საზოგადოება

როგორ მოიპოვა სიმონ განგებლიძემ არაერთი სამხედრო ჯილდო და სად იბრძოდა ის ნაპოლეონის წინააღმდეგ

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 24.06

სიმონ განგებლიძე
დაკოპირებულია

გენერალი სიმონ განგებლიძე 1757 წელს დაიბადა მოსკოვში. მისი მამა გახლდათ აზნაური გიორგი ქრისტეფორეს ძე განგებლიძე, რომელიც 1734 წელს ქართველ მეფისწულ ბაქარ ვახტანგის ძეს ახლდა რუსეთში. სწორედ მისი დახმარებით ჩაურიცხავთ გიორგი ქართულ ჰუსართა პოლკში. მას მეფისაგან მიუღია მამული პოლტავის გუბერნიის სოფელ ოსტაპოვოში 40 კომლი გლეხით. გიორგი განგებლიძე მონაწილე იყო რუსეთის ომებისა შვედებთან, პრუსიასთან და თურქეთთან. რუსეთ-თურქეთის ომის ერთ-ერთი ბრძოლის დროს მაიორი განგებლიძე მძიმედ დაიჭრა და 1772 წელს გარდაიცვალა. რის შემდეგაც მისმა მეუღლემ გაყიდა მამული უკრაინაში და პეტერბურგში გადასახლდა.

სიმონ განგებლიძეც მამის გზას გაჰყვა და 14 წლის ასაკში, სამხედრო სამსახური დაიწყო. ის ჩაირიცხა ჰუსართა ლეგიონში, რომელიც ნოვგოროდის მხარეში იდგა. მისი კარიერა კაპრალის ჩინით დაიწყო. 6 წლის შემდეგ ეს ლეგიონი დაიშალა. სიმონი იუნკერად გადაიყვანეს ახლად ჩამოყალიბებულ მოლდავეთის ჰუსართა ლეგიონში, სადაც მომდევნო წელს პრაპორშჩიკი გახდა.

მონაწილეობდა 1787-1791 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, კერძოდ, ოჩაკოვის ალყაში. ციხეზე იერიშის დროს სიმონ განგებლიძე ფეხში დაიჭრა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოხალისეთა რაზმის რიგებში პირველი ავიდა სიმაგრის კედელზე. უდიდესი სიმამაცისათვის მას კაპიტნის ჩინი და სპეციალურად დაწესებული ოქროს ნიშანი უბოძეს. ამ ნიშანს წმიდა გიორგის ორდენის ლენტით ატარებდნენ.

სიმონ განგებლიძე მონაწილეობას იღებდა ციხესიმაგრე ჰაჯი-ბეის (შემდგომში – ოდესა) აღებაში და მაიორის წოდებაც დაიმსახურა. იგი დუნაის შესართავებს იცავდა, როგორც სადესანტო რაზმის მეთაური. ამით დამთავრდა მისი მონაწილეობა 1787-1791 წლების რუსეთ–თურქეთის ომში.

ომის დამთავრების შემდეგ სიმონი, თავისი ჯარით, მოლდავეთში იდგა. 1794 წელს ვარშავაში გაგზავნეს, სადაც იფეთქა აჯანყებამ ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ.

სიმონ განგებლიძემ აქაც გამოიჩინა თავი. პრაღის შტურმის დროს მისმა ბატალიონმა, მტრის განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ, დაიკავა პრაღისა და ვარშავის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ვისლაზე. ამ გმირობისთვის მას პოდპოლკოვნიკობა უბოძეს და ოქროს ნიშნით დააჯილდოვეს. ეს იყო სიმონის უკანასკნელი დამსახურება ეკატერინე მეორის მეფობის ეპოქაში.

1796 წელს ტახტზე პავლე პირველი ავიდა. განგებლიძემ პოლკოვნიკობა მიიღო. იბრძოდა შავ ზღვაზე. 1799 წელს ფრანგების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ის ეგერთა ლეგიონს მეთაურობდა და სუვოროვის არმიის ავანგარდში, ბაგრატიონის რაზმში მოქმედებდა. ლაშქრობაში გამოჩენილი თავდადებისა და დამსახურებისათვის მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 წლების ომის დროს, 1807 წელს, გენერალი განგებლიძე მონაწილეობდა ანაპის აღებაში, სადაც მან ვლადიმირის მესამე კლასის ორდენი დაიმსახურა, ხოლო ყირიმისა და ყუბანის ექსპედიციებში – წმიდა გიორგის მეორე კლასის ორდენი. 1810 წელს ის მეთაურობდა ადმირალ სარიჩევის ფლოტის სადესანტო ნაწილებს, რომლებიც ტრაპიზონის დასამორჩილებლად გაიგზავნა.

1812 წელს, სამამულო ომის დაწყებისას, განგებლიძე თავის პოლკით მოლდავეთში იყო დისლოცირებული და აქტიურად იბრძოდა ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. ის უშუალო მონაწილეა ქალაქ ტორნის, ბაუცენის იერიშისა და აღების. აქ გამოჩენილი გმირობისათვის მან წმიდა გიორგის მეოთხე კლასის ორდენი დაიმსახურა.

სიმონ განგებლიძეს ახასიათებენ, როგორც შეუპოვარს და მამაც, ბრძოლებში ნაცად მეომარს. მიუხედავად არაერთგზის დაჭრისა და კონტუზიისა, მან მხნედ გაატარა 40 წელი მძიმე სამხედრო სამსახურში და მხოლოდ 1818 წელს გადადგა, ფორმისა და ხელფასის შენარჩუნებით.

იგი დასახლდა მეუღლის მამულში, ეკატერინოსლავის გუბერნიაში. მისი მეუღლე იყო თავადის ქალი – ეკატერინე სპირიდონის ასული მანველიშვილი. მათ ჰყავდათ სამი ქალიშვილი და სამი ვაჟი – ნიკოლოზი, ალექსანდრე და სპირიდონი. ამათგან ყველაზე ცნობილია ალექსანდრე განგებლიძე, ასევე სამხედრო პირი.

გამოყენებული მასალების წყარო: nplg.gov.ge; ვიკიპედია; diaspora.gov.ge; განგებლიძე სიმონ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; მეგრელიძე შამშე. სიმონ განგებლიძე // მეგრელიძე შამშე. ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა