როგორ შექმნა ხატვის ახალი ტექნიკა ვახტანგ ბარდაველიძემ და რომელ ქვეყნებში ინახება მისი ნამუშევრები
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 13.11
მხატვარი, არქიტექტორ-რესტავრატორი ვახტანგ (ვახო) ბარდაველიძე დაიბადა 1971 წელს, თბილისში. ბავშვობიდან ხატავდა. სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურა-რესტავრაციის ფაკულტეტზე. ძალიან ახალგაზრდა ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში და ბედნიერი იყო, რომ შეხება ჰქონდა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან.
ვახტანგ ბარდაველიძე მონაწილეობდა სხვადასხვა სახელოვნებო ექსპედიციაში საქართველოში, როგორიც იყო სვანეთში ლამარიას ფრესკების რესტავრაცია, ადრექრისტიანული იკონოგრაფიული ნიმუშების აღმოჩენა-აღდგენა, რასაც მას, როგორც შემოქმედს, დიდი იმპულსი მისცა.
1993 წელს ვახო ბარდაველიძე გერმანიაში გაემგზავრა და ბლაუბოირენის ხელოვნებისა და არტთერაპიის უმაღლეს სასწავლებელში არტთერაპევტის სპეციალობას დაეუფლა. იმ პერიოდში ხელოვნებას სულ სხვა კუთხით დაუკავშირდა და მას როგორც გამაჯანსაღებელ, გადამრჩენ დარგს ისე გაეცნო. ამასთან, ნახა ხელოვნების მუზეუმები, დიდი მხატვრების ნამუშევრები, რამაც მისცა სტიმული, რომ მეტი ეშრომა, ძიება გაეგრძელებინა და შემდგარიყო, როგორც მხატვარი.
მალე მან დაიწყო სამხატვრო მოღვაწეობა ბლაუბოირენის, შელკლინგენისა და ლაიხინგენის ღია უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში ბლაუბოირენსა და ბად ბოლში. ამავე პერიოდში იყო ილუსტრატორი სხვადასხვა გამომცემლობაშიც. ასევე, არტთერაპიის პრაქტიკასაც მიჰყო ხელი, ჰქონდა თავისი სტუდია და მუშაობდა ახალგაზრდებთან.
ვახტანგ ბარდაველიძე მუშაობდა როგორც მიუნხენში, ისე თბილისში. მიუნხენში იყო კულტურის პედაგოგიკისა და არტ-თერაპიის თავისუფალი აკადემიის დოცენტი, მიუნხენის მოსწავლე-ახალგაზრდობის აკადემიის დოცენტი, არტთერაპევტი ინკლუზიური განათლების დარგში. პარალელურად, აორგანიზებდა სხვადასხვა ღონისძიებას ხელოვნების სფეროში ბავშვების, მოზარდებისა და სტუდენტებისთვის თბილისსა და მიუნხენში. მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა გადამზადებაში ხელოვნების პედაგოგიკის მიმართულებით.
თბილისში სათავეში ედგა საქველმოქმედო აქციას მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის. პარალელურად, იყო რაინაუს (შვეიცარია) საზაფხულო აკადემიის დოცენტი სამხატვრო ხელოვნებაში. ერთი წლის შემდეგ კი, UNESCO-ის ხელშეწყობით, მსგავსი საზაფხულო აკადემია მცხეთაში დააარსა.
ვახო ბარდაველიძის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, რომელიც ბავარიის ცენტრალური ტელევიზიითაც გადაიცემოდა. აქცია მირიამ ზაქსის ფონდისა და Sternstunden e.V.-ის ხელშეწყობით გაიმართა.
2012 წელს, როგორც სცენოგრაფმა, იმუშავა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლზე „თოვლის დედოფალი“, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით.
2004-2017 წლებში ქართველმა მხატვარმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და მისი ტილოები ბევრ კერძო კოლექციაში მსოფლიოს მრავალ კუთხეში ინახება: მალიორკაში, მონაკოში, სანტროპეში, ციურიხში, გშტაადში, მიუნხენში, პალმსპრინგში, თბილისში...
2016 წლამდე გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ვახო ბარდაველიძის უამრავი გამოფენა გაიმართა, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამხატვრო წრეებში. მისი ნახატები გამოფენილი იყო ისეთ გალერეებში, როგორიცაა შტადსპარკასე (მიუნხენი), თბილისის ცისფერი გალერეა, მიუნხენის გალერეა Ruf, Galerie der Dinge, გალერეა „ჯაფარიძე“, Oceanet-Georgia, Kunstgiesserei, კაფე „Ludwig“-ის გალერეა.
ვახო ბარდაველიძე მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებითი ძიებით ისწრაფოდა თავისუფლებისკენ, შეუცნობელის გაცნობიერებისკენ და მისი მიზანი იყო ამის გამოხატვა ხელოვნებასა და ყოველდღიურობაში. ის ფიქრობდა, რომ ნახატი არ უნდა იყოს მხოლოდ ფერი და ფორმა და მხოლოდ ორგანზომილებიან სიბრტყეში, რომ ნახატი უნდა ქმნიდეს სივრცეს, სამგანზომილებიან, მოძრავ პროცესს. ამიტომ, ის არ ხატავდა ჩვეულებრივ, გადაჭიმულ ტილოზე, არამედ ხატავდა სამედიცინო დოლბანდზე, რომლის ერთმანეთზე დადებით იქმნება ფერის, სივრცისა და ფორმის განუმეორებელი, მხოლოდ მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ნამუშევარი.
ხატვის ამ უცნობ ტექნიკამდე ვახო ბარდაველიძე შემთხვევამ მიიყვანა. ის წლების წინ ავად გამხდარა, პნევმოტორაქსი დამართნია. საავადმყოფოდან გამოსულს კი უთქვამს: თითქოს ვგრძნობდი, შიგნით სხეული როგორ დამეგლიჯა და დოლბანდზე დახატვა მომინდაო... ასე დაიწყო ექსპერიმენტები იმ ტექნიკაში, რითაც, როგორც მხატვარი, ევროპაში კარგად გაიცნეს, თუმცა ბევრი რამ არ დასცალდა და ნამუშევრებიც დასამთავრებელი დარჩა...
სამედიცინო დოლბანდს მის ნახატებში როგორც ტექნიკური, ისე სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ამ ტექნიკის გამო მხატვრის ნამუშევრების ფოტო ან ვიდეოგადაღება შეუძლებელია, რადგან ფოტოც და ვიდეოც ორგანზომილებიანია და ბოლომდე ვერ გადმოსცემს ნახატის არსს. ამიტომ მან უარი თქვა კატალოგებსა და ვებგვერდებზე.
მხატვრობაში ხატვის ეს ტექნიკა ახალ სიტყვად მიიჩნევა და ვახო ბარდაველიძემ 2002 წელს დააპატენტა კიდეც. თავდაპირველად ვახო დოლბანდის შესაძენად აფთიაქში დადიოდა და დიდი რაოდენობით ყიდულობდა. შემდეგ ის აფთიაქი გერმანიაში მომწოდებელ ქარხანას დაუკავშირდა, აცნობეს, მხატვრის ინტერესის შესახებ და უძველესი სტერილური დოლბანდის კომპანიამ უსასყიდლოდ დაიწყო მისთვის ამ მასალის მოქსოვა და დიდი თოფებით მოწოდება.
ვახო ბარდაველიძემ მომავალი მეუღლე, კრისტიანე ლოიხტენბერგერი 1994 წელს გაიცნო, არტთერაპიაზე ერთად სწავლობდნენ. დაქორწინდნენ და სამი შვილი ეყოლათ. სამივე ხატავს. მხატვარი 2018 წელს მოულოდნელად, თბილისში გარდაიცვალა.
გამოყენებული მასალების წყარო: https://www.ambebi.ge ; ვიკიპედია; http://www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან