისკენ გაგიხსნათ გზა, არა?
– დიახ. პირველ კურსს ვამთავრებდი, როცა ამერიკული დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში. ეს მაშინ გასაოცარი ამბავი იყო. მითხრეს, რომ ორმოცი კომპოზიტორის წინაშე უნდა წარვმდგარიყავი. სიხარულისგან ჭკუიდან გადავედი, მაგრამ თან, ძალიან დაბნეული ვიყავი. ინგლისურად ერთი სიტყვა არ ვიცოდი, სამტრედია-თბილისს არ ვიყავი გაშორებული. მომისმინეს და უცებ დელეგაციის ერთი წევრი მოვარდა და რაღაცას მეუბნება. ვერ ვიგებ, რა უნდა, მაგრამ მისი ჟესტებით ვხვდები, რომ აღფრთოვანებულია. მერე გადამითარგმნეს და გავიგე, რომ ეს ადამიანი იყო ჯულიან ლენონი, ჯონ ლენონის შვილი. მასთან ერთად იყო 39 გამოჩენილი და „გიჟი“ კომპოზიტორი. მათგან ნახევარი „ჰოლივუდისთვის“ წერს. ლენონი მეუბნება, შენი ნაწარმოებები ჩაწერე და გამომიგზავნე, ძალიან საინტერესო ჩანხარო. მართლაც, გავამზადე კასეტები ამერიკაში გასაგზავნად, მაგრამ მოგეხსენებათ „კაგებეს“ ამბავი, დამიბარეს, რა ხდებაო. მთელი ისტორიები იყო, თუმცა საბედნიეროდ, შევძელი მათი გაგზავნა. ლენონმა პასუხად მომწერა, ეს კასეტა გადაამრავლე და ყველას გადაუგზავნე ჩემს წერილთან ერთად, ვის სახელსა და გვარსაც გწერო. არ ვიცოდი, რა იყო ამის მიზანი, მაგრამ უკან აღარ დავიხიე და გადავაგზავნე. რამდენიმე თვე გავიდა და უკვე დავიწყებული მქონდა ეს ამბავი – რა ლენონი, რის ლენონი, აღარაფერი მახსოვდა, მაგრამ ამ დროს დაიწყო საპასუხო წერილებმა მოსვლა. თურმე, ეს კასეტები საუკეთესო მუსიკალური უნივერსიტეტების დეკანებთან გადამაგზავნინა, ცხრა კაცთან.
– და როგორი იყო მათი პასუხი?
– ცხრავე უნივერსიტეტში მიმიღეს და სტიპენდია დამინიშნეს. უკვე ჩემზე იყო არჩევანი. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინ სულ არ ვიცოდი ამ უნივერსიტეტების შესახებ. ჰარტფორდის უნივერსიტეტი ავირჩიე კონექტიკუტში, მერე უკვე გავიგე, რომ გენიალურ პროფესიონალებზე შემიჩერებია არჩევანი. მაშინ კი გადაწყვეტილება ძალიან პრაქტიკულად მივიღე. ზოგ უნივერსიტეტი მარტო სწავლას მიფინანსებდა და არა იქ ცხოვრებას და ეს უნივერსიტეტი აბსოლუტურად ყველაფერს იხდიდა, ტრანსპორტირებიდან დაწყებული, საცხოვრებლით დამთავრებული. ამიტომაც ავირჩიე ის, საქართველოდან 19 წლის ასაკში, 1992 წელს წამოვედი.
– როგორი იყო ცხოვრების დასაწყისი ახალ სამყაროში?
– არ მკითხოთ. „მაიმუნი გალიაში“ – ასე ვიტყოდი ჩემს მაშინდელ მდგომარეობაზე. ნიუ-იორკში რომ ჩამოვედი, თავი კინაღამ მოვიკალი. მარტო ვიდექი უზარმაზარ ქალაქში და ერთი სიტყვა არ ვიცოდი ინგლისურად. ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო. ჯოჯოხეთი იყო – დღესა და ღამეს მუშაობასა და სწავლაში ვათენებდი. რომ გაიგეს, ინგლისური არ ვიცოდი, სამხედრო რეჟიმში ჩამსვეს. დავამთავრე სწავლა, მაიამიში გადავედი, ჯგუფი შევქმენით. ცხრა წელი იქ ვცხოვრობდი და ის წლები ძალიან ნაყოფიერად გავატარე.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მაიამიში გავშალე ფრთები. გენიალურ კუბურ ანსამბლში მოვხვდი. სრული სიგიჟე იყო. ლათინური მუსიკა ძალიან კარგად შევისწავლე. მაგრამ ყველაზე კარგად რომ ვიყავი, მაშინ ჩამოვედი საქართველოში, რადგან მომბეზრდა იქ ყოფნა. აქედან ხშირი გასტროლები მქონდა ჩემს ჯგუფთან ერთად, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ამერიკაში დაბრუნება გადავწყვიტე. მერე ხელმეორედ დავიწყე ამერიკაში კარიერის აწყობა. ახლა უფრო მეტი ენთუზიაზმი და ენერგია მაქვს, ვიდრე ოცი წლის ასაკში. საქართველოში ყოველ წელიწადს ჩამოვდივარ და ვმართავ ღონისძიებებს. აქტიური ვარ, როგორც პიანისტი და როგორც კომპოზიტორი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





