როგორ მოხვდა ელიავას ბაზრობაზე რკინის ცეხში მომუშავე ნანა ბალიაშვილი ამერიკელების სიუჟეტში და რით აოცებს ის მამაკაცებს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 15.05, 2023 წელი

იყო ქალი, მით უფრო საქართველოში, ძნელია. ქალებს ერთდროულად ბევრი რამის გაკეთება უწევთ – ოჯახსა და ოჯახს გარეთ. დღეს მინდა, ძალიან მაგარი ქალი გაგაცნოთ – ნანა ბალიაშვილი, რომელიც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, სამჭედლოში მუშაობს. ელიავას ბაზრობაზე თუ გიწევთ გასვლა, გამოფენისკენ, ალბათ, რკინის ოსტატებსაც შეხვედრიხართ. ქალბატონი ნანა ერთადერთი ქალია, ვინც მამაკაცებს შორის ჩადგა. წლების წინ, მათ შემყურეს, ამბიცია გაუჩნდა, მასაც ეკეთებინა რკინის ლამაზი ნივთები და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო...
– ქალბატონო ნანა, სიმართლე ვთქვა, იმდენად აღფრთოვანებული ვარ თქვენით, არ ვიცი საიდან დავიწყო. მინდა, რომ ძალიან ბევრი გკითხოთ. ყველაფერი მაინტერესებს.
– ბავშობიდან ძალიან მშრომელი ვარ. მომწონდა ხატვა, ხაზვა. მამაჩემს ყველა მამაკაცურ საქმეში ვეხმარებოდი. შემდეგ, აქ რომ ფაბრიკა-ქარხნები დაიკეტა, რუსეთში წავედით. იქ ვცხოვრობდით. საქართველოში რომ ჩამოვედი, რა უნდა მეკეთებინა? სახაჭაპურეში დავიწყე მუშაობა, საკუთარი სასურსათო მაღაზიაც მქონდა მარჯანიშვილზე, ბაზარშიც ვმდგარვარ, მოკლედ ყველაფერი ვცადე, მაგრამ ჩემს ოჯახს ეს ყველაფერი მაინც არ ჰყოფნიდა. მერე გადავწყვიტე, აქ, გამოფენაზე მოვსულიყავი. დღეს უკვე ჩემი პატარა ცეხი მაქვს. დეტალების კეთებით დავიწყე და დიდ ნაკეთობებზე გადავედი. ოცდაოთხი წელია, აქ ვარ.
– მოდი, თანმიმდევრობით მოვყვეთ, გამოფენაზე როგორ მოხვდით. რკინების რიგში როგორ აღმოჩნდით, რა გინდოდათ?
– ელიავაზე პატარა საცხობში ვმუშაობდი. ყოველდღე მიწევდა გასვლა რკინის რიგში. რომ ვუყურებდი, მამაკაცები როგორ მუშაობდნენ, დამაინტერესა და გავიფიქრე: ნეტა, ამას მე ვერ შევძლებ-მეთქი? ჩარხის ამუშევბა რომ დავიწყე, უფრო და უფრო მომეწონა, დამაინტერესა. ჩემთვის რაღაცებს ვხაზავდი, ჩამოვწერდი, ჩამოვაყალიბებდი, რაღაც დეტალს გამოვიგონებდი, მოკლედ, ნახაზს შევადგენდი, ამოვჭრიდი და ვიწყებდი რკინის დამუშავებას. რაც მეტი გაკეთდა, მეტი ხალისიც მომეცა. ვიფიქრე, ხაჭაპური კი კარგია, მაგრამ არაა საინტერესო, სულ ფქვილში რომ გაქვს ხელები-მეთქი.
– თუ მამაკაცური ბუნების არ ხარ, გამორიცხულია, ასეთმა საქმეებმა დაგაინტერესოს, გაგიტაცოს რკინაზე მუშაობამ, ავტოსერვისში მუშაობამ ან მშენებლობაზე...
– ბუნებით ძლიერი პიროვნება ვარ. მიზიდავს ასეთი სახის საქმეები. თან, ზარმაცი არ ვარ. მიყვარს მუშაობა. ხომ გეუბნებით, რომ დავინახავდი ხოლმე, ბიჭები როგორი გაცხარებით მუშაობდნენ რკინაზე, მინდოდა, მეც მეკეთებინა და გულში ვამბობდი – მე როგორ ვერ უნდა შევძლო-მეთქი. უნდა მივიდე და ვთხოვო ბიჭებს, ერთ დეტალს გავაკეთებ-მეთქი. მივედი და ვთხოვე. მოდი აბა, ვნახოთ, რა შეგიძლიაო, ეცინებოდათ. არმატურა ავიღე და გადავჭერი. დაზგასთან როცა დგახარ, მაინც თავისებური სიფრთხილე უნდა, ამხელა მასა ტრიალებს. ისე მსუბუქად, ჰაეროვნად გადავჭერი, ვიფიქრე, ეს რა არის, არაფერიც არ ყოფილა-მეთქი. გაგიჟდნენ, რომ მიყურებდნენ. რა არის ადვილიო. მერე კიდევ გადავჭერი სისქეების მიხედვით, კიდევ ერთი, კიდევ ერთი და დავრწმუნდი, რომ ყველაფერს შევძლებდი. მერე შევადუღე, ქურაზე გავაცხელე, წვერები გავუკეთე, მაგას ჭერზე ხის „ბალკებზე“ გადასამბმელად იყენებენ...
– ახლა არ მითხრათ, „სვარკაზეც“ და „ბარგალკაზეც“ ვმუშაობო.
– კი. „სვარკაზეც“ ვმუშაობ, ქურაზეც ვმუშაობ, საჭრელ ქვაზეც, „ბარგალკაზეც“ და ყველაფერზე. რაღაცები არის, რასაც სულ ხელით ვაკეთებ. მაგალითად, ჩაქუჩი მაქვს, რომლითაც ლითონს დაძველებას ვუკეთებ. მას ჭედური ნაკეთობები ჰქვია. მასიური რკინის ფილა მიდგას და იმაზე ვაჩაქუჩებ.
– იყო ქალი, გქონდეს საკუთარი ცეხი და თავად მუშაობდე ჭედურ ნაკეთობებზე, ძალიან სერიოზული ამბავია და, მართალი გითხრათ, დავიბენი უკვე.
– ყველაფერს ჩემით, დამოუკიდებლად მივაღწიე. პატარა, ვიწრო ფართობი მქონდა, მოუხერხებელი. მერე, როგორც იქნა, მოვახერხე და აქ საკუთარი ფართი შევიძინე.
მეუღლე მყავს, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ. მე ვინახავ მთელ ოჯახს. ოთხი შვილი მყავს და შვიდი შვილიშვილი. დღე და ღამე აქ ვარ, სამსახურში. აი, მაგალითად, თქვენ რომ მოხვიდეთ და რაღაცის გაკეთება მთხოვოთ, იმედებს არ გაგიცრუებთ. იძულებული ვარ, ამისთვის მთელი ღამე ვიმუშაო. ღამის პირველამდე, გათენებამდეც ვყოფილვარ...
იმთავითვე, მე არც ქმრისთვის მითხოვია არაფერი და არც მშობლებისთვის. 61 წლის ვხდები. ფაბრიკაში ვმუშაობდი, მეორე ფაბრიკაში ბრიგადირად ვიყავი და ასე მოვდივარ და მოვდივარ, სულ წვალებით, შრომა-შრომით. ყველაფერს ვასწრებ. ვერ წარმოიდგენთ. ზოგს რომ ჰგონია – ეეე, ამას როდის გააკეთებსო... შეიძლება, ერთი საათიც არ გავიდეს და ურთულესი ნაკეთობა მზად მქონდეს. სწრაფი ხელი მაქვს.
– უცხოელებს თუ ჩაუვლიათ თქვენს ცეხთან და დახლთან, თუ დაინტერესებულან და შეჩერებულან?
– ამერიკელები იყვნენ ერთხელ, რაღაც დეტალები შემიკვეთეს. უძებნიათ მაღაზიებში, ის, რაც უნდოდათ, ვერსად უნახავთ. მერე გაუკითხიათ და უთქვამთ, ქალია გამოფენასთან, ნანა ჰქვია და მასთან მიდით, მხოლოდ ის დაგეხმარებათო. ტელეფონის ნომერიც მიუციათ. მოვიდნენ თარჯიმანთან ერთად. მითხრეს, ეს და ეს გვინდაო. ნომერი დამიტოვეს. გავუკეთე. იმდენად ზუსტი იყო ის დეტალები, სულ ერთი ერთში დაჯდა. ერთ მშვენიერ დღეს მირეკავენ. სამსახურში ხართო, მკითხეს. კი-მეთქი. მოვიდნენ ვიდეოოპერატორთან ერთად. გადამიღეს. ასეთი ადამიანი დასაფასებელია, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის ეს ქალიო, ამბობდნენ. აღფრთოვანებულები იყვნენ.
– რკინის კარის აქსესუარები, სხვადასხვა დეტალები – გავიგე. შეგიძლიათ, რკინის ჭიშკარი ან სახლის კარი, მაგიდა, სკამები დაამზადოთ?
– უპრობლემოდ. მე რკინის კარიც შემიძლია გავაკეთო, რკინის კიბეც, მაგიდაც, სკამებიც, გასაშლელი კიბეც, ფარდის საკიდებიც და აბსოლუტურად ყველაფერი.
– და, იმავდროულად, იყოთ გარეგნულად ძალიან მოწესრიგებულიც. როგორც ვიცი, სალონშიც დადიხართ სულ და ფრჩილებიდან დაწყებული, ყველაფერს იკეთებთ.
– ეს არის სამსახური. თავის მოვლას თავის ადგილი აქვს და სამსახურს – თავისი. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე მუშაობ. ქალი ხარ და ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ყოველთვის მოწესრიგებელი ვარ. მანიკიურიც ყოველთვის მიკეთია.
– საოცარია, ქალის ნაზი ხელები როგორ უძლებენ რკინის დამუშავებას. ფრჩხილები ხომ გიზიანდებათ, გემტვრევათ, ლაქიც გადადის... რა აზრი აქვს, როცა ასეთ სამსახურში მუშაობთ და ლაქს ისვამთ?
– ხალხს ძალიან უკვირს ეგ, მაგრამ ფრჩხილები სულ მოწესრიგებული მაქვს. ძალიან მაგარი ფრჩხილები მაქვს. კიდევ, სახის მოვლა მიყვარს.
– ეგრეთ წოდებულ, „შიფლოვკასაც“ აკეთებთ?
– „შიფლოვკასაც“ ვუკეთებ და ყველაფერს. კომპრესორი მაქვს, თან ვაზავებ, თან ვღებავ, როცა საჭიროა. დენზე ვმუშაობ სხვადასხვა ხელსაწყოთი. კარების „დაგრუნდვა“ და შეღებვა როცა სჭირდებათ, ვაკეთებ. აქ მაქვს ტანსაცმელი. დღის ბოლოს ხელ-პირს დავიბან, გავწკრიალდები, ჩავიცვამ და მივდივარ სახლში ხან მეტროთი, ხან სხვა ტრანსპორტით. გლდანში ვცხოვრობ.
– ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას, რკინაზე გემუშავათ ელიავაზე?
– ჩემს შვილებს თავიდან არ უნდოდათ, მაგრამ ახლა შეგუებულები არიან. სულ თვალებში მიყურებენ. როგორც კი მივალ სახლში, მომცვივდებიან: დედა, დაიღალე? ბებო, დაიღალე?.. არა, ბებო, – ვეტყვი. სიტყვა დავიღალეც არ მიყვარს. ჩემს გარშემოც გაკვირვებულები არიან. ჩემი ძმები მეუბნებოდნენ, კაცად ხარ დაბადებული. ასეთი ყოჩაღი იყავი თავიდანვე, მოუსვენარი. მამას ვარდებოდი ხელებში. რომ გეტყოდით, დაანებე თავი, არ ანებებდიო... მე მაინც არასოდეს ვიმჩნევ, არ ვამბობ – ამას მე ვერ ავწევ, ამას მე ვერ გადავდგამ... ყველაფერიც მეხერხება, სხვათა შორის, სადურგლო საქმიანობაც ვიცი. თუ ოჯახში ვინმეს დასჭირდა ან ახლობელს, ვუკეთებ. სამი ოთხი წლის წინ ძმა გარდამეცვალა. მის გოგოს ველოდებოდი, როდის გააკეთებდა საფლავს. ისე მოხდა, რომ ვერ გააკეთა. იტალიაში წავიდა. ახლა, სააღდგომოდ მე შევუკარი საფლავი. ექვსი თვის წინ, მეორე ძმა გარადმეცვალა და იმასაც გავუკეთე ჩემი ხელით.
– ადრე რუსეთში აწყობილი გქონიათ საქმეები, ბიზნესი გქონიათ. რატომ წამოხვედით?
– სანამ აქ ჩამოვიდოდი, კი, ხილ-ბოსტენულის საწყობები მქონდა, სპირტზე ვმუშაობდი, მე თვითონ ვბეჭდავდი სახლში. ორნაირი ხარისხის საბეჭდი მანქანა მქონდა, საკუთარი, იმის საბუთებიც მქონდა... მერე დედამთილი გარდამეცვალა, ჩემი და ცუდად იყო და ჩამოვედი... მარტოს მომიწია ყველაფრის გაძღოლა. ჩემი ქმარი იქ დარჩა. დედა როცა დაკრძალა, ჩამოვიდა, მაგრამ დაბრუნდა.
– არ ვიცი, მაგრამ ჩანს, რომ დიდ დარდს ატარებთ. შეცლიდით რამეს, გწყდებათ რამეზე გული, მაგალითად, რომ შეიძლებოდა, რაღაც სხვა გესწავლათ, მეტისთვის მიგეღწიათ ან ისეთი მეუღლე გყოლოდათ გვერდით, რომ დღეს აქ არ მდგარიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო და მაგარ საქმეს ხართ შეჭიდებული, რასაც პირადად ძალიან ვაფასებ, მაგრამ ეს ხომ მაინც მამაკაცების საქმეა და არა ქალის?
– არასოდეს. ჯობია, ყველაფერი ისევ ისე დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ მე კარგი არაფერი მინახავს ცხოვრებაში, მაინც არაფერს მივტირი. ჩემი ძალებით, ჩემი შრომით, შემართებით, მირჩევნია, ბოლომდე ასე დავრჩე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან