საზოგადოება

როგორ მოატაცებინა ბერიამ მიშა ჯოჯუა ჩეკისტებს და რატომ არ დაქორწინდა ის დოდო ჭიჭინაძეზე

№47

ავტორი: ეკატერინე პატარაია 13:00

მიშა ჯოჯუა
დაკოპირებულია

ფეხბურთის გულშემატკივრებისა და ქართული საზოგადოების ახალმა თაობამ ცოტა რამ თუ იცის მიხეილ ჯოჯუაზე, თუმცა კარგად იცნობდნენ მის ვაჟს, მსახიობ მიშა ჯოჯუას თავისუფალი თეატრის სცენიდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მიხეილ ჯოჯუას გასული საუკუნის 40-იან წლებში პირველი თაობის ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად მოუწია თამაში და ის არა მარტო ნიჭიერი ფეხბურთელი გახლდათ, კარგი მსახიობიც იყო, მომღერალიც და მშვენიერ სქესშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ალბათ, არც ის იციან, რომ 1950 წელს მას და მშვენიერ დოდო ჭიჭინაძეს ერთმანეთი შეუყვარდათ. მართალია, არ დაქორწინებულან, მაგრამ ახლო ურთიერთობას არ მალავდნენ. რვა წელი ერთად ცხოვრობდნენ, შემდეგ კი დაშორდნენ. ბატონი მიხეილი საკუთარ ცხოვრებაზე თავად გვიამბებს საინტერესო ამბებს, რომელსაც ახლა გთავაზობთ.

„შპიონი“ ფეხბურთელი

„ჩემი საფეხბურთო კარიერა 1939 წელს დაიწყო ახალგაზრდულ გუნდ „სიხარულიდან“. მაშინ, პირევლი თაობის ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, სადაც იყვნენ ბორის პაიჭაძე, ბასა გოგობერიძე, გრიშა გაგუა, მოგვიანებით შემოგვიერთდა მიხეილ მესხიც. „თბილისის დინამოს“ მწვრთნელი კაჩალინი იყო. 1948 წელს „თბილისის დინამო“ მეცხრე ადგილზე გავიდა. მე მაშინ მოსკოვში ვთამაშობდი. ბერია გაგიჟებულა, როგორ თუ „თბილისის დინამო“ მეცხრეა ადგილზეაო. ფეხბურთელები არ გყავთო – უკითხავს. გვყავს ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ისიც მოსკოვში თამაშობსო. რა გვარიაო. მიხეილ ჯოჯუაო, – უთხრეს. ახლა სად არისო. ტაშკენტში მიდიან სათამაშოდო. თქვენ სად უნდა ითამაშოთო. რიგაშიო, – უპასუხეს ბიჭებმა. თბილისის გუნდის კაპიტანი შავგულიძე იყო. ის ბერიამ პაიჭაძესთან ერთად მოსკოვში დაიბარა და უთხრა: ნუ გეშინიათ, გეყოლებათ ეს ბიჭი გუნდშიო. იმ დროს ტაშკენტის შინაგან საქმეთა მინისტრი მამედ მამედოვი იყო. მან გადმომცა მერე: თვითმფრინავი რომ დაფრინდება, იქ ფეხბურთელი ჯოჯუა იქნება, დააპატიმრეთ და ისევ მოსკოვში ჩამოიყვანეთო. თვითმფრინავშივე შემოცვივდნენ ჩეკისტები, მომიკითხეს, ჩამკიდეს ხელი, ჩამომიყვანეს ტრაპზე და იქვე მდგარ მანქანაში შემაგდეს. ფეხბურთელები გაოცებული მიყურებდნენ. ომი ახალი დამთავრებული იყო და ვიფიქრე, ამათ, ალბათ, აგენტი ვგონივარ-მეთქი. არ ვიცი რა დავაშავე. განცდებისაგან ცუდად გავხდი. მიმიყვანეს მინისტრთან. მინისტრი სიცილით შემეგება, – როგროც იქნა ჩვენთან ხარო. რაშია საქმე-მეთქი. არაფერი, ლავრენტი ბერიას ბრძანებაა, მოსკოვიდან თბილისის „დინამოში“ გადახვიდეო. ვიფიქრე, თქვე ოხრებო, თუ ფეხბურთზე იყო ლაპარაკი, ცოტა ადრე გეთქვათ და ჩემთვის ასე არ გაგეხეთქათ გული-მეთქი. მართლაც, კინაღამ გული გამიხეთქეს. ჩეკისტებმა შემომატარეს მთელი ქალაქი, მაღაზიებში შევყავდი, რაც გინდა, იყიდეო. ბერია ამ გზით „მაბამდა.“ ვუთხარი, ჩვენს ბიჭებთან მიმიყვანე, ვინმეს მართლა „შპიონი“ არ ვეგონო-მეთქი. მიმიყვანეს ბიჭებთან და მათ მითხრეს, რომ უკვე „დინამოში“ ვიყავი გადაყვანილი. დილის ხუთ საათზე გამომაფრინეს მოსკოვში. აეროდრომზე ბერიას პირადი მდივანი და ჩვენი გუნდის ადმინისტრატორი, რეზო კავსაძე დამხვდნენ. რეზომ გზაში მითხრა: რიგაში როგორც ჩახვალ, ბიჭებს გადაეცი, ბერიამ შემოგითვალათ, თუ კიდევ წააგებთ, ბერიასთან გექნებათ საქმეო. მართლაც ძალიან მკაცრი რეჟიმი გვქონდა ბიჭებს. ვინც სასმელს დალევდა, მაშინვე საკანში აგდებდნენ, მეორედ რომ აღარ დაელიათ. ჩავედი. მოვუყევი ყველას ბერიას ამბები. ბიჭებმა მართლაც მაგრად ითამაშეს. მეც რამდენიმე ბურთი შევაგდე კარში. სულ მინდოდა, რომ ეს როგორმე ბერიას გაეგო. 1950 წელს თბილისის „დინამომ“ მესამე ადგილი აიღო. 1952 წელს ოლიმპიურ ნაკრებში შევედით, 1953 წელს კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით, მაგრამ გადაგვათამაშეს და თასი ისევ რუსებმა წაიღეს. 1954 წელს, როდესაც აქ ჩამოვედი, ჩემი გულშემატკივრები იყვნენ რეზო ლაღიძე, პეტრე გრუზინსკი, გოგი ცაბაძე, არჩილ კერესელიძე, არჩილ ჩხარტიშვილი – მათთან ვმეგობრობდი.

სარეცხის თოკი ლენინისა და სტალინის კისერზე

...ომის პერიოდი იყო. მაშინ, „ოფიცერთა სახლში“ ვთამაშობდი. ერთ დღეს მორიგე ვიყავი და ფეხბურთელების ტრუსები და მაისურები უნდა გამერეცხა. ცივ წყალში ოცი კაცის ტრუსები და მაისურები გავრეცხე. ვინაიდან ტანით დაბალი ვიყავი, ვერაფრით მივწვდი სარეცხის გასაფენ თოკს. იქვე, ერთ მხარეს ლენინის ბიუსტი იდგა, მეორე მხარეს – სტალინის. ორივეს კისრებზე მოვაბი თოკი და ეს ტრუსები და მაისურები მასზე ჩამოვკიდე. ქალაქის მთავარმა გენერელმა ეს დაინახა და კინაღამ გაგიჟდა. დაიწყო ყვირილი, ვინ გააკეთა ესო. მე-მეთქი. გაგიჟდა კაცი, როგორ გაბედეო და კარგადაც მაგინა. მერე საკანში ჩასმით დამემუქრა, მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა უთხრა, ხვალ მატჩია და წამყვანი ფეხბურთელიაო. მაშინ, ხვალ თამაშის მერე ჩასვითო, – ხუმრობით თქვა, გადაუარა ალბათ, სიბრაზემ.

ჩემი თეატრალური ცხოვრება სტადიონზე

კარგი სმენა და ხმა მქონდა. ამიტომ, კონსერვატორიაში შემიყვანეს, სადაც ერთი წელიწადი ვიარე. მართალია, ჩემგან მომღერალი არ დადგა, მაგრამ დღესაც ვმღერი. მალე შეიქმნა ესტრადის მინიატურების თეატრი, სადაც დირექტორიც ვიყავი, მსახიობიც და ვმღეროდი კიდეც. ჩემი თეატრალური ცხოვრება თანდათან საინტერესო გახდა... სხვათა შორის, იმ დროს მარჯანიშვილის თეატრს თავისი ფეხბურთელთა გუნდი ჰყავდა – მსახიობების. თეატრში როცა მივედი მათი მწვრთნელი გავხდი. ბაქო, ერევანი – ყველგან წასვლას მე ვაფინანსებდი, ისე, რომ თეატრს არანაირი ხარჯი არ ჰქონდა. სამოცი კაცი იყო, ასი თუ ორასი, ყველგან მიმყავდა და მომყავდა საკუთარი ხარჯებით. იქიდანაც ბევრი თეატრის მსახიობი მყავს ჩამოყვანილი. როცა ვინმე ფეხბურთელი ჩამოვიდოდა, ფეხბურთის ფედერაცია მე მეძახდა და დღემდე ასეა. ახლაც, როცა ვეტერან ფეხბურთელებს რამე უჭირთ, ყველას ვეხმარები.

ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერი იყო

ჩემი საფეხბურთო კარიერა 1954 წელს დასრულდა. მუხლი ვიტკინე. მაშინ, მენისკის ოპერაცია ძნელად ტარდებოდა და ვერ გამიკეთეს კარგად. დღესაც მტკივა, ამდენი წლის მერე. ფეხბურთის თამაშს თავი რომ დავანებე, მესხი, პაიჭაძე, მეტრველი და სხვები ჩემს სანახავად თეატრში მოდიოდნენ. ოცი წელი ვთამაშობდი ფეხბურთს აქედან, ხუთი წელი – რუსეთში. ფეხბურთი იყო ჩემთვის ყველაფერი. დღესაც, სიზმარში ბურთს ვურტყამ ფეხს.

ძვირფასი კოტე

კოტე მახარაძე მართლაც საუცხოო ადამიანი იყო. მე და კოტე ბოლოს ერთად ვისხედით სტადიონზე. ცუდად რომ გახდა, მითხრა, მიშა, ვალიდოლი ხომ არ გაქვსო. უცებ ვიშოვე. ენის ქვეშ რომ ჩაიდო, ცოტა გამოკეთდა. ვუთხარი, წამოდი, სახლში წაგიყვან-მეთქი. მანქანით ვარ და წავალ როგორმეო, – მიპასუხა და წავიდა. მაშინ ფოტო გადაგვიღეს ერთად. მერე, კოტე რომ გარდაიცვალა, ეს სურათი გაადიდეს და დასაფლავებაზე მოიტანეს.

მშვენიერი და უნაზესი დოდო

მე და დოდომ ერთმანეთი 1950 წელს გავიცანით, აი, მაშინ, როცა მარჯანიშვილის თეატრის გუნდის მწვრთნელი გავხდი. ერთხელ, რეპეტიცია რომ დამთავრდა, მე, ლენა ყიფშიძე, დოდო და კიდევ რამდენიმე მსახიობი საქეიფოდ წავედით. დოდო მაშინ გავიცანი ახლოს. იმ დროს ქმარს გაცილებული იყო. ჩვენ ოფიციალური ცოლ-ქმარი არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ქვეყანა გვიცნობდა, როგორც ცოლ-ქმარს – სულ ერთად ვიყავით, ყველგან ერთად დავდიოდით. ხელის მოწერას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საოცარი ქალი იყო. შემდეგ უკვე, როდეაც ესტრდაზე მოვხვდი, ერთი ძალიან ლამაზი ქალი იყო – შურა ნიკულიშვილი, ის შემიყვარდა და ცოლად შევირთე... რაც შეეხება ისევ დოდოს. მე მაინც სპორტსმენი კაცი ვიყავი, ჰაი, ჰუი და ეტყობა, ამივარდა თავში, ყველას ცაში ავყავდი ქება-დიდებით.... დოდო ლამაზი ქალი იყო, მაგრამ ლამაზი ქალის მეტი რა იყო?.. ეს გახმაურებული ამბავი ძალიან გახმაურდა, თუმცა შემდგომ ჩემსა და დოდოს ურთიერთობაზე ოჯახში არასოდეს ვლაპარაკობდით. ჩემს მეუღლეს ჰყავდა შვილი პირველი ქორწინებიდან. სხვათა შორის, ყველა მეკითხებოდა, ბავშვიან ქალს რატომ თხოულობო, მიყვარდა და ბავშვიანი იყო თუ უბავშვო, ჩემთვის ამას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა... სხვა ქალაბტონებს რაც შეეეხება. დიახ, ის მამაკაცი რა მამაკაცია, თუ ქალი არ უყვარს. ქალი უნდა გიყვარდეს. თუ წაიმაიმუნა ვიღაცასთან, მერე რა მოხდა, მაგრამ ეს ოჯახის დანგრევაში არ უნდა გადაიზარდოს. ისე, ქალი ბევრ რამეს ითმენს, ოჯახი რომ არ დაენგრეს. კაცი, პირველ რიგში, ოჯახსა და შვილებს უნდა აფასებდეს... მამაკაცებს უყვართ ბაქიაობა. ერთხელ, მე და ჩემი მეგობრები მოვდივართ ქუჩაში. ერთმა თქვა, ბიჭო, ეს გოგო გუშინ გავიცანი პურმარილზე და მივართვიო... მეორემ, ერთ გოგოზე მიუთითა, ეს გოგო იმდღეს გავიცანი და მაგარი დრო გავატარეო... მოკლედ, ერთი ქალი არ გაუშვეს. ამ დროს ერთ-ერთის დეიდაშვილი წამოვიდა. ახლა, ხმა არ ამოიღოთ ჩემი დეიდაშვილი მოდის, თორემ დედას გიტირებო, – თქვა ერთმა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი