როგორ სდია ექვთიმე თაყაიშვილმა კვალდაკვალ „ახალგორის განძის“ უნიკალურ შემსყიდველ-გადამყიდველებს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 16.02, 2022 წელი

„...აუცილებელია, შეისწავლო წარსული, შეისწავლო სათავე იმ ხალხის ცხოვრებისა, რომელსაც თვით ეწაფება“. ექვთიმე თაყაიშვილმაც თავისი სიცოცხლე ამ დიდ საქმეს შესწირა, რასაც აშკარად ადასტურებენ მისი არქეოლოგიური მოგზაურობანი და ამ მოგზაურობათა შედეგები. არქეოლოგია, თანამედროვე გაგებით, მხოლოდ გათხრით საქმიანობას გულისხმობს.
ექვთიმე თაყაიშვილსა და მის თანამედროვეებს ეს ტერმინი უფრო ფართოდ ესმოდათ, კერძოდ, არქეოლოგიაში გულისხმობდნენ ტაძართა და საეკლესიო წიგნთა აღწერას, წარწერების გადმოღებას, ამოკითხვასა და აღწერას, მიწაში დაფლული ნაწერების გათხრასა და სხვა. ამდენად, ბუნებრივია, ასეთი ფართო საქმიანობის გასაშლელად ბევრი მოგზაურობა უნდა ჩაეტარებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმე თაყაიშვილს მძიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა – ის ბავშვობიდან კოჭლობდა, მას არ დაუტოვებია საქართველოს არც ერთი კუთხე, რომ ფეხით არ მოევლოს, იქ არსებული ყველა ისტორიული ძეგლი არ აღეწეროს და არ შეესწავლოს. ამიტომაა, რომ ასე ფასდაუდებელია მისი არქეოლოგიური მოგზაურობანი. ექვთიმე თაყაიშვილს თავიდან არ უფიქრია არქეოლოგიურ მოღვაწეობაზე. მას პედაგოგობა ჰქონდა გადაწყვეტილი და პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა. იმ დროს პეტერბურგში სხვა ქართველებიც სწავლობდნენ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათ სამშობლოში დაბრუნება და მუშაობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ექვთიმე თაყაიშვილიც გამოემგზავრა საქართველოში პედაგოგიური მუშაობის დასაწყებად. მან პეტერბურგშივე დაიწყო კავკასიის შესახებ წიგნების შეგროვება, მაგრამ არქეოლოგიაზე სრულიადაც არ ფიქრობდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მუშაობა ძირითადად მაშინ დაიწყო, როდესაც იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში აირჩიეს. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ბევრ სხვა კარგ საქმესთან ერთად, ძველ ხელნაწერებსაც აგროვებდა. ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს: „ერთი სიტყვით, საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევატყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი. შემოწირულსაც აღარ ვჯერდებოდი, საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე“. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება ეკლესია-მონასტრებში დაცული ძველი, სახმარად უვარგისი საეკლესიო წიგნების შეგროვებას ითვალისწინებდა. ექვთიმე თაყაიშვილმაც სწორედ ამით დაიწყო თავისი საქმიანობა. პირველი არქეოლოგიური მოგზაურობა 1889 წლის 17 თებერვალს მცხეთაში მოეწყო, სადაც დიმიტრი ბაქრაძემ წაიყვანა. მათი მიზანი ხელნაწერი წიგნების ჩამოტანა იყო. კარგი ხელნაწერები მხოლოდ სვეტიცხოველში უნახავთ და წამოუღიათ. ამ მოგზაურობის შესახებ სათანადოდ აღინიშნა იმდროინდელ პრესაში. შემდგომში ექვთიმე თაყაიშვილი დამოუკიდებლად იწყებს ფართო შემოქმედებით საქმიანობას, რომლის ერთგვარი დაგვირგვინებაა მის მიერ 1890 წელს გამოცემული „სამი ქრონიკა“. მას მოჰყვა „წმინდა ნინოს ცხოვრება“, რომელიც წინა ნაშრომის გაგრძელებას წარმოადგენდა. ამ გამოცემამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველ საზოგადოებაზე, ქართულ ისტორიოგრაფიაში კი გარკვეული გარდატეხა გამოიწვია. ექვთიმე თაყაიშვილის მუშაობაში თანდათან ისახებოდა ერთი მთავარი მიზანი: რამდენადაც კი შესაძლებელი იყო, შეეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისთვის, დაღუპვა-დაკარგვისაგან გადაერჩინა ძეგლები და მისაწვდომი გაეხადა მკვლევრისთვის. ექვთიმე თაყაიშვილმა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სისტემატური კვლევისა და ძებნის შედეგად ბევრი ახალი, სრულიად უცნობი პირველხარისხოვანი ძეგლი აღმოაჩინა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის მიერ აღმოჩენილი „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით. საერთოდ კი, ცნობები 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა. მის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის უძველესი 1646 წლის იყო, რომელიც წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვინმე კორინთელისგან შეიძინა. შენაძენთა შორის არის, აგრეთვე, მეფე გიორგი მეთერთმეტისთვის 1680 წელს მისი მდივნის, ბეგთაბეგის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა არშიებზე მოხატული სამკაულით. „ევროპის რომელსაც გინდა მუზეუმს რომ მიუტანო, უეჭველად მოგცემენ მილიონსო“, – ამბობდა ამ ხელნაწერის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი... პირველი ქართველი არქეოლოგი, რომელმაც საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილზე ადრე ჩაატარა გათხრები, ნიკო მარი იყო. მან გათხარა ძველი, წინაქრისტიანული სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფელ ვორნაკში და მეტად საინტერესო ნივთები აღმოაჩინა. მაგრამ მალე ნიკო მარმა ანისში დაიწყო გათხრები და მთელი ყურადღება იქით გადაიტანა. ვორნაკი
რომ უყურადღებოდ არ დარჩენილიყო, იქ მუშაობის გაგრძელება საიმპერატორო არქეოლოგიურმა კომისიამ ექვთიმე თაყაიშვილს შესთავაზა. ექვთიმე თაყაიშვილი დათანხმდა და 1892 წელს საქმიანობაც დაიწყო. ვორნაკში ბრინჯაოს ხანის მდიდარი სამარხები აღმოჩნდა. აღმოჩენილ მასალაზე მუშაობამ ექვთიმე თაყაიშვილს გარკვეული გამოცდილება შესძინა. იგი თანდათან წახალისდა და შემდგომში უფრო თამამად მიჰყო ხელი გათხრების წარმოებას.
1917 წლის რევოლუციამდე ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთადერთი ქართველი არქეოლოგი, რომელიც გათხრებს აწარმოებდა, ამასთან, დიდ ყურადღებას უთმობდა მიწის ზედა ძეგლების აღწერა-შეგროვებას, პარალელურად კი, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა.
დიდი ღვაწლი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს „ახალგორის განძის“ შესანიშნავი მასალების შეგროვებისა და დაცვის საქმეში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს, სანამ განძის უმეტეს ნაწილს თავი არ მოუყარა და საბოლოოდ კავკასიის მუზეუმში არ დააბინავა. ექვთიმე თაყაიშვილს ამ მეტად სერიოზულ საქმიანობაში დამხმარეებიც ჰყავდა. მათ შორის აღსანიშნავია დავით სარაჯიშვილი, რომელიც მართალია, კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ამავე დროს არ ივიწყებდა თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას და კულტურის ასპარეზზეც სასარგებლო საქმეებს აკეთებდა. ერთხელ ექვთიმე თაყაიშვილს ალექსანდრე ცაგარელისთვის წერილის მიწერა გადაუწყვეტია და მისამართის გასაგებად დავით სარაჯიშვილთან შეუვლია ქარხანაში, მისამართი რომ მიუცია, დავიდ სარაჯიშვილს უკითხავს: ამ ზაფხულს რას აპირებო? (1902 წლის გაზაფხულის მიწურული იყო). ექვთიმეს უპასუხია, ახალციხე-ახალქალაქ-არტაანის მაზრებში მივდივარ არქეოლოგიურ ექსპედიციაშიო, თანაც, აუხსნია, რომ თანხები (200 მანეთი) გრაფინია უვაროვას მეშვეობით მოსკოვის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ გამოყოო. მაშინ დავით სარაჯიშვილს ამ საქმის საწარმოებლად 100 მანეთი დაუმატებია. ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, რომ სარაჯიშვილი ხშირად მეპატიჟებოდა სადილზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრაფინია უვაროვა ჰყოლია სტუმრად. გრაფინია პრასკოვია უვაროვა, გრაფ ალექსი უვაროვის ქვრივი, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების დაარსების ინიციატორი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში. ექვთიმე თაყაიშვილი უშუალოდ თანამშრომლობდა გრაფინია უვაროვასთან. ექვთიმე თაყაიშვილი არქეოლოგიური მოღვაწეობით იმდენად იყო დატვირთული, რომ სხვა რამისთვის ვეღარ იცლიდა. ერთხელ ექვთიმეს ძმა, ნიკოლოზი, ავად გახდა. იგი ოზურგეთში ცხოვრობდა. მოუცლელობის გამო ექვთიმემ ვერ მოახერხა მასთან ჩასვლა, წამლები და ექიმები კი დროულად მიაშველა. ძმა მეტად ნაწყენი დარჩა და გაბრაზებულმა მოსწერა: შენ მხოლოდ მაშინ ჩამოხვიდოდი, რომ მეცნობებინა íჭéჰåíჭ ჭðõåîëîჯè÷åñêჭÿ æåñòÿíêჭ-ო.
ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინე დაკვირვებულობის შედეგი იყო „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში, ნაგავში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა „ხელმწიფის კარის გარიგება“.
შინაარსის მიხედვით, ხელნაწერი ორ ნაწილად იყოფა. პირველში გადმოცემულია გიორგი ბრწყინვალის სამართალი (ძეგლისდება), რომელი აქ პირველად გვხვდება ცალკე ხელნაწერში. ადრე ეს ძეგლი მხოლოდ ვახტანგ მეფის ქართულ სამართალთა კრებულიდან იყო ცნობილი.
ხელნაწერის ქაღალდის ფილიგრანზე დაკვირვების შედეგად ექვთიმე თაყაიშვილი ასკვნის, რომ ის მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს გადაწერილი. ცნობა იმის შესახებ, თუ როდისაა შედგენილი „გარიგება ხელმწიფის კარისა“ – არ არსებობს... „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ბევრი ისტორიული პირია მოხსენებული, მაგალითად, ცნობილი მოღვაწე და მეცნიერი არსენ იყალთოელი, რომელიც ცხოვრობდა მეთორმეტე საუკუნის პირველ ნახევარში; თამარის მამა – გიორგი მესამე, რომელიც 1184 წელს გარდაიცვალა. აღნიშნულია, თუ ვის რა თანამდებობა უბოძა თამარ მეფემ. როგორც ცნობილია, თამარი 1212 წელს გარდაიცვალა, მაშასადამე, აღნიშნული ძეგლის შექმნა მეთორმეტე საუკუნის დამდეგამდე ვერ მოხდებოდა. ექვთიმე თაყაიშვილმა გაითვალისწინა რა მთელი რიგი გარემოებები, დაადგინა, რომ „ხელმწიფის კარის გარიგება“ შედგენილია არა უადრეს მეცამეტე საუკუნის დასასრულისა და არა უგვიანეს მეთოთხმეტე საუკუნის მეორე ნახევრისა. მან ყურადღება მიაქცია საკითხს, თუ სად უნდა ყოფილიყო შედგენილი ძეგლი და გვაქვს თუ არა ლიტერატურაში ცნობა მის შესახებ. ძეგლის მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ იგი შექმნილია დასავლეთ საქართველოში, იმერეთში. ექვთიმე თაყაიშვილი თავის დაკვირვებების შემდეგ იმასაც კი ასკვნის, რომ იგი გელათში ან გელათის მახლობლად უნდა იყოს შედგენილი. ვახუშტი ბაგრატიონი თავის თხზულების რამდენიმე ადგილას იხსენიებს იმერულ „ძველ გარიგების წიგნს“. ეს უსათუოდ „ხელმწიფის კარის გარიგება“ უნდა იყოს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ძეგლი შემდეგში ვახუშტი ბაგრატიონს წყაროდ გამოუყენებია. „ხელმწიფის კარის გარიგება“ იშვიათი ძეგლია. მისი მსგავსი ძეგლი ჩვენ მხოლოდ ერთი მოგვეპოვება. ეს არის „დასტურლამალი“, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში არის შედგენილი და გამოცემულია ვახტანგ მეფის მიერ. „დასტურლამალი“ არის კანონმდებლობა, ანუ „წესი და განგება სამეფოსა დარბაზობისა“. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ „ხელმწიფის კარის გარიგების“ აღმოჩენას უთუოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომაა, რომ მისი ყველა არქეოლოგიური მოგზაურობა დიდი საქმე იყო და ყოველთვის ნაყოფიერად მთავრდებოდა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობებს სამხრეთ საქართველოში, ეგრეთ წოდებულ, „თურქეთის საქართველოში“. ეს არის საქართველოს სამხრეთი ნაწილი, რომელიც ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. ექვთიმემ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს თითქმის ყველა მიწისზედა ძეგლი, თავად შეიგრძნო ბევრი მათგანის სიდიადე, იმ ხუროთმოძვართა ნიჭი და ძალა, რომელთაც შექმნეს საქართველოს ეს დიდებანი. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის სახელი უკვალოდ გაქრა. ბევრს არცთუ ისე სახარბიელო ბედი ჰქონდა. მცხეთის სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის ამგებს, კონსტანტინე არსაკიძეს, მარჯვენა მოსჭრეს იმისათვის, რომ სხვაგან აღარ აეგო მსგავსი ტაძარი. მტრის თავდასხმებისგან თავის დასაცავად საქართველოში ტაძრებს ხშირად მიუვალ ადგილას აგებდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი ცდილობდა, ასეთი ტაძრებიც არ გამორჩენოდა მხედველობიდან. კოლა-ოლთისში მოგზაურობისას მას სოლომონისის მღვიმე-ეკლესიაზე მოუნდა ასვლა. ასასვლელი მეტად ძნელი იყო. მის თანმხლებ ფოტოგრაფს უარი უთქვამს აყოლაზე. ექვთიმე კოჭლი იყო და რა თქმა უნდა, ასვლა გაუჭირდებოდა. მას იქაური მკვიდრნი (მესხები) დახმარებიან და ხელით აუყვანიათ ექვთიმე. ამის შემხედვარე ფოტოგრაფს შერცხვენია და თვითონაც დიდი წვალებით ასულა მაღლა. ექვთიმე შემდგომში ხუმრობით იგონებდა: იქაურ მაზრის უფროსს რომ ჩემი გაჭირვება შეუტყვია, საფეხურები ამოუჭრევინებია კლდეზე და მიუვალი ეკლესია მისადგომი გაუხდიაო.
ზარზმის მონასტერი... ექვთიმე თაყაიშვილმა ეს მონასტერი საფუძვლიანად შეისწავლა თავისი წარწერებითა და ფრესკებით. დღემდე შემორჩენილია გუმბათოვანი ტაძარი და დიდი სამრეკლო. იგი აშენებულია მეთოთხმეტე საუკუნეში ბექა ჯაყელის მიერ. ზარზმის ტაძარს მეტად მიმზიდველს ხდის სამხრეთის კარიბჭე, რომელსაც სამი ღია თაღი აქვს. მეთოთხმეტე საუკუნეში მიტოვებული ტაძარი ჟამთა სვლამ გაცრიცა. ამჟამად ყველა ის ძვირფასეულობა, რომელიც ზარზმიდან შემოქმედში გადაიტანეს, თბილისში, ქართული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
მეტად მნიშვნელოვანია ექვთიმე თაყაიშვილის 1907 წლის არქეოლოგიური მოგზაურობა კოლა-ოლთისსა და ჩანგლში. შესწავლილი იქნა დიდი ისტორიული მასალა. მართალია, ბევრი ძეგლი არქეოლოგიურად უკვე აღწერილი იყო, მაგრამ ექვთიმეს ძველ აღწერილობაში კორექტივები შეჰქონდა და ბევრ ისეთს ახალს ნახულობდა, რასაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ისტორიის რიგი საკითხების გაშუქებისათვის. ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა და აღწერა კახეთში – ალავერდი, შუამთა, ბოდბე, თელავი, გრემი, იყალთო, ახმეტა და სხვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან