საზოგადოება

როგორ მოიპოვა ლევან მახათაძემ მსოფლიოს ჩემპიონობა მეორედ და რა სირთულეების გავლა მოუხდა მასა და მის ოჯახს

№38

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 24.09

ლევან მახათაძე
დაკოპირებულია

25 წლის ლევან მახათაძე პარასპორტსმენია, რომელმაც ახლახან მსოფლიო ჩემპიონატზე გვასახელა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ლევანი უკვე მეორეგზის მსოფლიოს ჩემპიონია, მან პირველად ეს ტიტული 2023 წელს მოიპოვა და იმავდროულად, ორგზის ევროპის ჩემპიონია.

ლევან მახათაძე: როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მივდიოდი, ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ აუცილებლად მოვიგებდი და არც წაგებაზე ვფიქრობდი. რაც იქნებოდა, იქნებოდა. მე ჩემი აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, საკუთარი თავის იმედი მქონდა.

მარჯვენა ხელში, რომლითაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, ყაზახ სპორტსმენთან მქონდა პირველი შეხვედრა. მოვიგე. შემდეგ ნახევარფინალური დაპირისპირება უკრაინელ სპორტსმენთან მქონდა. საბედნიეროდ, ესეც ჩემი გამარჯვებით დასრულდა. ფინალში სლოვაკ სპორტსმენს დავუპირისპირდი. დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა. როგორც ქართველებს შეგვეფერება, ბოლომდე ვიბრძოლე. არცერთი წამით არ დავნებებულვარ და საბედნიეროდ, მარჯვენა ხელში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე.

– თქვენი დამსახურებით ოქროს მედლის მფლობელები გავხდით, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა, ვერცხლის მედალიც მოიპოვეთ მარცხენა ხელში...

– პირველი შეხვედრა მარცხენა ხელში სლოვაკთან მქონდა და ზუსტად ათი წუთი ვჭიდაობდით. საბედნიეროდ, მე გამოვიჩინე ჟინი და შემართება და მოვუგე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე. ფინალში უკრაინელ სპორტსმენს შევხვდი. მასთან უკვე დაღლილი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რამდენიმე საათში ხელმა ენერგიის აღდგენა ვერ მოახერხა და სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა, ვერცხლის მედალიც ძალიან კარგი შედეგია მსოფლიო ჩემპიონატზე და სპორტსმენმა თუ მარცხი არ განიცადა, ვერანაირად ვერ განვითარდება.

– ძალიან ემოციური იქნებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, რომ მეორედ გახდით მსოფლიოს ჩემპიონი.

– ძალიან მაგარი ემოციებია, ვინც სლოვაკ სპორტსმენთან გამარჯვების შემდეგ გადაღებული ვიდეოკადრები ნახა, ჩემს ემოციებსაც ნახავდა. მე მას მადლობა გადავუხადე ღირსეული ბრძოლისთვის.

– შარშანდელი ჩემპიონატიც გავიხსენოთ, სადაც ორივე ხელით მსოფლიოს ჩემპიონი გახდით.

– დიახ, წელს რომ მივდიოდი ჩემპიონატზე, უკვე მოპოვებული მქონდა ეს ტიტული. შარშან პირველად მივდიოდი ჩემპიონატზე და ვფიქრობდი, რომ ბოლომდე უნდა მებრძოლა, დასაკარგი არაფერი მქონდა. პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და საბედნიეროდ, პირველივე ნაბიჯები წარმატებული გამოდგა. ამის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონიც გავხდი.

– როგორ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

– მე გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში ვმუშაობ. 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაიგო, რომ მარნეულში იყო სპორტული აქტივობა დაგეგმილი. ეს 2015 წელს ხდებოდა. შემომთავაზა, წავსულიყავი. სპორტულ აქტივობებს შორის მკლავჭიდიც იყო. ბედი ვცადე და რამდენიმე მეტოქეს ხელი გადავუწიე. ამ დროს მწვრთნელმა, არსენ შოშიაშვილმა ჩემში პოტენციალი შეამჩნია და თბილისში მასთან ვარჯიში შემომთავაზა. გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე და გორის სპორტსკოლაში დავიწყე ვარჯიში. მოგვიანებით კი თბილისში გადავედი. პრობლემების გამო წყვეტებიც მქონდა და ვარჯიში 2022 წლიდან განვაახლე.

– თქვენ შესახებ უფრო მეტი მოვყვეთ არასპორტული კუთხითაც...

– გორის მეოთხე საჯარო სკოლა დავამთავრე. ჩავაბარე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მცირე ბიზნესის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შევედი დემოკრატიის სკოლაში, სადაც არაფორმალურ განათლებას დავეუფლე. ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი ჩვენი ორგანიზაციიდან – გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრიდან დაიწყო.

– არაერთი შშმ პირისგან გაგვიგია, რომ რთულია, იყო სოციალურად აქტიური, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ფიზიკურ თუ მენტალურ დონეზე არაერთი წინააღმდეგობა გვხვდებაო.

– შშმ პირების ასეთი დამოკიდებულება, მე ვფიქრობ, პირველ რიგში მათი ოჯახების ბრალია. ბევრს არ სიამოვნებს, რომ მათი შვილი იყოს აქტიური, ჩაერთოს სოციალურ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოებისგან იზოლაციაში ამყოფოს. საბედნიეროდ, მე ასეთი ოჯახი არ მაქვს. პირიქით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ყველანაირად განვვითარდე და სხვადასხვა აქტივობებში ჩავერთო. მყავს ძმა, რომელიც ჩემზე ერთი წლით უფროსია. ყოფილი ძიუდოისტია და განსაკუთრებულად ვაფასებ, რადგან თავისი კარიერა დათმო და თავიდან ბოლომდე მე მაქცევს ყურადღებას. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აკისრია.

– რა შეგვიძლია ვთქვათ თქვენს დიაგნოზზე?

– ჩემი დიაგნოზია ბავშვთა ცერებრალური დამბლა. ჩემმა მშობლებმა, ჩემი მკურნალობის მხრივ, ადამიანური თუ მატერიალური თვალსაზრისით, ძალიან რთული პერიოდი გაიარეს. ფაქტობრივად, ყველაფერი გაყიდეს იმისთვის, რომ ჩემთვის ემკურნალათ და დღევანდელ მდგომარეობამდე მოვსულიყავი. მე საავადმყოფოში გავიზარდე. ოპერაციაც გავიკეთე, მყესები დავიგრძელე და ნელ-ნელა დავიწყე მდგომარეობიდან გამოსვლა. საყრდენისა და ყავარჯნების დახმარებით გადაადგილებაც შევძელი. ასევე, განსაკუთრებულად ვზრუნავდით ჩემს გონებრივ განვითარებაზეც. ეს ყველაფერი მუდმივი პროცესია.

– საზოგადოების დამოკიდებულებაში შეხვედრილხართ პრობლემებს?

– კი, ასეთი გამოცდილება მქონია. ქუჩაში რომ გავდიოდი, ხალხისგან სიბრალულს ვგრძნობდი. შვილო, რა ცოდო ხარ, რატომ ვერ გიშველეს შენებმა და ასე შემდეგ – მსგავსი კომენტარები მომისმენია. ისეც მომხდარა, მოსულან და ხურდები მოუციათ. თან მეუბნებოდნენ, არ გეწყინოს, მაგრამ უნდა მოგცე, მინდა, დაგეხმაროო. ის, რაც მათი აზრით, ჩემი დახმარება იყო, ჩემთვის ყველაზე დიდ დამცირებას წარმოადგენდა. ეს ასეა ნებისმიერი ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის. ძალიან მძიმედ აღვიქვამდი ამ ყველაფერს და დედას ვეკითხებოდი, ასე რატომ ხდება, რატომ მეპყრობა საზოგადოება ასე ან რატომ აქვთ ასეთი აზროვნება-მეთქი?! ასაკის მატებასთან ერთად, მეც ბევრ რამეს მივხვდი. მათ შორის იმასაც, რომ ხალხის აზრს ყოველთვის არ უნდა მივაქციო ყურადღება. მთავარია, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები რას ფიქრობენ. მთავარია დამოუკიდებელი აზროვნება გქონდეს და ყველა „კეთილისმოსურნეს“ აზრს არ დაანგრევინო ფსიქიკა. ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნა და საკუთარ თავში ჩაკეტვა არ ღირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა