საზოგადოება

როგორ შეიქმნა კურორტი შოვი და რატომ დახვრიტეს მისი დამაარსებელი

№33

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 23.08, 2023 წელი

შამშე ლეჯავა
დაკოპირებულია

საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით შოვი გაცილებით ახალგაზრდაა. მდებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით, წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ თოვლით დაფარული მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე.

მისი დამაარსებელი ცნობილი რევოლუციონერი ექიმი შამშე ლეჟავა გახლავთ.

შამშე ლეჟავა წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისიდან იყო. მან სამედიცინო განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც 1905-1910 წლებში სწავლობდა.

ექიმი ლეჟავა დაინტერესებული იყო საკურორტო საქმით, რის გამოც სტუდენტობის პერიოდშივე ეცნობოდა საზღვარგარეთის კურორტებს, ბევრს მოგზაურობდა ევროპაში და ყურადღებით აკვირდებოდა მათ. 1908 წელს ის ფეხით გადავიდა ჟენევიდან ვენაში, გაეცნო და სიღრმისეულად შეისწავლა კურორტები: ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები.

1910 წელს შამშე ლეჟავამ დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, მიიღო ექიმის წოდება და იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში.

როგორც კი მშობლიურ რაჭაში ჩავიდა, მაშინვე დაიწყო ადგილის შერჩევა იმ მიზნით, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, კურორტი აეშენებინა. მან საკურორტო ადგილად ამბროლაურის რაიონის ერთ-ერთი ლამაზი კუთხე, შაორი შეარჩია. სოფელ ნიკორწმინდასთან ახლოს, ნაქერალას გადასასვლელზე, ხარისთვალას ტბასთან ტუბერკულოზით დაავადებულთათვის უნდა გაშენებულიყო კურორტი, ეგრეთ წოდებული, „ვაკე ნაძვნარი“.

შემოდგომაზე შამშე ლეჟავა გაემგზავრა რუსეთში – ყაზანში, პეტერბუგსა და მოსკოვში. 1911 წელს მან მოსკოვის უნივერსიტეტში გაიცნო ცნობილი იურისტი, პროფესორი ღამბაროვი, რომელსაც გაუზიარა თავისი აზრი კურორტის მშენებლობის შესახებ. ღამბაროვის დახმარებითა და მონაწილეობით, ლეჟავამ შეადგინა შაორის სანატორიუმის მშენებლობის დამხმარე საზოგადოების წესდება.

1913 წლის ივნისში შამშე ლეჟავამ უკვე შეძლო, მოეწვია მის მიერ ჩამოყალიბებული „შოვის სანატორიუმის მომწყობი საზოგადოების“ წევრების კრება. კრებაზე მიიღეს დადგენილება შოვისა და შაორის საკურორტო ადგილების შესწავლის თაობაზე. 1914 წელს კი ონში მოეწყო „შოვის კურორტის მშენებლობის დამხმარე საზოგადოების“ გაფართოებული კრება, რომელმაც მოისმინა კომისიის მუშაობის შედეგები. იმავე კრებაზე უნდა გადაეწყვიტათ მთავარი საკითხი – სად უნდა აშენებულიყო სანატორიუმი – შოვში თუ შაორზე.

შამშე ლეჟავას განსაკუთრებული ცდისა და „ხელშემწყობი საზოგადოების” ღონისძიებებისა და მცდელობების მიუხედავად, ვერც ცარიზმისა და ვერც მენშევიკური ხელისუფლების პერიოდში ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა შოვში კურორტის გაშენების იდეას.

1923 წლის მაისში დაინიშნა კურორტ შოვის მშენებლობის კომისია. იმავე წელს შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი, რომელშიც სამედიცინო პერსონალთან ერთად, ტექნიკური მუშაკებიც შევიდნენ. 1923 წლის აგვისტოში შოვში ჩავიდა სამეცნიერო ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ გეოლოგი ავქსენტიევი, ტოპოგრაფი, პროფესორი ბენაშვილი და განთქმული ქიმიკოსი კუპცისი. 1923 წლის მეორე ნახევარში კი გამოიყო თანხის ნაწილი, რითაც უკვე შეიძლებოდა მშენებლობის დაწყება.

1923 წლის ნოემბერში წინასწარი სამუშაოების ორგანიზაციისათვის შოვში მიავლინეს გამოჩენილი ინჟინერი ა. ჭიჭინაძე. მისი ხელმძღვანელობით საკმაოდ მოკლე დროში აშენდა ხიდი მდინარე ჭანჭახზე. ამის შედეგად კი უკვე შესაძლებელი გახდა, ქუთაისიდან საშენი მასალის ჩაზიდვა.

დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე ჭანჭახის მარჯვენა ნაპირზე. ელექტროენერგიის მისაღებად წყალი უნდა გამოყვანილიყო მდინარე ბუბიდან. ამ სამუშაოებს ინჟინერი კოლჩინი აწარმოებდა. 1925 წლის 15 ივლისს კი საძირკველი ჩაეყარა სანატორიუმის შენობას.

კურორტის მშენებლობა საკმაოდ სწრაფი ტემპით წავიდა და 1928 წელს ის უკვე მზად იყო საექსპლუატაციოდ.

წიწვნარში აშენდა სანატორიუმის ორსართულიანი, ლამაზი შენობა, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა და მეორე სანატორიუმი.

1929 წელს კურორტი შოვი (შამშოვი) გაიხსნა – კურორტი საზეიმო ვითარებაში გადაეცა საკურორტო სამმართველოს. გაიმართა დიდი მიტინგი, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმრები როგორც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან, ისე საზღვარგარეთიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან და ჩეხოსლოვაკიიდან.

კურორტს თავიდან შამშე ლეჟავას პატივსაცემად „შამშოვი“ დაერქვა, მაგრამ შამშე ლეჟავას მიმართ განხორციელებული რეპრესირების შემდეგ „შამ“ მოაშორეს და „შოვი“ დარჩა.

რაც შეეხება შამშე ლეჟავას მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს, ის 1937 წლის 25 ივნისს დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობა. წინასწარი გამოძიების მსვლელობისას, ბრალდებულმა ლეჟავამ მისთვის წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში 1928 წლიდან ჩაითრია საქართველოს მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა მდივანმა, მამია ორახელაშვილმა.

1937 წლის 20 სექტემბერს შამშე ლეჟავა დახვრიტეს.

ბედის ირონიაა, მაგრამ მისი რეაბილიტაცია საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 09.05-1956 წლის ¹4ნ-04096/56 განჩინებით მოხდა. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

გამოყენებული მასალების წყარო: ჟურნალი „რაჭველები“; Facebook –„რაჭა და რაჭველები“; http://kartuli.kvira.ge/.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა