საზოგადოება

როგორ შექმნა ნინა მამუკაძე-სორდინიმ იტალიაში ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი და რა გზით გააცნო მან ხვიჩაზე შეყვარებულებს ქართული კულტურა

№26

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 03.07

ნინა მამუკაძე
დაკოპირებულია

ნინა მამუკაძე-სორდინი იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტია, არაერთი წარმატებით და ბევრი საამაყო ამბით, რომელზეც თავად მოგვიყვება.

– ნინა, საუბარი, პროექტ „ფეოლათი“ დავიწყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იტალიისთვის საქართველოს მრავალმხრივ გასაცნობად. როგორ დაიბადა ეს იდეა და რა იყო თქვენი მიზანი?

– ქართული კინოკლასიკის, „ფეოლას“ იტალიურ ენაზე გახმოვანება და მისი პრეზენტაცია იტალიის ულამაზეს ქალაქ ნეაპოლში, იმ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელება იყო, რასაც ბოლო წლებია, ვაკეთებ. მეცამეტე წელია, იტალიაში, ფლორენციაში ვცხოვრობ. მიუხედავად რთული გრაფიკისა და არაერთი ბარიერისა, მთელი ეს წლები მაინც მუდმივ კავშირში ვიყავი ჩემს პროფესიასთან – ჟურნალისტიკასთან, მაგრამ ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო წლებში გავაქტიურდი. ვთანამშრომლობ როგორც ქართულ, ასევე იტალიურ მედიასთან და საქმე იქამდე მივიდა, რომ თავად დავაფუძნე ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი ERMES TV. ჯერ პატარები ვართ, მაგრამ ვვითარდებით. ხოლო მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში გადმოვიდა, აქტიურად დავიწყე სპორტის მიმართულებით მუშაობაც. ვესწრებოდი და ვესწრები მატჩებს როგორც აკრედიტირებული ჟურნალისტი, ვამზადებდი სტატიებს და სიუჟეტებს და სულ მალე ჩემი ნეაპოლელი კოლეგების ყურადღების ცენტრში მოვექეცი, როგორც იტალიურენოვანი ქართველი ჟურნალისტი. მიწვედნენ პირდაპირ ეთერებში, ჩემგან ინტერვიუებს იღებდნენ და აღმოვაჩინე, რომ კითხვებს მისვამდნენ არა მხოლოდ კვარაცხელიაზე, არამედ საქართველოზე, მის კულტურაზე, სპორტზე, ფეხბურთის ისტორიაზე და სხვა, არაერთ, საქართველოსთან დაკავშირებულ თემაზე. იმდენად ვიყავი ამ თემაში შესული, რომ გადავწყვიტე, ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც ფეხბურთის გავლით, საქართველოს პოპულარიზაციის საშუალებას სხვა კუთხითაც მომცემდა, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და საამაყო, იგივე მუსიკის, კინემატოგრაფიის, ლიტერატურის და სხვა არაერთი მიმართულებით. ასე დაიბადა ჩვენთვის უსაყვარლესი კომედიის გაიტალიურების იდეა, რომელიც ჩემს კოლეგასთან, აკა სულავასთან, ერთად პროექტად ვაქციე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის კონკურს „დიასპორულ ინიციატივებზე“ წარვადგინე. პროექტმა გაიმარჯვა და 9 მაისს, ნეაპოლში, კინოთეატრ „მოდერნისიმოში“ გვქონდა მისი გრანდიოზული პრემიერა. პროექტი სწორედ დიასპორის დეპარტამენტისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

– როგორც ვიცი, იტალიურ მედიაში ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რას წერენ მის შესახებ?

– იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტია და ანგარიში უნდა ჩავაბარო, რამდენიმე დღის წინ, თავი მოვუყარე ყველა იმ მასალას, იქნებოდა ეს სტატია, პირდაპირი ეთერი თუ სიუჟეტი, სადაც ჩვენი „ფეოლა“ გაშუქდა და გაოცებული დავრჩი – დაახლოებით, ორმოც იტალიურ და ქართულ მედიასაშუალებაშია გაშუქებული და აქედან ნახევარზე მეტი იტალიური მედიაა და მათ შორის იტალიის ყველაზე დიდი გამოცემები, როგორებიცაა Corriere Dello Sport, La Repubblica, La Stampa და სხვა არაერთი, რაც პროექტის დიდ წარმატებას, მიზნის მიღწევასა და გამარჯვებას ნიშნავს.

– მარადონა უმცროსს ამ პროექტის ფარგლებში შეხვდით?

– დიეგოსთან ეს მეორე სამუშაო შეხვედრა იყო. პირველად გასულ წელს შევხვდი, როდესაც „კურიერი P.S.-ისთვის“ ინტერვიუ ჩავწერე. ამჯერად კონკრეტულ პროექტზე ვისაუბრეთ, თუმცა დეტალების გაჟღერებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

ზოგადად, ნეაპოლელები ძალიან უშუალო ხალხია და დიეგო უმცროსიც მათი გამოძახილია. ძალიან უბრალო და თავშეკავებული ადამიანია, მორიდებული. მის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა მამისადმი უდიდესი სიყვარული და მოწიწება. საუბრისას მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, როდესაც მამამისზე კარგს ელაპარაკებიან, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებისგან ამის დეფიციტს არ განიცდის, რადგან ნეაპოლში ფეხბურთი მეორე რელიგიაა და ღმერთი მათთვის დიეგო მარადონაა. ნეაპოლში მისი ყველაზე დიდი გრაფიტი ვისაც უნახავს, სამლოცველოსგან დიდად არ განსხვავდება.

– თქვენი თვალთახედვით, როგორ იცვლება ქართველების მიმართ დამოკიდებულება ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით?

– ცხოვრების ბოლომდე გამყვება შთაბეჭდილება, რომელიც „ნაპოლის“ მიერ „სკუდეტოს“ მოგების შემდეგ ნეაპოლში მივიღე. იმ პერიოდში მომზადებული ჩემი სტატიები და სიუჟეტები, ალბათ, ყველაზე ემოციურია. ნეაპოლში რომელ მხარესაც არ უნდა გამეხედა, ყველგან საქართველოს დროშა ფრიალებდა. ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, ის უზარმაზარი დროშა აღმოჩნდა, რომელიც სადგურიდან გამოსულს, გარიბალდის მოედანზე, ერთ-ერთ შენობაზე გადმოფენილი დავინახე. ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა, დაახლოებით, 6-7-სართულიან შენობას ნახევარზე ფარავდა.

გარდა იმისა, რომ კვარას ფაქტორმა ქართველებს საგრძნობლად გაუიოლა კომუნიკაცია, განსაკუთრებით ნეაპოლში, კიდევ ერთ სახალისო ამბავს გავუსვამ ხაზს. მართალია, მე ფლორენციაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ ნეაპოლელი არაერთი თანამშრომელი მყავს. კვარას „ნაპოლიში“ გადმოსვლის შემდეგ, ყავის ფულის გადახდას ვეღარ ვასწრებ – ბარმენი მეუბნება, რომ ჩემი უკვე გადახდილია, ზოგჯერ არც ვიცი, რომელმა ნეაპოლელმა კოლეგამ დამპატიჟა.

– ცოტა ხნის წინ, იტალიურ დოკუმენტურ ფილმში ამერიკის კონსულთან ერთად ითამაშეთ. მოგვიყევით ამ პროექტზე.

– ეს არის იტალიური კინოკომპანია FILMIT-ის პროექტი NAPASSIONE, რომლის ავტორებიც არიან დოკუმენტალისტი რობერტო პარლატი, კარლო ლიჩენციატო და რობერტო პალადინო და წარმოადგენს ინტერვიუების ციკლს თემაზე – ნეაპოლი და ფეხბურთის გავლენა სოციუმზე, სადაც როგორც აღვნიშნე, ფეხბურთი რელიგიაა. ფილმში ასევე არიან ამერიკის კონსული თრეისი ფაუნდსი, ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი სტეფანო დი მარტინო, მსახიობი ფრანჩესკო კიკელა და სხვები. პრემიერა უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა, ინტერვიუს მსვლელობისას გაჩნდა იდეა, რომ ფილმს ქართული სუბტიტრებიც გაუკეთდეს და საქართველოშიც მოვაწყოთ ჩვენება.

– წარსულიც გავიხსენოთ – როგორ ცხოვრობდით საქართველოში და რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?

– საქართველო 2011 წლის მიწურულს დავტოვე. მიუხედავად იმისა, ბოლო დღემდე საკუთარი პროფესიით ვმუშაობდი, მარტო ვერ ვახერხებდი საკუთარი თავისა და ჩემი პატარა გოგონას რჩენას, თანაც, ვგრძნობდი, რომ პროფესიულ ჩიხში შევედი, თითქოს ერთ ადგილზე გავიყინე და გადავწყვიტე, რაღაც შემეცვალა. როდესაც ეს ალტერნატიული გზა, ემიგრაცია აღმოჩნდა, ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, ემიგრაციაში როგორი რადიკალური და რთული ნაბიჯების გადადგმა მომიწევდა. ეს ყველაფერი რომ წინასწარ მცოდნოდა, ალბათ, არ წამოვიდოდი.

– იტალიაში მარტო წახვედით თუ ოჯახიც თქვენთან ერთადაა?

– იტალიაში მარტო ჩამოვედი, ჩემი რვა წლის გოგონას დატოვება ჩემს მშობლებთან მომიწია. ქეთა ჩემთან 4 წლის შემდეგ, 12 წლის ასაკში, ჩამოვიყვანე, ახლა 20 წლისაა და ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. საოცრად გონიერი და კეთილშობილი ადამიანია, სულ ვამბობ, რომ ჩემს თავს საუკეთესო მეგობარი თავად გავუჩინე. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სხვა პროფესია აირჩია, ჟურნალისტურ საქმიანობაშიც ძალიან მეხმარება, ფაქტობრივად, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. „ფეოლას“ ასე ლამაზად განხორციელებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის – გარდა იმისა, რომ ფილმის ერთ-ერთი მთარგმნელია, აფიშისა და მოსაწვევების დიზაინიდან დაწყებული, კომუნიკაციებით დამთავრებული, ყველაფერი ერთად ვაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთა ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, კარგად არის ინტეგრირებული და იტალიის მოქალაქეა, დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო მას არ დაკარგავს, რადგან ის არის უდიდესი რესურსი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამშობლოს ძალიან გამოადგება განვითარებისთვის.

– პირველი პერიოდის სირთულეებიდან განსაკუთრებით რისი გადალახვა გაგიჭირდათ?

– როდესაც შრომითი მიგრაციის ნაწილი ხარ, ყველაზე დიდი შოკი, პიროვნული განულებაა, რადგან ის, რაც მანამდე გიკეთებია, თუ შენს ქვეყანაში რაიმეს წარმოადგენდი, შენს სოციუმში მიღებული და პატივსაცემი ადამიანი იყავი, აქ, უბრალოდ, არავინ ხარ. არავის აინტერესებს შენი რეგალია და პიროვნება, შენში მხოლოდ იაფ მუშახელს ხედავენ. ამას ემატება ენობრივი ბარიერი, რაც ჩემთვის დამანგრეველი აღმოჩნდა, რადგან როგორც გითხარით, ბოლო დღემდე ჟურნალისტად ვმუშაობდი, შესაბამისად, ჩემი ტვინი და სამეტყველო აპარატი სინქრონულად, ძალიან სწრაფ ტემპში მუშაობას იყვნენ მიჩვეულნი და ერთ დღეს „პირი ამიკრეს“, გონება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას და მე ამას ვერ გამოვხატავდი. უდიდესი სტრესი მივიღე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ენა ძალიან მალე და საფუძვლიანად მესწავლა. დაახლოებით, ორწელიწად-ნახევარში უკვე თარჯიმნად ვმუშაობდი, იტალიის ოფიციალურ უწყებებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული