საზოგადოება

როგორ მოხიბლა თავისი სილამაზით ტაძარში შესულმა მედეა ბიბილეიშვილმა მამა გაბრიელი და რა უთხრა ბერმა მსახიობს

№38

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 24.09

მედეა ბიბილეიშვილი
დაკოპირებულია

ქართულ კინოს ყოველთვის ჰყავდა სილამაზით გამორჩეული ქალბატონები. მათ შორის იყო მედეა ბიბილეიშვილი, არცთუ ისე განებივრებული კინოროლებით, მაგრამ მაინც მოახერხა და ქართული კინოს ისტორიაში თავისი კვალი დატოვა, როგორც გამორჩეული სილამაზის ქალმა, იმდენად რომ ერთხელ, ტაძარში შესვლისას კუთხეში მჯდარმა მამა გაბრიელმა შენიშნა, მის დანახვაზე აღფრთოვანებული წამოხტა სკამიდან და ასეთი რამ უთხრა: ღმერთმა გიკურთხოს ეგ სილამაზეო. მაშინ, ახალგაზრდა მსახიობმა არც კი იცოდა ვინ იყო იგი, თუმცა მას მერე მსახიობმა ბერი მთელი გულით შეიყვარა და ტაძარი მისთვის მთავარი სახლი გახდა. მამა გაბრიელსაც გამორჩეულად ჰყვარებია, როგორც თვითონ ამბობდა, ღვთის რჩეული შვილი. მოკლედ, ყველაფერი მისი სილამაზის გარშემო ხდებოდა, რასაც ამ დღიურებში წაიკითხავთ. ეს მისი პირადი ცხოვრების საინტერესო ისტორიაა. 31 აგვისტოს ამ მშვენიერების დაბადების დღე იყო. იგი რამდენიმე წლის წინ 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სინანული მერე მოდის

„ჩემი ბავშვობა ლამაზ ფერებში დახატულ უმშვენიერეს სურათს მაგონებს. მშობლები პროფესიით ექიმები იყვნენ. მამა – მეან-გინეკოლოგი კამოზე, მეორე სამშობიაროში მუშაობდა, მთავარი ექიმის მოადგილე გახლდათ; დედა ვენეროლოგ-დერმატოლოგი იყო. თეატრი უსაზღვროდ უყვარდათ. ვორონცოვზე დიდი სახლი გვქონდა. ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები. თუკი რაიმე კარგი არსებობს ჩემში, ის ჩემი მშობლებიდან არის, ცუდი კი, საკუთრივ ჩემია... მე ერთი შეუხედავი, სასაცილო და კნაჭა გოგო ვიყავი. მართალს გეუბნებით, არაფერს ვამეტებ. ახლობლები ჩემზე ასე ხუმრობდნენ: მედიკო უშნო და საძაგელ იხვის ჭუჭულს ჰგავდა, რომელიც მოგვიანებით მშვენიერ გედად გადაიქცაო. ჩემი ბავშვობა ფათერაკებით იყო სავსე. სამჯერ დავუძვერი სიკვდილს. ერთხელ, 7 წლისას, საჩუქრად პატარა ბატკანი მომიყვანეს. სულ მის ფერებაში ვიყავი. ეტყობა, მისგან გადმომედო ჯილეხი – ციმბირის წყლული. ჩემს გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა. სასწაული მოხდა... იმ დღიდან სიცხემ დამიკლო და მოვმჯობინდი. მეორედ მორიელმა დამკბინა, მესამედ კი მუცლის ტიფი დამემართა. ეტყობა, ღმერთს არ ვემეტებოდი სიკვდილისთვის და ამჯერადაც „გამოვძვერი“. მშობლების ნებიერას ფერადი ბავშვობა მქონდა. ჩვენთან ხშირი სტუმრები იყვნენ სესილია თაყაიშვილი, ირაკლი აბაშიძე, მარინე თბილელი და მისი მეუღლე, კაკო დვალიშვილი, ცნობილი ექიმი თემურ ჩირგაძე, „ცისფერ მთებში” რომ თამაშობს დირექტორის როლს. მშობლებთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი მახსენდება და გული მწყდება ჩემს საქციელზე. ერთხელ, ახალი წლის ღამეს დიდი წვეულებით შევხვდით. მეორე დღესაც ველოდებოდით სტუმრებს, მე კი გვიანობამდე ძილი მიყვარდა. მამა შემოვიდა ოთახში, ფრთხილად ჩამომიჯდა საწოლზე და თმაზე მომეფერა. განაწყენებულმა შევხედე ცალი თვალით. არ მიყვარდა, როცა ძილს მიფრთხობდნენ. იქვე იდგა დედაც. მან ჩემს შესაღვიძებლად ფარდა გადასწია და ფანჯარა გამოაღო. სასწაული დილა იყო. ფანტელები ცვიოდა ციდან, თან მზეც ანათებდა. შუქმა თვალი მომჭრა და ბუზღუნით კედლისკენ გადავბრუნდი. ახლა ვბრაზობ საკუთარ თავზე. იმდილანდელი მზის შუქი და თოვლის სიქათქათე არაფერი იყო ჩემი მშობლების სისპეტაკესა და სიწმინდესთან შედარებით... ხშირად მშობლებს გულს ვტკენთ და არც ვფიქრდებით ამაზე. სინანული მერე მოდის, როცა ასაკი გვემატება... მეათე კლასში საშემოდგომო გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი გეომეტრიასა და ქიმიაში. სწორედ იმ დროს გვესტუმრა ბატონი კაკო დვალიშვილი, იმდროინდელი კულტურის მინისტრის მოადგილე. მამამ სთხოვა, გამონაკლისის სახით, ატესტატის გარეშე, რეკომენდაცია გაეწია ჩემთვის თეატრალურ ინსტიტუტში. მართლაც, ინსტიტუტის რექტორმა ილია თავაძემ დამიშვა მისაღებ გამოცდაზე. გამომცდელი მიხეილ თუმანიშვილი იყო და როცა მომისმინა, ხელები საქმიანად მოიფშვნიტა: ეს გოგონა გეომეტრიის გარეშეც მშვენივრად გაძლებსო...“

იქ, სადაც თვალი და გული არ მიგიწვდება

„მჯერა ბედისწერის. შემთხვევით, ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ჩემი აზრით, ადამიანი მთელი ცხოვრება ჭეშმარიტების ძიებაშია. თუ გონის ძაფს გაჰყვები, მიხვდები, რომ რაღაცები შენ მიღმა ხდება, იქ, სადაც თვალი და გული არ მიგიწვდება. სიმბოლოების, სიტყვის სიძლიერის, ციფრების, სიზმრების მჯერა. ვიცი, ამას ცრუმორწმუნეობას ეძახიან, მაგრამ მაშინ რით ავხსნა ის უცნაურობები, რაც ჩემს ცხოვრებას უკავშირდება?! მე და ჩემი მეუღლე, რამაზ ვადაჭკორია, 11 წელი ერთად ვცხოვრობდით. 11 რიცხვში დავასაფლავე რამაზი, დედაც 11 რიცხვში დავკრძალეთ“, – ამბობდა მსახიობი, რომელიც ასევე, 11 რიცხვში, 2008 წლის 11 მაისს გარდაიცვალა.

ეს არის სიყვარული

ლამაზ ქალს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ერთ დღეს უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და პირდაპირ უთხრა, შენი ნახვა მსურს, მე რამაზ ვადაჭკორია ვარო. იმ დღიდან დაიწყო მათი ლამაზი ურთიერთობა. „სიყვარული არ მიძებნია, რამაზმა თავად მომიპოვა“, – ამბობდა მსახიობი. რამაზ ვადაჭკორია პროფესიით ექიმი იყო. მათ სიყვარულს ბევრი რამ უშლიდა ხელს, უპირველესად კი ის, რომ რამაზს ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. მედეას ოჯახი კი, ცოლშვილიან კაცთან ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. „განუწყვეტლივ მირეკავდა. ვპასუხობდი, უცნობებთან ლაპარაკი არ მიყვარს-მეთქი. საოცარი ადამიანი იყო. ძალიან ძლიერი ბუნება ჰქონდა. თავის გარშემო ყველას და ყველაფერს იმორჩილებდა. მოახერხა და ჩვენი შეხვედრა მაინც შედგა. თეატრში მეგობრის ქმარი მოვიდა და მითხრა, ჩემი ცოლი ძალიან ცუდად არის და შენი ნახვა უნდაო. მე გულგახეთქილი გავყევი. იქ კი გაშლილი სუფრა და რამაზი დამხვდა. იმ დღიდან აღარ მომცილებია. დილით სახლთან მელოდებოდა, თეატრში მივყავდი, რეპეტიციების დამთავრებას ელოდა, მერე ისევ სახლში მოვყავდი. გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ რამაზი ისევე მიყვარდა, როგორც ბოლო დღეებში… ჩვენი ასეთი შეხვედრები ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მამა ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი იყო, მისი ოჯახის დანგრევა არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, როგორც თავად რამაზს სურდა. ის მიზანს ყოველთვის აღწევდა, მხოლოდ სიკვდილს ვერ მოერია. რამაზს უნიჭიერესი შვილები ჰყავს – ნინო და დავითი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს, თამარს, შესანიშნავი და-ძმა ჰყავს. ნინო კარგი ექიმია, დათუნა თავისი ბუნებით და ბოჰემური ხასიათით მამას ჰგავს.“ შვილის გათხოვების წინააღმდეგი მამა ყველანაირად ცდილობდა, ეს ქორწინება არ შემდგარიყო. ერთ ქალზე შეყვარებული ორი უახლოესი მამაკაცი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა. საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა და არაორდინარულობით გამორჩეულ სიძეს, სიმამრი შეეგუა.

„რამაზი იმდენად მომხიბვლელი, თბილი და ყურადღებიანი იყო, შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა. მამა „დანებდა“, თუმცა შინაგანი კონფლიქტი, ალბათ, მაინც ბოლომდე ჰქონდა. მამას სიგიჟემდე ვუყვარდი. თავიდან რამაზი ძალიან კარგად იქცეოდა, არ სვამდა. მამა და დედა მოხიბლულები იყვნენ. ერთხელ, ღამის ორ საათამდე არ გამოჩნდა. მივხვდი, რომ სადღაც მეგობრებთან ქეიფობდა. შუაღამისას ზარმა დარეკა. კარი მამამ გააღო და ხედავს – დგას რამაზი და გადაჭრილი შარვალი აცვია. გაოცებულმა მამამ იყვირა, რამაზ, ეს რა არისო. მან კი, სიცილით უპასუხა: ეს რა არის, ბატონო დავით და... ერთი, ამოვიყვან ბიჭებს და ნახეთ, ყველას ჰალსტუხები აქვს წაჭრილიო. მაშინ თქვა მამამ, – დავიღუპე, ეს ვინ არისო.“

განცალკევებული ვარდი

„რამაზმა საგურამოში ულამაზესი სახლი საკუთარი გემოვნებით ააშენა. ეზოს ნაწილი ევროპულად მოაწყო – აუზით, ფერადი ქვებით მოკირწყლული ბილიკებით, ფერადი საქანელებით, ქოლგებით… სახლის უკან კი სოფლის კუთხე მოაწყო ჩაწნული ღობით, თონით, ნალიით. ეზოში ვარდების ბაღი გააშენა. ერთხელ გაიგო, რომ ულამაზესი ჯიშის ვარდი არსებობდა, რომელსაც მედეა ერქვა, მაგრამ ვერსად იშოვა. მერე გაიგო, რომ ეს ჯიში კისლოვოდსკში ხარობდა. ერთ-ერთი მეგობარი სპეციალურად გააგზავნა იქ და „მედეა“ ჩამოატანინა. ვარდი განცალკევებით, აუზთან დარგო. „მედეა“ ულამაზესი ვარდია, ფორთოხლისფერი დაჰკრავს. მეუბნებოდა, ეს შენ ხარო. განცალკევებით რომ დარგო, არ მესიამოვნა. ვუთხარი კიდეც, ასე მარტო რატომ დარგე-მეთქი. მიპასუხა, შენ ხომ ერთი და განუმეორებელი ხარ, სხვა ვარდებს რატომ უნდა შეერიოო. უცნაურია, მაგრამ მეც იმ ვარდივით მარტო დავრჩი. ერთხელ ჩემი და რამაზის სურათი დავკარგე. როგორც ჩანს, ვიღაცამ მოიპარა. ძალიან შევწუხდი, მერე, რამაზმა მითხრა: შენ ხომ ჯოკონდა ხარ, რომელიც უნდა მოიტაცოო.“

„ერთ კვირაში სასახლე მზად იქნება!“

რამაზ ვადაჭკორია ავტოავარიაში დაიღუპა. ტრაგედიის წინა ღამეს ქალბატონმა მედეამ უცნაური სიზმარი ნახა. „რამაზი ზუგდიდში დაკრძალვაზე წავიდა. 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად და სულ მეშინოდა, რაიმე ცუდს არ გადაჰყროდა. ყველგან დავყვებოდი. იმ დღეს კი ცუდად ვიყავი და ზუგდიდში ვერ გავყევი. წინა ღამით სიზმარში უცნაური ხმა ჩამესმა: „ერთ კვირაში სასახლე მზად იქნება!“. რომ გავიღვიძე, ვფიქრობდი, რამაზმა საგურამოს სახლი მართლაც სასახლეს დაამსგავსა, ნეტა, რომელ სასახლეზე ჩამძახა ხმამ-მეთქი. ავტოკატასტროფა მცხეთაში მოხდა. საგურამოს სახლში მე და თამარის გადია ვიყავით. ნათესავი მოვიდა და მითხრა, რამაზი ავარიაში მოყვა და თავი აქვს გატეხილიო. მცხეთის საავადმყოფოში ისე მივედი, რომ არ მიფიქრია, რა უბედურება მელოდა… სახლში რომ დავასვენეთ, ზუსტად მეშვიდე დღეს სამუდამო განსასვენებელი, სასახლე შემოიტანეს და დადგეს… 41 წლის სიცოცხლით სავსე კაცი იყო. გარშემო ყველა და ყველაფერი უყვარდა. ერთხელ, მისმა მეგობარმა მითხრა: „რამაზს ყველა უყვარდა, მაგრამ ამქვეყნად მაინც ერთი ქალის სიყვარულისთვის იყო მოსული“. ერთხელ, ნაღვლიანი მოვიდა სახლში. ცუდ ხასიათზე იყო. ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი. ცრემლი მოადგა თვალზე და მითხრა, სიკვდილზე რომ ვფიქრობ, არ მეშინია, მეფეები კვდებიან და მე ვინ ვარ, მაგრამ შენ რომ ვერ გნახავ, ამაზე მწყდება გულიო. შარშან ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი. ერთ ღამეს რამაზი მესიზმრა, მანქანასთან იდგა. მითხრა: 19-ში ერთმანეთს შევხვდებითო. რომ გამოვიღვიძე, დღეები გადავთვალე, 19-მდე ერთი თვე იყო დარჩენილი. ის დღეები შემკრთალმა გავატარე. ზუსტად 19-ში, ღამით, ტვინში სისხლძარღვზე საშინელი სპაზმი დამემართა, მეტყველება დამერღვა… სიკვდილს სასწაულად გადავურჩი. როგორც ჩანს, რამაზის სურვილი იმქვეყნად არ ჭრის, თორემ ისე ვუყვარდი, აქამდე აუცილებლად წამიყვანდა. რამაზის შემდეგ ჩემ გარშემო საშინელი სიცარიელე და ტკივილი დარჩა. სრულიად განადგურებული ვიყავი. არ ვიცოდი, უიმისოდ როგორ მეცოცხლა. ფიზიკურადაც ცუდად ვიყავი – ფრჩხილები მტყდებოდა, თმები დამცვივდა. მშობლები ამომიდგნენ გვერდით. მათმა ნაზმა სიყვარულმა გადამარჩინა. ჩვილი ბავშვივით მიფრთხილდებოდნენ. რომ არა მათი ზრუნვა და ჩემი პატარა თამარის სიბრალული და სიყვარული, რომელიც 6 წლისა დაობლდა, შეიძლება, ვეღარ მეცოცხლა. ცხოვრება თავისით წავიდა, მაგრამ მონატრება დარჩა. ქალი ასაკში რომ შედის, მაშინ უფრო უნდა, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი, მეგობარი ჰყავდეს. ამიტომ ყველა ქალს ვეუბნები – ქმრებს ახალგაზრდობისას რაღაცები მიუტევეთ, რომ ყველაზე საჭირო დროს მეგობარი გყავდეთ გვერდით.“

სცენაზე აყვავებული ატმის ხე

ამბობენ, ქმრისგან ყველაზე განებივრებული მსახიობი მედეა ბიბილეიშვილი იყოო. მეუღლე უამრავ სიურპრიზს უწყობდა. ერთხელ, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ სცენაზე აყვავებული ატმის ხე მიართვა. გაოცებულ ვერიკო ანჯაფარიძეს უთქვამს: რას არ მოვსწრებივარ, ბევრი თაიგული, დაფნის გვირგვინი მინახავს, მაგრამ მსგავსი საჩუქარი ჩემთვის არავის გაუკეთებიაო.

ბაქანზე ამოსული იასამნის ბუჩქი – პესო

„ერთხელ, გასტროლებზე მოსკოვში მატარებლით მივდიოდით. რამაზს სამსახურში კომისია ჰყავდა და წამოსვლა ვერ მოახერხა. ამაზე ძალიან ნერვიულობდა. მაშინ შეუღლებულებიც არ ვიყავით. ვერც სადგურზე გამოჩნდა, რადგან ჩემები მაცილებდნენ, მათ კი რამაზის დანახვაც არ სურდათ. სადგურის რომელიღაც კუთხეში იდგა და იქიდან მიყურებდა. მაინც მოახერხა და ხილით, შამპანურით და ყვავილებით სავსე კალათა ვაგონში შემომიგზავნა... რამაზს ერთი ხელოსანი ჰყავდა, რომელიც ავტოფარეხს უშენებდა. მას პესო შეარქვა, ძალიან დაბალი კაცი იყო. მოსკოვში ორი დღის შემდეგ ჩავედი. ბაქანზე რომ გამოვედი, ვხედავ, იასამნის ბუჩქი დგას. ძალიან მიყვარს იასამანი. გამიკვირდა, ასფალტზე რამ ამოიყვანა-მეთქი. უცებ იასამანი შეირხა და უცნაურად გამოწყობილი პესო დავინახე. თურმე რამაზმა თავისი კოსტიუმი ჩააცვა, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა, სახელოები ეჩაჩებოდა, თავზე შლაპა დაახურა, საკუთარი სათვალე და საათი გაუკეთა. მერე პესო თვითმფრინავით გამოაგზავნა, რომ ჩვენი მატარებლისთვის ჩამოესწრო და ბაქანზე დამხვედროდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა