როგორ მოხდა კათალიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის წმიდანად შერაცხვა მის წინააღმდეგ ამდენი ბრძოლის შემდგომ
ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 18.07, 2023 წელი

პატრიარქთან ბრძოლის უცნაური ფორმები, კრიტიკული წერილები საეკლესიო პრესაში
სერგო ვარდოსანიძე: საკათალიკოსო საბჭოს სხდომებზე მთელ რიგ საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა კირიონმა 1918 წლის დასაწყისში ერთ-ერთ სხდომაზე დააყენა საკითხი, მირიან ბექაურისთვის (არმაზის მონასტრის ბერი) არქიმანდრიტობის მინიჭებისა და ტიმოთე ბაკურაძის (დიაკონი) მღვდლად კურთხევის შესახებ. რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირეს, თუმცა სიტყვა ითხოვა თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ (მირიან ბერი იმ დროს მცხეთის ჯვრის მონასტერში იყო): ჯერ ერთიც, მცხეთის ჯვარი ტერიტორიულად ტფილელისაა (როგორც ჩანს, ეს გამიჯვნა ჯერ კიდევ არ არსებობდა), მეორეც, ნაადრევია მისი და ასევე, დიაკონ ტიმოთე ბაკურაძის მღვდლად კურთხევაო. კირიონი კათალიკოსი იყო, მან ეს საკითხი გაიტანა და ორივე აკურთხა. ერთი კვირის შემდეგ, როცა საკათალიკოსო საბჭოს სხდომა გაიმართა, კირიონი შეუძლოდ გრძნობდა თავს, გაციებული იყო. ავტომატურად, სხდომას ტფილელი მოსაყდრე თავმჯდომარეობდა. მან მირიან ბერს აჰყარა არქიმანდრიტის ხარისხი, ტიმოთე ბაკურაძე კი ისევ დიაკვნის ხარისხზე დაიყვანა. როცა კირიონი გამოვიდა, ისინი კვლავ აიყვანა თავის ხარისხში. ეს იყო სერიოზული დაპირისპირების ნიშანი. რაც შეეხება დანარჩენებს, ჩვენ ეს დეტალები არ ვიცით, მაგრამ ისტორიაში ეს ფაქტი ცნობილია. იმ დროს პერიოდული პრესა ძალიან ცოტა იყო, მით უფრო საეკლესიო ხასიათის. საკათალიკოსო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაარსებულიყო ჟურნალი „სვეტიცხოველი“. სულ ექვსი ნომერი გამოვიდა. იწყება პირველი საეკლესიო კრებით და იმ არჩვენებით და გრძელდება, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებულნი გახდნენ, ამ ჟურნალს არსებობა შეეწყვიტა. რედაქტორი პავლე ინგოროყვა გახლდათ. მეორე ჟურნალი – „ახალი სიტყვა“ – შვიდი ნომერი გამოვიდა (ამ ჟურნალის ყველა ნომერი დაცულია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ ფონდში). სამწუხაროდ, მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს ამ ჟურნალში დაბეჭდილი სტატიების უმრავლესობა. ეს არ არის მხოლოდ ერთი სტატია. უამრავია. ავტორები ფსევდონიმებს იყვნენ ამოფარებული. ბევრი ფსევდონიმი გაუშიფრავი დარჩა. ვინ იყვნენ ისინი, მაინც, რაში სდებდნენ ბრალს კათალიკოს-პატრიარქ კირიონს? აბსოლუტური ერთპიროვნული მმართველობა შემოიტანაო. არადა, მას ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა ჰქონდა. თუნდაც ის, რომ საკათალიკოსო საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბებოდა და ყველა გადაწყვეტილებას თანხმობით იღებდნენ. თუნდაც ის, რომ არსებობდა საკათალიკოსო სასამართლო და ამ სასამართლოს თავმჯდომარედ კათალიკოს-პატრიარქი მიიჩნეოდა, მაგრამ ხუთი წევრი საეკლესიო სამართლის სპეციალისტი იყო და ისინი ამზადებდნენ ყველა გადაწყვეტილებას, კათალიკოს-პატრიარქი კი მერე აწერდა ხელს. გარდა ამისა, კირიონს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ინტელიგენციისგან, მეცნიერებისგან, არა მხოლოდ ჩვენთან, თვით რუსეთშიც, უცხოეთშიც – გერმანელებისგან, ფრანგებისგან... ყველგან ჰყავდა მხარდამჭერი, იმიტომ რომ ეს სწავლული კაცი იყო. ძირითადად, საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ქართულ ლიტერატურაზე მუშაობდა. წარმოუდგენელია, ჩვენ მასზედ გვეთქვა, რომ რაღაც ისეთი მართვის ფორმები ჰქონდა, რაშიც ედავებოდნენ. არსებობს ასეთი ვერსია, რომ თითქოს ამ გაზეთს ტფილელი მიტროპოლიტი აფინანსებდა, არსებობს მეორე ვერსია, რომ სულ სხვა მხრიდან, რუსეთიდან ფინანსდებოდა. ამაზე ზუსტი ცნობები არ გვაქვს. როდესაც კირიონი გარდაიცვალა, ამ გაზეთში მას მხოლოდ და მხოლოდ პატარა ადგილი დაეთმო: „1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ“. ამის მეტი არანაირი მწუხარება, პოზიცია არ გამოხატულა. ოპოზიციური ჟურნალი იყო, მაგრამ რაც ხდებოდა, ეს ნამეტანი იყო. მაგალითად, იქ ერთი წერილია, რომელმაც ძალიან შეგვარცხვინა: ბოლო მოეღოს კათალიკოსის თავნებობას და გადადგესო. შემდგომ, როდესაც იგი მარტყოფის მონასტერში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, გაირკვა, რომ მის სახელზე დაწერილი იყო ვრცელი ჩამონათვალი, რაშიც ბრალს სდებდნენ და სთხოვდნენ პასუხს. იგი ამ პასუხებს ამზადებდა, მაგრამ პასუხის გაცემა აღარ დასცალდაო.
...გავიხსენოთ, თუნდაც, სანამ წიწამურის ტრაგედია მოხდებოდა, მაშინდელ პრესაში რა ბრალდებები არ წაუყენეს ილია ჭავჭავაძეს. ის ამ წერილებზე პასუხის გაცემას ვეღარ აუდიოდა. ფაქტობრივად, ილია მარტო იყო. აღმოჩნდა, რომ იქ, საპატრიარქოს ამბებში, კირიონ მეორე თავის დროზე ყარამან კიკნაველიძემ გადაარჩინა. არის ასეთი ინფორმაცია, რომ დავით (დავიდოვმა) დავითაშვილმა სამჯერ სცადა მასთან საკათალიკოსო რეზიდენციაში შესულიყო და მოეკლა. წარმოიდგინეთ, ვიღაც ვიგინდარა დავით დავითაშვილი ამ ბუმბერაზ კაცს მოკვლით ემუქრება, როგორ თუ შენ მე საკათალიკოსო საბჭოს მდივნად დამიწუნეო. როდესაც დავიდოვი არ აირჩიეს საკათალიკოსო-საბჭოს მდივნად, ის საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე შევარდა და საქართველოს ეკლესიის ობერპროკურორს, ქრისტეფორე (ჩიტო) კაპანაძეს (ამ დროს რუსეთში ჯერ კიდევ დროებითი მთავრობაა და რა მოდელიც რუსეთში იყო ეკლესიისა, უნდოდათ, აქაც ის მოდელი ყოფილიყო) მოსხთოვა პასუხი: თქვენ, გუშინ ჩემზე რა თქვითო. რა ვთქვი და, ეგზარქოსების ჯაშუში არ უნდა იყოს საკათალიკოსო საბჭოს მდივანი-მეთქი. მაშინ მან სახეში სილა გაარტყა კაპანაძეს. ამის შემდეგ ჩიტო კაპანაძემ საკათალიკოსო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ ობერპროკურორობისგან გაეთავისუფლებინათ, რადგან დავით დავითაშვილმა ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს საქმე გადაეცა პროკურატურას. პროკურორი გვარად შატბერაშვილი იყო. მან დიდძალი მასალა შეაგროვა და დავით დავითაშვილი უნდა დაეჭირათ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის არ დაიჭირეს. გადაურჩა ამ ამბავს. ფაქტობრივად, ის ტერორში ამყოფებდა მთელ სასულიერო სივრცეს. როგორც ჩანს, მის უკან საკმაოდ გავლენიანი ბნელი ძალები იდგნენ. შემდგომ ის სულ ცოტა ხნით იყო ტფილელის კანცელარიის გამგე, მაგრამ როგორც კი ბოლშევიკები შემოვიდნენ, უცებ ბოლშევიკების მხარეზე აღმოჩნდა. სიძველეთა კომიტეტში დაიწყო მუშაობა, თუმცა შემდგომ, რაღაც მაქინაციების გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს.
თავდასხმა, თავდაცვა და კათალიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობის ვერსიები
...არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია: 1933 წელს გარდაიცვალა ნიკიტა თალაკვაძე. ის ანჩისხატის ეზოში, საკათალიკოსო სასახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. მას მოგონებებში ასეთი რამ უწერია: ჩემს მოპირდაპიე მხარეს სახლი რომ არის, იქ ცხოვრობდა დავით დავითაშვილი. მას ოჯახი ჰქონდა, მეუღლე და ქალიშვილები ჰყავდაო (ეს ის პერიოდია, როდესაც კირიონი გარდაცვლილია, ნიკიტა თალაკვაძე კი ეკლესიაში აღარ არის). ერთ დღეს დამინახა, გამოვარდა და დამიწყო ჩხუბი, შენ მე კირიონ კათალიკოსის მკვლელობას მაბრალებ და ახლა უნდა გაგისწორდე. მე ჯოხით დავდიოდი ქალაქში, ძაღლები იყო თუ რაც იყო, მჭირდებოდაო. ჯოხი უნდა დამერტყა, თავს გავუტეხავდი კიდეც და შარში გავეხვეოდი, მაგრამ თავისმა შვილებმა დაავლეს ხელი და შინ შეიყვანესო. ნიკიტა თალაკვაძეს ვაჟი ბოლშევიკებმა დახვრიტეს. მას დარჩა ქალიშვილი და აი, იმ შვილიშვილმა ნიკიტა თალაკვაძის მოგონებები ლეონიძის სახელობის მუზეუმს ჩააბარა. სხვათა შორის, მე მას შევხვდი. ქალბატონი შუქია თალაკვაძე ცოცხალია. ღმერთმა კარგად ამყოფოს. მისი მეუღლე უშიშროების გენერალი ანზორ მაისურაძე გახლდათ. ქალბატონმა შუქიამ მიამბო ასეთი რამ: როდესაც ნიკიტა თალაკვაძე დაკითხვაზე მიჰყავდათ (ალბათ დასახვრეტად), თავში გაჟონვა დაემართა. შინ რომ მობრუნდა, ჯერ კიდევ ნორმალურად იყო და მამაჩემს უთხრა: იცოდეთ, კირიონ მეორე კათალიკოს-პატრიარქის მკვლელი დავით დავითაშვილიაო. ეს არის ზეპირი გადმოცემით. შეკვეთა საიდან, როგორ იყო, არავინ იცის. გაზეთმა „საქართველომ“ 1918 წლის 27 ივნისის ტრაგედიაზე დაწერა, რომ მარტყოფის ტრაგედია გამოუცნობია. მივარდნილი მონასტრის საიდუმლო კედლები იმ საიდუმლოს ინახავს. რა მოხდა მარტყოფის მონასტერში, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არისო. იოსებ იმედაშვილმა კი, ამაზე დაწერა: „ჩაჰქრა ლამპარი, რომლის მსგავსი საუკუნეში ერთხელ აინთება“. არსებობს სხვა ვერსიებიც. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ კირიონს, თავი არ მოუკლავს, რა ბინძური ვერსიაც მაშინ გაავრცელეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. მერე უკვე ბოლშევიკები მოვიდნენ, ვიღას ეცალა კირიონზე და საერთოდ, საქართველოს ეკლესიაზე. როდის ხდება ამ ამბის კვალიფიკაცია, როგორც მკვლელობის? 1918 წლის 27 ივნიისს 11 საათზე საკათალიკოსო საბჭო შეიკრიბა და დაიწყეს მსჯელობა – რა ვქნათ. უნდა ვაცნობოთ მთავრობას. გააგზავნეს ცნობა ჟორდანიას სახელზე – უცებ გარდაიცვალაო. მაშინვე ჰქონიათ გადაწყვეტილი იქვე, მარტყოფის მონასტერში დაეკრძალათ. ამ დროს ქუთათელი მიტროპოლიტი იყო ანტონ გიორგაძე. მან სასწრაფოდ მოიწვია ეპარქიის კრება და ამ კრებაზე მიიღეს ძალიან მკაცრი განჩინება, რომ დაუყოვნებლივ გადაგეს საკათალიკოსო საბჭო, დაიწყოს გამოძიება, კათალიკოსი დაიკრძალოს თბილისშიო. ქუთაისის გაენათის ეპარქია ანგარიშგასაწევი ძალა იყო და გადმოასვენეს. ჯერ, ანჩისხატში იყო დაკრძალული. შემდეგ იქიდან, სიონში გადაასვენეს. გერმანელ ფოტოგრაფს გადაუღია კათალიკოს-პატრიარქის გადასვენების ამსახველი ფოტოები. დამკრძალავ კომისიას ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე ხელმძღვანელობდა. სამწუხაროდ, ეს ის დავით კაჭახიძეა, რომელიც მერე კომუნისტების მეგობარი ხდება. ერთი სიტყვით. იქ წარმოთქვა სიტყვა ნიკიტა თალაკვაძემ, მისი სიტყვა იყო შთამბეჭდავი, იმავე დროს საბრალდებო, რომელიც საზოგადეობისადმი იყო მიმართული, რომ ჩვენ ვერ დავიცავით იგი. იქ მაინც იქნები დამშვიდებული. ხმა დაუყარეს, თითქოს თავი მოიკლაო. მარჯვენა ხელი უკანკალებდა კიდეც, ნორმალურად ჭიქა ვერ მიჰქონდა პირთან, ნერვიულობის ნიადაგზე ეს დაემართა და როგორ, დამბაჩა რომ გავარდა და თავი მოიკლა, მერე დაკეტა კარადა, სადაც იარაღი შეინახა, საიდანაც არცერთი ტყვია არაა გასროლილი... ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. კირიონი ნამდვილად მოკლულია. ეს ფაქტია, ეს რეალობაა.
მთავრობის პოზიცია კირიონ მეორის მკვლელობასთან დაკავშირებით
...პირველ ყოვლისა, ნოე ჟორდანიამ ოფიციალური სამძიმარი გამოხატა მთავრობის სახელით. იმავე დროს, როგორც უკვე აღვნიშნე, საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, მაგრამ რეალურად არ გამოუკვეთავთ – ვინ, რა და როგორ. ვინაიდან მაინც გარკვეული ქაოსი ტრიალებს ქვეყანაში და ძალიან რთული დროა, საეკლესიო საქმეები არ არის მათთვის პრიორიტეტული საკითხი. თავის დროზე, როდესაც ავტოკეფალიას აცხადებდნენ, 8 მარტს (როდესაც ანტონ გიორგაძის ინიციატივით ფერისცვალების მონასტერში შეიკრიბნენ) ნოე ჟორდანიამ თქვა, რომ გამოაცხადეთ და პოლიტიკურად ჩვენ მხარს დაგიჭერთო. ასეც იყო, მაგრამ მთავრობა მაინც სხვა საქმეებით იყო გართული. საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისს გამოცხადდა, 27 ივნისს კი მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ხდება – ერთ თვეში. სულ რაღაც ერთი დღის ჩაბარებული აქვს მთავრობის თავმჯდომარეობა. მანამდე ერთი თვე მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი იყო. ამასობაში კირიონიც მოკლეს. მერე, მათაც დაიწყეს ეკლესიასთან მიმართებაში თავის პოლიტიკის გატარება. მათ სეკულარიზმი სხვანაირად ესმოდათ, ხოლო, სასულიერო პირებს, მათ შორის, კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს – სხვანაირად. აქედან დაიწყო მათ შორის სერიოზული დაპირისპირებაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან