საზოგადოება

როგორ მოხიბლა სერგო ზაქარიაძემ სოფი ლორენი

№24

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

სერგო ზაქარიაძე
დაკოპირებულია

ის არ უყვარდათ კოლეგებს, განსაკუთრებით კი – ეროსისა და ხორავას. როცა თეატრში მივიდა, ლიდერი გახდა. ამიტომ, ბევრი ინტრიგისა და ნერვიულობის ფონზე უწევდა თამაში, რაც სხვათა შორის, დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა აღარც კინო უნდოდა. არ უყვარდა კინო, რადგან კინოში თამაში დიდ ტანჯვად მიაჩნდა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ბევრი ძლიერი განსახიერებული როლისა თეატრში, სწორედ კინომ მისცა არანახული აღიარება. „არ იდადრო“, „ჯარისკაცის მამა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“... თავად მისთვისაც წარმოუდგენელი მწვერვალი აღმოჩნდა. სწორედ, კინომ მოუტანა დიდება. ჯარისკაცის მამის სახეს იგი ქმნიდა, როგორც ქართველი მამის სახეს, მსოფლიო აღიარებამ კი დაარწმუნა, რომ ამ როლით მან ზოგადსაკაცობრიო სიმებს შეახო ხელი. სერგო ზაქარიაძემ თავის ქვეყანას აჩუქა საკუთარი თავი. ყველაფერი ეკრანზე დატოვა და გაქრა. მისი გარდაცვალების მიზეზიც აქ ყოფილა. რაც ყველაზე მეტად უყვარდა, რისიც ყველაზე მეტად სწამდა და სჯეროდა, სწორედ მან მოუღო ბოლო. ეს, მისი პროფესია გახლდათ.

კეტებიანი ბრიყვი „ბაყბაყდევის“ გზა სცენიდან მთაწმინდისკენ

სერგო ზაქარიაძე თავისი შემოქმედების აღმართზე გარდაიცვალა. იგი ერთმანეთის მონაცვლეობით, დიდოსტატურად ქმნიდა ახალ და ახალ სახეებს, ხოლო მისი სახელი, რომელიც თავიდანვე ჟღერადი იყო, ნელ-ნელა უფრო მეტ სივრცეებს იპყრობდა. ამიტომ მოულოდნელი და მტკივნეულად გულდასაწყვეტი იყო მისი სიკვდილი: 61 წლის მსახიობი სცენასა და ეკრანს ისე ტოვებდა, ალბათ, ერთ კაცსაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ მისი საუკეთესო როლები ჯერ კიდევ წინ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მიწურულს მას პატრიარქის იერი დაჰკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო წლებში თბილისის ქუჩებში ხანდახან დიდი თეთრი წვერით დადიოდა, იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა, და ამის გაცნობირებასაც გაკვირვება მოჰყვა. იყო ჭორი თუ მართალი, რაც მის სიკვდილს უკავშირდებოდა – ითქვა უსიამოვნებაზე თეატრში, გულნატკენი იყო, რადგან საბჭოთა სუპერფილმში – „განთავისუფლებაში“. სტალინის როლის თამაშის საშუალება არ მისცეს, რომ რომელიღაც ჯილდო თუ თანამდებობა ასცდა – თუმცა მსახიობისათვის თითქმის ყველა იმ დროისთვის ღირსეულ პატივს ფლობდა (სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით კი იმხანად ჯერ მსახიობებს არ აჯილდოებდნენ); რომ თითქოს გამწვავებული სიტუაციის გამო თეატრიდან წასვლასაც კი აპირებდა. ყველაფერი ეს ხსნიდა და არც ხსნიდა მის სიკვდილს, მაგრამ გარეშე მეთვალყურეს ხომ ყოველთვის ამოძრავებს სწრაფვა, მოულოდნელ და გაურკვეველ მოვლენებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აღმოაჩინოს, სტიქიურ უბედურებასაც კი ლოგიკითა და ბუნებრივი თუ ზებუნებრივი კანონზომიერებით ჩასწვდეს. სერგო ზაქარიაძის სიკვდილი კი მართლა სტიქიურ უბედურებას ჰგავდა, ქართული ხელოვნების სტიქიურ უბედურებას. ის დიდებისკენაც ისე დინჯად მიდიოდა, როგორც ოსტატობისაკენ, სრულყოფილებისაკენ; როგორც მის უკანასკნელ, გენიალობის ზღვარს მიახლოებული როლებისაკენ; როგორც მახარაშვილისა და ბაყბაყდევისკენ, ბეკინასა და კრეონისკენ. გულდასაწყვეტია, რომ იმ დროს ვიდეოტექნიკა ჯერ კიდევ არ იყო არც განვითარებული და არც გავრცელებული, რის გამოც მსახიობის სცენური ვირტუოზობა მხოლოდ თანამედროვეთა მახსოვრობას შემორჩა. სერგო ზაქარიაძეს ფართო აღიარება და სახელი მაინც კინომ მოუტანა, თუმცა, სხვა ქართველ მსახიობთა მსგავსად, კინოში მას არც ისე ბევრი როლი აქვს შესრულებული. 25 წლისა ნატო ვაჩნაძესთან ერთად თამაშობს ,,უკანასკნელ ჯვაროსნებში”; ათიოდ წლის შემდეგ ქორეოგრაფიისა და გრაფიკის გადაკვეთაზე ქმნის შადიმან ბარათაშვილის სახეს ,,გიორგი სააკაძეში”. როცა ქართულ კინოში – ეგრეთ წოდებული, გროტესკულ-იგავური მიმართულების გამარჯვებამდე – სოცრეალიზმს დაყრდნობილი ნეორეალიზმი ბატონობდა, მან ფოსტალიონი განახორციელა ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“. გიორგი მახარაშვილმა „ჯარისკაცის მამაში“ ინდივიდუალურობის ფარგლებს გადააბიჯა და სახალხო და ხალხურ, ფოლკლორულ გმირად იქცა, თუმცა დიდება, უსაზღვრო პოპულარობა, ლენინური პრემია და სოფია ლორენთან ერთად საუკეთესო მსახიობად აღიარების პატივი, ინდივიდუალურად სერგო ზაქარიაძეს ერგო. ამან განაპირობა მისი განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილიც ქართველ მსახიობთა კოჰორტაში, რასაც თან დაერთო მეტად პრესტიჟული როლი „ვატერლოოში“, მსოფლიო კინოვარსკვლავების პრესტიჟულ გარემოცვაში. სხვათა შორის, ის ერთადერთი ქართველი მამაკაცი მსახიობი გახლდათ, რომელმაც სოფი ლორენი ისე მოხიბლა, კალთაშიც კი უჯდებოდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი, გამოდის „არ იდარდო“, რომელშიც მან თავისი ერთ-ერთი საუკეთესო კინოროლი განასახიერა. მაგრამ სერგო ზაქარიაძე, უპირველეს ყოვლისა, თეატრის მსახიობი იყო. ქართული თეატრის ვარსკვლავურ წამებს შესწრებია, ვისაც უნახავს მისი ბურლესკური, ფოიერვერკული კეტებიანი ბრიყვი ბაყბაყდევი „ჭინჭრაქაში“; თავნება მოხუცი აზნაური ბეკინა „სამანიშვილის დედინაცვალში“, ან ოდენ ინტელექტის ძალით მორალური რკალის გარღვევის მოწადინე კრეონი ჟან ანუის „ანტიგონეში“, სადაც მსახიობის სიტყვისა და პლასტიკის სიმფონია სცენურ სასწაულს ქმნიდა. გასათვალისწინებელია, რომ იმერელი მებატონისა თუ თებელი მეფის როლების შესრულებისას იგი სცენაზე თანამედროვე ევროპულ კოსტიუმში ჩაცმული გამოდიოდა (თუ არ ჩავთვლით ბეკინას თეთრ ყაბალახს) და, ყოველგვარი გარეგნული, დეკორატიული აქსესუარისაგან თავისუფალი მაყურებელზე თავის მაგიურ ზემოქმედებასა და მსახიობური ოსტატობის ალქიმიას ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიურ ველზე წარმართავდა. მაგრამ მას ისეც – სცენის გარეშეც – ჰშვენოდა ელეგანტური ევროპული სამოსი, რომელსაც იგი ბოლო ხანებში სვანურ ქუდს უხამებდა ხოლმე, – ესეც ცხადყოფდა, რომ იგი ევროპელობას ქართველობას უთანხმებდა, კარგი ქართველობა მისთვის ევროპელობას ნიშნავდა. ეს მის სამსახიობო სტილზეც აირეკლა. იგი თავად ქმნიდა საკუთარ სტილს, საკუთარ სახეს, საკუთარ თავს. როცა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მიატოვა, მან გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ კოტე მარჯანიშვილი მასში მსახიობური ნიჭის წვეთსაც ვერ ამჩნევდა; ლეგენდა იმასაც მოგვითხრობს, რომ საკუთარ მონაცემებთან შეგუებასა და ზერელობის ზღვარზე ტივტივს მან დაუღლელი შრომისა და განუწყვეტელი წრთობის სარბიელზე გარჯა არჩია და ის განსაკუთრებული, გამორჩეული და სანიმუშო ქართველი მსახიობი გახდა. 1971 წლის აპრილის დღეებში სერგო ზაქარიაძის ნეშტი რუსთაველის თეატრის სცენაზე ესვენა. პარტერში მჯდომი თუ თეატრის შენობის წინ მდგომი ხალხი მსახიობის ხმას უსმენდა. იგი ილიასა და აკაკის ლექსებს კითხულობდა – საუკეთესო ქართულ ლექსებს საუკეთესო ქართველი მსახიობი საუკეთესო ქართული მუსიკის თანხლებით წარმოთქვამდა. არავის ტოვებდა განცდა, რომ რაღაც ახლობელსა და შეჩვეულს, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანსა და ამაღლებულს სამუდამოდ ემშვიდობებოდა... მამადავითის ეკლესიის გალავანში დასვენებულ საუკეთესო ქართველებს, პოეტებსა და მწერლებს, პირველი ქართველი მსახიობი, სერგო ზაქარიაძე, შეუერთდა.

პალიასტომი

სიკო დოლიძეს ერთი ისტორიის მოყოლა განსაკუთრებით უყვარდა. მაშინ ბატონი სიკო „პალიასტომს“ იღებდა. „ზღვასთან, მდინარე კაპარჭინის შესართავთან, წყაროზე ორ მაღალ ფოლადის ბოძზე ფიცარნაგი ავაგეთ. მასზე ავიტანეთ ოთხი დიდი ქვაბი. თითოეული ტონა წყალს იტევდა. ტივის წინ დავაყენეთ თვითმფრინავი, რომელსაც პროპელერით ძლიერი ქარის შთაბეჭდილება უნდა შეექმნა. თივის ბოლოსთან მივაცურეთ ბარჟა, მასზე მდგომი ამწეთი, რომელზედაც ჩამოკიდებული იყო ათასლიტრიანი წყლით სავსე კასრი. იგი საჭირო მომენტში, ტივის ბოლოს, წყალზე დაეცემოდა და დიდი სიძლიერის ტალღას გამოიწვევდა. რამდენიმე დუბლი გადავიღეთ. სერგომ, რომელმაც ნიუანსთა გაუთავებელი ძიება იცოდა, რატომღაც არ მოიწონა გადაღებული მასალა და მოითხოვა კიდევ ერთხელ გადაღება. და აი, ივანე ეძახის შვილს: „ნიკოია, ბაბა, ნიკოია“. ოთხივე ქვაბიდან წყალი ზათქით გადმოდიოდა. ტივზე სერგომ თავი ვერ შეიმაგრა, ქარმა სძლია და ნაცვლად იმისა, რომ ტივის თავიდან ზღვაში გადამხტარიყო, ფეხი დაუცურდა და ტივის ბოლოს გადავარდა. იმავე მომენტში, იმავე ადგილას, სადაც სერგო გაუჩინარდა, ათასლიტრიანი სავსე კასრი მთელი ძალით დაეხეთქა. ყველანი, ვინც გადაღებაზე ვიყავით, ადგილზე გაქვავებულნი, შეშინებულები დავცქეროდით წყლის ზედაპირს, საიდანაც მალე სერგოც გამოჩნდა. გაჭირვებით ამოძვრა ტივზე და დამნაშავის სახით თქვა: „მგონია, დუბლი გავაფუჭე“.

სოფი ლორენი

თავად სერგოს ინტერვიუები სასტიკად არ უყვარდა და საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო, სამაგიეროდ, ამ შეხვედრის დეტალები დაწვრილებით გაიხსენა რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ:

„მოსკოვში დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მიღება უზარმაზარ რესტორანში გაიმართა. სოფი ცოტა მოშორებით იყო სერგოსგან, შემდეგ უცებ მივიდა მასთან და კალთაში ჩაუჯდა. სერგო ზაქარიაძე იხსენებდა, ამხელა ქალი რომ კალთაში ჩამიჯდა, კი დავიბენი, მაგრამ შემდეგ ცოტა ჭკუაზე მოვედი და მოვეფერეო... ეს მოფერება არ იყო ისეთი, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ, რესტორანში ახლა რა უნდა მექნაო, ხუმრობით ამბობდა... სოფი ლორენი რომ კალთაში ჩაუჯდა, იმ დროს რა ემოციებმა იფეთქა სერგო ზაქარიაძის გულში, ეს არ ვიცით, მისი საიდუმლოება იყო!....როცა კი ჰკითხავდნენ, სოფი ლორენთან შეხვედრაზე, თავიდან ცოტა თავპატიჟს დაიდებდა, მაგრამ შემდეგ გვიამბობდა. ერთხელ ორი ცნობილი პიროვნება დაასახელა, მათ კი არ ვგავარ, დავდგე და ქალებზე გელაპარაკოთო...”~

როგორ ეთხოვებოდა კაცი სიცოცხლეს

ფილმში „არ იდარდო“ ყველაზე მნიშვნელოვანი სერგო ზაქარიაძის როლი და მისი თამაშის მანერაა, განსაკუთრებით ერთ-ერთ ბოლო სცენაში. გოგი ქავთარაძე იხსენებს: „ჩვენ, ყველანი, არა მარტო ვმონაწილეობდით ამ სცენაში, არამედ ვუყურებდით, როგორ ეთხოვებოდა კაცი სიცოცხლეს და უსასრულობაში გადადიოდა. ბატონი სერგო ამას საოცრად დიდი ოსტატობით აკეთებდა და ჩვენ ამას ვუყურებდით არა, როგორც მსახიობები, არამედ, როგორც მაყურებლები და, რაც ყველაზე მთავარია, ასეთი ფაქტები ხშირი იყო.“

სპეციალური დიეტა ფოსტალიონის როლისთვის

რეჟისორ სიკო დოლიძის ფილმი „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ ეკრანზე 1959 წელს გამოვიდა. მას შემდეგ 60 წელზე მეტი გავიდა, თუმცა მაყურებელი დღესაც სიამოვნებით უყურებს სერგო ზაქარიაძისა და ბევრი სხვა არაჩვეულებრივი მსახიობის თამაშს. სიკო დოლიძე იხსნებეს, თუ როგორ მიიწვია გიორგის როლზე სერგო ზაქარიაძე და როგორი მონდომებით შექმნა მსახიობმა მოხუცი ფოსტალიონის სახე, რისთვისაც მან 2 კვირაში 16 კილოც კი დაიკლო. „ფატიმას“ დამთავრების შემდეგ ახალ სცენარზე ვფიქრობდი. მსურდა, მორიგ ფილმში უბრალო ადამიანის, კერძოდ, ფოსტალიონის შრომაზე მომეთხრო. ერთხელ, ქუჩაში ჩემს საყვარელ მსახიობს, სერგო ზაქარიაძეს შევხვდი. ერთმანეთი გულთბილად მოვიკითხეთ. იმ ხანებში სერგო არც თეატრში მუშაობდა და არც კინოში. კონცერტებზე მხატვრული კითხვით გამოდიოდა მხოლოდ. სერგო ცოტა გულნატკენი იყო კინემატოგრაფისტებზე, რომ კინოში აღარ იწვევდნენ. რომელიღაც ღონისძიების დროს მე და სერგო პრეზიდიუმში აღმოვჩნდით. უკანა რიგში ვისხედით. მოხსენება მოსაწყენი იყო და ჩუმად ვსაუბრობდით. სერგომ მითხრა: სცენა დროებით დავტოვე, კინოში კი არავინ მეძახის, ყველას დავავიწყდი, უკანასკნელად შალვა გედევანიშვილისა და ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტეში“ ყარაჩოხელის როლი შევასრულეო. ვატყობდი, ძალიან განიცდიდა უმოქმედობას. გავანდვე, რომ ვაპირებდი გადამეღო ფილმი ფოსტალიონის ყოველდღიურ საქმიანობაზე, ვუამბე მომავალი ფილმის ჩანაფიქრი. სხდომა ორივეს დაგვავიწყდა, სერგო დაინტერესდა ფოსტალიონის როლით და მითხრა: სიკო, აი ასეთ როლს სიამოვნებით შევასრულებდიო. იმ სხდომაზე ერთად მუშაობა გადავწყვიტეთ. ამ დღის შემდეგ სერგო ხშირად მოდიოდა ჩემთან, ეცნობოდა სცენარზე მუშაობის მსვლელობას, ბევრს ფიქრობდა ფოსტალიონის გარეგნობაზე. მან გრიმიორ ანასტასია ივაშჩენკოსთან ერთად ჩინებული გრიმი მოძებნა. ანასტასია ივაშჩენკოსთან მუშაობას სერგო ისე მიეჩვია, ისე სჯეროდა ამ მხატვარ-გრიმიორის გემოვნებისა, რომ კინოდან თეატრშიც მიიწვია და თეატრალურ გრიმსაც ივაშჩენკოს აკეთებინებდა. გადაღებების დაწყებამდე ცოტა დრო გვრჩებოდა. საჭირო იყო სერგოს წონაში დაეკლო, 75 წლის ფოსტალიონს არ შეეფერებოდა, რომ ჩასუქებული ყოფილიყო. სერგო მკაცრ რეჟიმზე გადავიდა. ორ კვირაში მან თითქმის 16 კილო დაიკლო, გამუდმებით სიგარეტ „პრიმას“ ეწეოდა, ფოსტალიონის კოსტიუმით დადიოდა და გაზეთებით სავსე ჩანთას დაატარებდა, რომ შესჩვეოდა ფოსტალიონისთვის დამახასიათებელ სიარულს, მიხრა-მოხრას, ყოფით ჩვევებს. ხშირად მთელ დღეებს საფოსტო განყოფილებაში ატარებდა. გრიმითა და ჩაცმულობით სერგო ისე დაემსგავსა რიგით ფოსტალიონს, რომ ნაცნობებიც კი ვერ ცნობდნენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა