როგორ მოიპოვა სოლიკო ვირსალაძემ დიდი აღიარება უცხოეთში და რა ტრაგედიები შეემთხვა მის ოჯახს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:38
სოლიკო ვირსალაძე გამორჩეულ ოჯახში დაიბადა. მამა – ბაგრატ ვირსალაძე ეკონომისტი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. ის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას საშინლად განიცდიდა და ბოლშევიკების მხილებას არ ერიდებოდა. ბაგრატ ვირსალაძეს ერთი დიდი გატაცება ჰქონდა – თეატრი. სოლიკოს ბიძა, სპირიდონ ვირსალაძე, ექიმი გახლდათ, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი მის სახელს ატარებს. სპირიდონის შვილიშვილია პიანისტი ელისო ვირსალაძე. სოლიკოს დედა, ელენე მუსხელიშვილი, გენერლის ქალიშვილი იყო, წმინდა ნინოს სასწავლებელი ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ჟენევაში წასვლა გადაწყვიტა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოცნება მაინც აისრულა – ოქროს მედალი გაყიდა და ჟენევაში გაემგზავრა, სწორედ უცხოეთის ცის ქვეშ გადაიკვეთა ორი ნიჭიერი ადამიანის ბედი. ბაგრატი და ელენე ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. თურმე, ელენე ახლობლებთან ხშირად იხსენებდა, შევიძინე თაყვანისმცემელი, რომელიც აჩრდილივით უკან დამდევდაო. ელენე მუსხელიშვილი უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. უცხოეთიდან რომ ჩამოვიდა, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მუშაობდა. „ჯეჯილში“ მოთხრობებს აქვეყნებდა, შესანიშნავად ხატავდა და მღეროდა. სოლიკო ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, მხატვრობისა და მუსიკისადმი ჩემი ინტერესი ოჯახმა განაპირობაო.
ათი წლის სოლიკო ვირსალაძე პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. აქ გაიცნო მან ამავე სტუდიის მოწაფეები ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილი. ქორეოგრაფიულის პარალელურად სწავლობდა თოიძის სამხატვრო სტუდიაში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ სწავლა განაგრძო საკავშირო სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1930 წელს, როდესაც მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტის თეატრალური განყოფილება და ლენინგრადის სამხატვრო აკადემია გაერთიანდა, სოლიკო ვირსალაძე სასწავლებლად ლენინგრადში გადავიდა. 1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის ნატიფ ხელოვნებათა აკადემია და თბილისში ნოვატორული იდეებით სავსე დაბრუნდა.
1932-1936 წლებში სოლიკო ვირსალაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი” და „გედების ტბა”, ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ და სხვა.
1937 წელს ლენინგრადში მიიწვიეს, სადაც გააფორმა ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტი – ანდრია ბალანჩივაძის „მთების გული” და ალექსანდრე კრეინის „ლაურენსია”. 1940-1941 და 1945-1962 წლებში სოლიკო ვირსალაძე ლენინგრადის სერგეი კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარია.
1957 წლიდან სოლოკო ვირსალაძე მუშაობდა ბალეტმეისტერ იური გრიგოროვიჩთან. მათ პირველად ერთობლივად ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმუშავეს. ამას მოჰყვა თორმეტი ბალეტი დიდი თეატრის სცენაზე, მოსკოვში, სადაც სოლიკო ვირსალაძე 1965 წლიდან მთავარი მხატვრის თანამდებობაზეა.
ჭაბუკიანთან და გრიგოროვიჩთან თანამშრომლობით შექმნილ სპექტაკლებში სოლიკო ვირსალაძის ნოვაციები განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, მან დაამკვიდრა საბალეტო ხელოვნებაში დრამატული ეპიზოდების სწრაფი მონაცვლეობის კინემატოგრაფიული ხერხი, რომელიც ქორეოგრაფიულ ქმედებას არნახულ დინამიკურობას ანიჭებდა. სოლიკო ვირსალაძის „მოძრავი დეკორაციები“ აღქმულ იქნა როგორც ახალი სიტყვა მეოცე საუკუნის ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში. მისი სცენოგრაფია ყოველთვის ზუსტად ესადაგება მუსიკალური „ფრაზების” ინტონაციასა და ქორეოგრაფიულ ნახატს. სოლოკო ვირსალაძის შემოქმედებამ მთელი ეტაპი შექმნა თეატრალურ–დეკორატიულ ხელოვნებაში.
სოლოკო ვირსალაძის დიაპაზონი არაჩვეულებრივად ფართოა. მხატვარმა შექმნა კოსტუმები გ. კოზინცევის ფილმებისათვის „ჰამლეტი” და „მეფე ლირი”. ამავე დროს მხატვარი მუშაობს საბალეტო დადგმებზე მსოფლიო თეატრების სცენებზე: პარიზში, სტოკჰოლმში, რომში, ვენაში, პრაღაში, სოფიაში.
1931 წლიდან სოლიკო ვირსალაძე კოსტიუმების დიზაინერი იყო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, ხოლო 1945 წლიდან – ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის. მსოფლიო სცენებზე „სუხიშვილების” კონცერტებზე აპლოდისმენტები დარბაზში ცეკვის დაწყებისთანავე გაისმოდა. „ეს ტაში სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებს ეკუთვნოდა! სოლოკოს გენიალური კოსტიუმების გარეშე ეს აღიარება, რაც ანსამბლმა წლების განმავლობაში მიიღო, არ იქნებოდა...” – იხსენებდა ნინო რამიშვილი ანსამბლის უცვლელ მხატვარზე, რომელმაც არა მარტო ხალხური კოსტიუმი აიტანა სცენაზე, არამედ თავისი შექმნილი კოსტიუმებითაც გაახალხურა „სამაია”, „აჭარული”, „სადარბაზო”, „აფხაზური”, „ჯეირანი”, „ყაზბეგური”, „დოქებით ცეკვა”, „ხორუმი”, „სიმდი”...
სოლოკო ვირსალაძეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. ამბობდა, რომ ხელოვნებაზე იყი დაქორწინებული. შვილებად - დისშვილებს, შვილიშვილებად დის შვილიშვილებს მიიჩნევდა. მხატვრის ოჯახს უცნაური ბედი, უფრო სწორად, უბედობა დაჰყვა. მათი ოჯახური ტრაგედია ქვეყნისას გადაება: 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა მხატვრის მამა და უფროსი დის, ხელოვნებათმცოდნე თინათინ ვირსალაძის, მეუღლე მეთოდე (ცაცა) ხოშტარია. გადასახლებული იყო უმცროსი და – ფოლკლორისტი ელენე (ლოლოტა) ვირსალაძე. მისი შვილიშვილი იყო მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც სოლიკოს გამორჩეულად უყვარდა და რომელიც აფხაზეთის ომს შეეწირა.
გამოყენებული მასალების წყარო: nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



