როგორ შეაბიჯა ამერიკაში ნიკოლოზ შენგელაიამ, როგორც რეჟისორმა და მის რომელ ფილმს უწოდეს იქ „კავკასიური სიყვარული“
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 02.04

ნიკოლოზ შენგელაია - მწერალი, პუბლიცისტი და რეჟისორი. უმნიშვნელოვანესი მუნჯური, ავანგარდისტული, მონტაჟური კინოს ერთ-ერთი კლასიკური ფილმების – „ელისოს“ და „ნარინჯის ველის“ ავტორი, იწყებდა, როგორც ავანგარდისტი არტისტი, მისი უკანასკნელი ფილმები კი პირველ სოცრეალისტურ და ეგრეთ წოდებულ, საკოლმეურნეო ფილმებად მიიჩნევიან. მინდა, გაგიზიაროთ, როგორი იყო ნიკოლოზ შენგელაიას პროფესიული ცხოვრების გზა სოცრეალისტური მუნჯური კინოდან თანამედროვემდე. ვფიქრობ, ყველას დაგაინტერესებთ, რას და როგორ ქმნიდა ნიკოლოზ შენგელაია, როგორ იზრდებოდა, ვითარდებოდა, რას წერდენენ მასზედ კინოკრიტიკოსები, როდის განიცდიდა მარცხს ცენზურის გავლენით და როგორ დასრულდა იმ წლების კინო მასთან ერთად. სხვათა შორის, საქართველოში პირველი ფილმი, რომელსაც ცენზურა შეეხო, ქართულ და მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის, ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე“ გახდა. ეს ფილმი კარგი „სავარჯიშო” იყო, რომელზეც საბჭოთა ცენზურამ „იმეცადინა”, დახვეწა მეთოდები და მიდგომები.
რეჟისორი, რომელმაც დრო დაამუნჯა
ნიკოლოზ შენგელაია – თამამად შეიძლება ითქვას, ქართული მუნჯი კინოს იმ პირველი შედევრის, „ელისოს“ ავტორია, რომელმაც დრო დაამუნჯა. მსოფლიო მას კინოშედევრად აღიარებდა მაშინაც, როცა გამოვიდა ეკრანებზე, ნახევარი საუკუნის შემდეგაც და დღესაც. „ელისო“ 26 წლის ნიკოლოზ შენგელაიამ გადაიღო. „ელისო“ მისთვის, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორის, მხოლოდ მეორე ფილმი იყო. მანამდე იყო კოტე მარჯანიშვილის ასისტენტი კინოში. კიდევ უფრო მანამდე – პოეტი და… მებაჟე. მამამისი საბაჟოს დიდი მოხელე იყო. აზნაური. ყმაწვილი ნიკოლოზი აქვეყნებდა და აქვეყნებდა ლექსებს და ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ ის პოეტად დარჩებოდა, მაგრამ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 18 წლის ნიკოლოზი მოულოდნელად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. ესწრება რამდენიმე ლექციას და უნივერსიტეტში სწავლას თავს ანებებს – ფიზიკა-მათემატიკა ჩემი საქმე არ არისო. მისმა გადაწყვეტილებამ მამაც გაახარა – ერთი სული ჰქონდა, შვილი მებაჟედ ეხილა. არადა, ამ დროს ნიკოლოზ შენგელაიას მცირედი ხნით უკვე ნამუშევარი ჰქონდა „წითელარმიელის“ კორესპონდენტად, უკვე შემდგარი იყო მისი პროფესიონალ ლიტერატორად კურთხევა, მაგრამ მას არ გაუწევია წინააღმდეგობა – დაჰყვა მამის ნებას და მებაჟის ფორმა ჩაიცვა. ფორმა კი ჩაიცვა, მაგრამ რად გინდა? თავს არ იკლავდა, ნადირობას გადაჰყვა. ის ნადირზე ნადირობდა, სარევიზიოდ ჩასული ინსპექტორები კი – მასზე. ერთხელაც გული რომ გასწვრილებიათ მისი ძებნით, წერილი დაუტოვებიათ, საბაჟოს მუშაობის დეტალურ ანგარიშს სთხოვდნენ. მიართვა კიდეც ეს დეტალური ანგარიში შენგელაიამ, მაგრამ… ლექსად დაწერილი. ანგარიშის უჩვეულო, ცინიკურმა ფორმამ ხელმძღვანელობა გადარია და ნიკოლოზ შენგელაია სამსახურიდან გამოაგდეს.
21 წლის ნიკოლოზ შენგელაია ფუტურისტი გახდა (გალაკტიონ ტაბიძე ნიკოლოზ შენგელაიასთვის უცნობი კაცი იყო. ისინი არ მეგობრობდნენ. გალაკტიონს აქვს ჩანაწერი: ნიკოლოზ შენგელაია შემოვიდა ჩვენს სამყაროში. ნადირობიდან მოვიდა და ჩვენს მოწყენილ სამყაროში სიხალისე შემოიტანაო. მერე კი წერს, გარეგნულად კი იყო ხალისიანი, მაგრამ მის თვალებში დიდი სევდა დავინახეო). ფუტურისტები მომავლის ხელოვნებად მხოლოდ კინოსა და ცირკს მიიჩნევდნენ. მალე განგებამ ნიკოლოზ შენგელაია სწორედ ამ მომავლის ხელოვნებას – კინოს შეჰყარა. შეჰყარა და ერთ-ერთმა სწორედ მან განსაზღვრა ამ კინოს მომავალი. ფუტურისტი ნიკოლოზ შენგელაია პოეზიას მეტად ორიგინალურად უწევდა „პიარს“ – მაშინ რომ პროპაგანდა ერქვა. რუსთაველზე ჭადრის ხეზე ასული კითხულობდა გატაცებით ლექსებს. ამბობენ, რომ სწორედ ჭადარზე შემოსკუპებული პოეტი ნახა ეტლით მიმავალმა კოტე მარჯანიშვილმა და ასისტენტად წაიყვანა კინოში. ეკრანზე მალე გამოვიდა კოტე მარჯანიშვილის გადაღებული „ქარიშხლის წინ“, მარჯანიშვილის ასისტენტი კი სწორედ ნიკოლოზ შენგელაია იყო. ნიკოლოზ შენგელაიამ კინოს მიუძღვნა თავი, მაგრამ ამბობენ, რომ ის პოეზიიდან არ წასულა – უბრალოდ, ერთმანეთს დაუახლოვა ლექსი და კინოკადრი. მარჯანიშვილთან ნაწრთობი ასისტენტი ახლა საქართველოში ჩამოსულმა ლენინის მეგობარმა კინორეჟისორმა, იური ჟელიაბუჟსკიმ აიყვანა ასისტენტად ფილმ „ძინა ძაძუს“ გადაღებისას. სწორედ „ძინა ძაძუს“ გადაღებისას სერგო კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის „გაფლანგვა“, რომელიც ივანე პერესტიანმა გადაიღო. სერგო კლდიაშვილთან ერთად „სამანიშვილის დედინაცვლის“ სცენარიც დაწერა – კოტე მარჯანიშვილისთვის და მერე მოუნდა, რომ თავად გადაეღო კინო. მარჯანიშვილმაც წააქეზა – დროა საკუთარი ფილმის შექმნაზეც იფიქროო (რ. შატაკიშვილი). მარჯანიშვილი ხშირად იმიზეზებდა უდროობას და ნიკოლოზ შენგელაიას ტოვებდა გადასაღებ მოედანზე. შენგელაიას თავისი ფილმის გადაღება უნდოდა. ამ მოტივის გარდა მას ჰქონდა კიდევ უფრო მძლავრი მოტივი – ეტრფოდა ქართული კინოს ქალღმერთს. სწორედ ნატო ვაჩნაძის გულისთვის გადაუხვია თავის მემარცხენე იდეებს და გადაწყვიტა, გადაეღო „გიული“. სწორედ „გიულის“ გადაღებისას შეუყვადა ნატო ვაჩნაძეს ნიკოლოზ შენგელაია და… ნატო ვაჩნაძე გაეყარა ქმარს და ბედი ნიკოლოზ შენგელაიას დაუკავშირა. რამდენიმე წელიწადში ქვეყანას ელდარ შენგელაია მოევლინა, შემდეგ – გიორგი შენგელაია, მანამდე კი „ელისო“. მარად უკვდავი „ელისო“. პარადოქსია, მაგრამ თავის ამ შედევრში ნიკოლოზ შენგელაია მთავარ როლში გადაიღებს არა ნატო ვაჩნაძეს, არამედ მის დას – კირა ანდრონიკაშვილს. ნატო ვაჩნაძე იმჟამად სხვა ფილმებში იყო დაკავებული. ასეც ხდება კინოს ისტორიაში. „ელისოს“ აღიარება მოსკოვში ფილმის პრემიერა-განხილვიდან დაიწყო და არც შემდეგ შეწყვეტილა. შთამბეჭდავი იყო ფილმი და შთამბეჭდავი იყო ხერხი, რომელსაც ნიკოლოზ შენგელაიამ მონტაჟისას მიმართა – ფინალური სცენების მონტაჟი დოლურის რიტმით ააგო – სამონტაჟო მაგიდაზე უკრავდა დოლურს და მემონტაჟე ფირების სიგრძეს ამ რიტმით აგებდა. „საქართველოს კულტურამ ჩირაღდნით ხელში შემოაბიჯა ამერიკის კონტინენტზე“ – ამას ამერიკული პრესა დაწერს, როცა ფილმს ამერიკაში უჩვენებენ „კავკასიური სიყვარულის“ სახელწოდებით. შემდეგ იყო წარმატება შტუტგარტში (გადაღებიდან 40 წლის შემდეგ „ელისო“ ელდარ შენგელაიამ აღადგინა და გაახმოვანა). „ელისომ“ „26 კომისართან“ ერთად 1981 წელს როტერდამის კინოსფესტივალზე კვლავ აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია, იმავე წელს შენგელაიას ფილმებმა იაპონიაში გადაინაცვლეს და კვლავ წარმატება, აღიარება…
ეს ხომ აშკარა პაროდიაა
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „ელისოს“ გადაღების შემდეგ ნიკოლოზ შენგელაიას თითქმის ხუთწლიანი პაუზა ჰქონდა. შემდეგ (1932 წელი) ბაქოში გააგზავნეს ფილმ „26 კომისრის“ გადასაღებად. ხელში საბჭოთა დრამატურგიის ფუძემდებლის – რჟეშევსკის სცენარი შეაჩეჩეს. შენგელაიას სცენარი არ მოეწონა. დაიწყო გადაკეთება, იმდენად გადააკეთა, რომ ბოლოს მხოლოდ სცენარის ავტორის გვარი და სახელიღა დატოვა შეუცვლელი. ფილმის ნახვის მერე სცენარისტი განრისხდა, ატყდა ერთი დავიდარობა, მაგრამ ფილმს აღიარება არ მოჰკლებია არც მაშინ და არც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, როცა ის ვენეციის კინოფესტივალზე უჩვენეს. შემდეგ იყო ისევ პაუზები, დაბრკოლებები. შოლოხოვთან ერთად დაწერილი სცენარი, შემდგარი სინჯები, მზა ესკიზები და უარი მოსკოვიდან. არც მომდევნო ცდებს მოჰყოლია შედეგი. კიდევ ხუთწლიანი პაუზა და შემდეგ – „ნარინჯის ველი“. „ნარინჯის ველი“ გამოსვლიდან თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კვლავ ნახა დევი სტურუამ და… გაოგნდა. დევი სტურუასთან ვკითხულობთ: „სინათლე ჩაქრა, ეკრანზე ტიტრები გამოჩნდა. მათ შორის ფილმის გამოშვების წელი. დარბაზი ოდნავ შეიშმუშნა, ნუთუ ნიკოლოზ შენგელაიამ, უაღრესად ნიჭიერმა და მაღალი ზნეობის შემოქმედმა „არ მინდა, ბიჭო, არ მინდა“, კოსტაიას ფანდები მაინცდამაინც ამ ავბედით წელს მიუსადაგა? აი, საკოლმეურნეო შეკრებაც, თითქოს ვიღაცის უხილავი ბრძანებით კრების მონაწილეთა ერთდროული წამოხტომა და სწრაფი, რიტმული ტაში. ეს ხომ აშკარა პაროდიაა, ნუთუ წინათ ამას ვერ ვამჩნევდით? ან როგორ გამოგვეპარა აკაკი ხორავას მიერ განსახიერებული კოლმეურნე კახას სიტყვები იმის თაობაზე, რომ ხალხის ნაამაგარს პატრონი აღარ ჰყავს, რომ არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს, რომ ეს „საერთო“ ქონება არავისია. როგორ უნდა გაეჟღერა ამ „კრამოლას“ ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში? მაგრამ მთავარი და სასწაული წინ იყო. ეკრანზე, სტალინის პორტრეტის ქვეშ, გამოჩნდა მაგიდასთან მჯდომი კოლმეურნეობის მოანგარიშე კირილე (მიხეილ გელოვანი), რომელმაც პირველი რეპლიკებისთანავე გამოავლინა თავისი არსი – ძლიერი, ვერაგი, ორპირი, დაუნდობელი ადამიანისა. დემონსტრაციულად თვალშისაცემი მსგავსება სტალინთან – თვალები, ულვაშები, ნახევრადსამხედრო ქუდი და ფრენჩი, აუჩქარებელი მეტყველება, სტალინისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაცია, მიხრა-მოხრა. კირილე მთელი ფილმის განმავლობაში რთულ ხლართებს აბამს, ჰკიდებს ერთმანეთს პატიოსან, მიმნდობ ადამიანებს, ბოლოს და ბოლოს კლავს საქმისა და ხალხისთვის თავდადებულ კომუნისტს, შემდეგ მოხერხებული ფანდით აწყობს თითქოსდა მისი თვითმკვლელობის ინსცენირებას და შემდეგ პანაშვიდზე ეხუტება თავისი მსხვერპლის ცხედარს, აფრქვევს მას ფარისევლურ ცრემლს და ფიცს იძლევა, რომ შურს იძიებს „ხალხის მტრებზე“. ღმერთო ჩემო, ეს ხომ სტალინია კიროვის გაცივებულ ცხედართან! ეს პარალელი იმდენად აშკარაა, რომ ათწლეულების შემდეგ მაყურებელს ერთდროულად შიშისა და სიამაყის გრძნობა იპყრობს – როგორ გაბედა ნიკოლოზ შენგელაიამ 1937 წელს ასეთი შესაზარი სიმართლის თქმა. ნიკოლოზ შენგელაიამ თავი სასწორზე დადო, როგორც დიდმა, უაღრესად პატიოსანმა, მაღალი ზნეობის შემოქმედმა და ვაჟკაცმა. სტალინმა ნახა „ნარინჯის ველი“. ახლა ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, იცნო თუ არა მან თავისი თავი კირილეში. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი დოკუმენტი ან მოგონება ამის თაობაზე. პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ სრულიად განსაკუთრებული გამჭრიახობის ამ ბუმბერაზმა იოლად ამოიკითხა ნიკოლოზ შენგელაიას ეს ქარაგმა. ელდარ შენგელაიამ მიამბო, რომ მას მერე, რაც სტალინმა „ნარინჯის ველი“ ნახა, ეს ფილმი, მიუხედავად მისი წარმატებისა, გამოსვლის პირველივე დღიდანვე თანდათანობით, შეუმჩნევლად გაქრა ეკრანებიდან. ვინ იცის, ახალგაზრდა ნიკოლოზ შენგელაიას ამქვეყნიდან წასვლა სასტიკი და დაუნდობელი პასუხი ხომ არ იყო მის გაუგონრად გაბედულ ნაბიჯზე?“ ნიკოლოზ შენგელაიამ „ნარინჯის ველის“ გადაღების შემდეგ კიდევ მოასწრო და გადაიღო „სამშობლო“ და ფილმი „შავ მთებში“, შემდეგ იღებდა „ის კიდევ დაბრუნდება“, მაგრამ თავად ვეღარ დაბრუნდა გადაღებიდან – კახეთიდან თბილისისკენ მომავალი დაიღუპა. მიხეილ გელოვანი კი, რომელსაც საბჭოთა კავშირში ლამის სტალინის ორეულად აღიქვამდნენ – კლასობრივი მტრის როლში?!. ამისთვის ნიკოლოზ შენგელაია შეიძლებოდა, დაეხვრიტათ კიდეც. თუმცა რეჟისორმა მაშინვე გაიმართლა თავი – ამ როლზე გელოვანი სტუდიის სამხატვრო საბჭომ დაამტკიცაო. დამნაშავეს ვერ მიაგნეს, მით უმეტეს, რომ „ნარინჯის ველი“ ძალიანაც ხელს აძლევდა ხელისუფლებას. მოსკოვისა და ლენინგრადის სტუდიებისგან განსხვავებით, საქართველოში ხომ „ხალხის მტრებზე“ გამოცხადებული ომის პერიოდში არაფერი გაკეთებულა ამ თემაზე. ელდარ შენგელაია აღიარებს, რომ ყოველთვის აინტერესებდა, როგორ შეეძლო „ელისოს” ავტორს ათი წლის შემდეგ „ნარინჯის ველის“ გადაღება. რა მოხდა მასში, რა მოხდა მთლიანად საბჭოთა კულტურაში. „ნარინჯის ველი“ სავსეა იმ კლიშეებით, რომელსაც „დიდი წმენდის“ დაწყების წინ დაჟინებით ამკვიდრებდნენ სტალინის იდეოლოგები. ეს იყო ფილმი, რომელსაც უნდა გაემართლებინა სტალინური რეპრესიები, უნდა წარმოედგინა ქვეყანა, რომელიც აღმშენებლობის გზაზეა, მაგრამ, ამავე დროს, კლასობრივი მტრის მავნებლობა ემუქრება. ხალხს უნდა დაეჯერებინა ეს... შესაძლებელია, ამიტომაც შეირჩა სურათში საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი: ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი ხორავა, უშანგი ჩხეიძე, მიხეილ გელოვანი... გადაიღეს ყველა, ვინც ქართული კულტურის სახეს ქმნიდა. რამაც, ერთი მხრივ, გაამართლა: „ნარინჯის ველის“ ამბავი უმრავლესობამ სრულიად სერიოზულად აღიქვა. მეორე მხრივ, სურათი აშკარად სჯობდა იმ „აგიტფილმებს“, რომელსაც ამ დროს მოსკოვსა და ლენინგრადში იღებდნენ. ყოფილი ფუტურისტი ნიკოლოზ შენგელაია „ნარინჯის ველმა“ გადაარჩინა 37 წლის რეპრესიებს. სტალინურმა პრემიამ რეჟისორს კინოში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა. შენგელაიამ დაიწყო კიდეც ახალი სურათის, „სამშობლოს“, გადაღება, მაგრამ ახლობლები, მეგობრები ამჩნევდნენ, რომ მას თავად გაუქრა გადაღების ენთუზიაზმი. საერთოდ, ძალიან შეცვლილი იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან