როგორ მოიპოვა ილიკო ქურხულმა სახალხო აღიარება და რის გამო ატარებდნენ მის მეუღლეს პრაღაში ხელში აყვანილს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 48 წუთის წინ
მოხეტიალე მუსიკოსი ილია (ილიკო) ქურხული 1885 წელს თბილისში დაიბადა. მამა საგარეჯოდან გახლდათ. ის ოჯახს წვრილმანი ვაჭრობით არჩენდა, დედის წინაპრები კი კუმისელი მეზურნეები იყვნენ. მშობლები ილიკოს დაბადებამდე გადმოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად, სადაც მამამისმა ძეხვის ქარხანა გახსნა.
ქურხულებს მუსიკალური ოჯახი ჰქონდათ. ილიკომ სიმღერა დედისა და ბიძებისგან ისწავლა. ის სიმღერამ ისე გაიტაცა, რომ უბნის ბიჭებისაგან პატარა გუნდი შეადგინა და საღამოობით ქუჩაში ამღერებდა. უკრავდა ჩანგზე და სტვირზე. მისი ბიძები ცნობილი მედოლეები და მეზურნეები იყვნენ. დედაც მღეროდა და ვენურ გარმონზე უკრავდა.
ილიამ დაწყებითი განათლება კერძო პანსიონში მიიღო, შემდეგ სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს, რომელიც არ დაუსრულებია. იქ სწავლაზე მეტად ქალაქში, კუნძულ მადათოვზე ეზო-ეზო ხეტიალი და მესტვირეების მოსმენა უყვარდა. მოსწონდა თეატრიც, მსახიობობა და შესვენების დროს კლასში ხშირად მართავდა „წარმოდგენა-ფუკუსებს“, რისთვისაც სასწავლებლიდან გარიცხეს. დედა ხელს უწყობდა შვილის დაიტერესებას მუსიკითა და მსახიობობით, მამა კი სასტიკი წინააღმდეგი იყო. უნდოდა, შვილიც ვაჭრობით დაკავებულიყო და ორჯერ ვიოლინოც გაუტეხა.
ილიკო 1904 წელს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ფილარმონიულ-კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით ჩაირიცხა. მოსკოვის კონსერვატორიაში გაიცნო და დაუახლოვდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილს... რევოლუციური იდეების გამო სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის, მოღვაწეობა. უკრავდა ღარიბ-ღატაკი უბნების ეზოებში. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკურ სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს, შემდეგ რეპერტუარში ქართული ხალხური მელოდიებიც შეიტანა.
თავად ასე იხსენებს იმ რთულ დროს: „სახლის პატრონები მაგდებდნენ ეზოებიდან, მეეზოვენი მცემდნენ, პოლიცია მატუსაღებდა, ამხანაგ-მეგობრები ახლო აღარ მეკარებოდნენ“… ამ ყველაფრის მიუხედავად, მუსიკოსი გარკვეული წლების განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვში, აგრეთვე, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და ფინეთში. 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ფეხით შემოიარა მთელი საქართველო.
ილიკო ქურხული თითქმის მთელი სიცოცხლე მოგზაურობდა თავისი განუყრელი ვიოლინოთი, სადღა არ ყოფილა და სად არ უცხოვრია. მას ხშირად ხედავდნენ არა მარტო თბილისის ქუჩებში, არამედ მატარებელში ან კახეთის გზაზე ჩანთამოკიდებულს თავის განუყრელ ველოსიპედზე, რომელსაც იგი ფოლადის ცხენს უწოდებდა.
„მე მოხეტიალე მუსიკოსს მეძახიან, ეზოებში გასამრჯელოსთვის კი არ დავდივარ, არამედ იმიტომ, რომ ხალხს მუსიკა შევაყვარო. ამაზე უკეთესი მისია რა უნდა შეასრულოს ხელოვანმა?“ – ამბობდა ის.
1916 წელს მოსკოვში მოეწყო სრულიად რუსეთის სახალხო თეატრების პირველი სხდომა, რომელშიც ილიკოც იყო მიწვეული. თავის გამოსვლაში მან ღარიბ-ღატაკი ხალხისთვის თეატრის აშენება მოითხოვა. სამწუხაროდ, მისი იდეა განუხორციელებელი დარჩა.
რუსეთის ათზე მეტი ქალაქის მოვლის შემდეგ, 1916 წელს, ილიკო კვლავ დაბრუნდა საქართველოში. აქედან მოყოლებული, დამოუკიდებლობის წლების ჩათვლით, მშობლიურ საგარეჯოში გასართობ წარმოდგენებს მართავდა. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. ბავშვთა სწავლა-განათლებისათვის ფულს აგროვებდა და შემოწირულობებს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ ქალთა კომიტეტს უგზავნიდა.
იმოგზაურა რაჭაში, გუდასტვირზე დაკვრა ისწავლა და პოპულარიზაცია გაუწია საკრავს. იმოგზაურა სვანეთშიც. ჩანგის გაუმჯობესებისათვის კი სახალხო მუსიკოსის წოდება მიენიჭა.
იმჟამინდელი ხელისუფლების სურვილითა და დახმარებით, მეუღლესთან ერთად, იმოგზაურა ევროპაში. პირველად თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს ეწვია, 1922 წელს კი სოფიაში გადავიდა. ბულგარეთში ილიკო ქურხული გამოდიოდა კონცერტებით, მოხსენებებითა და ლექციებით სკოლებში, უნივერსიტეტებში, კლუბებში და პედაგოგთა წრეებში. ბულგარეთში ოთხი წლის განმავლობაში დარჩა. სიმღერითა და დაკვრით 600-მდე ქალაქი და სოფელი, 3 000-მდე სკოლა და უთვალავი ეზო-ქუჩა შემოიარა. ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. გარკვეული დროით პარიზშიც ცხოვრობდა.
1927 წელს სამშობლოში დაბრუნდა და განაგრძო მუსიკალური მოღვაწეობა. ფანდურით, გუდასტვირითა და ჩანგით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა. გამოაქვეყნა წიგნი „მუსიკა ბავშვებისთვის“.
ილიკო ქურხულის მეუღლე, ნინო მათიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი იყო. ფილოლოგიის ფაკულტეტზე კლასიკურ ბერძნულ ენას ასწავლიდა. მათი შვილი, გიორგი, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმისგან ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებისას დაიღუპა, რისთვისაც მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.
ნინა მათიაშვილს კი 1968 წელს, პრაღაში, ჩეხებისა და სლოვაკების დემონსტრაციაზე ხელში აყვანილს ატარებდნენ, როგორც საბჭოეთიდან ერთადერთ ადამიანს, ვინც მხარში ამოუდგა აჯანყებულებს და მთელი თავისი ოქროს სამკაულები აჯანყებული ხალხის დასახმარებლად გადასცა.
გამოყენებული მასალების წყარო: ჯაფარიძე ლადო. ილიკო ქურხული // მოგონებები. ჩანაწერები; ბარნოვი ალ. ძველი თბილისის მუსიკოსები; ღვინიაშვილი ანა. მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი; ვიკიპედია; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





