საზოგადოება

როგორ შექმნა კობა ხაბაზმა ოჯახის წევრებისგან „ნერვოგამძლე“ ადამიანების ჯიში და რისთვის დააჯილდოვა ის უკრაინის პატრიარქმა

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 24.10, 2022 წელი

კობა ხაბაზი
დაკოპირებულია

კობა ხაბაზი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა უკრაინის დასახმარებლად და საქართველოში ახლახან დაბრუნდა. საკუთარი გამოცდილების, საბრძოლო მოქმედებებისა და ამ ომში პირადად მისი როლის შესახებ ის ახლა ჩვენს მკითხველს უამბობს.

კობა ხაბაზი: უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავედი და ექვსი თვე იქ ვიყავი. აქედან ბოლო სამი თვე აქტიურად ვიყავი ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. მეტ-ნაკლებად შევისწავლე არტილერია და უმაგრეს ადამიანებთან ერთად ნაღმტყორცნზე ვმუშაობდი. ქართულ ლეგიონში ერთმანეთზე მაგარი ადამიანები არიან შეკრებილი და თითოეულს კარგად აქვს გააზრებული, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს, რადგან ოკუპანტი რუსეთი ჩვენი საერთო მტერია. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის. ეს მებრძოლი ბიჭები ჩემთვის ყველაფერია. რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოში ვბრუნდებოდი, მათ ვუთხარი, თუ რუსები შემოგიტევენ, უკან აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი, თუმცა, სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ ვითარდება, ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია უკრაინის გამარჯვების შესახებ, რაც ძალიან სასიხარულოა. მიუხედავად ამისა, ღამე არ გავა, რომ ჩვენ ბიჭებზე არ ვიფიქრო და იქაურობა არ დამესიზმროს. ჩემი სული და გული მათთანაა, ალბათ, დიდხანს ვერ გავძლებ მათ გარეშე და უკრაინაში დავბრუნდები.

– როგორია ომის თითოეული დღე?

– ჰემინგუეის აქვს ასეთი მოთხრობა – „პეპელა და ტანკი“, რომელშიც ახალგაზრდა, მხიარული ბიჭი შევარდება ჯარისკაცებით სავსე ბარში და ერთ-ერთს წყლის პისტოლეტს დაუმიზნებს. ჯარისკაცი სერიოზულად ჩათვლის ამას, ამოიღებს იარაღს და კლავს ახალგაზრდას. ჰემინგუეის შეფასება ასეთია „პეპელა არასერიოზულობით ომის მრისხანების ტანკს დაეჯახა“. ომს არ უყვარს არასერიოზულობა, ომი შემზარავია და ეს არ უნდა დაგავიწყდეს. რაც შეეხება იქ ჩვენს ყოველდღიურობას – ქართული ლეგიონი ამ ომში ყველაზე მრავალრიცხოვანი არაუკრაინული შენაერთია, რომელიც სხვადასხვა ჯგუფისგან შედგება. დაზვერვა აგროვებს საჭირო ინფორმაციას მოწინააღმდეგის შესახებ, შემდეგ შტაბში ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ვინ გაუშვან დავალებაზე, მათ გადაწყვეტილებებს კი ჩვენ ვასრულებთ. როცა სხვას უშვებენ, ჩვენ გული გვწყდება, გვინდა, ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ბრძანებას უნდა დაემორჩილო, რადგან მრისხანე ტანკს არ შეიძლება, პეპელას არასერიოზულობით დაეტაკო.

– თქვენ ან თქვენს გვერდით მყოფს თუ შეგქმნიათ სასიკვდილო საფრთხე?

– თანაც არაერთხელ. ეს არის ყველაზე მძიმე თემა, რომელზე საუბარიც მიჭირს. უკრაინაში ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც რკინიგზის სადგური დაიბომბა და პატარა ბავშვმა ხელი და ფეხი დაკარგა. მე ვიყავი ზაპოროჟიეში, როცა იქარობა დაიბომბა და დედა-შვილი ერთდროულად დაიღუპა. მე ვიყავი დნეპროპეტროვსკთან, სადაც დაბომბვის შედეგად პატარა ბავშვი დაიღუპა და ალბათ, ყველას გვახსოვს ფოტო, რომელზედაც გამოსახულია, როგორ დასტირის მამა შვილის ცხედარს. ეს საშინელებაა, ჯოჯოხეთია. ეს არის ბოროტი ოკუპანტის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული ბოროტება. ამ ბოროტებასთან თანაარსებობა შეუძლებელია. ამიტომ ის აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

– უშუალოდ თქვენი სიცოცხლე აღმოჩენილა საფრთხის ქვეშ?

– რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა. ბოლოს გავიხსენებ: დავალების შესრულების შემდეგ, გამოსვლისას, მანქანა ქვიშაში ჩაჯდა. ამ დროს, ჩვენი მიმართულებით გამოფრინდა ჭურვები და მანქანა, რომლითაც ჩვენ გადავაადგილდებოდით, ჭურვმა გაგლიჯა. გადმოსვლა რომ ვერ მოგვესწრო, ცოცხლები ვერ გადავრჩებოდით. ყველაფერს წამები წყვეტს. როდესაც შორს, ჰორიზონტზე აფრენილ რაკეტას დაინახავ, ხედავ, რომ შენი მიმართულებით მოფრინავს, მაგრამ არ იცი, შენ დაგეცემა, ერთი კილომეტრით წინ დავარდება, თუ ერთი კილომეტრით – უკან. უბრალოდ, უყურებ და ფიქრობ: ნეტავ, სად მიფრინავს?! თუ შენ გადაგიფრინა, შეიძლება, მეორე დღეს გაიგო, რომ ქალაქს დაეცა და იქ ბავშვი დაიღუპა. ფიქრობ: ნეტავ შენ დაგცემოდა და ის ბავშვი გადარჩენილიყო – ეს არის ომი.

– იმ მომენტში რა ფიქრები ტრიალებს ადამიანის გონებაში – არის მზაობა სიკვდილისთვის თუ არც კი უშვებთ, რომ ეს საბედისწერო მომენტი შეიძლება, თქვენს ცხოვრებაშიც დადგეს?

– მშიშარა არასდროს ვყოფილვარ. მაიდანი, აჭარის რევოლუცია, ვარდების რევოლუცია... მშიშარა რომ ვიყო, ეს ყველაფერი არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, არც უშიშარი ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ იქ, ბრძოლის ველზე, სიკვდილზე ფიქრისთვის არ გცალია. შემდეგ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ფიქრობ ამაზე, მაგრამ ბრძოლის ველზე, როცა საფრთხე ჩაივლის, პირველ რიგში იმას ფიქრობ, როგორ არიან შენი მეგობრები, ვინმეს რამე ხომ არ მოუვიდა, ერთმანეთს ვეხმიანებით. იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ შემიძლია, დავიფიცო, იქ შიში არ მიგრძნია და სიკვდილზე ერთხელაც არ მიფიქრია.

– საქართველოში მეგობრები ხუმრობდით მეუბნებიან, მანქანა არ ინდობა შენზე და აქ კი შეიარაღებით დატვირთული, დაჯავშნილი მანქანა მანდესო. ჯერ იმით დავიწყოთ, აქ რატომ არ გენდობათ მანქანა და გავაგრძელოთ თქვენი მოვალეობებით უკრაინაში.

– (იცინის). არ ვარ კარგი მძღოლი. ავტომობილს ჩვეულებრივად ვმართავ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ავტომობილში ჩაჯდომიდან ხუთ წუთში დებენ დასკვნებს, რა მდგომარეობაშია მანქანა. მე ეს არ შემიძლია. კარგი, მშვიდი მძღოლი ვარ, მაგრამ მანქანა არ ვიცი. უკრაინაშიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიყვანე მანქანა, მართლა კი არ ჩაუბარებიათ, უბრალოდ, ნაღმები გადაგვქონდა და საჭესთან მე დავჯექი. მერე, უბრალოდ, ვიხუმრე ამაზე.

– რა შედის თქვენს მოვალეობაში?

– ჩვენ იქ გვყავს ლეგენდარული ქართველი არტილერისტი – მიხეილ ქამხაძე. ადამიანი, რომელიც ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არტილერისტია. მან წარმოუდგენელი რამ შეძლო. რამდენიმე კვირაში შეგვასწავლა საარტილერიო საქმე, რისთვისაც სასწავლებლებში წლები სჭირდებათ. ეს არის კოორდინატების გამოთვლა, დამიზნება და სროლა. ბატონმა მიხეილმა ბევრი ეშმაკობა გვასწავლა. მე თავს ყველაზე კომფორტულად ბუსოლთან გაანგარიშებებში ვგრძნობდი. მათემატიკა ყოველთვის იყო ჩემი ძლიერი მხარე, სწრაფად ვანგარიშობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა