საზოგადოება

როგორ ნადირობდა ისტორიულ პირებზე კოტე ჩოლოყაშვილი და როგორ იპოვა მან თავისი ქეთო

№37

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 18.09

კოტე ჩოლოყაშვილი
დაკოპირებულია

ეს ახოვანი, ძალიან დახვეწილი და წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი ისე დააბიჯებდა თბილისის ქუჩებში, როგორც შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან გადმოსული რაინდი... კოტე ჩოლოყაშვილი - ნამდვილი თავადური სახელი და გვარი საქართველოში ყველასთვის ცნობილია და ის მამულიშვილობასა და ქართულ საჭურველს უკავშირდება. განვლილი ცხოვრების გრძელ გზაზე კოტე ჩოლოყაშვილი თავის დღიურებში საუბრობს.

„შინ იარაღი რად მინდა“

„მჭედელს დანა ეკვეთებაო, ხომ გაგიგონიათ. შინ იარაღი რად მინდა. მთელი ჩემი ცხოვრება, სადაც კი რამე ღირებულს ვნახავდი, ეროვნულ მუზეუმში მინდოდა ყველაფრის თავმოყრა და ასეც ვაკეთებდი. ისტორიულ პირთა საჭურველზე ვნადირობდი. არ მინდოდა, საქართველოს დაჰკარგვოდა. რამდენი ძვირფასი ხმალი თუ ხანჯალი მოუტანიათ ჩემთან, ხან ძვირად ყიდდნენ, ხან ძალიან იაფად, ვისაც როგორ უღირდა. ქართველ კაცს მაინცდამაინც არასდროს ულხინდა და ზოგჯერ იძულებული ხდებოდა, სახლიდან მამა-პაპის ნაქონი იარაღი აეღო და გაეყიდა. ისიც ყოფილა, ფულს დახარბებულნი ერთი ხმლით აპირებდნენ გამდიდრებას... ამგვარ ნივთებს მუზეუმში ვუყრიდი თავს. სიმართლე გითხრათ, არც მუზეუმს სწყალობდნენ ყოველთვის ძლიერნი ამა ქვეყნისანი, თუმც კი ძნელად ვიხსენებ, უარი ეთქვათ საინტერესო და ისტორიულად ღირებული ნივთის შესყიდვაზე. ზოგჯერ მუზეუმელებს ჩვენი ფულითაც შეგვიძენია ისეთი ნივთი, დასაკარგად ან ქვეყნიდან გასატანად რომ ვერ გაგვიმეტებია.

ასე დაიწყო...

„ჩემი ოჯახი ბაკურციხეში ცხოვრობდა. მე 1922 წლის 18 აგვისტოს დავბადებულვარ, მამაჩემი კი, კონსტანტინე დავითის ძე ჩოლოყაშვილი 7 სექტემბერს დახვრიტეს. რისთვის? როტმისტრი ყოფილა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი, ქიზიყის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი. მელაანის ტყეში შეუპყრიათ. 28 წლისა იყო მხოლოდ! „ხალხის მტრის“ ოჯახი ბაკურციხიდან გამოუძევებიათ, თუმცა რაღა ოჯახი: ჩვილი ბავშვი და ორი უმწეო ქალი – დედაჩემი ეკატერინე ჩერქეზიშვილი და დედამისი, სოფიო ავალიშვილი. თბილისში ჩამოსულები პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილს შევუფარებივართ თავის საავადმყოფოში. დედა მალე დაოსტატებულა და სიცოცხლის ბოლომდე საოპერაციო მედდად მუშაობდა, თუმც კი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა 1946 წელს. ექვს წელიწადს საავადმყოფოს მიერ გამოყოფილ პატარა ოთახში ვცხოვრობდით... 25-ე სკოლაში ვსწავლობდი, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფილოლოგიურზე. ჩვენი თავადობა ვის ახსოვდა. ისე, ჩოლოყაშვილი რომ თავადია, ამას რად უნდა თქმა?!

გვარს თუ ვმალავდი? ჰო, ბავშვობაში ბებია მაფრთხილებდა, ყველას ნუ ეტყვი, რომ ჩოლოყაშვილი ხარო. ერთხელ, ალბათ, ხუთი-ექვსი წლისა ვიქნებოდი, სტუმრები მოვიდნენ ჩვენთან. ერთმა ქალბატონმა დიდხანს მეფერა, შემაქო, მერე მკითხა, რა გვარი ხარო და დამორცხვებულმა ვუპასუხე, – თუ კარგი დეიდა ხართ, მაშინ, ჩოლოყაშვილი ვარ-მეთქი… როგორ გავამხილო და, ჩემი სახლი ბაკურციხეში არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ სულ მინდოდა, ერთ დღეს წავსულიყავი და ჩემი წინაპრების ნაფუძარი მენახა. არც ის ვიცი, ის დიდი სახლი (როგორც დედა იხსენებდა) ისევ დგას თუ არა. იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის იმ მძიმე წლებთან დაბრუნება, რომ წასვლა ვერ გავბედე...

კახეთში სახლი თუ მაქვს? მაქვს, როგორ არა, თოხლიაურში. თოხლიაური დედაჩემის სოფელი იყო, ჩემი დედულეთი. ახლა იშვიათად ჩავდივარ, ადრე ზაფხულობით სულ იქ ვიყავით. ძალიან მიყვარს იქაურობა...

ასე დავუმეგობრდი იარაღს

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა. წიგნი მიყვარდა და მალე მთელმა მუზეუმმა გამიცნო. ხშირად მოდიოდნენ ბიბლიოთეკაში აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია და პროფესორი ვერა ბარდაველიძე, დიდი ქართველი ეთნოგრაფები. შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ გამორჩეულად ვუფრთხილდებოდი წიგნებს საჭურველზე, ომების ისტორიებზე, საბრძოლო ხელოვნებაზე. ჯერ ბატონმა გიორგიმ შემომთავაზა, სამეცნიერო ნაშრომი მომემზადებინა ქართულ იარაღზე. შემდეგ ჩემი ნაშრომებით ქალბატონი ვერაც დაინტერესდა და ასე მაქციეს „საჭურვლის მცოდნედ“. სულ მალე კი, მუზეუმის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში გადამიყვანეს. მერე იარაღის ფონდიც ჩამაბარეს. ამ ფონდის კურატორი დღემდე გახლავართ. ასე დავუმეგობრდი იარაღს. იარაღის ფონდის ისტორიაც მე შევქმენი – ქართულ ტრადიციებში, ისტორიულ წყაროებში, მატიანეებში, ყველგან, ქართულ საჭურველსა და მასთან დაკავშირებულ ლამის ლეგენდად ქცეულ ამბებს ვეძებდი და ვპოულობდი. ალბათ ამიტომ ფიქრობდა ბევრი, რომ აუცილებლად მექნებოდა შინ იარაღის უმდიდრესი კოლექცია. არა, ბატონო, ჩემი სიყვარული ქართული საჭურველისადმი იმაში გამოიხატა, რომ მუზეუმში დაცულ საგანძურს არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შევმატე. შემიძლია, ვთქვა, რომ მამულის დამცველთა რიგში ვიდექი, როგორც, მხატვრულ ფილმ „გიორგი სააკაძეში“. თქვენც იცით, ეპიზოდურ როლში ვითამაშე, დიდი მსახიობობა არ დამჭირვებია. მასობრივ სცენაში ვდგავარ ქართველ მეომრებთან, ფარ-შუბით შეიარაღებული, იქაც ყველაზე მაღალი ვარ. სიმაღლეც დამეხმარა და უნივერსიტეტის პირველ გუნდში კალათბურთს ვთამაშობდი. საბჭოთა კავშირის პირველობაზე წარმატებით გამოვდიოდით. იმ გუნდში სტუდენტობის მერეც მიწვევდნენ. საუკეთესო წლები იყო, მართლა საუკეთესო. კიდევ, ვხუმრობ ხოლმე, ბიბლიოთეკაში რომ მიმიღეს, ერთმა შუახნის ბიბლიოთეკარმა ქალმა გახარებულმა ამომხედა, კიბე არ გვაქვს და მაღალ თაროებს იოლად შესწვდებაო...“

ქეთო და კოტე

ქეთო ცნობილი კარტოგრაფის, მიხეილ ქავთარაძის ქალიშვილი იყო. ჩემს კურსზე სწავლობდა და უბრალოდ, ვმეგობრობდით. მუზეუმის ბიბლიოთეკაში რომ დავიწყე მუშაობა, მალე ქეთოც ჩემთან მიიღეს. ბიბლიოთეკაში „აღმოვაჩინეთ“, რომ მხოლოდ კურსელები არ ვყოფილვართ.

ძნელი თუ იყო ტყუპის მამობა? რა ვიცი, აბა, როგორ გითხრათ. მაშინ ექოსკოპია სად იყო და არც მიფიქრია, რომ ერთბაშად ორი შვილის მამა გავხდებოდი. მე და ქეთო მარტო ვცხოვრობდით. იმ დილით სამსახურში წასასვლელად გავემზადე. ბავშვს ერთი-ორი კვირის შემდეგ ველოდებოდით. შინიდან გამოსული უკან შევბრუნდი, ქუდი დამრჩა. ქეთო ფერდაკარგული მომვარდა, ვიცოდი, მობრუნდებოდიო... რამდენიმე საათში ორი ულამაზესი შვილი გვყავდა – ბიძინა და რუსუდანი! ხშირად ვამბობ: როგორიც ქალია, ისეთივეა ოჯახი; როგორი ოჯახიცაა, ისეთივეა სახელმწიფო!.. ბედნიერი ვიყავი, რომ ქეთო დიდხანს მედგა გვერდით. ძნელია სიბერეში მარტო დარჩენა, მაგრამ ახლა მე მოგონებები მაცოცხლებენ. ეჰ, იყო და არა იყო რა. მართლა ზღაპარივით ყოფილა ცხოვრება.

„წმინდა გიორგი ლახვრიდეს...“

მურმან ქართველიშვილის ცნობილ კლიპში თითქოს მთელი თბილისია თავმოყრილი, მათ შორის მეც ვარ, ვითომდა მთავარი გმირი. მინდა, გითხრათ, რომ ეს კლიპი კი არა, მხატვრული ნაწარმოებია, თითქოს ჩემი ცხოვრების ანარეკლია, თითქოს ტაძრისკენ მიმავალ გზას ვადგავარ. მშვიდად ვერ ვუყურებ. წმინდა გიორგი ლახვრიდეს... – ეს სიტყვები მიანიშნებს, რომ ლახვარსა და საერთოდ, საჭურველს სიწმინდესთან, უფლის სიყვარულთან აკავშირებდნენ. საღვთოდ შეწირულ ცხოველსაც ლახვრითა თუ ხანჯლით კლავდა ქართველი კაცი. სალოცავებსა და ეკლესიებს საჭურველსაც სწირავდნენ. სხვაგვარად ვერც იქნებოდა. საჭურვლით ხომ თავსაც ვიცავდით და მამულსაც.“

შაჰ აბასის თვალის ჩინი და ხმალი

ერთი ლეგენდად ქცეული ამბავი მინდა, გაგახსენოთ: შაჰ აბასს ერთაწმინდის ეკლესიის გალავნის დანგრევა უნებებია და ბრძანებაც გაუცია. როცა მტრის მეომრები საქმეს შესდგომიან, დამპყრობელს თვალის ჩინი წართმევია. იქვე მყოფ დარბაისელ ქართველ გლეხს შაჰისთვის შეუბედავს, თუ ეკლესიას ხელს აღარ ახლებ, თვალთ აგეხილებაო და ასეც მომხდარა. განცვიფრებულ შაჰ აბასს ერთაწმინდის ეკლესიისთვის ხმლის ვადა შეუწირავს, რომელიც წმინდა ნივთად შეურაცხავთ. ამ ხმლის ვადით ერეკლე მეორეს სნეული შვილი მოურჩენია და თავის სასახლეში დაუვანებია, იქიდან კი აღა-მაჰმად ხანს გაუტაცნია. მოგვიანებით შაჰ აბასს ხმალი ძალის მოსამატებლად მრავალძალის ეკლესიისთვისაც შეუწირავს. ეს ხმალი დღეს ჩვენს მუზეუმში ინახება.

შთამომავლობა

მყავს სეხნია და ძალიან ამაყი ვარ ამით! ოღონდ ეგაა, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს პაპა-შვილიშვილი. უმცროსი კონსტანტინე ჩოლოყაშვილი პარიზში ცხოვრობს, 27 წლისაა. ინფორმატიკის ინჟინერია. ბიძინაც, მამამისი, პარიზშია ოჯახთან ერთად. ნინო კი, ჩემი უფროსი შვილიშვილი, ხელოვნების მუზეუმში მუშაობს და პატარა მარიამითაც ხშირად მესტუმრება ხოლმე. ასე რომ, შვილთაშვილიც მყავს. აი, კონსტანტინეს შვილსაც რომ მოვესწრებოდე, მერე მართლა არწივივით გავიშლებოდი მხრებში!

ჩემს სუფრაზე სიტყვა თამადობდა

ჩემი თამადობის ამბავი ბოლოსთვის შემოვინახეთ? რა ვიცი, აბა, ხშირად მპატიჟებდნენ თამადად ქორწილებში, ნათლობებში, ძეობებში... ჭირის სუფრაზეც, „დისერტაციებზეც“... ვინ მოთვლის, რამდენი დოცენტი და პროფესორი დამილოცავს ან რამდენი წყვილი გამიბედნიერებია. შემხვდებიან და მეტყვიან, ჩემს ქორწილში თამადა იყავითო, ჩემს ნიშნობაზე ისეთი სადღეგრძელო თქვით, ახლაც ვიხსენებთო... მე კი, სიმართლე გითხრათ, ყველა სუფრა როდი მახსოვს, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ყველა სუფრას გულით ვთამადობდი. არც ყანწის დაცლას ვაძალებდი მოქეიფეს და არც მე მიყვარდა ბევრი ღვინის დალევა. ჩემს სუფრაზე სიტყვა თამადობდა და არა ღვინო! გამორჩეულად რომელი სადღეგრძელოების თქმა მიყვარდა? სიყვარულის, ქართველი ერის გამრავლების, ქართველი ერის აღორძინების, ტრადიციების დაცვის... და ისევ და ისევ სიყვარულის!..“

ერთხელ ბატონმა კოტემ ასე წარმოთქვა ღვინის სადღეგრძელო:

,,ღვინო საქართველოს სისხლია, რადგან ის შექმნილია ჩვენი მიწის წვენისა და მზისგან. როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მოჰქონდა ვაზის ჯვარი, ვაზის ორი ტოტი, შეკრული თავისი თმით. როდესაც მუსლიმანები გვიპყრობდნენ, პირველ ყოვლისა ვენახებს ჩეხდნენ, რადგან ღვინო განასახიერებს ქართულ სულს. მუდმივად გადარჩენისთვის მებრძოლებს ღვინო დაგვეხმარა ქართული სულის შენარჩუნებაში. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ოქტომბერს ჩვენ ღვინობისთვეს ვეძახით. ჩვენ ღვინით ვემშვიდობებით გარდაცვლილს და ვესალმებით ახალშობილს. ჩვენ ღვინით ვუხსნით სიყვარულს. გაუმარჯოს ღვინოს!“

იმ დღით უჩვეულო გახლდათ

ნიკოლა ჯავახიშვილი:

„1991 წელია. ჩვეულებისამებრ მივედი სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ბატონი გურამ ჩხაიძე მელოდა. მისი თანადგომით ვეცნობოდი მუზეუმში დაცულ ქართულ ბონისტიკურ ძეგლებს, რომლებსაც უკვე იმ დროიდან მეცნიერულად ვიკვლევდი. უცებ გაიღო კარი და ოთახში შემოვიდა ყველასათვის საყვარელი ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი, ოდნავ შემცბარი გამომეტყველებით, რაც მისთვის, როგორც მუდმივად მხნე ვაჟკაცისათვის, ცოტა არ იყოს, უჩვეულო გახლდათ. ბატონმა გურამმა მაგიდასთან მიიწვია და სკამი შესთავაზა. ბატონი კოტე დაჯდა, ხოლო მცირე პაუზის შემდეგ გაღიმებული გვეუბნება: „ეს-ესაა შევხვდი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მან შემომთავაზა, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნულ ფასეულობათა ფონდს, რომელშიც შეწირულობათა სახით შეგროვილი თანხა და განძეული მოხმარდება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობას. ცოტა არ იყოს, შევცბუნდი და ვუთხარი: „ბატონო ზვიად, დიდი მადლობა ასეთი ნდობისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, რადგან მე ამას, ალბათ, ვერ შევძლებ“. – „რატომ?“ – გაკვირვებით შემეკითხა. – „ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთ საქმესთან აქამდე არავითარი შეხება არ მქონია და მეორეც, უკვე სადაცაა 70 წელი შემისრულდება და მოხუცებულ კაცს სადღა შემიძლია ასეთი მნიშვნელოვანი ფონდის ხელმძღვანელობა“. ბატონი ზვიადი ჩაფიქრდა, შემდეგ წამოდგა, შემომხედა თავისი გამჭოლი მზერით და ზრდილობიანად, თუმცა საყვედურნარევი კილოთი მითხრა: „ბატონო კოტე, თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით და ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ როდესაც აღა-მაჰმად-ხან ყაჯარის ურდოები საქართველოში შემოიჭრნენ, იმხანად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე უკვე 75 წლის მოხუცი გახლდათ. ამის მიუხედავად, იგი მაშინვე ცხენზე შეჯდა, მახვილი იშიშვლა და მტერს უშიშრად შეერკინა… რასაკვირველია, მე შემეძლო, რომ ამ ფონდის ხელმძღვანელობა სხვა რომელიმე, ასევე ღირსეული ქართველისათვის ჩამებარებინა, მაგრამ თქვენ შეგარჩიეთ სწორედ თქვენივე მამულიშვილური შემართების, პატიოსნებისა და გვარიშვილობის გამო. თქვენ ხომ ლეგენდარული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოგვარე და ნათესავი ბრძანდებით!“ ასეთი სიტყვების შემდეგ რაღა დამრჩენოდა, უყოყმანოდ დავთანხმდი. ამჯერად უკვე კმაყოფილი ზვიადი, რომელიც ჩემს საბოლოო პასუხს ფეხზე მდგარი ელოდებოდა, გულითადად გადამეხვია, ძველქართული წესით მხარზე მეამბორა და წარმატებები მისურვა…“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა