საზოგადოება

როგორ შეარჩიეს მარიამ გაგლოშვილი დიუსელდორფის ოპერის დასის წევრად საუკეთესო სოპრანოებს შორის

№10

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:15 20.03

მარიამ გაგლოშვილი
დაკოპირებულია

სოპრანო მარიამ გაგლოშვილი მეორე ქართველია, ვინც დიუსელდორფის ოპერის დასის წევრი გახდა. რა გზა გაიარა ამ წარმატებამდე, ამაზე თავად მოგვიყვება.

მარიამ გაგლოშვილი: გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ბანმა, ბატონმა გიორგი დარბაიძემ ზაფხულში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აგენტი მოიწვია და იმ ახალგაზრდა სტუდენტებისთვის, ვისაც გერმანიაში სურდა კარიერის გაგრძელება, მოსმენა გამართა. მეც გავედი ამ მოსმენაზე. რამდენიმე თვის შემდეგ ამ აგენტმა დიუსელდორფის ოპერის თეატრში მიმიწვია. ნოემბერში გავედი მოსმენაზე და სამი კვირა ველოდი პასუხს. ამის შემდეგ სხვა ქალაქებშიც მქონდა მოსმენა, მაგრამ რადგან პირველივედან დადებითი პასუხი მივიღე, სხვები გავაუქმე და აქ დავრჩი. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა გერმანიაში ცხოვრება და საქმიანობა. ძალიან მადლიერი ვარ ბატონი გიორგი დარბაიძისა და გერმანელი აგენტის, ქალბატონ ურსულასი, რადგან ეს შანსი სწორედ მათ მომცეს. ვფიქრობ, ეს საოცარი პროექტია ახალგაზრდა მომღერლების დასახმარებლად.

– რთული იყო ამ ადგილის მოპოვება? როგორი კონკურენცია იყო?

– კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. ნიჭის გარდა, გამართლებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში, მსმენელს უნდა მოეწონო, ვისთვისაც მღერი, ანუ, ჟიურის წევრებს. სცენაზე უნდა გადმოიტანო ყველაფერი, რაც კი იცი. აქ მხოლოდ სწორ ტექნიკას არ აქცევენ ყურადღებას. მნიშვნელოვანია, თითოეული ფრაზა გამომსახველობითი იყოს, მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი გამოავლინო. შეიძლება, ასი სოპრანო გავიდეს მოსმენაზე და მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი უნდა აირჩიონ, ამიტომ შენში რაღაც გამორჩეული უნდა დაინახონ. როგორც ვიცი, ორი წელი ეძებდნენ სოპრანოს, ჩემს შემდეგაც იყო მოსმენა, მაგრამ მერე ისევ მე დამირეკეს დადებითი პასუხით. მე მანამდე იტალიაში, ქალაქ პარმაში ვსწავლობდი მაგისტრატურაზე. ასეთი სიახლის გამო, ძალიან დიდი სიხარულით დავემშვიდობე იქაურობას და გერმანიაში გადმოვედი.

– არ ნერვიულობდით?

– კი, საკმაოდ დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი. საკუთარი თავის გარდა, პასუხისმგებელი ვიყავი იმ ადამიანების მიმართაც, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ასეთი მარტივი არ არის, ამ მოსმენაზე დაგიბარონ. ჯერ „სივსა“ და ვიდეოჩანაწერს აგზავნი, საიდანაც უნდა აგარჩიონ, შემდეგ ლაივში უნდა მოგისმინონ. ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ გამოვედი, ნერვიულობისგან სიცხე მქონდა. მოსმენის შემდეგ გასაუბრებაზე გავედი. მითხრეს, რომ მოეწონათ ჩემი ხმის ტემბრი და ჩემი ფრაზირებები და რომ ძალიან მუსიკალური ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან ემოციური იყო.

– რამდენად რთული აღმოჩნდა დასის წევრობა?

– რთული სამუშაო გრაფიკია. ყოველი დილა რეპეტიციით იწყება, შემდეგ – სპექტაკლი. მე ჩემი საქმე მიყვარს და ეს დაღლაც სასიამოვნოა. აღარ მეჩვენება რთულად. სიამოვნება ყველანაირ სირთულესა და სტრესს ფარავს. სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც გაკვირვებული ვარ, ადაპტაციის პერიოდი ძალიან მალე გავიარე. ჯერ ორი თვეა გასული, რაც აქ ვარ. რამდენიმე სპექტაკლში უკვე ვიმღერე ქოროს ნაწილში. საოცარი სცენაა და საოცარი მაყურებელი ჰყავს გერმანიას. ასეთ კარგ მაყურებელს არ ველოდი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. დინებას მივყვები. საოცრად მეგობრული გარემოა, ყველა ზრუნავს და ცდილობს, კომფორტი შეგიქმნას, რაც ახალი კოლეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემთვის საზღვარგარეთ ოპერის თეატრში დასის წევრობის პირველი გამოცდილებაა და ამ კოლექტივმა ძალიან შემიმსუბუქა სტრესი, რომელიც ამ ნაბიჯს ბუნებრივად სდევს. უკვე მგონია, რომ დიდი ხანია აქ ვარ.

– თამარ ივერი წერდა თქვენ შესახებ, მისი მოსწავლე ყოფილხართ. მან რა წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში და როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– თამარ ივერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იყო ჩემი პედაგოგი, ჯერ – ბაკალავრზე იყო და შემდეგ უკვე – მაგისტრატურაზე. ვფიქრობ, რომ არა ის, მე ახლა არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ. თუკი რაიმე პროფესიული უნარი მაქვს, ეს მისი დამსახურებაა. ახლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია, როგორც პედაგოგი და როგორც მეგობარი. თამარი ძალიან კარგი მრჩეველია.

– კლასიკური მუსიკით ბავშვობიდანვე დაინტერესდით?

– კლასიკური მუსიკა ბავშვობიდანვე მიყვარს. როგორც ყველა ბავშვი, ფორტეპიანოზე დავდიოდი. მთელი ჩემი ოჯახი მღერის დედაჩემის მხრიდან – პაპა, დეიდა, ყველა ტკბილხმიანი მომღერალია. მეც ეს ნიჭი გენეტიკურად გამომყვა. დედა – ნინო პაპიაშვილი მსახიობია მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების სახელმწიფო თეატრში. ხელოვანების გარემოში გავიზარდე და ბავშვობიდან სულ ვმღეროდი. კლასიკური ვოკალის განხით არასდროს მიმღერია, მაგრამ გარკვეულ ასაკში დაინახეს, რომ ერთი-ორჯერ ოპერის არიები წავიმღერე და მთხოვეს, იქნებ, კონსერვატორიაში ჩააბაროო. მაშინ თეატრალურ უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. დრამის რეჟისურა მაქვს დამთავრებული. მუსიკაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. არც დრო მქონდა და არც განსაკუთრებული სურვილი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, მეცადა. სასწაული მოხდა – კონსერვატორიაში პირველივე ცდაზე ჩავაბარე, რაც საკმაოდ რთულია და ყველას ძალიან გაუკვირდა. მესამე კურსზე რომ გადავდიოდი, კონსერვატორიაში მოწვეულ პედაგოგად თამარ ივერი მოვიდა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი, როგორც ვოკალისტის, ზრდა. თამარ ივერი არ გასწავლის მხოლოდ სწორი ტექნიკით სიმღერას. ის გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე სცენაზე, რაც ბევრი დეტალისგან შედგება. ის მთლიანობაში გქმნის, როგორც არტისტს. ბაკალავრის დამთავრების შემდეგ ჩვენს არაჩვეულებრივ საოპერო სტუდიაში ბევრი როლი შევასრულე. მგონია, რომ ჩემი პედაგოგი ამაყი იყო ჩემით. მაგისტრატურის ბოლო კურსზე გაცვლითი პროგრამით წავედი პარმაში, იტალიაში, ერთი სემესტრი ვიყავი იქ, მეორე სემესტრიდან ქალაქ კრაკოვში გადავედი. უცხო ქვეყნებმა განსხვავებული გამოცდილება მომცა. იტალიაში სულ მეუბნებოდნენ, შენ აქ რა გინდა, რისთვის ჩამოხვედი, არაფრის სწავლა არ გჭირდება. აშკარად კარგი პედაგოგი გყავს საქართველოში და აქ რატომ წამოხვედიო. მე იქ განსხვავებული გამოცოდილების მისაღებად წავედი, მაინტერესებდა, სხვა ქეყანაში რას გავაკეთებდი. თამარის დატოვება ნამდვილად გამიჭირდა, მაგრამ კარგი გადაწყვეტილება იყო, ახალი ცოდნა შევიძინე და ამ გზამ საბოლოოდ იქ მომიყვანა, სადაც დღეს ვარ და ეს ძალიან მახარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა