საზოგადოება

როგორ შექმნეს სპეციალურად ჰამლეტ გონაშვილისთვის ანსამბლ „რუსთავის“ წევრებმა „ავტობუსის პოეზია“

№45

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 17.11, 2021 წელი

ჰამლეტ გონაშვილი
დაკოპირებულია

ხალხური მუსიკის მოყვარულებისთვის დაუვიწყარია ჰამლეტ გონაშვილის არაჩვეულებრივი ხმა. შეუძლებელია, გონაშვილის უნიკალური ტემბრი ვინმეში აგერიოს. შეიძლება ითქვას, რომ იმხანად ანსამბლ „რუსთავის“ რეპერტუარი გონაშვილზე იყო აწყობილი. ის ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს, ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს და სხვა... თავმდაბალ და უშუალო კაცს კომპლიმენტების მოსმენა არ უყვარდა. დღემდე მასზე მრავალი რამ დაიწერა, მათ შორის ისიც, რომ გონაშვილის ხორხი თბილისში ერთ-ერთ დაწესებულებაში ინახებოდა, თუმცა ლეგენდად ქცეულ ადამიანებზე, ამგვარ ამბებსაც ხშირად თხზავენ.

ჰამლეტ გონაშვილი 1928 წლის 20 ივნისს ანაგაში დაიბადა და ისე გამოვიდა, რომ იქვე აღესრულა. შექსპირის შემოქმედებაზე შეყვარებულმა დიმიტრიმ შვილს ჰამლეტი დაარქვა. 1937 წლამდე გონაშვილები სიღნაღში ცხოვრობდნენ, სადაც ოჯახის უფროსი მასწავლებლობდა, შემდეგ კი ცხინვალში განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა. ჰამლეტის დედამ, მარიამ კაცელაშვილმა შვილს მუსიკალური ნიჭი ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში შეამჩნია და იმასაც კი ყვებოდა, რომ აკვანში მწოლიარე ვაჟი დედის ნანას სულგანაბული უსმენდა. უკვე წამოზრდილს განსაკუთრებით „ირემო მთასა მყვირალო“ უყვარდა და დედას ხშირად სთხოვდა ამ სიმღერის შესრულებას. ჰამლეტის პირველი ჰანგებიც სწორედ ეს იყო – მაშინ დედას სიმღერაში აჰყვა და თქვა, გავიზრდები, ტყეში წავალ და ირემს სიმღერით დავიჭერო. სკოლის მოსწავლე მუსიკალურ სკოლაშიც მიიყვანეს, იქ ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა და მოგვიანებით ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1950 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და აქედან გამომდინარე, პირველი სამსახური, რომელიც ტურისტთა გიდობას გულისხმობდა, განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. მის ცხოვრებაში იყო თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი, კონსერვატორია და თეატრალური ინსტიტუტიც კი, სადაც იმ პერიოდში რექტორი მიხეილ კვესელავა გახლდათ. ჰამლეტს მან ურჩია, მთელი სერიოზულობით მოჰკიდებოდა თავის იშვიათ ხმასა და ნიჭს.

დაგვიანება იცოდა, რასაც მისი ნაცნობ-მეგობრები მომღერლის თავისუფალ, მეოცნებე ხასიათს აბრალებდნენ და ამას დროის შეგრძნების უქონლობას მიაწერდნენ და არა მომღერლის არაპუნქტუალობას. „თავისუფალი ბუნება ჰქონდა, თითქოს დროსა და სივრცეს ვერც გრძნობდა, – იგონებდა მოგვიანებით ანზორ ერქომაიშვილი, – რუსეთში ერთ-ერთი გასტროლისას ორი ვერტმფრენით უნდა გადავფრენილიყავით ერთი ქალაქიდან მეორეში, ჰამლეტმა კი ამჯერადაც დაიგვიანა. ერთი ვერტმფრენი აფრინდა, მეორე შეძლებისდაგვარად შევაფერხეთ, მაგრამ ბოლოს მაინც ავიდა ჰაერში. ამასობაში, აუჩქარებლად და დინჯად მომავალი ჰამლეტიც შევნიშნეთ. მხარზე ზურგჩანთაგადაკიდებული მოდიოდა. ბიჭებმა მფრინავს სთხოვეს, ვერტმფრენი რამდენიმე მეტრით ჰაერში გაეჩერებინა... ჰამლეტს ფეხი მაინც არ აუჩქარებია... მერე თოკის კიბით ამოვიყვანეთ და ასევე აუჩქარებლად ამოვიდა ბორტზე“. ერთხელ მაშინ დაიგვიანა, როცა ანსამბლის წევრები პარიზიდან ნიცისკენ ავტობუსით მიემგზავრებოდნენ. როგორც იქნა, მივიდა და მაშინ ომარ კელაპტრიშვილმა იქვე ფურცელზე, ექსპრომტი დაუწერა:

„ნეტავი ერთი, დამაწია და, – ფიქრობს ჰამლეტი, არაგვიანი.

ვით ჭიანჭველამ თავის ძმობილსა,

ისე ჩაუგდეს თოკი, ტიალი

და ამის შემდეგ, ამის ჩამდენი, ჰამლეტი მოსვლას კვლავ იგვიანებს,

ახლა კი მივხვდი, თუ ასე ტკბილად,

ის რატომ მღერის „დაიგვიანეს“.

ასეთ ლექსებს ხშირად უძღვნიდნენ და ამგვარ ექსპრომტებს „რუსთავის“ წევრებმა „ავტობუსის პოეზია“ დაარქვეს.

მომღერალი იგვიანებდა რეპეტიციაზე, კონცერტზე, შეხვედრებზე, გასტროლებსა და სხვათა შორის, პაემნებზეც კი. ჰამლეტ გონაშვილმა ოჯახი 44 წლის ასაკში შექმნა და ცოლად ლამარა ცინციბაძე შეირთო. ერთმანეთი დაბადების დღეზე გაიცნეს. იმ საღამოს ჰამლეტს რომ შეხვდა, შუქი ჩაქრა, სუფრასთან მსხდომთათვის ლამპები შემოიტანეს და ერთ-ერთ ქალს ახლოს დაუდგეს. ლამპის შუქმა არ შეგაწუხოსო – ხელსახოცი შუშაზე ჩამოუცვამს და დაუჩრდილია მისთვის. რასაკვირველია, ჰამლეტმა იმღერა კიდეც და თითქოს მათ შორის პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა ურთიერთსიმპათია. მალე ლამარა ქობულეთში გაემგზავრა დასასვენებლად, ერთ დღესაც რადიოში ჰამლეტის „დაიგვიანეს“ მოისმინა. იმდენად იმოქმედა, ოთახში ვერ გაჩერდა და ზღვის ნაპირზე გავიდა, რომ მისი ხმით გამოწვეული ემოცია როგორღაც „გაეფანტა“ (ავტ. ა. კალანდაძე). თბილისში რომ დაბრუნდა, ურთიერთობა კიდევ უფრო დათბა, აშკარა იყო, უკვე „სხვა“ დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. შეხვედრები გახშირდა ან როგორც მაშინ ამბობდნენ, ერთად სიარული დაიწყეს. ბოლოს კი დაოჯახება გადაწყვიტეს. ერთი ღიმილისმომგვრელი ამბავი მოხდა იმ დროს: ვინაიდან ლამარას მშობლები ლანჩხუთში ცხოვრობდნენ, ჰამლეტმა გადაწყვიტა, თბილისში რჩეულის ბიძას სწვეოდა და ხელი მისთვის ეთხოვა. ასეც მოიქცნენ, მაგრამ საუბარში გართულ მომღერალს სტუმრობის მიზეზი გადაავიწყდა და საცოლეს შეხსენება დასჭირდა, რა საქმეზე იყვენ მისულები. ხელი მეორე დღესვე მოაწერეს. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეს ყვავილებით, ლამაზი ფოთლებით ანებივრებდა. ერთხელ, საბაობიდან შინ უზარმაზარი ხის მორით ხელში დაბრუნებულა, რომელზეც ყვავილები და ფოთლები ეწყო. მეუღლემ კარი გააღო და უთხრა, აჰა, შენ ლამარა, სამხრეთ საქართველოს ფლორაო. სტუმართმოყვარე ხასიათი ჰქონდა. სახლში რომ მოდიოდა, კარს თავისი გასაღებით აღებდა, მაგრამ თუ ზარს დარეკავდა, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ მარტო არ იყო და ცოლს ანიშნებდა – სტუმართან ერთად ვარო.

***

ჰამლეტ გონაშვილს „რუსთავთან“ ერთად კახეთში კონცერტი ჰქონდა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ბრმანაწლავმა შეაწუხა და ამ შეტევის გამო ოჯახში ღელავდნენ. ექიმთან რომ მივიდნენ, ოპერაციაზე უარი განაცხადა, „რუსთავს’’ კახეთში კონცერტი გვაქვს და უჩემოდ ვერ წავლენო. ქირურგმა გაუშვა, თელავი ახლოსაა და თუ ტკივილი გამეორდა, ადგილზე ჩავალთ და ყველაფერს იქვე მოევლებაო.1985 წლის ივლისი იდგა. კონცერტი ჩატარდა, გონაშვილმა საკუთარი სურვილით გამოთქვა წამყვანობის სურვილი. შემდეგაც სუფრა გაიშალა. როგორც წესი, ჰამლეტ გონაშვილი ასეთ დროს იშვიათად მღეროდა, მაგრამ იმ საღამოს არ გაჩერებულა, სიმღერა სიმღერაზე გადააბა. მეორე დილას „რუსთავის“ წევრები თბილისში ბრუნდებონენ, ჰამლეტმა უთხრა, სოფელში დედას გავუვლი, მოვინახულებ, თან ღვინოს წამოვიღებ, საღამოს მეც თბილისში ვიქნებიო და ოჯახში ჩემთან გეპატიჟებითო. დედაქალაქში გასამგზავრებლად მანქანა ხილით დატვირთა, მაგრამ... იმავე საღამოს თბილისში გონაშვილის ოჯახში ზარი გაისმა, ჰამლეტი თავს ცუდად გრძნობს და ჩამოდითო. ტერასიდან ჩამოვარდა, რომლის სიმაღლე სულ რაღაც 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი ყოფილა. მომღერალი იქვე საქონლის დასაბმელად დარჭობილმა რკინამ შეიწირა, რომელზეც გულ-მკერდით ჩამოეგო. მაშინვე მთელი ანაგა ფეხზე დადგა. ლაგოდეხიდან, გურჯაანიდან და სიღნაღიდან გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები სასიკვდილოდ განწირული მომღერლის წინაშე უძლურები აღმოჩნდნენ...

„ჰამლეტი ძალიან განიცდიდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი არ ჰქონდა. უკვე დაქორწინებულები ვიყავით, როცა უნივერსიტეტში ჩაბარება და დაუსწრებლად დამთავრება უნდოდა, ამბობდა, ქართველ კაცს უნივერსიტეტის დიპლომი როგორ არ უნდა ჰქონდესო“... – იხსენებს მომღერლის მეუღლე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი