საზოგადოება

როგორ შემოიტყუეს სპირიდონ ჭავჭავაძე სამშობლოში და როგორ იბრძოდა ის ემიგრაციაში საქართველოს თავისუფლებისთვის

№10

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 15.03, 2023 წელი

სპირიდონ ჭავჭავაძე
დაკოპირებულია

გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე 1878 წელს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში დაიბადა. მისი მამა – თავადი მიხეილ სპირიდონის ძე ჭავჭავაძე მეფის არმიის პოლკოვნიკი იყო, დედა – ასევე თავადის ქალი, სოფიო ათანასეს ასული მაყაშვილი გახლდათ.

სპირიდონმა 1898 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1900 წელს კი – კიროვოგრადის სამხედრო სასწავლებელი. 1904 წლამდე, ოფიცრის წოდებით, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. დაქორწინდა აგლაიდა თევდორეს ასულ ბიკოვაზე, თბილისის ყოფილი გუბერნატორის ქალიშვილზე.

სპირიდონ ჭავჭავაძე მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომებში. 1905-1909 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1909 წლიდან – ვლადიმირის მე-13 ულანთა პოლკში. 1913 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის ოფიცერ-კავალერისტთა უმაღლესი სკოლა. 1915 წლის 26 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის აპრილში დაინიშნა ვლადიმირის მე-13 ულანთა პოლკის მეთაურად. რუსეთის არმიაში სამსახურის პერიოდში პოლკოვნიკი სპირიდონ ჭავჭავაძე დაჯილდოვდა 10 საბრძოლო ორდენით: წმიდა სტანისლავის მესამე ხარისხის; წმიდა ანას მესამე და მეორე ხარისხის; იარაღითა და წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით.

1918 წელს სპირიდონ ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა პირველ ცხენოსანთა პოლკს. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მას გენერლის წოდება მიანიჭა.

გასაბჭოებიდან ორ დღეში, 1921 წლის 27 თებერვალს, მენშევიკური არმიის სხვა, 25 ოფიცერთან ერთად, ის გადააგზავნეს რიაზანში, ყოფილი თეთრგვარდიელებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბანაკში.

ხუთთვიანი ტყვეობის შემდეგ სპირიდონ ჭავჭავაძე გათავისუფლდა და წინანდალში, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა. დასახლდა მამულის იმ ნაწილში, რომელიც კონფისკაციას გადაურჩა და მეურნეობას მიჰყო ხელი. მალე ის აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში კონსპირაციული სახელწოდებით – „არკადი“.

როდესაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყების საკითხი მომწიფდა დამკომმა აჯანყების მთავარსარდლად სპირიდონ ჭავჭავაძის კანდიდატურა წამოაყენა. გენერალი შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა.

აჯანყების სასტიკი მარცხის შემდეგ სპირიდონმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და სხვა შეფიცულებთან ერთად, 1924 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში ახალციხესთან გადალახა სახელმწიფო საზღვარი და ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადაიხვეწა.

1924-1947 წლებში სპირიდონ ჭავჭავაძე პარიზში ცხოვრობდა. ემიგრანტებს შორის ის დიდი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობდა, როგორც აგვისტოს მოვლენების ერთ-ერთი გმირი და მთავარი ძალა. მას არც იქ შეუწყვეტია ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

1925 წელს სპირიდონი, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად, პარიზიდან პოლონეთში ჩავიდა და იქაურ მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საბჭოური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად. ამავე წელს ის გერმანიაში დაუკავშირდა გენერალ ფონ-კრესს, მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი ამზადებდა მზვერავთა კადრებს და კითხულობდა ლექციებს მენშევიკების ბრძოლის შესახებ რუსეთის დამპყრობლური რეჟიმის წინააღმდეგ.

მას, ასევე, კავშირი ჰქონდა სადაზვერვო ორგანო „ცეპელინთან“. 1942 წელს, როცა გერმანელებმა ჩრდილოეთ კავკასია დაიკავეს, სპირიდონ ჭავჭავაძე მომავალი „ქართული მთავრობის“ ხელმძღვანელად მოიაზრებოდა. ის გარკვეული პერიოდი სტავროპოლში იმყოფებოდა და იქ ელოდებოდა საქართველოში გერმანელების შემოსვლას. სპირიდონი მხოლოდ მათი დამარცხების შემდეგ დაბრუნდა ევროპაში.

1939-1940 წლებში სპირიდონ ჭავჭავაძე პარიზში ხელმძღვანელობდა „ქართულ ეროვნულ კომიტეტს“, რომელიც, ფრანგულ გენერალურ შტაბთან ერთად ამზადებდა საექსპედიციო კორპუსს და მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

სპირიდონ ჭავჭავაძე ხელმოკლედ ცხოვრობდა. ემიგრაციაში ცხოვრების პირველ პერიოდში ის ნოე ჟორდანიას მთავრობისგან იღებდა პენსიას, შემდეგ ხელი მიჰყო საკომისიო საქმეებს და თავი ამით გაჰქონდა. მისი მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა 1930-იანი წლებისთვის, როცა პარიზში ჩავიდა მისი ოჯახი – მეუღლე, გერი ქალიშვილი და სიძე ნიკოლოზ გოცირიძე. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1942 წელს გარდაეცვალა მეუღლე, 1943 წლის დასაწყისში კი – გერი.

1947 წელს გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა. მას პარიზში საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი ილია თავაძე დაუკავშირდა, სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა და დაარწმუნა, რომ წარსულში ანტისაბჭოთა ქმედებებისთვის პასუხისგებაში არ მისცემდნენ. სპირიდონი თბილისში დასახლდა და ცოლიც მოიყვანა – ოლღა ივანეს ასული დეკერი. მუშაობდა კულტურის სახლში რუსული ენის მასწავლებლად.

1951 წელს დეკემბერს სპირიდონ ჭავჭავაძე დააპატიმრეს სამშობლოს ღალატისა და შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ბრალდებით. მან აღიარა ყველა ანტისაბჭოთა ქმედება, მაგრამ უარყო ის ფაქტი, რომ საქართველოში, უცხოური სადაზვერვო ორგანოების დავალებით საბჭოთა კავშირის საზიანოდ მავნებლური საქმიანობის გასაგრძელებლად დაბრუნდა. 1953 წლის 23 ივნისის დადგენილებით მას მიესაჯა ქონების კონფისკაცია და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

როგორც ჩანს, მისი გარდაცვალების შესახებ უცნობი იყო მისი მეუღლისთვის, რადგან 1954 წელს ის კვლავ იბრძოდა სპირიდონის გასათავისუფლებლად.

გამოყენებული მასალების წყარო:

კერესელიძე ლია. სპირიდონ ჭავჭავაძე // საარქივო მოამბე = The archival bulletin/ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.; გოგიტიძე მამუკა სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი