საზოგადოება

როგორ მიუზიკლებს დგამდნენ გელა და ირაკლი ჩარკვიანები სახლში და როგორ გადაიქცეოდა ხოლმე მუსიკოსი ბარმენად

№49

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 12.12, 2023 წელი

ირაკლი ჩარკვიანი
დაკოპირებულია

ირაკლი ჩარკვიანი 12-13 წლის იყო, როცა ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო და შინაგანად მეამბოხე აკეთებდა იმას, რაც მშობლებს არ უნდოდათ. ხშირად იკარგებოდა შინიდან რამდენიმე თვით და მარტო ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი მშობლებმა არ იცოდნენ. ისე დაიწყო რუსთავის ორკესტრში დაკვრა, რომ დედამ და მამამ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. როცა მამამ მის შემოქმედებას მოუსმინა, მიხვდა, რომ მისი შვილი უბრალოდ კარგი მუსიკის კი არა, ძალიან კარგი მუსიკის დაწერას შეძლებდა და აქ დამშვიდდა. განიცდიდნენ, თუმცა მიჰყვნენ შვილის ნებას. 18 წლისამ ლექსების წერაც დაიყო. ირგვლივ ყოველთვის შემოქმედებითი მეგობრები ჰყავდა: გეგა კობახიძე, გია მირზაშვილი და ლევან ღოღობერიძე. ბიჭები ერთმანეთის შემოქმედების პირველი შემფასებლები იყვნენ. ირაკლიმ ნელ-ნელა მოთხრობების წერაც დაიწყო და ლიტერატურისკენ გადაიხარა. მამას ეგონა, რომ შვილი სწორედ ლიტერატურას გაჰყვებოდა, მაგრამ მუსიკის სიყვარულმა თავისი ქნა. საბოლოოდ, ავტორად ჩამოყალიბდა, რომელიც ტექსტს, მუსიკასა და ვიზუალს ანუ „არტ პროდუქტს“ თავად ქმნიდა. უპირისპირდებოდა იმ რეალობას, რომელშიც იყო. გამუდმებით ფიქრობდა რაღაც ახლის შექმნაზე. იყო ძალიან თამამი და უშიშარი. ირაკლი ჩარკვიანის დღიურებს გელა ჩარკვიანი წარმოგიდგენთ.

ცხოვრება შეჯიბრებაა. თუ გახდი ის, რაც შეგიძლია გახდე, მაშინ ბედნიერი ხარ

„არსებობს მოსაზრება, რომ ირაკლისთვის მისი შემოქმედება იყო პროტესტი საკუთარი ბეგრაუნდის მიმართ. ბეგრაუნდი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებისეულ პოზიციას და ირაკლის შემთხვევაში ის უეჭველად იყო მისი ქცევის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი. მაგრამ, ისტორიულად, შვილების პროტესტი უმეტესად მამების იდეოლოგიისა და კულტურული კონსერვატიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. ირაკლისთან ასე ვერ მოხდებოდა, რადგან მე, მისი მამა, ახალგაზრდობაში თავად ვიყავი გარკვეული დოზით კულტურის სფეროში მეამბოხე. ჩემ მიერ დაწერილი (ალბათ, პირველი) ქართული როკ-ენ-როლი, რომელიც 1959 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ოლიმპიადაზე შესრულდა, საზარელი ეპითეტებით შეამკო ამავე ინსტიტუტის მრავალტირაჟიანმა გაზეთმა „კიროველმა” და ამით ყველაფერი დასრულდა. მასზე პარლამენტში ბჭობა არ გამართულა და ვერც გაიმართებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ იმ დროს, ნორმალური გაგებით, არც პარლამენტი არსებობდა. ირაკლის სიმღერა – „შენ აფრენ” კი, მაშინდელი პარლამენტის განხილვის საგანი გახდა. ირაკლი ამ ამბავს კარგად შეხვდა. ფაქტობრივად, ხდებოდა ის, რაც მას სურდა... ამას ვერ ავუხსნიდი ჩემს კეთილმოსურნეებს, რომლებიც მირეკავდნენ და სამძიმრის ტონით მთავაზობდნენ თანაგრძნობას. როგორც მშობელს, მადარდებდა შვილის უსაფრთხოების საკითხი. კარგად ვიცოდი მსოფლიო პრაქტიკა. კერძოდ ის, თუ რა საფრთხეებს უქმნის გამომწვევი პოპულარობა ამ ჟანრში მომუშავე ახალგაზრდებს. ისიც ვიცოდი, რომ ჩემი თაობის ადამიანების უმეტესობას არ შეიძლებოდა მოსწონებოდა _ „აფრენ”. მეტიც, დარწმუნებული ვიყავი, ის მათ საშინლად გააღიზიანებდა. მე კი დღესაც ხშირად ვუყურებ და მომწონს ეს ღარიბ ინტერიერში გადაღებული კლიპი და ვთვლი, რომ სწორედ მან გამოიწვია ის აუცილებელი პარადიგმული ძვრა 90-იანი წლების ქართული კულტურის შესაბამის სეგმენტში. თავისი უკიდურესი ან თუნდაც იმ დროისათვის შოკის მომგვრელი ხატებით, ამ კლიპმა გზა გაუხსნა პროდუქციას, რომელიც დღეს მრავლად იწარმოება და აღარავის უფრთხობს ძილს...

„მშვიდი ცურვის“ მთავარი გმირი

...ჩვენ ვკამათობდით უფრო იმაზე, თუ რამდენად არის ხელოვანის პირადი ცხოვრების სტილი მისი შემოქმედების ნაწილი. ირაკლი მიმტკიცებდა, რომ დიახაც, სწორედ ასეა... დღეს ვხვდები, რომ ამაშიც მართალი იყო... საერთოდ, ირაკლის ჰქონდა წინასწარ ხედვის უნარი და ბევრი რამ, რაც მას უთქვამს ან დაუწერია, თავისებურად ახდა. ისიც კი, რომ ამხელა ლონდონში, ჩვენ, მისი დედ-მამა, მაინცდამაინც ბეიკერ სტრიტზე დაგვასახლეს, ანუ იქ, სადაც ცხოვრობდა ირაკლის რომანის – „მშვიდი ცურვის” მთავარი გმირი. ყველაფერს, რასაც ირაკლი ქმნიდა (გარეგნული ფორმის მიუხედავად) იყო შეუცდომლად ქართული, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და, იმავდროულად, სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან. ამიტომაც იყო, რომ სწორედ მან, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, შეძლო ქართულენოვანი როკი ექცია ჩვენი ეროვნული კულტურის ორგანულ ნაწილად, რომელსაც დღეს აღარავინ აღიქვამს, როგორც თავზე მოხვეულ, ხელოვნურ წარმონაქმნს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ აპირებს საზღვარგარეთ წასვლას და წასულა კიდევაც. მე ამაში ხელს არ ვუშლიდი. პირიქით, შესაძლებლობისდაგვარად ვეხმარებოდი. პრაქტიკულ დონეზე ყველაფერი შემდეგნაირად ხდებოდა. ირაკლი რამდენიმე მეგობართან ერთად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. ორიოდე თვის განმავლობაში მის შესახებ არაფერი ვიცოდით. შემდეგ დარეკავდა. თანდათან ზარების სიხშირე მატულობდა. ვიცოდი, უძღები შვილი მალე დაგვიბრუნდებოდა. „ჩვენს განშორებას, როგორც სიკვდილს, გული ვერ იტევს”, – მიტრიალებდა თავში მის მიერ სამშობლოსადმი ნატყორცნი ფრაზა სიმღერიდან – „საქართველო”. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ირაკლი ყოველთვის ბრუნდებოდა, იყო ის, რომ იგი პრაქტიკულად სრული მოულოდნელობა და სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მას იქამდე არასდროს უთქვამს, რომ სიმღერებს წერდა... მართალია, შემდგომში იყო პერიოდები, როცა მას რაღაც სხვა იტაცებდა – ლიტერატურა ან ფილოსოფია, მაგრამ მუსიკის წერას არასდროს შეშვებია...

მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება

თავის ინტერვიუებში ირაკლი ხშირად იხსენებს იმ შემთხვევას, როცა სკოლაში მასწავლებელმა კატეგორიულად მოსთხოვა, თმა გაეკრიჭა და როცა ბავშვმა მისი ბრძანება არ შეასრულა, გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა მამამისს, ანუ მე. მაგრამ როდესაც დამინახა, მასწავლებელი ადგილზე გაქვავდა. მე ირაკლიზე უფრო გრძელი თმა მქონდა. მიჩიგანიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ვჰიპობდი. საერთოდ, ჩემმა მაგალითმა გარკვეული გავლენა ირაკლიზე ნამდვილად იქონია... მეც ვუკრავდი. ჩემს მეგობრებთან ერთად ვწერდით სიმღერებს და მიუზიკლებს, რომლებსაც სახლში ვდგამდით, რადგან მათი შინაარსი და ენა არა მარტო ცენზურისთვის, არამედ იმდროინდელი ფართო საზოგადოებისთვისაც მისაღები არ იქნებოდა. ასეთი სპექტაკლების დროს პატარა ირაკლის ბარმენის მოვალეობას ვაკისრებდით და იგი მას პირნათლად ასრულებდა – სტუმრებს საინტერესო კოქტეილებს სთავაზობდა. ალბათ, ყოველივე ეს უბიძგებდა მას თვითონაც შეექმნა მუსიკა, ლექსები და სხვა ამგვარი, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ირაკლის გარემო, იგი მაინც იტყოდა თავის სათქმელს. ასეთი დაიბადა – შემოქმედებითი, უკომპრომისო და მოუსვენარი.

ირაკლიმ მთელი ქვეყანა აღაგზნო

სიღრმისეულ ანალიზს იმისა, თუ რატომ მოინდომა ირაკლიმ მეფობა, ვერ შემოგთავაზებთ, ნამდვილად არ ვიცი. მეგობრები ხუმრობით მეუბნებოდნენ, მგონი, ბაბუამისის კვალს მიჰყვებაო. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რაზეც ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირად ვკამათობდით – არის თუ არა ხელოვანის პირადი ცხოვრება და ამგვარი გამეფება მისი შემოქმედების ნაწილი. გამოგიტყდებით, მე ეს ინიციატივა, მართალია, რბილ ფორმებში, არცთუ კატეგორიულად, თავდაპირველად დავუწუნე. მაგრამ საბოლოოდ სწორედ გამეფების ეპიზოდმა დამარწმუნა, რომ ირაკლი ჩვენს ხანგრძლივ კამათში მართალი იყო. მან ექსცენტრიკული, მაგრამ თამამი ნაბიჯი გადადგა და საზოგადოება აალაპარაკა. თავად კი შესაშური, სტოიკური სიმშვიდით ისმენდა დაცინვას, ლანძღვასა და აღფრთოვანებას. მთავარი კი ისაა, რომ მან იცოდა, რას აკეთებდა – მეფობანას თამაშმა საინტერესო განზომილება შემატა მის შემოქმედებით იმიჯს და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი მას დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. „მშვიდ ცურვაში” ირაკლი ასე წერს: „მე მეყო გამბედაობა, რომ ჩემი თავისთვის მეფე მეწოდებინა და ამ სარისკო ნაბიჯმა მთელი ქვეყანა აღაგზნო. საზოგადოებას საკმაო ადრენალინი გამოეყო ჩემ გამეფებასთან დაკავშირებით და ეს სასიამოვნოა”. ირაკლის გამბედაობას საზღვარი მართლაც არ ჰქონდა...

ირაკლის ინოვაციური და კოდირებული ხელოვნება

თავიდანვე გამოვრიცხავ ირაკლის რაიმე მონაწილეობას ეკონომიკურ პროცესში. როგორც უკვე აღვნიშნე, იგი ამისათვის საჭირო ნიჭით დაჯილდოებული არ იყო. პოლიტიკა აინტერესებდა, თუმცა პოლიტიკის პრაქტიკული ასპექტი ცოტათი აშინებდა და ამიტომ მისი ჩართულობა ამ პროცესში, ვარდების რევოლუციის დროს რამდენიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გარდა, მინიმალური იყო. ირაკლის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას დავახასიათებდი, როგორც მთლიანობაში ლიბერალურ-დემოკრატიულს. ირაკლი ჩარკვიანმა სერიოზული გავლენა მოახდინა 90-იანი და ადრეული 2000-იანი წლების ქართულ კულტურულ პროცესზე. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს გავლენა არ შენელებულა. სულ მეტი და მეტი ახალგაზრდა მთხოვს მის წიგნებს და დისკებს. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც დასავლეთში გაიზარდა და გვიან გაეცნო ირაკლის შემოქმედებას. მისი პოპულარობის ამგვარი დინამიკა მაფიქრებინებს, რომ ის, რაც ირაკლიმ შექმნა, არც მომავალში დაკარგავს მხატვრულ ძალას და მნიშვნელობას და მისი სახელი „ისტორიას დარჩება”. მე ვიცი, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს სურს თბილისში ირაკლის მემორიალის გაკეთება. საუბარია ქაღალდის ნავზე ან სხვა მსგავს სიმბოლოზე. რა შეიძლება იფიქროს მამამ ისეთი ინიციატივის თაობაზე, რომელიც, თუ განხორციელდა, სიმბოლურად, თუნდაც ქაღალდის ნავის სახით მაინც, დაუბრუნებს მას შვილს, რომელიც ასე უყვარდა და ასე უდროოდ დაკარგა. „თოვლიან ქართა დევნით დაღლილი, გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა გუნდი, მე ისევ მოვალ, მხოლოდ არავის გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი”, – წერდა ირაკლი. არაერთხელ ამხდარა, რაც მას უთქვამს. იქნებ მისი ეს წინასწარმეტყველებაც ასრულდეს... იმის მიუხედავად, რომ ძალიან დადებითად ვუყურებ ირაკლის ავანგარდულ, პოსტმოდერნისტულ ან სულაც ექსპერიმენტულ კომპოზიციებს და მესმის მათი მნიშვნელობა, მე მაინც მეტ კმაყოფილებას მგვრის სიმღერები...

2004 წლის ზაფხულში დასასვენებლად ჩაქვში მივდიოდით. ქეთათომ გადმომცა მისი და ირაკლის ახლად გამოსული საერთო ნამუშევარი. როცა ჩაქვში ჩავედით და მოვისმინე სიმღერა „ხალხს”, უცნაური გრძნობა დამეუფლა. მომეჩვენა, რომ ამ ფრაზით – „ჩვენ მხოლოდ ნოტებზე დავრჩებით, ხალხს არ მოვაბეზრებთ თავს” – ირაკლი დედ-მამას რაღაც კოდირებულ მესიჯს გვიგზავნიდა იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს წლებში. დღეს, როცა ყოველივე უკვე მოხდა, ყველაზე უფრო ირაკლისთან სწორედ ეს სიმღერა მაკავშირებს, იმის მიუხედავად, რომ მთლიანობაში ტექსტი საკმაოდ გაუმართავია და, რამდენადაც მახსოვს, იგი არც მსმენელებში ყოფილა განსაკუთრებით წარმატებული. როცა ფორტეპიანოზე ვუკრავ ამ თავისებურად სევდიან მელოდიას, რაღაც მისტიკური ძაფები მაკავშირებს შვილთან. იქვე შორიახლოს მჯდომ ჩემს მეუღლეს, ნანას გავხედავ ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცი, რომ იგი უკვე ტირის.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა