საზოგადოება

როგორ მოხვდა მაცხოვრის მიწაზე ყოფნისას სასწაულებრივად გამოსახული ხატი პირი ღვთისა საქართველოში, ანჩისხატის ტაძარში

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 07.03, 2023 წელი

მამა არჩილი
დაკოპირებულია

ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ეკლესია საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია, მისი აგების თარიღად მეექვსე საუკუნე სახელდება. თუმცა ანჩისხატი მხოლოდ სიძველის გამო არ არის მნიშვნელოვანი სიწმიდე, მისი მთავარი მშვენება ანჩისხატია – პირი ღვთისა და ის მეთორმეტე საუკუნეში ბექა ოპიზრის ჭედურობითაა შემკული.

რა გზა გამოიარა თბილისის უძველესმა ტაძარმა დედაქალაქთან ერთად და როგორ დაივანა მის კედლებში მაცხოვრის მიწაზე ყოფნისას სასწაულებრივად შექმნილმა ხატმა? – ამ ისტორიას თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე გაგვაცნობს.

მამა არჩილი: როგორც ამბობენ, ტრადიცია არა ფერფლის თაყვანისცემა, არამედ ცეცხლის ჩაუქრობლად შენახვააო და ანჩისხატის უძველესი ტაძრის არსებობაც ერთგვარი დასტურია იმისა, თუ რა ცეცხლი გამოიარა ჩვენმა ტაძარმა, ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა დედაქალაქმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ანჩისხატის ტაძარი არის ქალაქ თბილისის, როგორც დედაქალაქის, თანატოლი. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ იგი აშენებულია ვახტანგ გორგასლისა და მისი ძის – დაჩი უჯარმელის დროს. ანუ, დაახლოებით, მეხუთე საუკუნის დასასრულითა და მეექვსე საუკუნის დასაწყისით თარიღდება და აგერ უკვე თხუთმეტი საუკუნეა, მომსწრეა საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ყველა ძნელბედობისა და ჭირისა თუ ლხინისა.

– რა კვალი დაამჩნია დრომ ანჩისხატის ტაძარს?

– ტაძარში შემორჩენილია თავდაპირველი ნაწილები, თუმცა, ბუნებრივია, 15 საუკუნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადახდა თავს: უამრავჯერ იქნა იავარქმნილი და დაზიანებული მტრის შემოსევებისა თუ მიწისძვრებისგან; რამდენჯერმე დიდი რესტავრაციაც ჩაუტარდა. როგორც ჩანს, აშენების შემდგომ ანჩისხატის ეზოში დიდი მშენებლობა ყოფილა ბაბილა კათალიკოსის დროს, რომელიც, სავარაუდოდ, მეშვიდე საუკუნეში მოღვაწეობდა. შემდგომ დიდი შრომა გაუწევია დომენტი კათალიკოსს, რომელმაც ააშენა დიდი სამრეკლო, დღევანდელი შავთელის ქუჩის მხრიდან ზემოდან რომ დაჰყურებს ტაძარს და რომლის გამოყოფაც ანჩისხატიდან დღეს უკვე წარმოუდგენელია. ანჩისხატის ძველი საკათალიკოსო ტაძრის ანსამბლი რამდენიმე შენობისგან შედგება: ძირითადი ტაძარი; სამრეკლო, რომელიც ვახსენეთ; შენობა, რომელიც, ასევე, საპატრიარქო რეზიდენციის ნაწილს წარმოადგენდა და სადაც ძალიან ბევრმა ცნობილმა მოღვაწემ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები; ხოლო ამ ანსამბლს კრავდა და აგვირგვინებდა საკათალიკოსო სასახლე, რომლის ნაშთიც შემორჩენილია. ანჩისხატი ყოველთვის საკათედრო ტაძარი იყო და წარმოადგენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციას თბილისში. როდესაც კათოლიკოსი თავისი რეზიდენციიდან, მცხეთიდან, დედაქალაქისკენ მოემართებოდა, სწორედ ანჩისხატი იყო მისი სახლი.

ეს რეალობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა მეოცე საუკუნემდე. მეოცე საუკუნეში, 1917 წლის 12-25 მარტს, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, მცხეთა და თბილისი ორ ცალ-ცალკე ეპარქიად იყო გაყოფილი. თბილისს ჰყავდა თავისი ეპისკოპოსი – თბილელი, ხოლო მცხეთას მართავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ, საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავარი, უწმიდესი და უნეტარესი, მღვდელმოწამე კირიონი (საძაგლიშვილი) სწორედ ანჩისხატში მსახურობდა და ანჩისხატში ცხოვრობდა. როდესაც მოკლეს, იგი ანჩისხატის ტაძრიდანვე გამოასვენეს. მეოცე საუკუნეში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ. პირველად მირონი ანჩისხატში მოიხარშა. შემდგომში მცხეთისა და თბილისის ეპარქიები გაერთიანდა და უკვე ერთი საუკუნე შესრულდა, რაც მცხეთა-თბილისის ეპარქია არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განუყოფელი სივრცე.

– რატომ ჰქვია ტაძარს ორი სახელი?

– ტაძარს ყოველთვის ანჩისხატი არ ერქვა, მისი მუდმივი სახელი იყო ღვთისმშობლის შობის ეკლესია, წყაროებში მარიამწმიდის ეკლესიად იხსენიება. ხალხური სახელიც ჰქონია, არაბების ბატონობის დროს შერქმეული: ზარის ეკლესია. მუსლიმებს ძალიან არ მოსწონდათ ქრისტანული ზარების რეკვის ხმა, ამიტომ აუკრძალავთ და ანჩისხატი იყო ერთადერთი, როგორც მთავარი ტაძარი, როგორც პატრიარქის ტაძარი, რომელსაც ვერ თუ არ აუკრძალეს და მხოლოდ ანჩისხატს ჰქონდა უფლება, დაერეკა ზარები მრევლის მსახურებაზე მოსახმობად. აქედან გამომდინარე, ხალხმა ზარის საყდარიც დაარქვა, როგორც ხალხური დასახელება. ხოლო ანჩისხატის სახელი ტაძარმა მიიღო განსაკუთრებული და უდიდესი სიწმიდის მიღების შემდეგ, რასაც პირი ღვთისას, იმავე ანჩისხატს ვუწოდებთ. ეს ის ხატია, რომელიც, გადმოცემით, საეკლესიო ტრადიციით, უკავშირდება მაცხოვრის მიწაზე ყოფნის პერიოდს, იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ხანას, როდესაც მან ედესის მთავარს, მეფე ავგაროზს, მისი თხოვნის საპასუხოდ თავისი გამოსახულება გაუგზავნა. მაცხოვარმა სახეზე მიიდო ტილოს ის ნაჭერი, რომელზეც მეფე ავგაროზის მიერ გაგზავნილი მხატვარი ცდილობდა, გამოესახა ქრისტე და ტილოზე თვითონ გამოისახა იესო ქრისტეს ყოვლადწმიდა პირისახე. აი, ეს პირი ღვთისა ინახებოდა ქალაქ ედესაში, დღევანდელ ქალაქ ურფაში, საუკუნეების განმავლობაში. სხვადასხვა ვარაუდით, მერვე ან მეცხრე საუკუნეში ეს სიწმიდე გადააქვთ კონსტანტინოპოლში, იქიდან კი, ხატმებრძოლობის ეპოქის დასრულების შემდგომ, უკვე იმხანად ბიზანტიისა და საქართველოს სასაზღვრო ზონაში ხვდება, იმჟამინდელ ეპარქიაში ანჩი ერთ-ერთი უძველესი ტაძარი იყო, დღეს თურქეთის ტერიტორიაა, საჩვენოდ ტაო-კლარჯეთს რომ ვუწოდებთ.

ანჩის ეკლესიაში ეს ხატი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება. როდესაც საქართველოს ყველაზე მძიმე, მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები უდგება, იწყება მცდელობა, რომ, რაც შეიძლება, მეტი სიწმიდე გადარჩეს საერთო-სახალხო საგანძურიდან. დაძრულ ოსმალურ ტალღას, რომელიც იპყრობს ძირძველ ქართულ ტერიტორიებს, არიდებენ ამ სიწმიდეებს და ანჩიდან პირი ღვთისა მოაქვთ ცენტრალური საქართველოსკენ. გზადაგზა რამდენიმე ადგილას ჩერდებიან: თავდაპირველად, ახალციხემდე ჩამოუტანიათ, შემდგომ – კასპისკენ, სოფელ ქვემოჭალაში, იქიდან კი, საბოლოოდ, ხატმა თავისი ბინა დაიდო თბილისში, ჩვენს საყვარელ ტაძარში, რომელსაც შემდგომში ეწოდა ანჩისხატი ამ დიდი სიწმიდის მასპინძლობისა და მიღების გამო. რაკი ხატი ანჩიდან იყო წამოღებული, ანჩისხატი შეერქვა საკუთარ სახელად და ამ ხატის მნიშვნელობის გამო თავად ტაძარმაც მიიღო უკვე მეორე სახელად, ხოლო სახსენებლად – პირველ სახელად ანჩისხატი. დღეს ტაძრის სრული სახელია ღვთისმშობლისა და ანჩისხატის ტაძარი.

თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, დღეს არსებული მონაცემებით, მსოფლიოში არ არსებობდა ტრადიცია, რომ ხატის სახელზე აშენებულიყო ტაძარი. ქრისტიანობა არ იცნობდა ასეთ ტრადიციას. პირველი ტაძარი, რომელიც აშენებულა ხატის სახელზე, არის ანჩაში მყოფი ტაძარი. ამდენად, ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, ანჩისხატმა – პირი ღვთისას ხატმა – ამ ტრადიციასაც დაუდო სათავე. თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ტაძარიც, სადაც ის იყო დავანებული, აშენდა პირი ღვთისას სახელზე.

– როგორ მოხერხდა ტაძრის ნაგებობის შენარჩუნება და რამდენად აქვს პირვანდელი, 15 საუკუნის წინანდელი იერი?

– სამწუხაროდ, ანჩისხატის ტაძარს ბევრი უბედურების გადატანა მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის წარმოადგენდა დიდ სულიერ ცენტრსა და კერას, 1795 წელს თბილისის განადგურების შემდგომ, აღა მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ, ანჩისხატის ტაძარი ძალიან დაზიანებულა. ხატის გადასარჩენად საოცარი გმირობა გამოუჩენიათ ქართველებს – ზურგზე გადაკიდებული უტარებიათ თიანეთამდე. ესეც თავისებური სასწაულია: ანჩისხატი საკმაოდ დიდი და მძიმე ხატია და წარმოუდგენელია, როგორ შეძლეს ადამიანებმა ზურგით მისი გადატანა და გადარჩენა, რაც დასტურია ჩვენი წინაპრების დიდი ერთგულებისა როგორც სიწმიდეებისა და ღვთისადმი, ისე სახელმწიფო ეროვნული საგანძურისადმი. ამ ტაძარში მდებარეობდა ერეკლე მეფის სემინარია; ამ ტაძარში მოღვაწეობდა განსაკუთრებული საგვარეულო ალექსიმესხიშვილებისა, მოგეხსენებათ, ეს გაგვარებული სახელია და ისინი ანჩისხატის ტაძარში ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ გადაწერას და ეს იყო ერთ-ერთი ცენტრი, საიდანაც თბილისის სტამბა სხვადასხვა გრავიურით მარაგდებოდა. ანჩისხატში იყო სამგალობლო ცენტრი; როგორც საკათალიკოსო ტაძარსა და ერთ-ერთ ცენტრალურ სალოცავს, ძალიან ბევრი კულტურული ფუნქცია ჰქონდა თბილისში მიჩენილი.

მეცხრამეტე საუკუნეში რუსებმა ტაძარს ცრუგუმბათები და სამრეკლო მიაშენეს. მეოცე საუკუნის 20-ან წლებში კი ტაძარი იკეტება და მას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. იყო სამხერხაო, სამხატვრო სახელოსნო, საწყობი... სხვადასხვა ფუნქცია შესძინეს კომუნისტებმა ამ უძველეს ტაძარს, არადა საქართველოს დედაქალაქში ამ ტაძარზე უფრო ძველი არც ტაძარია და არც სხვა რამ ნაგებობა. 1956 წელს დაიწყო საიუბილეო ღონისძიებების გამართვა თბილისის 1 500 წლისთავის აღსანიშნავად და ეძებდნენ ყველა ძველ კვალს, თუკი რამე იყო გადარჩენილი მეთვრამეტე-მეოცე საუკუნეებში. აი, ამ ტალღაში მოხვდა ანჩისხატი და სწორედ მაშინ დაუბრუნეს ტაძარს მეტ-ნაკლებად ძველი იერი, როდესაც მოხსნეს რუსული ცრუ-გუმბათები და რუსული სამრეკლო. შესანიშნავი სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი გვერდწითელი ხელმძღვანელობდა ტაძრის აღდგენას და ის გარდაცვალებამდე იყო კიდეც ანჩისხატის, როგორც ძეგლის, ხელმძღვანელი. სწორედ მაშინ შეიძინა ანჩისხატმა ის სახე, როგორც დღეს ვიცნობთ, თუმცა სრულყოფილად ჯერ ბოლომდე არ არის აღდგენილი და თავისი პირველადი სახით მას ჯერ კიდევ ვერ ხედავს და არ იცნობს თბილისისა თუ ქვეყნის მოსახლეობა.

1988 წლის 28 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო, რომ რამდენიმე სხვა ტაძართან ერთად ანჩისხატიც დაბრუნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. ტაძარი იკურთხა და ტაძარს, გარდა იმისა, რომ შეუნარჩუნდა სახელი ანჩისხატი, ისტორიული მეხსიერებაც გაცოცხლდა: პატრიარქმა ტაძარი აკურთხა ღვთისმშობლის შობის სახელზე და დღეს მას აქვს სრული სახელი - ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი