როგორ მოიყარეს თავი ბექა სიხარულიძის აკადემიაში „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებმა და რის გამო ემადლიერება ის მამას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 21.12, 2021 წელი
მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ბექა სიხარულიძე ამერიკაში სპორტული კარიერის გასაგრძელებლად ჩავიდა, თუმცა ცხოვრებამ ხელოვნებამდე მიიყვანა, რაც ბავშვობიდან იყო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ბოლოს ბექამ „ჰოლივუდის“ ტიტულოვანი რეჟისორის, სტივენ სოდელბერგის ფილმში ითამაშა, რაც თითოეული ქართველისთვის ნამდვილად საამაყოა.
ბექა სიხარულიძე: სტივენ სოდელბერგთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. ბედნიერი ვარ მისნაირ ძლიერ პროფესიონალთან თანამშრომლობით. ძალიან გამიხარდა, რომ ამხელა რეჟისორმა დამაფასა, ამის გამო ღმერთის მადლიერი ვარ.
– როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა?
– საქართველოში ვიყავი, დასავლეთში სახლს ვარემონტებდი. უცებ ფოსტაზე მწერს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქასთინგის რეჟისორი, რომელსაც ორი „ემი“ აქვს აღებული. გვინდა, თქვენი ქასთინგი ჩავწეროთო. ერთკვირიანი საქმე ორ დღეში დავასრულე და მეუღლე და ბავშვები თბილისში წამოვიყვანე. იმ ღამესვე ჩავწერეთ და გავაგზავნეთ. ერთ კვირაში ჩავფრინდი მაიამიში და მეორე დღეს მივიღე შეტყობინება, რომელშიც ვკითხულობ: „ბატონმა სოდელბერგმა როლზე დაგამტკიცათ“. „ვორნერ ბრაზერსიდან“ კონტრაქტს გამოგიგზავნით და გადახედეთო. თავიდან მეგონა, რომელიმე მეგობარი მეხუმრებოდა და ყველანაირად გადავამოწმე, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა (იცინის).
– როგორ გიპოვეს?
– ამ ფილმამდე ემილი რაჯაკოვსკისთან ერთად ვითამაშე და შეიძლება, ის ნახეს, თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით. იმ ფილმს „მოტყუება და მოპარვა“ ჰქვია, თუმცა იქ პატარა როლი მაქვს. სტივენ სოდელბერგის ფილმში უკვე დიდი როლი ვითამაშე. მაგალითად, ბატონი სოდერბერგი ერთი დღე მხოლოდ ჩემთან მუშაობდა.
– ორივე გამოცდილება „ჰოლივუდურია“, როგორ აღმოჩნდით ამ სამყაროში?
– ბავშვობაში კარატისტი ვიყავი, შავი ქამრის მფლობელი ვარ. კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივს ვჩხუბობდი. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ყველანაირ ტრიუკს ვაკეთებდი. ვანდამის ტრიუკების 95 პროცენტი ვიცოდი. ამ მიმართულებით მინდოდა გაგრძელება, მაგრამ ღმერთმა სხვა გზით წამიყვანა. ჩემი ჩხუბი მხოლოდ ერთ ფილმში გამოვიყენე. ამერიკაში ჩამოფრენიდან რამდენიმე თვეში ამერიკელი რუსი გავიცანი, ძალიან კარგი ადამიანი. ერთი პერიოდი ძალიან გამიჭირდა და მის სახლში ვცხოვრობდი. ერთხელ ქასთინგზე წავიდა და მეც წავყევი. მას პროფესიონალური ფოტოები ჰქონდა, მე – ჩვეულებრივი ფოტოები, მაგრამ მე ამიყვანეს, ის – არა (იცინის). ეს იყო პირველი ჩემი როლი იაპონურ-ამერიკულ ფილმში. მერე კიდევ ერთ ფილმში მოვხვდი სრულიად შემთხვევით. ქასთინგის მენეჯერთან მივედი და ვესაუბრებოდი, ამ დროს ტელეფონმა დარეკა, უთხრეს, ერთი ტიპი გვჭირდებაო და პირდაპირ შემომთავაზა: წახვალო? ინგლისური კარგად არ ვიცოდი და რაც გავიგე, იმას დავთანხმდი (იცინის). მესამედ – თბილისში ვიყავი ჩამოსული და ბატონი თემურ ბაბლუანი იღებდა მამაჩემს „მემკვიდრეობაში“. შემთხვევით შევიარე, წლების უნახავი მყავდა და მინდოდა, გადავხვეოდი. მაკვირდებოდა, შეცვლილი ვიყავი, ხუთი წლის უნახავები გვყავდა ერთმანეთი. მაშინ შემომთავაზა, ერთი როლია, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანიო. მაშინ ამერიკაში ბიზნესი მქონდა – „ჰოლივუდში“ ჩოგბურთის აკადემია ჩამოვაყალიბე, სადაც ვარსკვლავებსა და მათ შვილებს ვავარჯიშებდი და საქართველოდან წამოსვლა იყო საჭირო. თუმცა, დავთანხმდი და დავრჩი. ეს იყო მესამე ფილმი და მას შემდეგ უკვე სერიოზულად შევუდექი ამ საქმეს. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, სულ აქეთკენ ვისწრაფვოდი, მაგრამ თუ ღმერთს არ უნდა, თმის ერთი ღერიც არ ჩამოგივარდებაო და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ყველაფერი ასე აეწყო. მერე აგენტი ავიყვანე, რეჟისორობის სწავლა დავიწყე და ჩემი მასწავლებელი მოქმედი რეჟისორი აღმოჩნდა, დავმეგობრდით, თავის პროექტებში ჩამსვა, ისე, რომ ქასთინგზეც არ გავსულვარ (იცინის).
– როგორ ააწყვეთ ბიზნესი ამერიკაში?
– საქართველოს ჩემპიონი ვიყავი ჩობურთში. აქ რომ ჩამოვედი, წლები დამჭირდა აკადემიის დასაარსებლად და სახელი რომ გამეთქვა – ხომ იცით, როგორ ხდება: ერთი მეორეს ეუბნება, მეორე – მესამეს და ასე შემდეგ. პირველი დიდი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენთან მოვიდა ედი მერფი იყო ოჯახით, შემდეგ დაიან კიტონის შვილი, ჰოლი ბერის შვილი, ემი ადამსის შვილი და მერე უკვე უამრავი ვარსკვლავის შვილი შეიკრიბა ჩვენთან. 15 წელი გვქონდა აკადემია, ორი წლის წინ დავხურეთ და სრულად ხელოვნებისკენ გადავერთე.
– ოჯახიც გაგვაცანით.
– ჩემი მეუღლე ქართველია – მაია გუშარაშვილი. ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ჩემმა მეგობრებმა გამაცნეს. ის ძალიან ძლიერი ფინანსისტია. საქართველოში დავქორწინდით, ორი ბიჭი გაგვიჩნდა – გივი და ლუკა სიხარულიძეები. ორივე ქართულ მიწაზე მოვნათლეთ. ბოლო წელიწად-ნახევარი, პანდემიის დროს, საქართველოში ვცხოვრობდით. სამშობლო ძალიან გვიყვარს და სხვა დროსაც ხშირად ჩამოვდივართ. სახლშიც მხოლოდ ქართულად ვსაუბრობთ. მე სამი ენა ვიცი, მეუღლემ – ხუთი და ვცდილობთ, ბავშვებსაც ვასწავლოთ, მაგრამ ჯერჯერობით სხვა ენაზე საუბარი აკრძალული გვაქვს. ძალას არ ვიშურებთ შვილებისთვის სამშობლოს სიყვარულის ჩასანერგად.
– როგორი იყო ბავშვობა იმ მამასთან ერთად, ვისაც მთელი საქართველო იცნობს და უამრავს უყვარს?
– მამამ ძალიან ჯანმრთელ ატმოსფეროში გაგვზარდა. სულ ვარჯიშობდა და მე და ჩემი ძმა მუდამ ამას ვხედავდით. გივი სიხარულიძეს სხვადასხვა კუთხით იცნობს ხალხი და მისი რეალური სახე, რითაც მე ვიცნობ, სულ სხვაა. მე მადლობელი ვარ მისი სიკეთის გამო. ელემენტარული, ფოთოლი რომ ეგდო ასფალტზე, ფეხს კი არ დააბიჯებდა, აიღებდა და ბალახზე დადებდა. უამრავი ძაღლი ჰყავს გადარჩენილი, უამრავი ბავშვი ჰყავს გადარჩენილი... სახლში გვაკითხავდნენ ხოლმე მადლობებით. ათი კაცი კლავდა კაცს დანებით, მამაჩემი შუაში ჩამხტარა, გამოუთრევია და საავადმყოფოში წაუყვანია. მე ასეთი მაგალითებით გავიზარდე, ეს მამაჩემის კარგი მხარეა. მამაჩემს შეცდომებიც აქვს, ჩემთან ერთად მთელი დღე ნამდვილად არ ყოფილა, როგორც მე დავდევ ჩემს შვილებს, ისე არ დამდევდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის პლუსებია, რაც ჩამოგითვალეთ.
– ბატონი გივი უზომოდ ბობოქარი ადამიანია. როცა რამე არ მოსწონს, არ გაჩუმდება იმის გამო, რომ შეიძლება, ვინმეს მისი ნათქვამი არ მოეწონოს. თქვენთან მკაცრი იყო?
– დედა იყო მკაცრი, მამა – არასდროს. მამაჩემი დამრტყმელი იყო მთელ თავის საძმაკაცოსთან ერთად, ლომები იყვნენ, შიში არა, მაგრამ პატივისცემა მქონდა მისი. მას თუ რამე არ მოეწონებოდა, ეს ჩემთვის ტრაგედია იყო. ის ჩემს თვალში ავტორიტეტი იყო. ერთხელ ჩხუბი მომივიდა და ჩემზე ბევრად დიდ ბიჭს ვაჯობე. სახლში მოვედი და მამასთან წავიტრაბახე. შემომხედა მამაჩემმა, რომელიც კიდევ გავიმეორებ, თბილისში ცნობილი დამრტყმელი იყო და მითხრა, ხულიგანი შვილი არ მჭირდებაო. გამიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი მიზეზს. ასე გაგვზარდა და ამისთვის მადლიერი ვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან