საზოგადოება

როგორ მოხვდა მაღალ თანამდებობებზე გამოუცდელი სოსო გოგაშვილი და რატომ ჩამოიშორეს ის

№30

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 02.08, 2021 წელი

სოსო გოგაშვილი
დაკოპირებულია

სოსო გოგაშვილი – ეს სახელი და გვარი ყველამ იცის, ვინ – როგორ, ამაზე აქ არაფერს ვიტყვი. არაფერს ვიტყვი მის თანამდებობებზე დანიშვნაზეც, წამოსვლაზე, ქონებაზე, შესაძლო დანაშაულებზე თუ შეცდომებზე. მე გთავაზობთ სოსო გოგაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც იგი თავად გიამბობთ ყველაფერზე. ამ ინტერვიუს მიზანია, ძალიან ახლოს გაგაცნოთ სუსის უფროსი და შემდეგ თავად გამოიტანოთ დასკვნები, რა არის ჭორი და რა – სიმართლე.

– მოდი, თქვენთვის, ჩემთვის და საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო პერიოდიდან, თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ, საიდანაც უკეთ გავიგებთ, თუ ვინ არის სოსო გოგაშვილი იმ რეპუტაციის იქით, რომელიც მისმა სამსახურებრივმა საქმიანობამ შეუქმნა.

– კი ბატონო. დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში დავიბადე და გავიზარდე. 16 წლამდე იქ ვცხოვრობდი. სკოლაც იქ დავამთავრე. ძალიან ცელქი ვიყავი. ჩემი მშობლები სულ სკოლაში იყვნენ, ისე, რომ მშობელთა კრებამდე აღარ მიდიოდა საქმე. იმ დასჯის მეთოდებზე აღარ მოვყვები, როგორც სკოლის დირექტორი გვსჯიდა.

– არადა, საინტერესოა. ვერ წარმომიდგენია, თქვენ თუ ვინმე გსჯიდათ.

– ძალიან მკაცრი ადამიანი იყო. სხვათა შორის, გვიყვარდა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ისტორიკოსი, ზოგადად, საინტერესო პიროვნება იყო. ჩვენს სკოლას ჰქონდა ძალიან დიდი ბაღი, სადაც ვაშლისა და კარალიოკების ხეები იყო. შევდიოდით და ვჭამდით. ეს დასჯადი იყო. ერთხელაც, ხეებზე ვართ ამძვრალი. დირექტორი მოდისო, – დაიძახა ერთ-ერთმა. სწრაფად ჩამოვძვერით, დავიმალეთ. დარჩნენ ორნი და ისინი დაიჭირა. შრომის მასწავლებელს დაავალა: ამათ თითო ვედრო მკვახე კარალიოკი მოუტანე და ჭამონო. ერთმა იმდენი ჭამა, იმდენი ძალიან ცუდად გახდა. სიყვითლე დაემართა.

– რა სადისტობაა... შესაძლოა, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილისთვის, არაფერს ნიშნავს და დღეს ღიმილით გახსენდებათ, იმიტომ ეს თქვენი ბავშვობაა, რომელიც გიყვართ, მაგრამ დღეს მსგავსი ფაქტი რომ მოხდეს სკოლებში, ამას ჩვენი საზოგადოება ვერ მოითმენს.

– მერე, ათ-ათი კილო ვაშლის მიტანა დაგვავალა. საიდან უნდა მოგვეტანა? მაშინ კვირაში ერთხელ იყო ბაზარი. მიდიოდნენ მშობლები და ერთი კვირის მარაგი ამოჰქონდათ. ისე, მოხდა, რომ ჩვენი მეგობრის მამამ, რომელიც კოლმეურნეობაში მუშაობდა, იმ საღამოს სახლში მანქანით მიიტანა ვაშლი. მოიტანეთ პარკები და გაგატანთო, – გვითხრა. მივიტანეთ სკოლაში ეს ვაშლები და „ბუფეტში“ ჩავაბარეთ.

1988 წელს პირველად ჩამოვედი თბილისში, სტუმრად ვიყავი. აქციები მიდიოდა. დავესწარი. მაშინ ვნახე პირველად „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია... ძალიან იმოქმედა ჩემზე და ავენთე. 16 წლის ვიყავი, 9 აპრილი რომ მოხდა. სკოლიდან ჩემი ინიციატივით წავედით გლოვის დღეებში აქციაზე. კლასელებმა ჩუმად შევაგროვეთ ფული. მაშინ ავტობუსები მოძრაობდა ჩვენი სოფლიდან თბილისამდე, სკოლიდან გამოვიპარეთ და წამოვედით. ღამე თბილისში დავრჩით. ფილარმონიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელში ყვავილები იყიდებოდა. გვირგვინი გავაკეთებინეთ და ჩვენი სკოლის სახელით სიონში მივიტანეთ. ისეთი აღმატებული განწყობა გვქონდა, ვერ აგიწერთ. ცოტა ხანს გავჩერდით და წამოვედით. ეს ამბავი სოფელში გახმაურდა. პედსაბჭო ჩაუტარებიათ. გვსჯიან. უნდა გაგვრიცხონ. ისეთი დროა, სისტემა არ არის ჯერ შეცვლილი, ყველას გვეშინია, მშობლები კარგ ადგილას მუშაობდნენ და ეს ეროვნულობა, თან, თამამები ვართ. გამოცდები ახლოვდება. დამემუქრნენ, არ გაგახარებთო. ის ერთი კვირა დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი. ვერ მივხვდი, ცუდი რა გავაკეთე.

– იურიდიულზე ჩაბარების მიზანი რა იყო? თავიდანვე ფიქრობდით იმ თანამდებობაზე, რაზედაც მუშაობდით?

– გეტყვით – მამაჩემს ყოველთვის თანამდებობები ეკავა. კოლმეურნეობის მთავარი ბუღალტერი იყო. მოხდა რაღაც. იჭერდნენ. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჩვენი ოჯახი უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყო. ცალკე გულის პრობლემები ჰქონდა. იმდროინდელი პროკურატურა რა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ არ დაიჭირეს თუ ვერ დაიჭირეს, იმ საქმეში დამნაშავედ არ ცნეს, თუმცა ფულს სთხოვდნენ. აი, ამის შემდეგ პირიქით, გადავიფიქრე იურიდიულზე ჩაბარება. ჩავთვალე, რომ ეს, ის პროფესიაა, რომელსაც შეეძლო ვიღაც გაეუბედურებინა. ჩემს თვალში პროკურორები მტრები იყვნენ, იმიტომ რომ მამა ასეთ დღეში ჩააგდეს და თუ ამ პროფესიას ავირჩევდი, შეიძლებოდა, მეც ვიღაც გამეუბედურებინა. ამით იმას არ ვამბობ, რომ იურისტობა ცუდი პროფესიაა, პირიქით და შეიძლება ახლა ვნანობ კიდეც, რომ ისეთ სამსახურებში მომიწია ყოფნა, სადაც ეს უნარები იყო საჭირო, თუმცა, პროფესიაში არაა საქმე, ადამიანურ მიდგომებზეა ყველაფერი.

მერე, თანამდებობებზე რომ დავინიშნე, თავიდან მომიწია გავლა სისხლის სამართლის, საპროცესო კოდექსების. ბუნებრივია, გამომძიებლებთან მიწევდა ურთიერთობა და რაღაცას რომ ახსენებდნენ, პირი არ დამეღო. შემდეგ უკვე ეკონომიურზე შევჩერდი. უმაღლესი ქულები ავიღე, მაგრამ ერთი ქულა მაკლდებოდა, ვერ გავდიოდი თან, ჯარი მიწევდა. მაშინ იყო რექტორი ამაღლობელი და პრორექტორი გოგუაძე. ცხრა აპრილი მომხდარია. საბჭოთა კავშირი იშლება. აქაურმა ხელისუფლებამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ რადგან იძაბებოდა სიტუაცია და შეიძლებოდა, საქართველოს მოქალაქეს რუსეთში პრობლემები შეჰქმნოდა, გადაწყვიტეს, დაბალქულიანებიც მიეღოთ, ოღონდ რუსეთის ჯარში არ წასულიყვნენ. მამაჩემი ჩამოვიდა თბილისში. შეხვდა მათ და უთხრა: მე არც ფული გადამიხდია, არც არაფერი გამიკეთებია მის სწავლა-განათლებაში, სკოლიდან აქვს აღებული მთელი ეს ცოდნა. ეს რომ ახლა იქ წავიდეს, ისეთი ხასიათისაა, შეიძლება, რაღაც შეემთხვეს და გთხოვთ, არ დამიღუპოთ შვილიო. მოკლედ, ჩავირიცხე და ისე დავამთავრე, არცერთი ოთხიანი არ მიმიღია. ეს იყო 1994 წელს.

– ბავშვობაში თუ უთვალთვალებდით და უსმენდით ვინმეს?

– მიყურადებას გულისხმობთ? არა, არა. მე ვინმეს კართან არასდროს ვმდგარვარ და ოთახში, შიგნით რა ხდებოდა, არ მომისმენია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ინტერესი ყველა საქმის მიმართ უნდა გქონდეს. მე რა საქმესაც ვაკეთებ, სადაც ვარ მაქსიმალურად ვავლენ ინტერესს და ვიხარჯები. მთელი ცხოვრება, გონებრივი, ისე ფიზიკური შრომა მიწევდა. ვაჭრობის სფეროშიც ვიყავი, ტრაქტორზეც ვარ ნამუშევარი...

– ტრაქტორზე? საინტერესოა. განაგრძეთ. ყურადღებით გისმენთ.

– კი და ეს არავისთან მომიყოლია. ზაფხულში, როცა არდადეგები იწყებოდა, ზოგი კოლმეურნეობაში მიდიოდა ვენახში სამუშაოდ, ზოგი – სხვაგან. მამაჩემი, როგორც უკვე ვთქვი, მთავარი ბუღალტერი იყო და ფული არ გვიჭირდა. ფინანსურად ძალიან ძლიერი ოჯახი ვიყავით. სოფელში თუ რამე კარგი საქონელი ჩამოდიოდა, ბრენდული ტანსაცმელი, სათამაშოები ან სხვა რამ, ყველაფერი ჩვენ გვქონდა. მანქანაც ახალი რომ გამოდიოდა, ჩვენ გვყავდა. სიმართლე გითხრათ, უხერხულობასაც კი გვიქმნიდა ასეთი მდგომარეობა.

– აბა, სოსო გოგაშვილი სოციალურად დაუცველი იყო, სოსო გოგაშვილს სოფლიდან ხორცი ჩამოჰქონდა და ბაზარში ყიდდა, ისე უჭირდაო.

– სოციალურად დაუცველი იყო და ახლა მილიონერიაო ხომ? კი, კი ვიცი. გამიგია, მაგრამ ტყუილია. ჩვენი ოჯახი რომ ფინანსურად ძლიერი იყო, დედოფლისწყაროში და ჩვენს სოფელში ყველა გეტყვით. მანქანების ძალიან მაგარი გერმანული კოლექცია მქონდა. ის მოდელები არ გამიყიდია, მაგრამ რომ გამეყიდა, მაგარ ფულს ავიღებდი და აი, მაშინ, როცა მართლა გამიჭირდა, კარგად დამეხმარებოდა. ერთხელაც, მამაჩემმა მითხრა: ამ ზაფხულს წადი და როგორც შენი თანატოლები მუშაობენ კოლმეურნეობაში, შენც იმუშავე. მე კი გაძლევ ყოველ კვირა ფულს, მაგრამ შენი ფული გექნებაო. რას ვაკეთებდი მთელი დღე: წიგნს ვკითხულობდი – ძალიან მიყვარს კითხვა, ან მუსიკას ვუსმენდი, ან ბურთს ვთამაშობდი. კარგ ნიშნებს ვიღებდი და რატომ არ უნდა ეჩუქებინა? მომეწონა ეგ ამბავი და წავედი. მევენახეობაში მიიღეს ახალი ტრაქტორი. ჩვენს ნათესავს მისცეს. მან დამხმარედ წამიყვანა. გვერდზე ვეჯექი. მოდი, ახლა შენ დაჯექი, გასწავლიო. ჩვენთან ვენახის რიგებს, ვენახის პლანს უწოდებენ. იქ შემიყვანა. მანქანის ტარება ვიცოდი და ჩავთვალე, რომ ტრაქტორსაც კარგად ვატარებ. ახლა შეგიძლია ვენახში შეხვიდეო. რამდენიმე რიგი ავიარ-ჩავიარე. იმ მომენტში თვითონ არ იჯდა ჩემთან, გარედან მიყურებდა. ვერ მომაქცია ყურადღება, უცებ ცოტა მარჯვნივ ავიღე საჭე და ერთ ოთხ ძირ ვაზს გადავუარე. გამაჩერებინა. სერიოზულად ინერვიულა, თავში ხელები წაიშინა – ეს რა ქენი, ახლა დამიჭერენო... მერე მითხრა: მოდი, ძირში მივაყაროთ მიწა, რომ არ გაიგონო. ორი კვირის მერე გაყვითლდა ის ოთხი ძირი. მაინც გაიგეს. მოკლედ, ასე სეზონური სამუშაოთი მოვაგროვე შვიდასი მანეთი. წამოვედი თბილისში.

– წეღან თქვით: შემეძლო, მანქანების კოლექცია გამეყიდა, კარგ თანხას ავიღებდი, მაგრამ არ გავყიდეო. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში რთული პერიოდები. როგორც ჩანს, თქვენც გამოიარეთ.

– ცოლი რომ მოიყვანე, ჩემს ოჯახს მე ვუყურებდი. მამა მაგ პერიოდში უმუშევარი დარჩა. იმ სახლის გარდა, სადაც დღემდე ვცხოვრობთ, ახლის აშენებას ვაპირებდით. აღარ ავაშენეთ. ეს სამშენებლო მასალები ასე გვეწყო და გაყიდვა გადავწყვიტეთ. ცოტა ხანს ამით ვირჩენდით თავს. სხვათა შორის, ის სახლი, რომელშიც დავიბადე, ბანკით დავკარგეთ. მერე დავიბრუნე. მე ბიზნესსაქმიანობას ვეწეოდი. 2009 წლამდე კარგად მიდიოდა საქმეები. რამდენიმე ობიექტი მქონდა. ერთ-ერთი იყო ყველაზე დიდი სუპერმარკეტი ნაძალადევის რაიონში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კიდევ ერთი წელი ინერციით იმუშავა. პროგრესი მქონდა, იზრდებოდა შემოსავალი. 2009 წლიდან უკვე ძალიან გართულდა საქმე. ორჯერ რევიზია შემოვიდა. ინვენტარიზაცია ჩაატარეს. მაღალი ჯარიმები ვერ დამიწერეს, იმიტომ რომ ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი მქონდა მაღაზიები. ამას დაემთხვა დედაჩემის ინსულტი. საგადასახადოს ბიჭებს ვუთხარი: ბიჭებო, ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ, თან, დალუქულია მაღაზია, შემოსავალი კაპიკი აღარ მაქვს, რაღაცებს ვალომბარდებ და დროზე დაამთავრეთ, რომ გავხსნა და დავიწყო მუშაობა-მეთქი. მერე გაირკვა, რომ დავალებით ყოფილან შემოსულები. ის ობიექტი სხვას უნდოდა, თურმე. იქ, ერთი კარგი ბიჭი იყო და მან მითხრა: შეკვეთილია ეს საქმე და ჯობია, სხვაგან გადახვიდე. დაანებე თავი აქაურობასო. მოკლედ, ერთი წლის განმავლობაში რაც გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს ნაშოვნი, იმით ვიარსებეთ – აი, ამ ნივთების გაყიდვით, რაც გითხარით. ეს იყო ძვირფასეულობა, რასაც ჩემი მეუღლე იძენდა ხოლმე, ასევე ავეჯი, სუპერმარკეტი რომ დავკეტე იქ, ოცდაორი დიდი მაცივარი იდგა, პროდუქტიც იყო, რომლებიც ზოგი სად ჩავაბარე, ზოგი – სად. ერთი წელი გვეყო. 2010 წლის 31 დეკემბერს ბოლო ნივთი გავყიდეთ სახლიდან 1 200 დოლარად – ეს იყო ძალიან ძვირფასი მაგიდა და სკამები. ერთი თეთრი არ მქონდა. ორი, სამი თვე გვეყო. მერე უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ მქონდა. შემდეგ გამოჩნდა დროებითი, ერთთვიანი სამუშაო. ეს იყო გაეროს სოფლის მეურნეობის პროექტი. ჯერ მოსავალი უნდა მოეყვანათ და შემდეგ სადისტრიბუციო ქსელი უნდა შეექმნათ. ჩემი ახლობელი მუშაობდა. მენეჯერის პოზიცია გამოჩნდა და იქ ჩავერთე.

– აი, ახლა გისმენთ და მართლა ვერაფრით წარმომიდგენია სოსო გოგაშვილი ასეთ სიტუაციებში.

– თუკი ვინმე შეიძლებოდა შემეწუხებინა, ყველა შევაწუხე. ორი არასრულწლოვანი ბავშვი მყავდა. ფიზიკურ სამუშაოზეც დავთანხმდებოდი; ოღონდ გააჩნია, რამდენად შევძლებდი. განსაკუთრებულს არაფერს ვეძებდი. 1995 წლიდან ქაშუეთის ეკლესიის მრევლი ვარ, სტიქაროსანი. ჩვენს მრევლში „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებიც იყვნენ. ხან ვის უთხრეს, ხან ვის ჩემს დასაქმებაზე, მამაოებმაც კი, მაგრამ არავინ შეიწუხა თავი ჩემი გულისთვის. იმ პერიოდში ყველაზე მეტად მეხმარებოდა ჩემი ორი მეგობარი – ჩემი ბავშვის ნათლია, ერეკლე კუხიანიძე და ბიზნესმენი დავით ჩიხლაძე. სანამ პარტიაში და სისტემაში მოვიდოდი, ბიზნესში ვიყავი.

– მითხარით, ხორცს მართლა ყიდდით ბაზრაში?

– ეს არის მაგარი ტყუილი. მე რა ობიექტებიც მქონდა, იქ, რა თქმა უნდა, ხორცის სექციაც იყო. რატომ თქვეს ჩემზე რომ ყასაბი იყოო, გეტყვით. უარესიც – სოფელში კი არა, ნავთლუღის ბაზარში იდგა და იქ ყიდდა ხორცსო. ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელზე თქვეს, რომელიც ჩემზე ასაკით ბევრად უფროსია, ვითომ მან ნავთლუღის ბაზარში გამიცნო და გადმომიბირა. რადგან გოგაშვილმა იმას უპატრონა, მერე იმ კაცმა გოგაშვილს უპატრონაო. საერთოდ, ნავთლუღის ბაზარში ნამყოფიც არ ვარ. რა ხორცს ყიდდაო?! კარგად არიან? ეს ჭორი გივი თარგამაძისგან წამოვიდა. მერე ეს ფეიკი ინფორმაცია მიაწოდა ვითომ ჟურნალისტს და ასე გავრცელდა. არ დავასახელებ ახლა ვის. მოვა დრო, როცა ამაზეც ვიტყვი, დავდებ სქემას, ვინ ვის პატრონობდა მართლა და „ქართული ოცნებიდან“ ვის უხდიდნენ ფულს, რომ ჩემზე ასეთები ეწერათ და ეთქვათ. შემდეგში კიდევ თუ გექნებათ ინტერვიუს ჩაწერის სურვილი, პრობლემა არ არის, ცალკე მოგცემთ მაგ ინტერვიუს. მოკლედ, ასე ააგორეს ეს ჭორი, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ. ასეც რომ ყოფილიყო, ნებისმიერი ადამიანის შრომა დასაფასებელია. რატომ აკნინებ ამით ვინმეს ან რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ყიდის. მთავარია, სული და ხორცი არ გაყიდო. არ მინდა, შედარებით გამომივიდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ჩემს სიმამრთან ერთად მუშაობდა რკინის დაზგაზე და დამატებით შემოსავალი რომ ჰქონოდა, დღის ბოლოს რჩებოდა და იმ სააქმროს ალაგებდა, რომელ საამქროშიც მუშაობდა. ჩემი მეუღლის ბაბუა კი გარდაიცვალა, რომელიც ბიძინას უფროსის მძღოლი იყო, მაგრამ ცოცხალია ეს კაცი აგერ. ადამიანი „სტანოკზე“ რომ მუშაობდა, ამით დაკნინებულია?! ყველას პატივს ვცემ, ვინც თავის საკუთარი შრომით ინახავს ოჯახს. მე არ ვარ განსხვავებული ადამიანი. ადამიანი შესაძლოა, ფინანსურად დიდ კრიზისში ჩავარდეს, ყველაფერი დაკარგოს, აღარც სახლი დარჩეს, აღარც ტანსაცმელი, არც მანქანა, მაგრამ ხვალინდელი დღე რომ თენდება, იმედით იყოს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. ფული რომ არ მქონდა, მე ბოთლებიც ჩამიბარებია. „მარშრუტკაში“ არ ავსულვარ ბოთლებით სავსე ტომრებით, რომლებიც მინისტრის პუნქტში მიმქონდა ჩასაბარებლად, ტაქსის ვაჩერებდი და ვთხოვდი, მიმატანინე-მეთქი. ბევრჯერ არც გამოურთმევიათ. ამის თქმის არ მრცხვენია. ეს გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში. აქედან წამოვიდა ამ სოციალურად დაუცველის ამბავი.

– ესე იგი, ყოფილხართ სოციალურად დაუცველი.

– 2011 წელია. ვარ მონასტერში. პეტრე-პავლობის მარხვაა. ჩემი მეუღლის მამიდაშვილია მეუფე და მასთან ვარ. ჩემმა ცოლმა თქვა: ექიმთან უნდა მივიდე, რაღაც თავს კარგად ვერ ვგრძნობო. არ იცოდა, თურმე, ფეხმძიმედ ყოფილა. მირეკავს და მეუბნება ამ სასიხარულო ამბავს. ის პერიოდია, როცა ფინანსურად მაგრად მიჭირს. ეს რომ მითხრა, ეგრევე წამომივიდა ცრემლები, იმ პერიოდში საერთოდ არც მიფიქრია შვილის ყოლაზე. რაც გვქონდა, იმით ვარსებობდით. სოციალურად დაუცველები მანამდე არ ვყოფილვართ. დადგა საკითხი, რომ უნდა გვეზრუნა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, ბავშვზე და უფრო ინტენსიურად დავიწყე სამსახურის ძებნა. თეამ მითხრა: რადგან არავინ გვეხმარება, უნდა დავიზღვიო თავი. ნაძალადევის გამგეობაში წავალ, რაღაც დახმარებებია და განცხადებას დავწერ, იქნებ, გამომივიდეს ეს დახმარებაო... ნაქირავებში ვცხოვრობდით, სადღაც იტალიურ ეზოში. ამ დროს უკვე აღარაფერი გვაქვს. მანქანა, აქ, სოფელში – სახლი, ყველაფერი დავკარგეთ. ჩემი სიმამრის ოჯახიც ძლიერი ოჯახი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ისიც უმუშევარი დარჩა. სხვათა შორის, ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროს ტაქსაობდა და დღესაც ტაქსაობს. შეიტანა თეამ განაცხადი. მოვიდა შემოწმებაზე სოცაგენტი. ყველანაირი შეფასებით გვეკუთვნოდა დახმარება. ამაზე მე დიდად არ დავსტრესილვარ, იმიტომ რომ ისეთი პერიოდია, ყვავს კაკალი გააგდებინო, ისიც რამეა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი