როგორ შეიქმნა უნიკალური ქართული სამაგიდო თამაში და რა უნარების განვითარებაში ეხმარება ის მოთამაშეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 23.01, 2024 წელი

„ლიშდრაალ“ ახალი ქართული სამაგიდო თამაშია, რომლის შემქმნელიც ალექსანდრე პაიკიძე გახლავთ. ის თავად მოგვიყვება, რაში მდგომარეობს ამ თამაშის უნიკალურობა, რით ჰგავს, რით განსხვავდება არსებული სამაგიდო თამაშებისგან და რა უნარების განვითარებაში ეხმარება მოთამაშეს.
ალექსანდრე პაიკიძე: „ლიშდრაალ“ თავიდან ბოლომდე ქართული და ყველასგან განსხვავებული სამაგიდო თამაშია, რომელიც მე შევქმენი. ეს სრული სიახლეა და არა რაიმეს ტრანსფორმაცია.
პირდაპირ გეტყვით, რომ წესებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული თამაშია, მაგრამ როცა მის შინაარსში ერკვევი, ისე გითრევს, შეიძლება, საათობით ვერ მოსწყდე. ეს არის სამაგიდო თამაში, რომელსაც ჩვენთვის ცნობილი თამაშებიდან ჭადრაკს შევადარებდი. კიდევ რამდენიმე თამაშის ნაზავია, მაგრამ წესები არცერთისგან არ არის აღებული, სრულიად დამოუკიდებელია. თამაშობს ოთხი ადამიანი. შესაძლებელია, მათგან ოთხივე დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს ან ორმა წყვილმა ითამაშოს ერთმანეთის წინააღმდეგ. ორივე ვარიანტი ძალიან საინტერესოა.
ეს თამაში სუფთა გეოპოლიტიკაა. შენი ინტერესი რაღაც პერიოდის განმავლობაში ემთხვევა ნებისმიერი შენი მოწინააღმდეგის ინტერესებს და ერთად ებრძვით მეორეს ან მესამეს. თუმცა, მეორე წუთში შეიძლება თქვენი ინტერესები გაიყოს და სხვისკენ გადაიხაროს, ამიტომ მოქმედებები წინასწარ კარგად უნდა გათვალო. სამი ადამიანის ინტერესები ხან უნდა დაამთხვიო შენსას, ხან მათი გამოიყენო საშენოდ. თუ გინდა, რომ არ დაიჩაგრო, სწორად უნდა გათვალო, ვისი დახმარება არის შენთვის ხელსაყრელი, გადაწყვეტილებებიც დროულად უნდა მიიღო. შენდა სასიკეთოდ ზოგჯერ სხვასაც უნდა დაეხმარო, მაგრამ იმაზეც უნდა იზრუნო, რომ ზედმეტად არ გაძლიერდეს ის სხვა და ამან შენ არ შეგიქმნას საფრთხე. ჩათვალეთ, სახელმწიფოს მართავ და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ. აქ არ გყავს მეგობრები, აქ გყავს დროებითი ან ხანგრძლივი პარტნიორები და მათთან ერთად აწყობ შეთქმულებას. თუმცა, შეთქმულება ლაპარაკის შედეგად არ მიიღწევა, ეს ყველაფერი უსიტყვოდ ხდება. თამაშმა უნდა გიკარნახოს სწორი მსვლელობები და ტაქტიკაც შესაბამისად უნდა განსაზღვრო.
თამაში შედგება 68 ფიგურისგან და ეს ფიგურები დაფაზე გადაადგილდებიან. ცალკე აღებულ ფიგურებს ფუნქციები არ გააჩნიათ, მათ ფუნქციებს ის განსაზღვრავს, თუ დაფის რომელ მონაკვეთზე დგანან.
– როგორ გაჩნდა ამ თამაშის შექმნის იდეა?
– პანდემიის პერიოდში, როცა ყველანი სახლში ვისხედით, მეც, როგორც ყველას, ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და შეიძლება ითქვას, „ჩავუჯექი“. შედეგად, ათ დღეში ეს თამაში შეიქმნა. ჯერ ყველაფერი ფურცელზე დაიხაზა, შემდეგ ოპტიმალურ ფორმაზე, ფიგურების რაოდენობაზე და წესებზე ვიფიქრე. ღამე ჩემს თავს ვეთამაშებოდი იმისთვის, რომ წესები დამეხვეწა და კარგი რაღაც გამოვიდა.
– რამდენად საინტერესო აღმოჩნდა მოთამაშეებისთვის?
– თავიდან შინაურებზე დავტესტეთ. მაინტერესებდა, მეორედ თამაშის სურვილი თუ გაუჩნდებოდათ. მე, რა თქმა უნდა, არ მითხოვია, რომ კიდევ ეთამაშათ, თუმცა თვითონ გამოთქვეს სურვილი. ერთი პარტია, დაახლოებით, საათ-ნახევარი გრძელდება და ეს ძალიან დინამიკური და საინტერესო პროცესია. უცხოელი სტუმრები მყავდა, რომლებსაც ღამე დავუტოვე თამაში. დილით რომ მივედი, კიდევ თამაშობდნენ. მითხრეს, ერთმანეთი დავხოცეთ, ღამე გავათენეთო. წყვილები თამაშობდნენ და ერთი ხუმრობდა, კინაღამ ოჯახი დამენგრაო. არ ვიცი რამდენი ხელის თამაში მოასწრეს, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, გაათენეს.
– რას ნიშნავს მისი სახელწოდება?
– „ლიშდრაალ“ – სამუშაო ვერსიად ეს სახელი ავიღეთ, რაც სვანურად თამაშს ნიშნავს. ახლა ინვესტორს ვეძებთ. იყო ინიციატივა, რომ გაციფრულებულიყო და ონლაინთამაშის სახე ჰქონოდა. სიმართლე გითხრათ, ჯერ მინდა, რომ სამაგიდო თამაშის სახით დამკვიდრდეს, თუმცა, ონლაინ და ციფრული ვერსიის წინააღმდეგიც არ ვარ. დაინტერესებები არის, მაგრამ არ ვჩქარობთ.
„ლიშდრაალ“ მართლა ძალიან საინტერესო და პერსპექტიული თამაშია და რაც მთავარია, 100 პროცენტით ქართულია. წესები და თამაშის ნაწილი მე შევქმენი, ფიგურები და დაფა ჩემი მეგობრის, ია ფუტკარაძის გაკეთებულია. თავიდან-ბოლომდე ხელნაკეთია. საკმაოდ ძვირად ღირებული გამოვიდა და ახლა ვცდილობთ, შედარებით იაფიანი ვარიანტიც შევქმნათ. თან, ბევრი ფიგურაა და ხელნაკეთს, ალბათ, სასაჩუქრე ძვირად ღირებულ ვერსიაში დავტოვებთ. ეს ხელნაკეთი ვერსია ვიზუალურად ძალიან ლამაზია, მაგრამ მასობრივი წარმოებისთვის შედარებით ნაკლები ღირებულება უფრო მისაღები იქნება.
– თვითონ რამდენად ხშირად თამაშობთ?
– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად, რადგან ოთხი ადამიანი სჭირდება და ცოტა თავისუფალი დროც. საღამოს უნდა ჩაუჯდე გემრიელად, გვერდით ნუგბარი მოიდგა და ითამაშო (იცინის).
გარდა იმისა, რომ სუპერსაინტერესო და აზარტულია, როგორც ყველა თამაში, აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, რადგან გიწევს წინასწარ გათვალო არა მხოლოდ შენი, არამედ სამი სხვა ადამიანის სავარაუდო გეგმები. ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს და ნათელი გგონია, სინამდვილეში, შეიძლება, სულ სხვა ჩანაფიქრის შენიღბულ სახეს წარმოადგენდეს, შენ კი, თუ გინდა, რომ გაიმარჯვო, მოთამაშის რეალურ ზრახვებს უნდა მიხვდე. ამიტომ განჭვრეტისა და გათვლის უნარი ძალიან დაგეხმარება. თან ვერ მოდუნდები, ძალიან აქტიური თამაშია, რომელსაც ფხიზელი გონება სჭირდება. მოწინააღმდეგის სწორად შეფასება უნდა შეგეძლოს, მისი ფსიქოტიპის ამოცნობა.
– ცოტა თქვენზეც ვისაუბროთ, როგორია თქვენი ცხოვრების წესი და ინტერესები?
– მეოთხე წელია, საცხოვრებლად თბილისიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტში გადავედი. მაქვს ღვინის მარანი და ძირითადად, ღვინისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ვმუშაობ.
ასევე, ვარ მწერალი. ვწერ ნოველებსა და რომანებს. 6 წიგნი მაქვს გამოცემული და ახლა მეშვიდეზე ვმუშაობ. გარდა ამისა, ბაღდათში მყავს რაგბის ბავშვთა გუნდი, რომელთაც ვავარჯიშებ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც ხვდებით, ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან